რა ამბები მოჰყვა ლადო გუდიაშვილის შესრულებული რუსთაველის პორტრეტის გამოფენას მაღაზიაში - გზაპრესი

რა ამბები მოჰყვა ლადო გუდიაშვილის შესრულებული რუსთაველის პორტრეტის გამოფენას მაღაზიაში

ახალკურსდამთავრებული იყო, როცა შტატგარეშე თანამშრომლად დაიწყო მუშაობა ჟურნალში „საბჭოთა ხელოვნება“. იმხანად ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა თამაზ ჭილაძემ მისთვის ძალიან საპასუხისმგებლო დავალება მისცა, ინტერვიუ აეღო ლადო გუდიაშვილისგან. ისიც უდიდესი მონდომებით შეუდგა საქმეს. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ირინე აბესაძე იხსენებს, რომ ბატონ ლადოსთან ურთიერთობას მისი სიცოცხლის ბოლო პერიოდში, ანუ დიდების ზენიტში მიუსწრო. ის სიამოვნებით გვიზიარებს იმდროინდელი ჩანაწერიდან რამდენიმე ეპიზოდს.

ლადო გუდიაშვილი:

"იცით, თბილისი როგორი ჭრელი ქალაქი იყო? აქ ძალიან ბევრი უცხოელი ცხოვრობდა, განსაკუთრებით იტალიელები. მთელი პლეხანოვი მაგათ სახელოსნოებს ეჭირა. მარმარილოზე მუშაობდნენ, შესანიშნავ ქანდაკებებს აკეთებდნენ სვეტებზე ანგელოზების გამოსახულებებით. მრავალი მათგანი ხელოვნების ძვირფას ნიმუშს უტოლდებოდა. მთელი კუკიის სასაფლაო სავსე იყო ასეთი ქანდაკებებით, რომლებიც ნაცნობ-მეგობრების დაკვეთით სრულდებოდა. მახსოვს ერთი ანეკდოტური შემთხვევაც: ერთმა მოქანდაკემ მოიპარა ვიღაცის საფლავზე დადგმული ბიუსტი და იმისგან ფილიპე მახარაძის ბიუსტი შეასრულა. ამ ამბავმა ჩვენ, მხატვრები ძლიერ გაგვამხიარულა. იტალიელთა შორის ბევრი ნაცნობი მყავდა. მათ შორის იყო ერთი ლამაზი ამხანაგი - ანტონიო კარო, ხელოვანი კაცი ოქრომჭედლობდა. მას ჰყავდა ძალიან ლამაზი და, რომელიც ცოლად გაჰყვა ანდრეოლეტის, მას სახელოსნო ჰქონდა თბილისში.

აქ იყო აგრეთვე გერმანელების დასახლება. იცით, რატომ არის პლეხანოვის გამზირი ასეთი სწორი, რუსთაველის გამზირი კი შეხვეულ-შემოხვეული? იმიტომ, რომ გერმანელებს სიზუსტე და წესრიგი ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი. თავიანთ დასახლებაში ერთმანეთის მიმდევრად, სახლები ლარივით ჰქონდათ გადაჭიმული. ახლაც, დიდუბის მხარეს მანქანით რომ გავივლი ხოლმე, ამ დასახლების ნანგრევები, აქა-იქ შემორჩენილი სახლები გოთური სტილის გადახურვით კიდევ მოჩანს. დამოუკიდებლობის პერიოდის ტფილისში შოტლანდიელებსაც შეხვდებოდი ნაციონალური ქვედატანებით. ბერძნები, თურქები, სპარსელები - ათასი ჯურის ხალხი ირეოდა თბილისში. სპარსელებს დუქნები ჰქონდათ ვერცხლის ქუჩაზე. ტიციან ტაბიძის ქუჩაზეც იყო ჩამწკრივებული პატარ-პატარა დუქნები. სპარსელი შესანიშნავი ხელოსნები იქვე აკეთებდნენ ვერცხლისა და ოქროს სურებს, სხვადასხვა ნივთს. ერთ-ერთის დუქანში ანტიკვარული რაღაცები იყიდებოდა. ჩვენი ხელოვნების მუზეუმის არაჩვეულებრივი აღმოსავლური კოლექცია ამ მედუქნის წყალობით შეივსო.

ძველი ტფილისის ლამაზ და კოლორიტულ ქუჩებში აქლემებიც კი დადიოდნენ. რუსთაველზე კი, რომელიც უფრო ევროპული ქალაქის ქუჩას ჰგავდა, მაღაზიის ვიტრინებში გამოფენილი იყო გასაყიდი სურათები. გამვლელები მაღაზიებში შეუსვლელად, ვიტრინებიდან ათვალიერებდნენ ხელოვნების ნიმუშებს. ასეთი მაღაზია იყო „თეთრი და შავი“, რომელსაც სომეხი მეპატრონე ჰყავდა. როდესაც ვფუტურისტობდი, ამ მაღაზიაში გამოვფინე შოთა რუსთაველის მეტად უცნაური პორტრეტი. ერთხელაც მოვდივარ, მაინტერესებს, გაიყიდა თუ არა ჩემი ნამუშევარი. მეორე ქუჩის მხრიდან ვხედავ, ვიტრინაში აღარ ჩანს ჩემი რუსთაველი. გამეხარდა, ე.ი გაიყიდა-მეთქი. გახარებული შევვარდი მაღაზიაში. იქ კი გაბრაზებული ნოქრები და მაღაზიის დირექტორი დამხვდნენ: იცი, შენი რუსთაველის გამო ჩვენ რა გადაგვხდა - ერთი ქართველი სამხედრო პირი მიდიოდა ქუჩაში და ვიტრინაში შენი რუსთაველი რომ დაინახა, ხმალგაშიშვლებული შემოგვივარდა მაღაზიაში ყვირილით: ეს რა გიქნიათ რუსთაველისთვისო, მერე რუსულად მიაყოლა, ვინ ბედავს გენიალური პოეტის დაცინვასო? ხმალს აქეთ-იქით ატრიალებდა, თან იძახდა, – კარგით, მხატვარი გადარეულია, თქვენ რაღა დაგემართათ, ეს რომ გამოფინეთო? - კინაღამ დაგვხოცა ყველა. ჩვენც შეშინებულებმა გადავმალეთ შენი ნამუშევარიო.

ეს ამბავი მოვუყევი ჩემს მეგობრებს: პაოლოს, ტიციანს და სხვებს. ისინი გაბრაზდნენ და თქვეს, კარგი სასტატიო რამ არისო და მეორე დღეს გაზეთში მოათავსეს წერილი, სადაც წერდნენ: როგორ შეიძლება თანამედროვე ხელოვნებას ასე აუჯანყდეს საზოგადოება, არ ესმოდეს ჭეშმარიტი ხელოვნების ფასიო და აქეთ დაადანაშაულეს ის ოფიცერი. ამაზე ის სამხედრო გაბრაზდა და თავის დამქაშებს დააწერინა საპასუხო წერილი. მოკლედ, ჩემი რუსთაველის გამო ასეთი ამბავი გაიჩარხა. საქართველოში ჩამოსულმა მიხეილ ლე დანტიუმ, კირილე და ილია ზდანევიჩებმა, იური დეგენმა, კრუჩიონიხმა, ტერენტიევმა, კამენსკიმ და სხვებმა ერთბაშად შემოიტანეს ფუტურისტული გავლენა, რომელიც მანამდე რუსეთში იყო გავრცელებული. ჩვენც ავყევით, არ გვინდოდა ჩამოვჩენოდით ყოველივე ახალს, მოგვწონდა ექსპერიმენტები. ჩამოსულმა რუსმა მხატვრებმა შექმნეს საზოგადოება, რომლის გამოფენებზეც ვმონაწილეობდი. სომეხ მხატვართა გაერთიანება „ჰაიარტუნი“ იყო ძერჟინსკის ქუჩაზე. მათ გამოფენებში არასომეხი მხატვრებიც მონაწილეობდნენ, მაგალითად, ჩეხი კინომხატვარი ნოვაკი, დაღესტნელი ხალილ-ბეკ მუსაევი და სხვები.

ქუთაისიდან „ცისფერყანწელები“ რომ ჩამოვიდნენ, თბილისში ნამდვილი ქართული სული ჩამოიტანეს. მათ ჯგუფში შედიოდნენ: პაოლო, ტიციანი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, ლელი ჯაფარიძე, ალი არსენიშვილი (სხვათა შორის, იურისტი იყო) და სხვები. მე მთხოვეს ჟურნალ „ცისფერი ყანწების“ გაფორმება, რადგან ძალიან ვმეგობრობდი მათთან. იმ დროის ტფილისი პოეზიის ქალაქად იქცა, ცისფერყანწელებმა მხატვრებიც შემოიკრიბეს. არსებობდა მრავალი თავშეყრის ადგილი, სადაც ხელოვანი ხალხი ვიკრიბებოდით და ცხარე კამათი გვქონდა. მაგალითად, რესტორან „ანონას“ ადგილას, რომელიც რუსთაველის თეატრის სარდაფში იყო, გაიხსნა კაფე „ქიმერიონი“. იგი პოეტებმა დაიქირავეს იმისთვის, რომ იქ შეკრებილიყვნენ ხელოვანი ადამიანები. იქაური კედლის მხატვრობა შესრულდა დავით კაკაბაძის, სერგეი სუდეიკინის, კირილე ზდანევიჩის, ალექსანდრე ზალცმანის, ზიგა ვალიშევსკის და ჩემ მიერ. 1919 წელს დავასრულეთ მოხატვა და გაიხსნა კიდეც „ქიმერიონი“, სადაც მნიშვნელოვანი მხოლოდ ერთი კომპოზიცია მქონდა - „სტეპკუას დუქანი“. მე რომ დავიწყე მუშაობა მოხატვაზე, „ქიმერიონში" კედლები უკვე განაწილებული იყო, ყველაზე ბევრი მოსახატი ადგილი სუდეიკინს ერგო. მოხატვაში ნაკლები ინტენსივობით მონაწილეობდა ალექსანდრე ზალცმანი, რადგან თეატრალურ მხატვარს ბევრი სხვა საქმეც ჰქონდა. მან მხოლოდ ორნამენტული გაფორმება შეასრულა.

სერგეი სუდეიკინთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მქონდა, თვითონ იყო ცოტა შიზოიდი ტიპი. „ქიმერიონში“ ერთად რომ ვხატავდით, პაოლო იაშვილმა შემოიხედა და ხმამაღლა მითხრა: „მომილოცავს, პარიზში სტიპენდიანტად გგზავნიან“. ეს რომ გაიგო სუდეიკინმა, შურით გაბრაზებულმა ფუნჯი მესროლა. ქართველი და რუსი ხელოვანები ერთად იკრიბებოდნენ აგრეთვე, „არგონავტთა ხომალდში“, ასევე რესტორანში „ძმური ნუგეში“. რაც შეეხება სასადილოს „იმედი“, ის იყო მოუხატავი. ერთხელ, იქ მიგვიწვიეს: მე, კირილე ზდანევიჩი, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვი და ზიგა ვალიშევსკი, რათა ჩაგვეხატა მოწვეული სტუმრები. დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი. მართლაც, კარგი სანახაობა იყო. ჩვენ იქვე ვხატავდით მომსვლელებს, პაოლო კი ექსპრომტებს ეუბნებოდა მათ. ბაჟბეუქი გამოთვრა და ტირილი დაიწყო. რა გატირებსო? - ჰკითხა პაოლომ. - ჩემი შეყვარებული გამახსენდაო და ბავშვივით აზლუქუნდა. მერე სადღაც გაუჩინარდა, ძლივს ვიპოვეთ და სახლში წავიყვანეთ.

გრიგოლ რობაქიძე ერთ-ერთ საჯარო ლექციაზე ჩავხატე, ისე ვიყავი მოჯადოებული მისი ორატორული ნიჭით. ასევე, დახატული მქონდა ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, ვალერიან გაფრინდაშვილის და სხვათა პორტრეტები, მაგრამ ისინი მოისპო. ბევრი რამ თვითონ დავწვი. ერთხელ გრიგოლ რობაქიძე და ექიმი ხარაზოვი, ძალზე განათლებული ადამიანი „ფანტასტიკურ დუქანში“ რაღაცაზე წაიკიდნენ. ხარაზოვმა უთხრა გრიგოლს: თქვენ უკეთესად წერთ, ვიდრე ლაპარაკობთო, გრიგოლმა კი უპასუხა: თქვენ არც წერთ წესიერად და არც ლაპარაკობთო. ამაზე გაბრაზდა ხარაზოვი და სავიზიტო ბარათი გაუწოდა გრიგოლს, - დუელში გიწვევთო. გრიგოლ რობაქიძე არ ელოდა ამას. პაოლომ, რომელიც იქვე იჯდა, წასჩურჩულა: მიიღე გამოწვევაო. გრიგოლიც დასთანხმდა. სეკუნდანტებად აგვირჩია მე და პაოლო, ხარაზოვმა კი - კირილე ზდანევიჩი და მგონი, ვალერიან გაფრინდაშვილი. დუელის დღეც დადგა. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, სადაც დუელი უნდა გამართულიყო, დიდძალი ხალხი შეიკრიბა. ფიქსირებულ დროს გრიგოლი არ მოვიდა, მაშინ პაოლომ გამოაცხადა - სეკუნდანტები უნდა შევებათო. ამის გაგონებაზე შეშინებულმა კირილე ზდანევიჩმა მოჰკურცხლა, სულ სირბილ-სირბილით დაეშვა ქვემოთ. პაოლომ კი სიცილ-ხარხარში ქუდი აისროლა ცაში და მას ესროლა. ასე დამთავრდა დუელი.

ladostan-interviuze-axalgazrda-irine-copy-1685346652.jpg

რუსი და ქართველი პოეტებისა და მწერლების თავშეყრის ადგილი იყო „ფანტასტიკური დუქანი". ეს სახლი იდგა რუსთაველზე, სუვენირების მაღაზიის გვერდით ეზოში. მოხატული იყო იაკობ ნიკოლაძის, კირილე ზდანევიჩის, ზიგა ვალიშევსკის და ჩემ მიერ. ეს იყო ალბათ, 1919 წელი. იქ ჩვენ თავისუფალი მხატვრობა გვქონდა, ზდანევიჩს - ფუტურისტული, ზიგასაც. ნიკოლაძეს, მგონი, ყვავილები ჰქონდა, მე კი - ქალების და შვლების გამოსახულებები. „ცისფერყანწელები“ იკრიბებოდნენ კაფეში „არგონავტების ხომალდი“, რომელიც მოთავსებული იყო დღევანდელი წითელი არმიის სახლში. იქაც იყო ჩემი, ბაჟბეუქ-მელიქოვის და კირილე ზდანევიჩის მხატვრობა.

იცით, შესანიშნავი ადგილმდებარეობა აქვს საქართველოს, ზღვაც გვაქვს, მთებიც, მდინარეების დიდი რაოდენობა. სადაც უნდა დაარტყა წერაქვი, მიწიდან პირდაპირ სიმდიდრე ამოვა, უბრალოდ, არ ვიცით მოვლა-პატრონობა. რამდენიმე ხნის წინ, ბაგინეთში წამიყვანეს პიტიახშთა ნეკროპოლის სანახავად. როგორი მოუვლელი დამხვდა იქაურობა, გული მომიკვდა. მიმიყვანეს ერთ ორმოსთან და მეუბნებიან: ეს, პიტიახშის ასულის - სერაფიტას აკლდამააო. ამის შემდეგ წარმოსახვით დავხატე დიდი ტილო „სერაფიტას გასეირნება“. ნუთუ, არ შეიძლება, მოუარონ, ტურისტებისთვის მიმზიდველი რომ გახადონ... ჩემს „სერაფიტას გასეირნებაში“ იმიტომ დავხატე დეტალურად იმ დროის ინვენტარი, რომელიც გათხრების შედეგად აღმოჩნდა, რომ ნახონ საქართველოში ჩამოსულმა სტუმრებმა, რა კულტურის მატარებელი ერი ვართ... ამ სიმდიდრეს, რაც ჩვენ გვაბადია, გაფრთხილება და ჩვენება უნდა..."

ნანული ზოტიკიშვილი