"დაბრუნებაზე გამუდმებით ვფიქრობ, მაგრამ..." - გზაპრესი

"დაბრუნებაზე გამუდმებით ვფიქრობ, მაგრამ..."

მხატვარი ზაზა პაპიძე წლებია ესპანეთში, ქალაქ არნედოში (ლა-რიოხას პროვინცია) ცხოვრობს და თავის საყვარელ საქმეს ემსახურება. საქართველოდან ჯერ კიდევ 1990-იან წლებში გაემგზავრა შორეულ ემიგრაციაში, როცა თბილისში ეროვნულ მოძრაობას სამოქალაქო დაპირისპირება და ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა... როგორც ყველა ემიგრანტი, ისიც თავდაუზოგავი შრომის, აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებისა და განვითარების შედეგად ახერხებს თავის დამკვიდრებას.

- აქ ჩამოსვლის თითქმის პირველი დღეებიდან ვმუშაობ. ჩემი ძირითადი საქმიანობა ჩემს კერძო სტუდიაში სახვითი ხელოვნების სწავლებაა; შეკვეთები. პარალელურად, სხვადასხვა პროფესიით მიწევს მუშაობა, თუმცა ვცდილობ, დრო ჩემს შემოქმედებასაც დავუთმო.

- როგორც ფოტოებში ვნახე, თქვენს ქალაქში რამდენიმე კედელი გაქვთ მოხატული.

- ჩემი ერთი ასეთი ნამუშევარი მეზობელ ქალაქშია, სახლის ფასადზე, რომელიც ჩემს ახლობელ ქალბატონს ეკუთვნის. დიდი ხანია ამის სურვილი ჰქონდა და შევუსრულე. კიდევ ერთია, ახლომდებარე სოფელში, ბასკური თემატიკითა და სახლის პატრონის ცოტა ახირებული შეხედულებებით. ის მინდა აღვნიშნო, რომ ძირითად შემთხვევაში თემა შემკვეთის გემოვნებაზეა დამოკიდებული. მესამე აქედან მოშორებითაა, ქალაქ ალფაროში, რომელიც ასევე ჩვენივე პროვინციას ეკუთვნის. შეკვეთა ერთ-ერთი იქაური ასოციაციის იყო.

ერთი ნამუშევარი კი ჩვენს ქალაქშია, სკოლის ეზოს კედელზე, ესპანეთის ისტორიის, იმ დროის მსვლელობის ამსახველი სცენებით, პრეისტორიით დაწყებული, უახლესი ისტორიით დამთავრებული.გრძელი კედელია, სცენები კინოს ფირებივით მიჰყვება ერთმანეთს. ეს სამუშაოები შვილთან ერთად შევასრულე.

mxatvari-papidze-8-1685346876.jpg

- რამდენად პოპულარულია არნედოში ქუჩაში კედლების მოხატვა?

- მოხატულ კედელს აქ "მურალს" ეძახიან. ეს მიმდინარეობა ესპანეთშია პოპულარული. ამ ბოლო დროს ჩვენ გარშემო ქალაქებში ბევრი ახალი და საინტერესო ნამუშევარი გამოჩნდა.

- იმ მხატვრულ მიმდინარეობაზე ვისაუბროთ, რომელზეც თქვენ მუშაობთ.

- ვერ გეტყვით, სახვითი ხელოვნების კონკრეტულად რომელ მიმდინარეობას მიეკუთვნება ჩემი ნამუშევრები. ვფიქრობ, ყველაზე მეტი საერთო აქვს სიმბოლისტებსა და ექსპრესიონისტებთან.

- ხატვისას ძირითადად, რა მასალას იყენებთ?

- ვხატავ ქაღალდზე, ფანქრით, ტუშით, აკვარელით, ასევე ტილოზე ზეთის საღებავებით; ვაკეთებ ქანდაკებას, სადაც ვიყენებ ხეს, ქვას, პოლიესტერის ფისს, თიხას, რკინის კონსტრუქციასა და ცემენტს - ეს უკანასკნელი უფრო ხელმისაწვდომი მასალაა, საინტერესო პერსპექტივით და განსხვავებულად შეიძლება მასზე მუშაობა. ბოლო დროს ბევრს ვმუშაობ პროგრამით - "ზბრუში", რომელიც სამგანზომილებიანი მოდელირებისთვის გამოიყენება.

- ესპანურ მხატვრობაში ახლა რა უფრო "ტრენდულია"?

- ალბათ, პოპ-არტი, როგორც ბევრგან. ვფიქრობ, ამ ნამუშევრების დეკორატიულობას უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე მის თემატიკას თუ სიმბოლურ დატვირთვას.

- ამ დროის განმავლობაში თქვენი ნამუშევრები ფართო აუდიტორიის წინაშე თუ გამოგიფენიათ?

- კი, ხშირად. 2006-2007 წლებში, ერთი მნიშვნელოვანი ნაციონალური კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული მეც ვიყავი. სხვებთან ერთად, ჩემი ნამუშევარი მადრიდის "ტიცენის მუზეუმში" გამოფინეს. რამდენიმე გალერეასთან ვთანამშრომლობდი. 2008 წლის კრიზისმა ბევრი რამ შეცვალა... დიდი პაუზის შემდეგ, ვფიქრობ, სათანადოდ მოვემზადო ახალი გამოფენისთვის.

- ცოტა უფრო ადრეულ პერიოდზე მოგვიყევით: საქართველოში ცხოვრებისას რას საქმიანობდით, მათ შორის - მხატვრობის სფეროში?

- ხატვა სერიოზულად სკოლაში სწავლის ბოლო პერიოდში დავიწყე, 13-14 წლის ვიქნებოდი. მერე "თოიძეში" ვსწავლობდი, სამხატვრო აკადემიაშიც ვცადე ჩაბარება, მაგრამ ვერ შევძელი. მერე ჯარში წამიყვანეს და იქიდან ჩემს დაბრუნებას სწორედ ის პერიოდი დაემთხვა, როცა ეროვნული მოძრაობა ახალი დაწყებული იყო საქართველოში, 1988 წელი იდგა... მაშინ ჩავაბარე აკადემიაში, 6 წელი ვისწავლე და დასრულებისთანავე ემიგრაციაში წამოვედი.

- როგორც ვიცი, ეროვნული მოძრაობის დროს, როგორც სტუდენტი და მოქალაქე, თქვენც ჩართული იყავით იმ პროცესებში. როგორ გახსენდებათ იმ პერიოდის თბილისი, საქართველო? რა ჩაგრჩათ მეხსიერებაში ყველაზე მეტად?

- როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ყველანაირად ვიზიარებდი იმ იდეალებს, რომლებიც იმ პერიოდში ქართველი საზოგადოების დიდ ნაწილს ჰქონდა. მანამდეც, სანამ დამოუკიდებლობაზე საჯაროდ საუბარი დაიწყებოდა, ისეთი ლიტერატურის კითხვის შესაძლებლობა მქონდა, რომელიც მაშინ არალეგალურად ითვლებოდა. საბჭოთა ჯარიდან სხვა ემოციებით დატვირთული რომ დავბრუნდი, უკვე მანიფესტაციები, მიტინგები დამხვდა და მეც, ცხადია, საერთო განწყობას შევუერთდი.

- ზვიად გამსახურდია მაშინ ბევრისთვის ფავორიტი ლიდერი იყო, თქვენ რა გახსოვთ მის შესახებ?

- ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ჩემი საყვარელი ლიდერები იყვნენ. მიტინგებზე ხშირად ვუსმენდი მათ. ვფიქრობ, ისინი ჩვენი თანამედროვეობის გმირები იყვნენ. ყველაზე მეტად მერაბ კოსტავას ერთ-ერთი ბოლო გამოსვლა დამამახსოვრდა, კინოს სახლთან - მისი მქუხარე ხმა არ დამავიწყდება...

დანარჩენი კი, რაც გამოვიარეთ, მეც ისევე მახსოვს, როგორც ქართველების დიდ ნაწილს. 1990-იანი წლების იმედგაცრუება, მერე - უიმედობა, რამაც 1995 წელს ემიგრაციაში წასვლა მაიძულა.

mxatvari-papidze-3-1685346888.jpg

- ახლა თუ ადევნებთ თვალყურს აქ მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებს და ერთგვარი შედარება რომ გავაკეთოთ, იმ დროსა და დღევანდელობას შორის. მაშინდელი საზოგადოება, ის ლიდერები, ის მუხტი... თქვენი აზრით, ახლა რატომ ჩაქრა და რატომ შეიცვალნენ ადამიანები, ნიჰილიზმმა რატომ დაისადგურა ქართველ საზოგადოებაში? როგორც ხელოვანი, როგორ ხედავთ და აფასებთ ამ სიტუაციას?

- თუ რამეს გეტყვით ამის შესახებ, ჩემი სუბიექტური აზრია. შესაძლოა, ამ გადასახედიდან რაიმეს სათანადოდ ვერ ვაფასებდე, მე დიდი ხნის წამოსული ვარ და აქედან მანდ სხვების განკითხვასა და შეფასებას ვერ დავიწყებ. ვფიქრობ, ამის არც მორალური უფლება მაქვს... 80-იანი წლების ბოლოს, ხალხის დიდ ნაწილს საერთო მიზანი, ოცნება ჰქონდა. თითქოს მეტი ერთობა იყო; 90-იანი წლების დასაწყისმა ბევრი რამ შეცვალა, მაშინდელი ლიდერების შემდგომი ბედიც... იმ იმედგაცრუებასა და უიმედობას მოჰყვა ნიჰილიზმიც.

სამწუხაროა და გულსატკენი, რომ, როგორც თქვით, აღარ არის ის მუხტი, რომელიც იყო და რომ ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები ხშირად დაპირისპირებასა და ერთმანეთის შეურაცხყოფაში გადადის. რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ ეს არასწორია და განსხვავებული აზრი არ უნდა გახდეს მიზეზი მტრობისა და სიძულვილის. მეც მყავდა და მყავს მეგობრები, რომლებსაც ჩემი შეხედულებებისგან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, მაგრამ ერთმანეთის აზრს პატივს ვცემთ და მეგობრებად ვრჩებით.

- როგორ რეაგირებს ესპანელი საზოგადოება იქაურ პოლიტიკურ საკითხებზე?

- პარტიული დაპირისპირებები აქაცაა. იცით ალბათ აქაური სამოქალაქო ომის შესახებ და მას შემდეგ, აზრთა სხვადასხვაობა და "ბრძოლა" მემარჯვენეებად და მემარცხენეებად გაყოფილ საზოგადოებას შორის დღემდე არ დასრულებულა. ამის მიზეზი ალბათ ისიცაა, რომ ბევრ რამეს "თავისი სახელი ჯერ ბოლომდე არ დარქმევია".

- აპოლიტიკურ ჭრილში რომ განვიხილოთ ამბები, რა მსგავსება დაინახეთ ქართველებსა და ესპანელებს შორის?

- ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ბევრი ერის წარმომადგენლის სიახლოვესაც მიცხოვრია. ვფიქრობ, ხალხი ძირითადად ყველგან ერთნაირია, ერთი და იმავე პრობლემებითა და სიხარულით. განსხვავება ალბათ მათ კულტურაში, მენტალიტეტსა და სოციალურ განვითარებაშია. ვფიქრობ, ქართველები და ესპანელები მენტალურად ძალიან განვსხვავდებით. რაც შეეხება ბასკებისა და ქართველების გენეტიკურ მსგავსებას, თავიდან მეც მაინტერესებდა ეს საკითხი, თითქოს რაღაც საერთოც გვაქვს, თუმცა, თვითონ ბასკების მხრიდან ამ თემასთან დაკავშირებით რამე განსაკუთრებული ინტერესი და ენთუზიაზმი არ დამინახავს.

- ესპანეთში როგორი სიტუაცია დაგხვდათ და რამდენად გაგიჭირდათ თავის დამკვიდრება?

- როგორც აღვნიშნე, 90-იან წლებში ჩამოვედი. ვერ წარმომედგინა, რომ ოდესმე საქართველოს დავტოვებდი და სადმე სხვაგან ვიცხოვრებდი, მაგრამ მას მერე, რაც საქართველოში მოხდა, იქ დარჩენა არ შემეძლო, უფრო მეტად ემოციურად გამიჭირდა.

- მაშინ მარტო წახვედით თუ ოჯახთან ერთად?

- მარტო წამოვედი, თუმცა აქ იყვნენ ქართველები, რამდენიმე ოჯახი გავიცანი და შეძლებისდაგვარად, გვერდში დამიდგნენ. ესპანელი მეგობრები მყავდა და მერე მათთან გადავედი. საბოლოოდ, აქ დავრჩი და ოჯახი შევქმენი ესპანელთან. ორი შვილი მეზრდება... ახლა სხვა მეუღლე მყავს, ისიც შემოქმედია, უამრავი საინტერესო, საერთო გეგმა გვაქვს, ბევრს ვმოგზაურობთ.

- სად მუშაობდით სხვადასხვა დროს? რა გზა გაიარეთ აქამდე?

- გარდა სწავლებისა და შეკვეთებისა, ოჯახის სარჩენად პერიოდულად მიწევდა ფიზიკურად შრომაც. თავიდან კონტეინერები გადმომიტვირთავს, ფაბრიკაში, მშენებლობაზე და ხილის კრეფაზეც კი მიმუშავია... ახლა ვცდილობ, მარტო ჩემი საქმე ვაკეთო და ვაკეთო ის, რაც მომწონს.

- ემიგრაციაში მყოფი ქართველების წარმატებებს ხშირად ვადევნებთ თვალყურს. არაერთი მხატვარია, რომლის ნამუშევრებსაც ონლაინაც ყიდულობენ, სურვილის შემთხვევაში. თქვენ თუ გიკავშირდებიან?

- გარდა გალერეებისა, ზოგჯერ ინტერნეტით მიკავშირდებიან. სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოსულან, მეც გამიგზავნია. სოციალურ ქსელში აქტიურობა არ მიყვარს. ძირითად ინფორმაციას ჩემი მეუღლე აქვეყნებს. საკუთარი თავის წარმოჩენა დიდად არ მეხერხება...

წლების წინ, ჩემი ორი საუკეთესო ნახატი ერთმა მოსკოველმა იყიდა. სიმართლე გითხრათ, გული დამწყდა: მერჩივნა, ისინი ჩემს ქვეყანაში მოხვედრილიყო. ის პიროვნება აქ ჩამოვიდა, ამხელა მანძილზე, იმ სურათისთვის, რომელიც აქ ერთ-ერთ კონკურსზე თემის გამო "დაბლოკეს".

- ხატვისას თემატიკას რის მიხედვით არჩევთ - რაც უფრო მოთხოვნადია, თუ თქვენი ხედვისა და გემოვნების შესაბამისად?

- ჩემს ნამუშევრებში მთავარი ადამიანი და საზოგადოებაა, მისი მანკიერი მხარის კრიტიკა, ჩემებურად დანახული, ცოტა სატირით, ცოტა - ირონიით.

- თქვენს ნამუშევრებში ფიგურები მაქსიმალურადაა ცოცხალთან მიახლოებული...

- თემას, რომელსაც ვირჩევ, ვფიქრობ, ასეთი გამოსახვა უფრო უხდება. ხშირად ჩემს ძველ ნახატებს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რომ ბევრ რამეს შევცვლიდი მათში, რადგან მათ ახლა სხვანაირად ვხედავ და ვაფასებ.

- შიშველი ფიგურაც მრავლადაა...

- კი. ალბათ ახალს არაფერს ვიტყვი - უამრავი მხატვარი ხატავს შიშველ ფიგურას. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ შიშველი სხეული, კარგად შესრულებული, ძალიან ლამაზია და მეორე, სიშიშვლე სიმბოლურად, არსის გამოაშკარავებასაც ნიშნავს.

- ოჯახზეც გვიამბეთ: თქვენი მეუღლე რას საქმიანობს?

- ჩემი მეუღლე პროფესიით მედიკოსია. ძალიან უყვარს კერამიკაზე მუშაობა. თუმცა, მასაც უწევს სხვა სახის სამუშაოს შესრულება. გადაწყვეტილი გვაქვს, როცა ეკონომიკურად უფრო მოვძლიერდებით, ახალი საერთო სახელოსნო გავხსნათ.

- საქართველოში თუ აპირებთ ჩამოსვლას?

- ჩამოსვლას - კი, რა თქმა უნდა. აი, დაბრუნებაზე გამუდმებით ვფიქრობ, მაგრამ არ ვიცი წინასწარ, რა მოხდება. თავიდანვე ვცდილობდი შვილების ქართველებად აღზრდას, ქართულად ველაპარაკებოდი, ვასწავლიდი ზღაპრებს, ლექსებს, ლოცვებს, დამყავდა ტაძარშიც, ვუამბობდი ისტორიაზე, მაგრამ ის, რომ აქ გაიზარდნენ და ნახევრად ესპანელები არიან, ესეც მნიშვნელოვანია. მათთვის საბოლოო ჯამში ესაა სამშობლო. სამწუხაროდ, ეს პრობლემა მარტო ჩემს ოჯახსა და ასე ნახევრად ქართველ ბავშვებს არ ეხებათ... ისე კი, როგორც გითხარით, არ ვიცით, რა იქნება მომავალში და ადვილი შესაძლებელია, ერთ დღეს ყველანი დავბრუნდეთ საქართველოში.

თამთა დადეშელი