ქართული ყველის ახალი ეტაპი და სკოლა-ქარხანა ბორბლებზე - გზაპრესი

ქართული ყველის ახალი ეტაპი და სკოლა-ქარხანა ბორბლებზე

"ანას სკოლა-ქარხანა ბორბლებზე"

როგორც ქართული ყველის მკვლევარი, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ამბობს, ასეთი შაბლონური სახელი მოუძებნა ახალ პროექტს, რომელიც ქართულ ყველს ჯერ საქართველოში შეისწავლის და საგულდაგულოდ შეფუთავს, შემდეგ კი ევროპისკენ გაუკვალავს გზას. მისივე თქმით, პროექტი მთლიანად მსოფლიო გამოცდილებებზე დაყრდნობითაა "შეთხზული" და არანაირ სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა, ქართულ ყველს და ყველის მწარმოებლებს ნამდვილად მისცემს ახალ შესაძლებლობებს და მომხმარებლებსაც სრულფასოვნად უსაფრთხო და ჯანსაღი პროდუქტით გაანებივრებს...

- პროექტის წამოწყებას დიდი ხანია, ვგეგმავ. თუმცა, გზადაგზა ბევრი პრობლემა წამოგვეწია. ყველაზე დიდი გამოწვევა პანდემია იყო. იმ პერიოდში მოთხოვნილება შემცირდა ნედლ რძეზე. ფერმერებიც იძულებულები გახდნენ, "გამოეხშირათ" მერძეული საქონელი და ხორცად გაეყიდათ, რადგან შენახვა აღარ უღირდათ.

პანდემიის დასრულების შემდეგ, რძის სექტორი სხვა რეალობისა და პრობლემის წინაშე აღმოჩნდა: გაიზარდა მოთხოვნილება ნედლ რძეზე, მაგრამ რადგან ქვეყანაში რძის რესურსი საკმარისი აღარ აღმოჩნდა, დაიწყო ფხვნილებსა და განსაკუთრებით, ირანული რძის ისტერიული შემოდინება. მიუხედავად იმისა, რომ ირანული რძის შემოტანა უკვე აკრძალულია, სამწუხაროდ, პრობლემა ბოლომდე მაინც მოგვარებული არ არის. რამდენიმე საწარმო მაინც მუშაობს ამ პროდუქტზე და ეს ვერ დაიმალება, რადგან უზარმაზარი, 20-კილოიანი ვედროებით შემოაქვთ.

სურსათის უვნებლობა, საბაჟო და საგადასახადო საქმის კურსშია, რა რაოდენობით მონაწილეობს რძის სექტორში ფხვნილის რძე და რა რაოდენობით - პასტა რძე. ქვეყანაში ნედლი რძის მარაგი ცოტაა, კარგ და რთულ პერიოდშიც 20-30 პროცენტამდე მერყეობს. შესაბამისად, ნათლად ჩანს, რა რაოდენობით რძის ფხვნილი შემოდის და რა რაოდენობით ნედლი რძე იყიდება ქვეყანაში. რამდენია მერძეული ფერმერი და რამდენი - მეხორცული. მერძეული ფერმერების რიცხვი საკმაოდ მწირია, ამიტომ რძის ნაწარმის მწარმოებელ ფერმერებს მხარში დგომა, მათ წარმოებულ ყველს კი სრულყოფა სჭირდება. ეს იქნება ჩვენი ახალი პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა.

288666957-10210145893439193-5914752424646691960-n-1685347296.jpg

ქართული ყველის ახალი შესაძლებლობები

ანას ახალი პროექტი რამდენიმე ამბავს აერთიანებს. "სკოლა-ქარხანა ბორბლებზე" - ყველა ფერმის კართან გაჩერდება და ქართული ყველის გურუ, თავის მეგობარ მცირე ფერმერებთან ერთად, დარგში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს.

მთავარი იდეა, რომლის გარშემოც ახალი პროექტი გაიშლება, ყველის მწარმოებელი ფერმერებისთვის სურსათის უვნებლობის თემებზე საუბარი და ცნობიერების ამაღლებაა. ფერმერები დეტალების დონეზე გაეცნობიან იმ სტანდარტებს, რაც წარმოების პროცესს სჭირდება. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის...

პროექტი "ქართული ყველი" ანამ ჩვიდმეტი წლის წინ დაიწყო. მისთვის ყველის გზა აღმოჩნდა ცხოვრების ახალი რეალობაც და მთავარი მისიაც. შეუძლებელი შეძლო, ქართული ყველის წარსული მიწისქვეშეთიდან ამოიღო და ახალი სიცოცხლით შემოსა. ახლა პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო, ქართული ყველის ევროპული მომავლის შესაქმნელად...

- დასრულდა ყველის სახეობების აღმოჩენების, დახლებზე დაბრუნების და ფესტივალების დაარსების ეტაპი. გავაცოცხლე არქეოლოგია და ეთნოგრაფია. ბევრ ყველის ოსტატს დავეხმარე პოპულარიზაციაში და საწარმოებიც ავაშენებინე. დროა, ევროპის ბაზრებისკენ გავუკვალო გზა და ამასთანავე, ჩვენი პროდუქტიც უსაფრთხო იყოს. მინდა თავადვე ვუსურვო წარმატებები და ზურგის ქარი ჩემს პროექტს. დარწმუნებული ვარ, ჩემი მეგობარი ფერმერებიც ისეთივე სიყვარულით მიიღებენ ახალ პროექტს, როგორც ამ ხნის მანძილზე მათთან ერთად წამოწყებულ ნებისმიერ სიახლეს.

"სკოლა-ქარხანა ბორბლებზე" ჩავა ყველა ფერმაში და ჩემს მეგობარ ფერმერებთან სურსათის უვნებლობაზეც ვისაუბრებ. მე არ ვიქნები მათი კონტროლი. ეს იქნება მეგობრული საუბრები, თუ როგორ უნდა აწარმოონ რძის ნაწარმი სტერილურ გარემოში, ყველა სტანდარტის დაცვით, ასევე, ვისაუბრებთ შეფუთვა-დიზაინზე... ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ უნდა გავიდეს ქართული ტენილი, ნარჩვი, დამბალხაჭო, სულგუნი თუ სხვა პარტიზანული ქართული ყველი საფრანგეთის, ამერიკის ან სხვა რომელიმე ქვეყნის ბაზარზე... მოკლედ, ქართული ყველი კულტურულად ჩაცმულ-დახურული წავა ევროპაში. შესაძლოა, სასაცილოდაც არ ვეყოთ ევროპის ბაზარს, რაოდენობრივად საფრანგეთის ერთი ქუჩაც ვერ მოვამარაგოთ, მაგრამ ის ცოტა იმდენად შემოწმებული და გამართული უნდა იყოს, რომ ზუსტად შეესაბამებოდეს მსოფლიოს სტანდარტებს. თუკი ქართულ ყველზე არსებული მითი და რეალობა ერთმანეთს დაემთხვევა, ევროპელი მომხმარებლებიც ადვილად მიიღებენ. რაც ყველაზე მთავარია, ცნობადობა გაიზრდება. შეიძლება ტურისტების ნაკადიც მოვიზიდოთ და აუცილებელი გახდეს ადგილზე წარმოების გაზრდა ტურისტების დასაკმაყოფილებლად. ყველის ტურიზმი უნდა მიუერთდეს აგროტურიზმს. როგორც ღვინო, ქართული ყველიც ჩვენი სავიზიტო ბარათი უნდა გახდეს. ყველი არ არის მხოლოდ საკვები პროდუქტი. ქართული ყველი, მეგზურივით წაადგება ქართულ გასტრონომიას.

სიახლეს უკვე ელოდება ბი-ბი-სი და სხვა საერთაშორისო გამოცემები. ვიცით, რომ ამერიკელებმა ფილმიც გადაიღეს ქართულ ყველზე; ადგილზე მოვყვებით ამბებს ყველზე, გამოვცემთ ბროშურებს. საბოლოოდ, შთამბეჭდავი შოუ გამოვა.

როდესაც ახალ წამოწყებაზე ვსაუბრობ, ყველა გაფართოებული თვალებით მიყურებს. ბევრი იმასაც მეუბნება, დროზე ადრე რატომ ამხელ ამ ყველაფერს, ხომ შეიძლება ვინმემ იდეა აიტაცოსო?! ნეტავ ბევრი ქომაგი გამოუჩნდებოდეს ქართულ ყველს, თუმცა არა მგონია, ბევრმა იაროს ჩემსავით მთა-მთა და ბორბალ-ბორბალ, როგორც ამ ჩვიდმეტი წლის მანძილზე მე დავდიოდი.

346280567-611814590883263-6488408846188253388-n-1685347311.jpg

პირველი გაჩერება

პროექტმა სტარტი უკვე აიღო და "ქარხანა ბორბლებზე" რამდენიმე მცირე ფერმერს ესტუმრა. პირველი გაჩერება ერთ-ერთი მომთაბარე ფერმაა...

- ამ კარგ მშრომელ კაცს, ექვსასი ცხვარი და ბევრი ძროხა ჰყავს. მიწის ნაკვეთზე, რომლის სტატუსიც მასზე ნაგებობის განთავსების საშუალებას არ იძლევა, აუცილებლად უნდა ჰქონდეს უმარტივესი კონსტრუქციის ოთახი-საწარმო. ეს ძალიან მარტივი მოსაწყობია და არც დიდი თანხები სჭირდება და არც ფილოსოფია. მას სჭირდება საწარმო ფუნდუკი, რომელიც შიგნიდან საოპერაციო ოთახივით იქნება გაწიკწიკებული და მის მიერ წარმოებული ყველი სურსათის უვნებლობის ყველა ნორმას უნდა პასუხობდეს.

ამ ადამიანს და ბევრ მცირე ფერმერს, ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ იმედი და ჩვენი, განსაკუთრებით კი სახელმწიფოს დახმარება და თანადგომა სჭირდებათ. მერე, ძლიერი და წელში გამართული ფერმერი აქეთ დაგვეხმარება. გულიანად ბევრი ვისაუბრეთ. დიდი სურვილი მაქვს, დავეხმარო. მალე ვაჩუქებ სასათბურე ცელოფანს საველე საწარმოს მოსაწყობად, თუმცა ამის შესახებ მან ჯერ არაფერი იცის და მინდა მოულოდნელი სიურპრიზით გავახარო. სადაც ჩავალ, ყველანაირად ვეცდები, პარტიზანული ყველის მწარმოებელ მცირე ფერმერებს პრობლემების მოგვარებაში დავეხმარო. ვიპოვო სპონსორები, ჩავრთო სახელმწიფოც... თუ ჩემი პროექტით მეგობარ ფერმერებს არ დავეხმარები, ასე კარდაკარ და მთა-მთა სიარულიც აზრს დაკარგავს. მომწონს თუ არა, ვიზიარებ თუ არა, მათ დასახმარებლად ყველას შევაწუხებ და კარს ავუტალახებ.

შორენა მერკვილაძე