ირაკლი კვირიკაძის ამერიკული კინოკარიერა და ქართული "ცვალებადი ნიშნები" - გზაპრესი

ირაკლი კვირიკაძის ამერიკული კინოკარიერა და ქართული "ცვალებადი ნიშნები"

თავისუფლება, კონფლიქტები, მეგობრობა, გართობა, დილემა, თავგადასავლები და გადაწყვეტილებები - ეს ის თემებია, რასაც ეს ნამუშევარი შეეხება. ოთხი 19 წლის სტუდენტის ფერადი და თამამი ისტორიის პირველი სეზონი 12 სერიისგან შედგება. რეჟისორი სოსო ბლიაძეა. ის არაერთი წარმატებული ფილმის ("ოთარის სიკვდილი" და "ჩემი ოთახი") ავტორია, ასევე არის სერიალის ჩცდ-ს ერთ-ერთი რეჟისორი.

"ცვალებად ნიშნებში" სხვა პოპულარული ქართველი მსახიობების გარდა (ია ფარულავა, ნანკა კალატოზიშვილი, გიორგი მახარაშვილი და სხვები), პირველივე ეპიზოდში, მაყურებელი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ მსახიობ ირაკლი კვირიკაძეს შეხვდება. მისი გმირი ალექსანდრე ოთხი სტუდენტის ცხოვრებაში მოულოდნელად ჩნდება...

ფილმ "მძევლების" მსახიობი, რომელიც კარიერას ახლა აშშ-ში აგრძელებს, პირველი ქართველი მსახიობი იყო, რომელსაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის Shooting Stars-ის ჯილდო გადაეცა. ის საქართველოში ახლა "ცვალებადი ნიშნების" გადაღებებისთვის ჩამოვიდა.

ambebi.ge ირაკლი კვირიკაძეს არა მარტო ახალ სერიალზე, არამედ მისი ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებზეც ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან (სტილი დაცულია):

- ირაკლი, გარდა იმისა, რომ ისეთ ატმოსფეროში გაიზარდეთ, რომელიც ხელოვნებით იყო გაჟღენთილი, რეალურად კინო თქვენთან საბოლოოდ როგორ მოვიდა?

- მაინც ოჯახიდან - ვხვდები, რომ აქედან ავიღე მართლა ყველაფერი. ამ სამყაროში გავიზარდე. ყველასთან, ვისთანაც დედაჩემს (მსახიობი ნინო ქორიძე. - ავტ.) ურთიერთობა ჰქონდა, ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხელოვნებას ქმნიდნენ, იყვნენ კინოში, თეატრში. მერე თითქოს ჩემი ცხოვრებაც ამას დაუკავშირდა. ახლა რომ ვაკვირდები, მივხვდი, ეს იმის დამსახურებაა, რომ თავიდანვე ასე გავიზარდე.

გარკვეულ ასაკში მივხვდი, გავაანალიზე, - რა სფერო იყო და მინდოდა თუ არა მასში ყოფნა. გარდა იმისა, რომ კინოში თამაშობდნენ კახაც (ბაბუა - კახა ქორიძე. - ავტ.) და ნინოც, მათი დამსახურებით მქონდა თუმანიშვილის თეატრთანაც ურთიერთობა, სადაც დიდ დროს ვატარებდი. ვესწრებოდი რეპეტიციებს, სპექტაკლებს. ამ თეატრში დიდი დრო მაქვს გატარებული.

- ერთხელ ბაბუათქვენმა ინტერვიუში მითხრა, რომ ბავშვობაში კარგად წერდით, უმეტესად, ფანტასტიკის ჟანრში. აგრძელებთ წერას?

- ეს კახას გადამეტებული შეფასებაა. არ ვიცი, რამდენად კარგად ვწერდი. სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, რას ვწერდი. ძალიან დიდი ხანია, იმ ძველი ნაწერებისთვის თვალი არ შემივლია, კახა ინახავს ასეთ რაღაცებს. მახსოვს, სიუჟეტი მაყაშვილის სახლის გარშემო ვითარდებოდა. სახლი, სადაც გავიზარდე, მისტიკურია არა მარტო გარეგნულად, მისტიკა იქ ცხოვრებასაც ახლავს. ბავშვობაში იქაურობა რამდენადაც მიყვარდა, ჩემში შიშსაც აღძრავდა. შესაბამისად, ასეთი ნოველები მებადებოდა. დღეს ვცდილობ, სცენარის მიმართულებით ვიმუშაო. როდესაც ვწერ, უკვე კინოს წარმოვიდგენ. ისე, ეს უფრო ვარჯიშია ჩემთვის. არ ვიცი, ამას რა მოჰყვება. კინოში საერთოდ ბევრი რაღაც მომწონს. ამ სფეროში ჩემს თავს ბევრნაირად ვხედავ. ოღონდ, ეს, რა თქმა უნდა, მომავალში. ამას, რასაც ჩემთვის ვაკეთებ, არ აქვს სისტემატური სახე.

- სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ უნივერსიტეტს მიაკითხეთ...

- სულ ვამბობ, რომ გამიმართლა, თუნდაც იმიტომ ღირდა თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება, რომ მოვხვედრილიყავი ბატონ გიზო ჟორდანიას ჯგუფში. მოვასწარი, ერთი წელი ვიყავი იქ, მერე ამერიკაში წავედი. ამ ადამიანთან ურთიერთობა, ის ერთი წელიც დიდი რამ იყო... კინო ყოველთვის მომწონდა, მაგრამ აქ კამერასთან ურთიერთობა არ ისწავლება და ამერიკაში წასვლა გადავწყვიტე.

- და ამერიკაში მამასთან (დავით კვირიკაძე) ჩახვედით, ხომ?

- მამა იქ ცხოვრობდა, თვითონ ჩამიყვანა. მერე ისე მოხდა, თბილისში ჩამოვიდა და მე დავრჩი იქ. მისი დახმარებით განვითარება მარტოს მომიწია. ხშირად ჩამოდიოდა.

- თბილისიდან უცებ დიდ ქალაქში აღმოჩნდით და ალბათ, სირთულეც ბევრი შეგხვდათ. როგორ გაუმკლავდით?

- თავიდან, რა თქმა უნდა, რთული იყო... დამოუკიდებლობას ნაკლებად ვიყავი შეჩვეული. ყოველთვის გარშემო მყავდა ადამიანები, რომლებიც ზედმეტად ზრუნავდნენ ჩემზე და იმას აკეთებდნენ, რაც მე უნდა გამეკეთებინა... ნიუ-იორკში ჩასვლა თავიდან შოკი აღმოჩნდა. მივხვდი, ბევრი რამის გაკეთება მომიწევდა. მდგომარეობას ის ართულებდა, რომ არ ვიცოდი, როგორ გამეკეთებინა. იყო მომენტები, როცა ვფიქრობდი, რისთვის? რად ღირს ეს ყველაფერი? საბოლოოდ გამიჩნდა აზრი, - თუ აქ გავძელი და გადავაგორე, მერე სადაც უნდა წავიდე, იმდენად გაზრდილი და ძლიერი ვიქნები, სხვა სირთულეს მარტივად დავძლევ-მეთქი. მართლა ასეა - სირთულეებგამოვლილი, სადაც არ უნდა ჩაგაგდონ, ყველაფერს მოერევი. ნიუ-იორკს განსაკუთრებული წესები აქვს. ჩემი მიზანი იყო, ამ ქალაქში იქამდე დავრჩენილიყავი, ვიდრე არ გავიცნობდი და მერე გადამეწყვიტა, მინდოდა თუ არა იქ ყოფნა. რომ გავიცანი, მოვერგე კიდეც. მივხვდი, ჩემთვის მეორე სახლია.

- ძლიერი ნებისყოფა გქონიათ...

- აღმოჩნდა, რომ ნებისყოფა მაქვს, მაგრამ უნდა ვაღიარო, ამაში ბევრი ადამიანი მომეხმარა. პირველ რიგში, ჩემი ცოლი, ელენე მახარაშვილი რომ არ ჩამოსულიყო და არ დაწყებულიყო ჩვენი თანაცხოვრება, არ ვიცი, რა მოხდებოდა. ელენეს ჩამოსვლის შემდეგ მარტო აღარ ვიყავი. ოჯახმა ერთად "გავქაჩეთ"... სტელა ადლერის სტუდიაში, კამერასთან მუშაობის კურსი ავიღე. კამერასთან ურთიერთობას საფუძვლიანად გვასწავლიდნენ. ამ კურსით კარგი გამოცდილება მივიღე...

- თქვენთვის წარმატების, აღიარების და პოპულარობის სერიოზული ეტაპი 2018 წელს დადგა, როცა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდით. გაღიარეს, როგორც კინოს ამომავალი ვარსკვლავი. პირველი ქართველი მსახიობი აღმოჩნდით, რომელსაც ეს ჯილდო ერგო. საქართველოში ეს ამბავი ყველას გაუხარდა...

- ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. რა რესურსი, ენერგია და განცდაც ჩავდე ფილმში "მძევლები", დამიფასდა, იმედისმომცემი იყო. ამ ყველაფერმა იმ ადამიანებთან დამაკავშირა, რომელთა მეშვეობით კარიერაში მეტი სასარგებლო და საჭირო ფანჯარა გაიხსნა. ბევრი ადამიანი გავიცანი და ბევრთან დავმეგობრდი, ყველა გამარჯვებულთან მაქვს ურთიერთობა.

- გავიხსენოთ ფილმი "მძევლები". რა იყო თქვენთვის ამ როლის თამაში, რომელიც რეჟისორმა რეზო გიგინეიშვილმა შემოგთავაზათ?

- ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, ბედნიერი პერიოდი და ამავდროულად ყველაზე დაძაბულიც. ამ როლის თამაში დიდი პასუხისმგებლობა იყო. ბევრი ადამიანი იცნობდა, ბევრს ახსოვდა, როგორი იყო გეგა კობახიძე. ახლა რომ ვფიქრობ, კიდევ შევძლებდი თუ არა იმავეს გაკეთებას, მიჭირს პასუხი. უბრალოდ, მაშინ ის გადაღება იმ პერიოდს, ასაკს დაემთხვა, როცა თითქოს გეგას განწყობით შევხვდი ამ როლს. ახლა წლები მომემატა და ისე თამაში აღარ გამომივა...

- ენტონი ჰოპკინსთან ერთად მუშაობასაც შევეხოთ... "ოსკაროსან" მსახიობს იტალიელი რეჟისორის, რიკარდო სპინოტის ფილმში Nოწ ის Eვერყტჰინგ შეხვდით... მაგ ფილმშიც საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდით...

- კი, აქაც გამიმართლა, რომ ასეთ დიდ ადამიანს შევხვდი, კადრში მასთან ერთად დამაყენეს. ქართველი მსახიობისთვის კი არა, მსოფლიოში ნებისმიერი მსახიობისთვის, თუნდაც დიდი მსახიობისთვის ოცნებაა, რომ ამ ადამიანთან ერთად კადრში მოხვდნენ. ეს ფილმი ჩემთვის მარტო ამად ღირდა.

kvinikadzert-41619-copy-1685947766.jpg

- ენტონი ჰოპკინსი კომუნიკაბელური ადამიანია?

- გასაკვირად კარგი. მას ეტყობოდა მთელი თავისი განათლება, ადამიანურობა, რომელიც არ დაუკარგავს არც ერთი წამით, მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ვარსკვლავია. რამდენადაც თავდაჯერებული ხარ და იცი შენი თავის შესაძლებლობები, მით უფრო ადამიანური ხარ სხვებთან. მამშვიდებდა, მასწავლიდა, ძალიან თბილად მექცეოდა. საქართველოში არ არის ნამყოფი, მაგრამ რაღაცები აინტერესებდა, რაღაცები მკითხა. მერე ისიც მომიყვა, რაც საქართველოზე სმენოდა. ჩამოსვლაც ნდომებია, მაგრამ ხელი შეეშალა... ყველაზე კარგი ამ ურთიერთობაში ის იყო, რომ ვიმუშავე ჩვეულებრივ ადამიანთან და არა ვიღაც გაღმერთებულ პიროვნებასთან. ძალიან თავმდაბალია, კარგი შთაბეჭდილებები დამიტოვა.

- ახლა ამერიკაში რა საქმით ხართ დაკავებული?

- ღვინის კეთებამ გამიტაცა. ბოლო პერიოდში კორნელის უნივერსიტეტში ღვინის კურსები გავიარე. ახლა მინდა ნელ-ნელა პრაქტიკაზე გადავიდე და ეს საქმე მსახიობობის პარალელურად ვაკეთო. ელენე, ჩემი მეუღლე ძალიან პრაგმატული და ჭკვიანი გოგოა, მასაც აგრონომიის მიმართულება აინტერესებს.

ლალი ფაცია