"თიხას შევეხე თუ არა, მივხვდი, რომ ის ჩემი კომფორტის ზონაა" - გზაპრესი

"თიხას შევეხე თუ არა, მივხვდი, რომ ის ჩემი კომფორტის ზონაა"

ქალბატონ ნანა ბერიძეს ინტერვიუ რომ შევთავაზე, გაუკვირდა, თან გაუხარდა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის დიდი მოტივაციაა. თურმე სულ რაღაც ერთი წელია, პოლიმერული თიხით მუშაობს და პროდუქციას ეტაპობრივად ახალ-ახალ ნივთებს მატებს. საკმაოდ მცირე დროის მანძილზე ბევრი პრაქტიკული ნივთი შექმნა. ხარისხისა და ვიზუალის გათვალისწინებით, ნამდვილად ვერ იტყვი, რომ მათ ავტორს თიხასთან მუშაობის მცირე სტაჟი აქვს.

5-copy-1685345671.jpg

- საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში ვცხოვრობ. პროფესიით ეკონომისტი ვარ. წლების განმავლობაში არაერთი მიმართულებით მიმუშავია, თბილისსა თუ საგარეჯოში. იტალიაში ემიგრაციაშიც საკმაოდ დიდი დრო გავატარე და ბოლო 4 წელი საგარეჯოში მაღაზიის მენეჯერი ვიყავი. ჩემი საქმე მიყვარდა, კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ სამსახურს თავი დავანებე მას შემდეგ, რაც ინტერნეტში სრულიად შემთხვევით თიხაზე მუშაობის მასტერკლასებს ვუყურე. ვიფიქრე, რომ კარგი თერაპია იქნებოდა და დროდადრო მივმართავდი, მაგრამ თიხას შევეხე თუ არა, მივხვდი, ის ჩემი კომფორტის ზონა იყო. ახლა როცა ვფიქრობ, შეიძლება ამდენ სამსახურს იმიტომ ვიცვლიდი, რომ აქამდე საკუთარ თავს ვეძებდი. თიხასთან ურთიერთობამ ბედნიერება და სულიერი სიმშვიდე მომანიჭა. უპრობლემო არავინაა, მაგრამ მუშაობის პროცესი ყველაფერს გავიწყებს.

- აქამდე თუ იყავით რომელიმე ხელსაქმით დაინტერესებული?

- ქსოვა და ქარგვა ბავშვობიდან მიყვარდა. წინდების ქსოვა ბებიამ მასწავლა, ხოლო სტუდენტობისას ხატებსაც ვქარგავდი, მაგრამ ამ საქმეს სერიოზულად არასდროს ვეკიდებოდი. არც რეალიზებას ვახდენდი, მხოლოდ ჩემთვის ვქსოვდი და ვქარგავდი. ბავშვობიდან მიყვარდა ყვავილები და მინიატიურები, მაგრამ წლები თუ გავიდოდა და ამგვარ ნივთებს თავად გავაკეთებდი, ნამდვილად არ მეგონა.

3-1685345661.jpg

- პოლიმერული თიხით თავდაპირველად რა შეიქმნა და ახლა რაზე მუშაობთ?

- პირველად თმის სამაგრი გავაკეთე, მერე ყვავილებით გავაფორმე ჭიქა. პირველი ნივთები შენახული მაქვს, გამორჩეულად მიყვარს, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან არაერთ შეცდომას ვამჩნევ. როცა ნივთები მოემატა, სოციალურ სივრცეში ავტვირთე და მაშინვე დაინტერესდნენ. თვეების შემდეგ, როცა უკვე ნივთები ხმარებაში გამოვცადე და დავრწმუნდი, რომ გამძლე და ხარისხიანი იყო, ხალხის გაზრდილმა ინტერესმაც გამბედაობა შემმატა და მათი რეალიზება გადავწყვიტე. ახლა უკვე ვამზადებ: თმის სამაგრებს, საყურებს, ბეჭდებს, ჭიქებს, ლამბაქებს, საშაქრეებს და მათ ყვავილებით, თოჯინებით ვაფორმებ. ვფიქრობ, ყვავილები ყველაზე უკეთ გამომდის. განსაკუთრებული ინტერესია იასამნებისა და ვარდების მიმართ. ეს ორი მცენარე განსაკუთრებულად მოსწონთ. დღემდე ორი ერთნაირი ნივთი არასდროს გამიკეთებია. ყველა ფურცელს თუ დეტალს, მთელი გულით ვუდგები და ამას სხვებიც აღნიშნავენ. შრომატევადი საქმეა, მაგრამ როცა გიყვარს და გსიამოვნებს, მნიშვნელობა არ აქვს ერთ კომპოზიციას 2 საათს უთმობ თუ 2 დღეს.

ჩემი დაკვირვებით, თმის სამაგრები, ფინჯნები და საშაქრეები ყველაზე მეტად მოთხოვნადია. ძირითადად სასაჩუქრედ ყიდულობენ ან საზღვარგარეთ მიაქვთ. ბოლო დროს მინიატიურული ნივთების დამზადებამ გამიტაცა და ვცდილობ, რეალისტური ნამუშევრები გამოვიდეს. მინდა ქართული თემატიკის სუვენირები და ბრელოკები გავაკეთო.

4-1685345647.jpg

- უახლოეს მომავალში თქვენს პროფესიაში დაბრუნებას და მუშაობას არ აპირებთ?

- არა, იმდენად ვარ თიხით გატაცებული, უახლოეს მომავალში არ ვაპირებ. ამ ნივთების დამზადება ისე მსიამოვნებს, არ მინდა გავჩერდე, ჩემი პროფესია და კარიერა გვერდით გადავდე და მინდა ამ კუთხით განვვითარდე. არც ერთ სამსახურში შემოსავლის გამო არ მიმუშავია, ყოველთვის მომწონდა რასაც ვაკეთებდი, მაგრამ როგორც აღვნიშნე, თიხა ის მასალა აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარი თავი მაპოვნინა და ასევე ძალიან მსიამოვნებს იმ ადამიანთა თვალების დანახვა, რომლებიც ნივთების გადაცემისას კმაყოფილები და ბედნიერები არიან - ეს მოტივაციას კიდევ უფრო მმატებს.

ანა კალანდაძე