რატომ მოჰყავდათ სვანებს კანაფი - გზაპრესი

რატომ მოჰყავდათ სვანებს კანაფი

"...აკრძალვამ გააქრო კანაფის ტრადიცია, რომელიც რაღაც ერთი უმნიშვნელო ტრადიციის დაკარგვად კი არ უნდა განვიხილოთ, არამედ - კანაფის ტრადიციას გაყოლილი უმნიშვნელოვანესი ტრადიციების კასკადად", - ამბობს მკვლევარი გოჩა ჭელიძე, რომელიც სვანეთის შესახებ ხუთასგვერდიანი წიგნის ავტორია...

- ნიკო კეცხოველი გახლდათ საქართველოში ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი... გთავაზობთ მონაკვეთს კანაფის შესახებ ნიკო კეცხოველის მოგონებებიდან:

"1967 წლის შემოდგომაა. ავედით უღელტეხილზე. ჩვენ თვალწინ ენგურის ხეობა გადაიშალა, ძირს, სადღაც ხრამებში, მოიკლაკნება ყველაზე მოუსვენარი მდინარე ენგური. მის ნაპირებზე, მთის ფერდობებზე შეფენილია სვანური სოფლები. ყოველი სოფლის გარშემო ათასფრად აჭრელებულან ნათესები, თითქოს პატარ-პატარა, ნაირ-ნაირი ხალიჩები აგიაო მთის ფერდობზე. აქ სთესია: დოლის პური, წითელი და თეთრი, შავფხა, დიკა, ფხიანი და უფხო, ფეტვი, კარტოფილი, სიმინდი, ცერცვი, ბარდა, ოსპი და ყოველი სახლის მახლობლად - კანაფი. კანაფს აქვე ამუშავებენ, ჰქსოვენ და თოკად ჰგრეხენ. უკანაფოდ სვანის ოჯახი არ ვარგაო, - მეუბნებიან სვანები".

სანაქებო ნიკო კეცხოველს გულწრფელ სიმართლეს ეუბნებოდნენ სვანები, მაგრამ 1967 წლის შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა, მათ შორის - სვანეთში აიკრძალა კანაფის მოყვანა. ამ აკრძალვამ გააქრო ტრადიცია, რომელიც რაღაც ერთი უმნიშვნელო ტრადიციის დაკარგვად კი არ უნდა განვიხილოთ, არამედ კანაფის ტრადიციას გაყოლილი უმნიშვნელოვანესი ტრადიციების კასკადად, როგორიცაა: რელიგიურ რიტუალთა შესრულება; დღესასწაულებში, დაბადება-გარდაცვალებისა და წინაპართა კულტთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებათა მოშლა, მედიცინა; პრაქტიკულად მოისპო სვანეთისათვის ტრადიციული დარგი - მსუბუქი მრეწველობა.

კანაფის საკითხზე ეთნოგრაფების მრავალი მასალაა შეგროვილი. მათ შორის განსაკუთრებით ყურადღებას იმსახურებს გამოჩენილი ეთნოგრაფის, ჯულიეტა რუხაძის ნაშრომი, რომელსაც მე დაკარგული ტრადიცია დავარქვი.

დაკარგული ტრადიცია

კანაფის ერთსახოვანი თესლიდან ორნაირი ნაყოფი იზრდება: დედალი-დედლა, რომელიც ბოჭკოს მისაღებია და მამალი-ხერხლა-ბიდირი, რომლის თესლი საკვებად და ზეთის სახდელად გამოიყენება. კანაფს აპრილის შუა რიცხვებიდან მაისის პირველ ნახევრამდე თესავდნენ სახლთან ახლოს, მყუდრო და საგანგებოდ შემოზღუდულ ადგილას, რომელსაც ლალქანა ეწოდებოდა.

კანაფის სუსტ და ნაზ თესლს ამოსვლა რომ არ გაsძნელებოდა, ღრმად არ თესავდნენ. ითესებოდა როგორც ხშირად - დედალი საბოჭკე კანაფის მისაღებად, ასევე მეჩხრად - მამალი სათესლე კანაფის მისაღებად. როდესაც დათესვას დაასრულებდნენ, ლაჭადირით მოფოცხავდნენ, ნათესის შუა ადგილას ჯვრის ფორმის მაღალ ჯოხს გააკეთებდნენ, ამით მთესველი კარგი მოსავლის მიღებას იბედებდა და ნათესს ავი თვალისგან იცავდა.

დედალი კანაფი ადრე მწიფდება, მას აგვისტოს შემდეგ იღებდნენ; მამალი კანაფი საგვიანო მცენარეა და მას თოვლის მოსვლამდე იშვიათად იღებდნენ. დათოვლილ კანაფს ქერელი ადვილად ეცლება და მარცვალიც თავისუფლად გამოდის. ამის გამო ხშირად, თოვლიანი კანაფი მიჰქონდათ გასახმობად.

მოჭრილ კანაფს გარეთ გაფენდნენ. როდესაც ღერო რუხ ფერს მიიღებდა კონებად - წყად შეკრავდნენ და თესლის დაფანტვის თავიდან ასაცილებლად, გადახურულში დეფანზე გასახმობად ცერად მიაყუდებდნენ. როდესაც კანაფი გახმებოდა, დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, თავთავს მოაცლიდნენ, რისთვისაც იყენებდნენ ტაბიკის წირხს - ორ ტოლ ნაწილად მოხრილ თხილის, არყის ან მუხის ხის ნედლ წკნელს. მარცვლის გამოკრეფა ასე ხდებოდა: ერთი კანაფს დაიკავებდა და მეორე ღეროს წირხს შორის მოაქცევდა და გამოსწევდა. თავთავებს ხელითაც კრეფდნენ და დანითაც. ამ დროს ხელზე ცხვრის ან თხის ტყავისგან შეკერილ ხელთათმანს - ტვეტიბერს იცვამდნენ.

გამოკრეფილ თავთავს გასახმობად ტელეფაზე გაფენდნენ და ხის კაკუტით - ლაჩაჩირით ან ფეხით ფშვნიდnენ. თავთავს ზოგჯერ არყის ხის ფიჩხისგან გაკეთებული გრძელი ცოცხით - ლანგავით ცეცხვავდნენ. პირველად გამოფშვნილ კარგ მარცვლებს ცალკე ათავსებდნენ, თავთავებზე შერჩენილებს კი ისევ ახმობდნენ. შემდეგ მარცვალს ორი დღე მზეზე ტოვებდნენ, ლათშათით ცხრილავდნენ და ანიავებდნენ, რა დროსაც მარცვალი ერთი ჭურჭლიდან მეორეში ჩაიცლებოდა, ბიდირს კი ქარი წაიღებდა და რჩებოდა კანიანი მარცვალი.

სათესლე თავთავს ცეცხლზე არ ახმობდნენ, მას ხელით ფშვნიდნენ, ცხრილავდნენ, ანიავებდნენ და მშრალ ადგილზე ტომრით ინახავდნენ. ქართულ ყოფაში ცნობილია, რომ კანაფის მარცვალი ერთ წელს კარგად ინახება, ხოლო შემდეგ მას მხოლოდ ზეთის მისაღებად იყენებდნენ, რადგან სიძველე ზეთზე არ მოქმედებს.

მამალი კანაფის ნაყოფისგან საკვები და ზეთი მზადდებოდა. ზეთის მისაღებად ოდნავ მოხალულ ან ცხელი რკინით არეულ თესლს როდინში ხის ორ ხელმოსაკიდებელი სანაყით - ლაყალით ნაყავდნენ, საცერში - ძუჰერაში გაცრიდნენ და მეორედ უფრო ღონივრად, ხშირ შემთხვევაში, ნიორთან ერთად დანაყავდნენ. დანაყილს იქვე გაცრიდნენ და გობზე თბილი წყლით მოზელდნენ. ზელვის დროს ზეთი გამოდიოდა.

კანაფის თესლი, რომელიც კვების მნიშვნელოვან პროდუქტს წარმოადგენდა, საკულტო მნიშვნელობისაც იყო. დანაყილ და შეზავებულ კანაფის თესლს ცომის სართავად და შეჭამანდად იყენებდნენ. კანაფისგულიანი პურები დღესასწაულებზე, ქორწილში და მიცვალებულებისთვის განკუთვნილ დღეებში ძირითადი, ტრადიციული საკვები იყო და დიდი რაოდენობით იხმარებოდა. რიტუალური პური - გიმბშარ ლუკვნე, ხაჭაპური - ლგგიმბაშ ქუთ, თესლის შეჭამანდი ქგნაშ, საწებელი მუჯორ და ბევრი სხვა დანაყილი თესლისგან მზადდებოდა. კანაფის თესლის საკულტო მნიშვნელობაზე ბევრი რამ მიუთითებს, მათ შორის - მიცვალებულის დღის - ლიფანალის დროს არსებული ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, ლიფანალის დღეს ოჯახის უფროსი ქალი ბავშვებს საჭმელად მოხალული კანაფის თესლს დაურიგებდა და ეტყოდა, - ნუ დააბნევთ კანაფს, რამდენი მარცვალიც დაგივარდებათ, ქრისტეს იმდენი ცრემლი ჩამოუვარდებაო.

კანაფის ზეთს იყენებდნენ: საკვებში შერეულს და ხალხურ მედიცინაში - დასალევად და მალამოდ. კანაფის ზეთი ჩვილი ბავშვის შეკრულობის საწინააღმდეგო საშუალება იყო, იხმარებოდა მშობიარე ქალისთვის - დასალევად. თაფლის, ღორის მუცლის ქონისა და ზეთისგან შემზადებულ საჭმელს - ლგჰნეს რძენაკლულ ბავშვებსა და ქალებს აჭმევდნენ. ზეთით შემზადებულ მალამოს ხმარობდნენ სიდამწვრისა და მუწუკების განსაკურნავად; ზეთს ყურის ტკივილის, ძვალ-სახსართა დაავადებების სამკურნალოდ.

კანაფის ზეთით ამუშავებდნენ ქვას. წისქვილისა და როდინის ქვების გულის ამოღება ზეთის საშუალებით ხდებოდა. ქვას გაუკეთებდნენ პატარა ღრმულს, დაასხამდნენ ზეთს, რომელიც გაჟონავდა და ქვა ადვილად ემორჩილებოდა იარაღს.

345939562-619728816856065-6224867327113631168-n-1685947913.jpg

სვანეთში კანაფის ზეთს განსაკუთრებული მნიშვნელობა რელიგიურ რიტუალთა შესრულების დროს ჰქონდა. ის დღესასწაულებში, დაბადება-გარდაცვალებისა და წინაპართა კულტთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებათა უცილობელი ელემენტი იყო. საგულისხმოა შესანდობარი: შეგინდოთ, ქრისტე ღმერთს შეჰვედრებოდეთ, ქრისტეს სუფრა გაშლილი იყოს, ზეთით წვიმდეს, ბამბით თოვდეს, აქ არის თქვენი სასულეთი.

კანაფის მნიშვნელობა მისი ღეროს გამოყენებაშიც აისახა. ქერელის მისაღებად ჩრდილში შენახულ კონებად შეკრულ კანაფს გახსნიდნენ და დასალბობად გარეთ გამოhფენდნენ. სისველე ხელს უწყობს კანის წებოვნების დაშლას, რომლის საშუალებითაც ქერელის ერთმანეთზე გადაბმა უფრო ადვილად ხდება: დამბალი კანაფი აფაშფაშდება და ქერელს ადვილად აძენძავენ, რის შემდეგაც ღეროს ყოველი მხრიდან ქერელს ააცლიან - ქანალიტმე. დაძენძილ კანაფს ჭყავარად მოახვევენ და საჭიროების დროს თოკს დაგრეხენ. თოკი იგრიხებოდა როგორც მამალი, ასევე დედალი კანაფის ქერელისგან. დედალი კანაფისგან დამზადებული თოკი მეტად ფასობდა. თოკს მეურნეობაში დიდი გამოყენება ჰქონდა. მარტო მარხილის გასამართად 44 ლანტიში თოკი იყო საჭირო. მარხილის სიგანეზე გასაკეთებელ თოკს ლატაფ, სიგრძეზე გასაკეთებელს კი - ლაკაჩ ჰქვია. თოკი საჭირო იყო პირუტყვის დასაბმელად, შედარებით წვრილად დაგრეხილი თოკი - ნესკორ სამგზავროდ, კლდეზე ასასვლელად იხმარებოდა.

დედალ კანაფს მაგარი და კარგი ძაფის დასამზადებლად იყენებდნენ. ის აბრეშუმივით ნაზი იყო, კარგი დასამუშავებელი. მისგან ორი სახის ძაფი: წვრილი (ნეწუდ ქიპ) და მსხვილი ძაფი (მეგრე ქიპ) ირთვებოდა.

წვრილად დართული ძაფისგან იქსოვებოდა რბილი ტილო, რომლისგანაც იკერებოდა: ნალისპირი, ზეწარი, დასაწოლი ნაბდის საპირე, პირსახოცი, ჭურჭლის ტილო, მამაკაცის პერანგი, საცვალი და ქალის საკაბე.

კანაფის წვრილად დართული ძაფით - ნეონით იკერებოდა ქალამანი, მსხვილი ძაფი - ლაბარი იხმარებოდა ქალამნის შესაკრავად. კანაფის სამტოტად დაგრეხილ ძაფს - ლესკორს, რომელიც შემდეგ გამდნარ ცვილში იყო ამოვლებული, იყენებდნენ მშვილდ-ისრის ლარისთვის. ქსოვდნენ თევზის საჭერ ბადეს. მსხვილი ძაფი კი სანთლის გულად გამოიყენებოდა.

მსხვილი ძაფისგან მზადდებოდა უხეში ტილო, რომელიც ორი სახის იყო: მეჩხრად ნაქსოვი და მტკიცე. მეჩხრად ნაქსოვი იხმარებოდა მარცვლის სარეცხი ჭურჭლის - ლაჰლას ამოსაპერანგებლად; მტკიცე ტილოსგან იკერებოდა მამაკაცის შარვალი, მიცვალებულის სუდარა და ტომარა.

არანაირი სხვა დანიშნულებით მოხმარება...

როგორც ვხედავთ, სვანეთში კანაფის კულტურის აკრძალვით საქართველომ დაკარგა ისტორიულად ჩამოყალიბებული და უხსოვარი დროიდან თაობიდან თაობაზე გადაცემული წარმოდგენები, რიტუალები, ადათები, წეს-ჩვეულებები, ყოფაქცევის ნორმები, პრინციპში - მყარად ჩამოყალიბებული კულტურა...

ღვთის მადლით, ქართველებს ბევრი დაკარგული ტრადიციის შესახებ ინფორმაცია დღემდე შემოგვრჩა და მათი აღდგენა, ქართველ, ერს სიკეთის მეტს არაფერს მოუტანს. ვფიქრობ, სვანეთს კანაფის ტრადიციის აღდგენა უძველეს ელფერს დაუბრუნებს, განვითარდება მსუბუქი მრეწველობა და ყველა ის მიმართულება, რომელზედაც ქალბატონი ჯულიეტა რუხაძის ნაშრომშია საუბარი. ზემოაღნიშნული კი მნიშვნელოვნად გაზრდის სვანეთის ტურისტულ პოტენციალს და ჩვენი სამშობლოს დოვლათს.

მანანა გაბრიჭიძე