"აქ სამოთხე არ არის..." - გზაპრესი

"აქ სამოთხე არ არის..."

ემიგრაცია მსოფლიოს ახალ სენად იქცა. ბოლო რამდენიმე წელია, ადამიანები სხვადასხვა, ნაკლებად განვითარებული ქვეყნიდან ევროპასა და აშშ-ში უდიდესი რისკის ფასად, არალეგალური გზებით, ზღვით, ოკეანით, სატვირთო მანქანებით, მესამე ქვეყნის გავლით, უკაცრიელი მთებითა და გაუვალი ტყეებით ჩაღწევას ცდილობენ. მასშტაბურმა ემიგრაციამ ახალი პროფესიებიც გააჩინა - "სპონსორი", "გადამყვანი", "ქეისის მწერალი", "დამსაქმებელი"... უამრავი შემთხვევაა, როდესაც ე.წ. გადამყვანებმა ან სპონსორებმა დააღალატეს, რის გამოც, უცხო ქვეყნის საიმiგრაციო ციხეში მოუხდათ თვეების განმავლობაში ყოფნა, შემდეგ კი, კარგ შემთხვევაში, ე.წ. ბონდით, ანუ გირაოთი გამოუშვეს ან დეპორტირებას დაუქვემდებარეს. "გზის" რესპონდენტი, რომელიც თავის ფათერაკიან თავგდასავალს გვიყვება, ერთ-ერთია ასობით ქართველს შორის, რომლებიც ემიგრაციის გზას დაადგნენ. მან ვაშინგტონის, ტაკომას საიმიგრაციო ციხე რამდენიმე დღის წინ, 20-ათასდოლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვა, რის შემდეგაც ამერიკაში მისი ცხოვრების კიდევ ერთი მძიმე ეტაპი დაიწყო.

ირაკლი, 34 წლის:

- ათ წელზე მეტხანს ძალოვან უწყებაში ვიმუშავე. ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დამაწინაურეს. არადა, კადრებში სულ ახალ-ახალი ადამიანები მოჰყავდათ, ოღონდ - პარტიული ნიშნით. ახალსა და განსხვავებულს ალბათ არაფერს ვამბობ, მაგრამ ადამიანების ნაწილს სამსახურში ახლობლობით იღებდნენ და აწინაურებდნენ. ჩვენ ამას "გაცვლით პროგრამას" ვეძახდით, რადგან იმის მიხედვით იღებდნენ, თუ რომელ უბანსა და რაიონში რამდენ ხმას აუგროვებდა... საქმეში ჩაუხედავი, არაკვალიფიციური ადამიანები ჩვენს პოზიციაზე მხოლოდ რამდენიმე თვე მუშაობდნენ, შემდეგ "ზემოთ" იწყებდნენ სვლას, იღებდნენ წოდებებს, ინიშნებოდნენ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, ჩვენი უფროსები ხდებოდნენ, ოღონდ ხშირად, მათ საქმესაც ჩვენ ვაკეთებდით; თუ რამე გაფუჭდებოდა, შენიშვნასაც ჩვენ ვიღებდით. რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მეტი ადამიანი გარბოდა სამსახურიდან, ვერ უძლებდნენ.

amerika4-1685947158.jpg

- სად მიდიოდნენ?

- ვისაც შეეძლო, ქვეყნიდან მიდიოდა, დროულად უშველეს თავს; ვინც ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ წავიდა, მოხუცი მშობლები და ცოლ-შვილი ვერ დატოვა, მშენებლობებზეც მუშაობდნენ. იქ ყოფნას, ვიღაცის უფროსობას მაინც ეს მირჩევნიაო, - ამბობდნენ. იყვნენ ისეთებიც, ვინც სხვაგან ვერაფერი იპოვა და ისევ უკან დაბრუნდა. ზოგმა ძველ პოზიციაზე დაბრუნება ვერც შეძლო, რადგან ძველი კადრები ახლით მაშინვე იცვლებოდა. რაიონიდან ჩამოსული ბიჭებისთვის ჩვენი სამსახური, პირველ ეტაპზე, ვიდრე სხვა რამეს იპოვიდნენ, ხელსაყრელი იყო. თუმცა, მერე ისინიც გარბოდნენ და ასეთი, უწყვეტი ციკლი გრძელდებოდა. ძველი კადრები, რომლებსაც საქმის გაკეთება შეგვეძლო, ცოტანი ვიყავით განყოფილებაში, მაგრამ ხვალ-ზეგ "რამის შეცვლის" იმედით, წლები გავიდა და ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ საკმარისი იყო და ქვეყანა უნდა დამეტოვებინა.

ოჯახის წევრებთან ერთად დავიწყე ფიქრი, რა გზას დავდგომოდი. ცოლ-შვილი არ მყავს და ჩემი "განაცხადი" დედ-მამისთვის შოკი აღმოჩნდა: უკვე 30 წელს გადაცილებული ხარ, გვეგონა, ოჯახზე ფიქრობდი, შვილიშვილი გვინდა, სანამ შეგვიძლია, ბებია-ბაბუობა გვაღირსეო... არც ჩემს დას ჰყავს ოჯახი. ამ მხრივ მშობლები მართლაც მეცოდებოდნენ. დედამ იცოდა, რა ჯოჯოხეთურ პირობებში მიწევდა მუშაობა: ცვლიდან დაბრუნებულს, ყველაფერი სახეზე მეტყობოდა, მაგრამ ქვეყნიდან ჩემი წასვლა მაინც არ უნდოდა. შეყვარებული გყავს, ხელი მოაწერეთ და ერთად წადით, იმას აქ ტოვებ, შენ იქ რა გელოდება, არ იცი; არც ის, როდის დაბრუნდები და ის გოგო რა გზას დაადგება, ასე თავმოუბმელად როდემდე უნდა იყოო?!.

- რა გადაწყვიტეთ?

- გოგოს, რომელიც მიყვარდა, ჩემგან განსხვავებით, ძალიან კარგი სამსახური ჰქონდა, ნორმალური ანაზღაურებით. დაფასებაც ჰქონდა და თავისუფალი გრაფიკიც, დამატებით პროექტებზეც მუშაობდა. მორალური უფლებაც არ მქონდა მეთქვა, მე ყველაფერს თავს ვანებებ, რადგან 1.200 ლარზე მუშაობა და ზემოდან ვიღაცების აგდებული დამოკიდებულება, დაუფასებლობა და უპატივცემულობა აუტანელია, უკვე ღამეები არ მძინავს, ამიტომ, მექსიკის გავლით ამერიკაში არალეგალად მივდივარ, სადაც არ ვიცი, რა მელოდება, მაგრამ მაინც წამოდი ჩემთან ერთად-მეთქი... გულწრფელად ავუხსენი. ვუთხარი, მთელი ცხოვრება კომპლექსი უნდა მქონდეს, რომ ამ ცხოვრებაში ღირებული ვერაფერი შევქმენი და ამიტომ, ერთი წლით მაინც უნდა წავიდე-მეთქი. არ აღფრთოვანდა ჩემი გადაწყვეტილებით, მაგრამ მითხრა, რომ ჩემს არჩევანს პატივს სცემდა. სადღაც, გულის სიღრმეში მაინც ვფიქრობდი, რომ მეტყოდა, - მოვილაპარაკოთ, გეგმები ერთობლივად დავაწყოთ და შენთან ერთად წამოვალო, მაგრამ ასე არ მოხდა. თუმცა, ყველა ჩემს საქმეში სრულიად ჩართული იყო, საბუთების მოწესრიგება იქნებოდა, იქ პირველი დღეების დაგეგმვა, სამუშაო თუ სხვა დეტალი, ყველაფერში მონაწილეობდა... ცდილობდა, დავემშვიდებინე, რომ დრო მალე გაივლიდა, ინტერნეტით მუდმივად დავეკონტაქტებოდით ერთმანეთს და მომავალსაც იმის მიხედვით დავგეგმავდით, როგორც ამეწყობოდა საქმე ამერიკაში.

amerika3-1685947171.jpg

მოკლედ, ვიპოვე "გადამყვანი" და "სპონსორი", რომლებსაც წინასწარ გადავუხადეთ თანხის ნაწილი, "გადამყვანს" - ნაწილი, "სპონსორს", რომელიც იქ 15 წელზე მეტია ცხოვრობს, სრული თანხა - 10 ათასი დოლარი. ის ნათესავების ჩარევით ვიპოვეთ და როგორც გვითხრა, "იაფი გამოგვართვა, რადგან პირველად იღებდა ასეთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე..." ჯერ ესპანეთში ჩავფრინდი, შემდეგ - მექსიკაში, ქალაქ მეხიკალეში, იქიდან რამდენიმე საათი მანქანით მატარეს სხვებთან ერთად და რაღაც საზღვრისპირა დასახლებაში გადაგვიყვანეს, სადაც რამდენიმე ასეული ადამიანი დამხვდა, სხვადასხვა ქვეყნიდან. ზოგი მცირეწლოვან შვილებთან ერთად იყო. გარშემო ნამდვილი ანტისანიტარია გახლდათ, რადგან სახლს მხოლოდ ერთი საერთო საპირფარეშო ჰქონდა, რომლის შესასვლელთანაც სულ თვალუწვდენელი რიგი იდგა... კიდევ კარგი, იქ მხოლოდ ერთი დღე და ღამე დავრჩი, უფრო სწორად - გაგვაფრთხილეს, რომ გამთენიისას მდინარის გადალახვა მოგვიწევდა, რომელიც ალაგ-ალაგ ღრმა იყო. მოერიდეთ მექსიკელ მესაზღვრეებს, რადგან მათ თუ ჩაუვარდებით ხელში, პირდაპირ ციხე და დეპორტი გემუქრებათო.

საერთოდ, "გადამყვანები" ყველაფრის პასუხისმგებლობას იხსნიან. გიგეგმავენ მარშრუტს, ყიდულობენ ბილეთებს, ჯავშნიან სასტუმროს, აგვარებენ ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილებას, მაგრამ მხოლოდ საზღვრამდე გაცილებენ... იყვნენ ისეთები, ვისაც მეორე ან მესამე მცდელობა ჰქონდა, ამერიკაში მოხვედრილიყო, თუმცა ისინიც ამბობდნენ, რომ ყოველ ჯერზე სულ სხვაგვარი სიტუაცია ხვდებოდათ.

- თქვენთან ერთად ქართველებიც იყვნენ?

- დიახ, შვიდი ქართველი იყო. ერთი ახალგაზრდა წყვილი, ერთ წლამდე ბავშვით, რომელიც დღესაც არ ვიცი, როგორ გააჩუმეს. იყვნენ 70 წელს მიღწეული და გადაცილებული ქალებიც. ზოგიერთი ევროპაში რამდენიმეწლიანი ემიგრაციიდან ახალი დაბრუნებული იყო. იქ ახლა დაბრუნება არ ღირს - უკრაინის ომის გამო ხალხი მიაწყდა და ამერიკაში უნდა ვიპოვოთ რამე. ამდენი წელია, შვილებს ევროპიდან ვარჩენთ და მაინც ვალები აქვთო... ზოგი ამბობდა, ახალი კანონის ამოქმედებას აპირებენ, საზღვარზე კონტროლს გაამკაცრებენ და შესვლა უნდა მოვასწროთო.

ახლა ყველაფერი გართულებულია, მესამე ქვეყნის გავლით ამერიკაში არალეგალად ჩასვლა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. გამკაცრდა კონტროლი მექსიკის საზღვარზე და შესაბამისად, ემიგრანტთა ნაკადიც განახევრდა, თუმცა ვიცი, რომ მაინც მიდიან სხვა გზებით - ნიკარაგუა-პანამით, კანადით და ა.შ.

საბედნიეროდ, მდინარის კალაპოტი დაბალი იყო. მექსიკელმა მესაზღვრეებმა რამდენჯერმე ჩამოიარეს, მაგრამ კედლისკენ ახლოს მივიწიეთ და როგორღაც გადავრჩით. ამერიკის საზღვარზე შესვლისთანავე, საიმიგრაციო პოლიცია მოვიდა, ნივთები და საბუთები ჩამოგვართვა და წაგვიყვანა. გზაში მეუბნებოდნენ, მთავარია, ცუდი ოფიცერი არ შეგხვდეს, თორემ მაგრად გაწვალდებიო... ზოგი რამდენიმე დღის შემდეგ გაუშვეს, მე ბორკილდადებული ვაშინგტონში, ტაკომას ციხეში გადამიყვანეს და იქ გავიგე, რატომ: ჩემს სპონსორს, რომელსაც თანხა ჯერ კიდევ საქართველოდან წამოსვლამდე გადავუხადე, ამერიკულმა საგადასახადო სისტემამ დარღვევა აღმოუჩინა, თურმე აშშ-ში ჩასვლიდან პირველ წლებში სახელმწიფოს გადასახადებს უმალავდა. იქ კი, სისხლის სამართლის დანაშაულს უფრო იოლად გაპატიებენ, ვიდრე ამას... აქ დამკვიდრებული წესის თანახმად, ახალი "სპონსორის" პოვნაზე უნდა ეზრუნა, მაგრამ აქეთ გაგვიბრაზდა, შარში გამხვიეთ, სასამართლო და ყადაღის დადება მემუქრებაო... არ ვიცი, როგორ მოაგვარა თავისი საქმე, მაგრამ მაშინ, როდესაც ციხეში ვიჯექი, ჩემს ოჯახს კომპენსაციას სთხოვდა: ადვოკატი უნდა ავიყვანოო.

- თუ ასეთი პრობლემები ჰქონდა, რატომ დათანხმდა "სპონსორობას"?

- ემიგრანტები "სპონსორობით" დიდ ფულს აკეთებენ. თუმცა, მათ სუფთა წარსული აქვთ და არ ეშინიათ... პირველ დღეებში, როცა ვხედავდი, როგორ ათავისუფლებდნენ ჩემ შემდეგ შემოყვანილ ემიგრანტებს, ყოველ ჯერზე იმედი მქონდა, რომ მომდევნო მე ვიქნებოდი...

მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან იყვნენ ემიგრანტები, მათ შორის ისეთები, ვისაც ნიჟარა და ონკანი აქამდე ნანახი არ ჰქონდა. იყვნენ პატარა ბიჭები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ მდინარეში ბანაობდნენ... პოსტსაბჭოთა სივრციდან სხვადასხვა ეროვნების უამრავი ადამიანი შემოჰყავდათ. მათ შორის რუსეთიდან გამოქცეული ოსები და აფხაზები. ჩეჩნები კადიროვისა და პუტინის რეჟიმის მსხვერპლნი იყვნენ, ზოგ მათგანს სახესა და სხეულზე წამების კვალიც კი აღენიშნებოდა, მაგრამ ამაზე იშვიათად ლაპარაკობდნენ. ყველაზე მძიმე იყო რუსებთან ურთიერთობა: სულ ცდილობდნენ, თავი მსხვერპლად წარმოეჩინათ და ერთი-ორჯერ საკანში სკანდალი გაითამაშეს, თითქოს "რუსობის" გამო ჩაგრავდნენ. ყველა ნავალნისა და ნემცოვის მომხრეობას იჩემებდა. ამერიკის ციხეში გავიგე, ვინ იყვნენ ისინი და რატომ ებრძოდა მათ პუტინი.

amerika1-1685947184.jpg

იყვნენ ისეთებიც, ვინც ადვოკატს ითხოვდა და ნაწილს აუყვანეს კიდეც. რამდენიმე ჩრდილოკავკასიელს მართლა გაუფუჭეს საქმე - ისინი რუსების პროვოკაციას წამოეგნენ და საიმიგრაციო პოლიციამ წაიყვანა. იმედია, დეპორტაცია არ მიუსაჯეს...

- ამ ხნის განმავლობაში ოჯახის წევრებთან დაკავშირების საშუალება არ გქონდათ?

- კი, მქონდა. თითქმის ყოველდღე ვესაუბრებოდი მათ ინტერნეტით, მაგრამ რატომღაც ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ უწვალებლად, ერთ მშვენიერ დღეს გამომიშვებდნენ. რატომ უნდა გაგაჩერონ ციხეში, რა დააშავეო?! - მეუბნებოდნენ. მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ ციხეში ვიყავი და ჩემს საქმეს კარგი პირი არ უჩანდა. იქ არავინ არაფერს გეუბნება, - სად მიჰყავხარ, რატომ გიშვებენ ან პირიქით, რატომ გტოვებენ. ადმინისტრაციის თანამშრომლები კამერებით არიან აღჭურვილი და რობოტებივით იქცევიან. გამოცდილი, სტაჟიანი ემიგრანტებისგან გავიგე, რომ მათ, ვისაც ერთი და იმავე ციხეში დიდხანს აჩერებენ, დეპორტაცია ემუქრებათ... ისედაც ვალით წამოვედი და ოჯახს ვეღარ ვეუბნებოდი, კიდევ ოცი ათასი დოლარი ისესხეთ, ადვოტაკი და "ქეისის კაცი" აიყვანეთ-მეთქი. ბოლოს ჩემმა დამ იყოჩაღა და "დროებითი" ადვოკატი იქირავა, რომელმაც ქართველ თარჯიმანთან ერთად ციხეში მინახულა. პირდაპირ მითხრა, რომ ჩემს საქმეს ვერ აიღებდა, რადგან უამრავი პრობლემა მქონდა, თუმცა ვერ გავიგე, რა პრობლემებს გულისხმობდა... ციხეში დარჩენა უკვე გაუსაძლისი იყო. ბოლოს ისეთი ქართველი შემოიყვანეს, რომლის გამოც სხვა ქართველებმა სხვაგან გადაყვანა ითხოვეს. ციხიდან ცდილობდა, საქმე ისე მოეგვარებინა, რომ გარეთ მყოფებისთვის ფული შეეწერა. პირადად ჩემთვის არაფერი დაუშავებია, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავი იყო. მას და კოლუმბიელებს რამდენჯერმე დიდი შეხლა-შემოხლა ჰქონდათ და სამწუხაროდ, ქართველი ყველა შემთხვევაში მტყუანი იყო. ისინი შეჰპირდნენ, რომ ციხიდან ცოცხალი ვერ გავიდოდა...

ეს ყველაფერი და სხვა მძიმე შემთხვევები ჩემ თვალწინ ხდებოდა. ექვსი თვის განმავლობაში ალბათ, ასობით მიგრანტთან ერთად მომიხდა ერთ სივრცეში ყოფნა. უძილობა და ნევროზი ერთბაშად მიტევდა. როდესაც დამირეკეს და მითხრეს, დეპორტაცია უკვე გადაწყვეტილი იყო, მხოლოდ იმაზე დამწყდა გული, რომ ამდენთვიანი წვალება უაზროდ გამოვიარე... სასამართლო პროცესამდე ორი საათით ადრე მითხრეს, რომ განაჩენი შეიცვალა და 15-ათასდოლარიანი გირაოს სანაცვლოდ, ფეხზე "ბრასლეტით" მიშვებდნენ. ოღონდ თანხა ოთხ საათში უნდა მიმეტანა. ჩემს ოჯახს დავურეკე და ლამის დავუჩოქე, როგორმე ეს თანხაც მიშოვეთ-მეთქი. დედა მიხვდა, რომ ამდენი ტანჯვა-წამების შემდეგ საქართველოში თუ დავბრუნდებოდი, დეპრესია შემჭამდა და ეს თანხა როგორღაც მოაგროვა. როდესაც გამომიშვეს, მეგონა, სიხარულისგან გავგიჟდებოდი...

ნიუ-იორკში მეგობრის ნათესავებმა შემიფარეს, მაგრამ სამუშაოს შოვნა მეორე, უდიდესი პრობლემა იყო. არანაირი საბუთი არ მაქვს, ერთი თვის შემდეგ ჩემი სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს და მაშინ მომცემენ პირად დოკუმენტაციას. მანამდე ახლობლობით, დროებითი სამუშაო ვიშოვე მშენებლობაზე და ბედნიერი ვარ... ყოველდღე, დღეში ორი-სამი ყოფილი თუ მოქმედი თანამშრომელი მირეკავს და მთხოვს, დავაკვალიანო, როგორ წამოვიდეს. თავიდან ვეუბნებოდი, რომ არ ღირდა, რადგან პირადად მე, უმძიმესი ნახევარი წლის გადატანამ მომიწია. როცა ამას ვეუბნები, სწყინთ. არ ვამტყუნებ, საქართველოში ყოფნისას მეც ასე მეუბნებოდნენ და არ მჯეროდა... ახლა გამოსავალი ვიპოვე. ბევრს ვუთხარი, - ყველაფერი შეიცვალა და ჩემი გამოცდილება არ გამოგადგებათ-მეთქი. მეტჯერ აღარ დაურეკავთ.

ლალი პაპასკირი