ლევან ხაბეიშვილის თვალსაზრისი - გზაპრესი

ლევან ხაბეიშვილის თვალსაზრისი

"პოლიტიკა არის ომი სისხლის ღვრის გარეშე", - ამბობდა მაო ძედუნი. ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში მაშინვე დარწმუნდებით, თუ თანამედროვე ქართულ პოლიტიკას გადახედავთ: დაპირისპირებული ძალები ერთმანეთის გადაწყვეტილებებს მუდმივად იწუნებენ და აკრიტიკებენ. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს ბევრ საკამათო საკითხზე ვესაუბრეთ:

- დღეს, საქართველოში ხშირად კამათობენ რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე: მომხრეები ამტკიცებენ, რომ ეს ჩვენი ეკონომიკისთვის სარგებლის მომტანი გადაწყვეტილებაა. თქვენ რას ფიქრობთ ამ მოსაზრებაზე?

- მხოლოდ ერთს - პუტინის რუსეთი და მისი ინტერესების გამტარებლები ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ყველამ იცის, რომ მსოფლიოს 100-ზე მეტმა ქვეყანამ პუტინი სამხედრო დამნაშავედ ცნო. ის ბავშვების და ქალების მკვლელადაა აღიარებული და სწორედ ამ ადამიანის ინიციატივით აღდგა ავიამიმოსვლა. რეალურად, მას ერთადერთი ინტერესი აქვს: შავი ფული, რომელიც თბილისიდან მოსკოვში "ჯიპებით" გადაჰქონდათ, ახლა თვითმფრინავებით გადაიტანოს და ამისათვის 10 საათის ნაცვლად, 2 საათი დასჭირდეს. სანქცირებულ ფულს და ოქროს ახლა საჰაერო გზით გადაიტანენ. ჩვენ ვიცით, რომ ათასობით რუსეთის მოქალაქე დარეგისტრირდა საქართველოში და საბანკო ანგარიშები გახსნა. საინტერესოა, ეს ადამიანები რა მიზნით არიან ჩვენს ქვეყანაში - ხომ შეიძლება სადაზვერვო საქმიანობას ეწეოდნენ? სამწუხაროდ, ჩვენი სადაზვერვო სამსახური მათი გამოვლენით თავს დიდად არ იწუხებს. იმისათვის, რომ უფრო ნათლად აგიხსნათ, მარტივ შედარებას მოვიყვან: დავუშვათ, თქვენი მეზობელი სახლში შემოგივარდათ, მოგიკლათ დედა, მამა, ოჯახის წევრები და ცოცხალი მარტო თქვენ დაგტოვათ. რამდენიმე წლის შემდეგ, ეს მეზობელი მოდის და გთავაზობთ, სუფრა გამიშალე და მე ფულს გადავიხდიო, დათანხმდებით? 100 ან თუნდაც, ათასი ლარის გამო უნდა დავივიწყოთ ჩვენი დები და ოჯახის წევრები რომ აწამეს და დაგვიხოცეს? დავივიწყოთ, გიორგი ანწუხელიძე, გოჩა ოთხოზორია, შინდისის გმირები - ყველაფერი დავივიწყოთ? ამას რაიმე გამართლება აქვს?!

- კიდევ ერთ არგუმენტს ასახელებენ: რუსეთში ათასობით ქართველი ცხოვრობს, რომელსაც უვიზო მიმოსვლამ სამშობლოში ჩამოსვლა და ოჯახების ნახვა გაუადვილაო...

- მე ამ ადამიანების და მათი ოჯახების კარგად მესმის, მაგრამ ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ პუტინმა ეს ნაბიჯი ხალხის კეთილდღეობის გამო გადადგა? ვინმეს სჯერა, რომ პუტინი კეთილი გახდა და რუსეთში მცხოვრები ქართველები რომ არ დაიღალონ, ფრენები ამიტომ აღადგინა? როდესაც დასჭირდა, ქართველები სატვირთო ვაგონებით გამოგზავნა უკან - სამშობლოში. ამიტომ, კონკრეტული ადამიანების კეთილდღეობა, სიკეთე და მათზე ზრუნვა აქ არაფერ შუაშია. აქ მთავარია "შავი ფული", სანქციები და სამხედრო ჩიპები, რომლის მიღებაც რუსეთს სურს.

- არანაკლები აჟიოტაჟი მოჰყვა ლავროვის ქალიშვილის სტუმრობას საქართველოში... თქვენმა ოპონენტებმა თქვეს, რომ ოპოზიცია ასეთი საქციელით ტურისტების შემოსვლას აფერხებს.

- ამ შეკითხვას ნაწილობრივ უკვე ვუპასუხე: კი მაგრამ, ლავროვისა და პუტინის ოჯახი ერთმანეთისგან რამით განსხვავდება? პუტინის შვილი რომ ჩამოვიდეს, უნდა ვთქვათ, ტურისტიაო? ქართულ ტრადიციებზე ლაპარაკობენ, მაგრამ როდის იყო ქართული ტრადიცია, რომ მტერს ფიანდაზად უნდა გაეგო? საქმე სულ სხვა რამეშია: ნელ-ნელა შემოგვაპარეს და დღეს უკვე ღიად გვეუბნებიან, რომ მტერი პუტინი და ლავროვი კი არ არის, არამედ დასავლეთი და ამერიკაა. ამაზე უკვე ღიადაც საუბრობენ. ბოლოს როდის მოისმინეთ, რომ მტერი პუტინი და ლავროვია? სამაგიეროდ, მტრად გვისახავენ აშშ-ის ელჩს, ევროპარლამენტარებს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს და ა.შ. თუმცა, ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხვდება, ვინ არის მტერი. საბედნიეროდ, ხალხმა საკადრისი პასუხი გასცა ამ ტაშფანდურს და ლავროვები ჩუმად გაამგზავრეს თავიანთ ქვეყანაში.

- სამწუხაროდ, უამრავი პრობლემაა ქვეყნის შიგნითაც: ოპოზიცია აშკარად ვერ ახერხებს გაერთიანებას, დაპირისპირებაა "ენმ"-შიც: ნიკა მელიას თავისი მხარდამჭერები ჰყავს, თქვენ - თქვენი. ეს რაზე მეტყველებს?

- ამ თემაზე ბევრს არ ვილაპარაკებ. უბრალოდ, გეტყვით, რომ არჩევნებში 50 ათასმა ადამიანმა მისცა ხმა მოქმედ თავმჯდომარეს. ამიტომ, ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა ფსიქოლოგიური ბარიერები თუ ვერ გადალახა, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. რაც მთავარია, პარტია გაძლიერდა, რასაც თითქმის ყველა კვლევა ადასტურებს. ის, რომ "ენმ"-ის ყოფილ თუ ახლანდელ წევრებს შორის რაღაც გაურკვევლობაა, არაფერს ნიშნავს. აბა, მმართველ პარტიას ხომ ვერ დავემსგავსებით? "ნაციონალურ მოძრაობაში" უამრავი ადამიანია და ყველას თავისი შეხედულებები აქვს. ჩვენი მიდგომა ასეთია: კამათი და აზრთა სხვადასხვაობა საქმეს არ ვნებს. ერთადერთი, ვინც შეიძლება ამ პროცესს ავნოს, სწორედ ის ადამიანია, ვისზეც შეკითხვა დამისვით.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიკა მელიაც აპირებს პარტიის შექმნას.

- რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება ოპოზიციური სპექტრი, მით უკეთესია, რადგან ადამიანებს არჩევანის უფლება უნდა ჰქონდეთ. თანაც, ასე უფრო ადვილი დასანახი გახდება, ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია, ვის ამოძრავებს პირადი ინტერესები და ვის - ქვეყნის ბედი. ჩვენთვის მთავარი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა და ამიტომ არ ვაპირებთ ოპოზიციური ფლანგის კრიტიკას. აქვე, ერთგვარი შენიშვნა უნდა გამოვთქვა ქართული მედიის მიმართ: ჩვენ დღეს შიდაპარტიულზე ბევრად მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს გადასაწყვეტი. ისეთი ხელისუფლება გვყავს, რომელიც უსმენს სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებს, მასწავლებლებს - მოკლედ, ყველას უსმენს, აშანტაჟებს და ემუქრება. ჩემი აზრით, ასეთი ჭრელი ოპოზიცია რომ გვყავს, პირიქით, უკეთესიცაა. მინდა ჩემი მოსაზრება გითხრათ: მედია სხვა საქმეებით უნდა იყოს დაკავებული და არა იმით, ნიკა მელიამ რა უთხრა ლევან ხაბეიშვილს, ამ უკანასკნელმა რა უპასუხა ან რა უთხრა ხაბეიშვილმა გიორგი ბოტკოველს... დღეს ჩვენ ისეთ მძიმე მდგომარეობაში ვართ, ოპოზიცია საერთოდ რომ არ არსებობდეს, თქვენ უნდა თქვათ, არსებობსო. როდესაც პროდასავლური მედიაც იმაზე ლაპარაკობს, რომ ოპოზიცია სუსტია და მისგან არაფერი გამოვა, ეს ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს: ჩვენი მოსახლეობა ნიჰილიზმში ვარდება და ამ ხელისუფლებას ნიჰილიზმით როგორ შევცვლით? ისედაც, ათასგვარი წნეხს განვიცდით: ჩვენი ლიდერები დილეგებში სხედან, მთავარი ოპოზიციური არხის დირექტორი ციხეშია; შანტაჟი, მუქარა, მოსყიდვა - ამ ყველაფერს ვუძლებთ. დღეს ოპოზიციაში ყოფნა მძიმე ხვედრია, ამიტომ, მედიამ ოპოზიციის ნაკლოვანებებზე არ უნდა ისაუბროს. რატომ? - თუნდაც იმიტომ, რომ სწორედ ამ ოპოზიციამ უნდა იმოქმედოს "რუსული ოცნების" წინააღმდეგ.

1675185617-xabeishvili-saakashvili-copy-1685947485.jpg

- კონკრეტულად, რა საკითხებს?

- თუნდაც იმას, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს და აინტერესებს: რომ ქვეყანა არ გარუსდეს, საბანკო ოლიგარქიის მმართველობა დასრულდეს, თუნდაც ის, რომ რომ 200 ათასი ადამიანი მუშაობს 300-500-ლარიან ხელფასზე - ეს შემთხვევითი ციფრი არ გეგონოთ, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური სტატისტიკაა. თვალცრემლიანი ქართველები ემიგრაციაში მიდიან და შვილების, ოჯახების, ახლობლების დატოვება არ სურთ - აი, რა არის დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო საკითხები, რომელზეც რეალურად არავინ ზრუნავს. "ქართული ოცნების" მომხრეების დიდმა ნაწილმა უკვე დაინახა, რომ ეს ძალა სოციალური პრობლემების მოგვარებაზე კი არა, საკუთარ ფუფუნებასა და კეთილდღეობაზე ფიქრობს. "ოცნების" ლიდერებს არც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აღელვებთ და ამას არც მალავენ... ეს მაშინ, როცა კანდიდატის სტატუსი ნიშნავს, რომ საქართველო უახლოეს 3-4 წელიწადში 50-მილიარდიან დახმარებას მიიღებს. წარმოუდგენელია, ამაზე უარი ვთქვათ, პირიქით, ევროკავშირში შესვლა სწრაფად უნდა მოვახერხოთ, რადგან ეს ქვეყნის რეალურ წინსვლას და ქართული ეკონომიკის ზრდა-განვითარებას ნიშნავს.

- დაბოლოს, როგორ ფიქრობთ, არჩევნებამდე თქვენი პარტია სხვა ოპოზიციურ ძალებთან უნდა გაერთიანდეს თუ უმჯობესია, ყველამ ცალ-ცალკე მიიღოს მონაწილეობა?

- დარწმუნებული ვარ, აუცილებლად შეიქმნება ერთი დიდი ოპოზიციური ცენტრი, რომელიც "ოცნებას" დაამარცხებს. ვისურვებდი, ბარიერის გადალახვა ცალკეულმა ოპოზიციურმა პარტიებმაც შეძლონ, მაგრამ ყველა პოლიტიკოსი ხვდება, რომ "ქართული ოცნების" დამარცხება "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე შეუძლებელია.

ხათუნა ჩიგოგიძე