საქართველოს რადიო 98 წლისაა - გზაპრესი

საქართველოს რადიო 98 წლისაა

23 მაისი ქართული რადიოს დაბადების დღეა - წელს 98 წლის გახდა. რა მოგონებები აკავშირებთ რადიოსთან, როგორ და რატომ მივიდნენ იქ სამუშაოდ, რა გადაცემებს ემსახურებიან დღეს? - ამ და რადიოსთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე საუბრობენ საქართველოს რადიოს პროგრამების ხელმძღვანელი ლიანა წიკლაური, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების ხელმძღვანელი გიორგი ჩოკოშვილი და "პიკის საათის" პროდიუსერი ეკა ტალახაძე.

ლიანა წიკლაური:

- საბჭოთა ეპოქაში, რასაკვირველია, ყველა ოჯახს ჰქონდა რადიო, რომელიც იყო ჩემი ბავშვობის განუყრელი ნაწილი. მას ვუმადლი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებას, რადიოთი საკმაოდ მრავალფეროვან მუსიკას ვუსმენდი, მიყვარდა გადაცემა "თეატრი მიკროფონთან" (ფირზე ჩაწერილი თეატრალური სპექტაკლი. - ავტ.). სხვათა შორის, ეს გადაცემა შევინარჩუნეთ, დღესაც გადის ეთერში. რადიოში მოსვლა ჩემი არჩევანი არ ყოფილა, უბრალოდ, საშუალება გამოჩნდა. რადიოში ვინც მოხვდება, ის დაოსტატების ნამდვილ სკოლას გადის. აქ სწავლობ გამართულად წერას, სწორ მეტყველებას, ურთიერთობას მსმენელთან, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარებს. რადიოს ერთ-ერთი დიდი ღირსება სწორედ ისაა, რომ ყველა იმ თვისებას იძენ, რომელიც კარგ ჟურნალისტს სჭირდება. რადიოში მომუშავე ადამიანებს ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. იმდენად მიმზიდველი და აზარტული აღმოჩნდა ჩემთვის ეს გარემო, რომ ბევრი მაცდური წინადადების მიუხედავად, სხვაგან წასვლაზე არც მიფიქრია.

ჟურნალისტური საქმიანობიდან გამორჩეულად მახსენდება საქართველოს დამოუკიდებლობის პირველსავე წელს ნიდერლანდელ საბანკო საქმის სპეციალისტთან შეხვედრა პარლამენტში. ეს იყო სიახლე ტერმინოლოგიის თვალსაზრისით, თან დამამახსოვრდა და მომხიბლა საუბრის ლაღმა, თავისუფალმა მანერამ. ჩვენთან სამთავრობო მოხელეები ოფიციალურები და შებოჭილები არიან. იმ ინტერვიუს მსვლელობამ მომცა შესაძლებლობა, მეც თამამი და ლაღი ვყოფილიყავი. მახსოვს, ლაშა თაბუკაშვილთან ინტერვიუ "ეროვნული მადლიერების ინსტიტუტის" შესახებ, რომელიც რეზო თაბუკაშვილის იდეით დაწესდა და ლაშა იყო ხელმძღვანელი. ეროვნულ ღირებულებებზე ისე მწყობრად, დიდებულად ისაუბრა, არასოდეს დამავიწყდება. ერთსაც გავიხსენებ - სოხუმის დაცემის შემდეგ ნოდარ ნათაძეს როცა შევხვდი, ასეთი მანუგეშებელი რამ მითხრა: უნდა ვიდარდოთ იმაზე, რაც დავკარგეთ, მაგრამ რაც დაგვრჩა, იმას უნდა მოვუფრთხილდეთო... მასთან ყველა ინტერვიუ იყო საინტერესო, რადგან ის გახლდათ კეთილშობილების, სიბრძნისა და წესიერების სიმბოლო.

- რას ნიშნავს თქვენთვის რადიოს დღე?

- ჩემთვის ყველა დღე რადიოს დღეა, თუმცა დაბადების დღე მაინც გამორჩეულია და იმის სიმბოლო, რომ საქართველოში ამ დღეს დაიწყო ხმოვანი მაუწყებლობა. ეს დღე მნიშვნელოვანია როგორც რადიოს თანამშრომლებისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის. ამ თარიღით სათავე დაედო ახალ ეტაპს ქართულ ჟურნალისტიკაში. რადიომ დაარსებისთანავე დაამკვიდრა ენის სრულყოფის, მეტყველების კულტურის, მუსიკალური გემოვნებისა და სხვა ღირებულებების მაღალი სტანდარტები. მიყვარს ყველა კოლეგა, რომელთანაც რადიოში მუშაობის სოლიდურმა წლებმა დამაკავშირა. დროისა და პრობლემების მიუხედავად, რადიო მაინც პოულობს გზას მსმენელის გულამდე და იმედია, მუდამ ეყოლება ერთგული გულშემატკივარი. წელს 70 წელი შეუსრულდა "რადიოთეატრს". მთავარ რეჟისორ ზურაბ კანდელაკის მიერ განხორციელებული რადიოსპექტაკლები არაერთი პრიზით აღნიშნულა საერთაშორისო ფესტივალებზე.

- პირადად მე, ძველი თაობის ჟურნალისტების ხმა რომ არ ისმის ეთერში, ამის ნოსტალგია მაქვს. მეც ვიყავი იმ მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წევრი, რომელიც მათ გადაცემებს წლების განმავლობაში უსმენდა. იმ ჟურნალისტების პროფესიონალიზმი და გამოცდილება დღეს საჭირო აღარ არის?

- გული მწყდება, იმ ხალხს ძალიან ბევრის მიცემა შეუძლია არა მხოლოდ რადიოსთვის, არამედ ქართული ჟურნალისტიკისთვისაც. უდავოა მათი პროფესიონალიზმი, თუნდაც არაჩვეულებრივი ქართული, ასე ვთქვათ, სიტყვების მარაგი, რაც დღეს ნამდვილად პრობლემაა. სამწუხაროდ, დღევანდელ რადიოში მუსიკა ჭარბობს, ეს დრომ მოიტანა. ალბათ იგივე დრო მოგვიტანს იმას, რომ თავად მსმენელი დააფასებს სიტყვას და რადიოს ისევ დაემატება გადაცემები, რომლებშიც ძირითადი დრო საუბარს დაეთმობა. სხვათა შორის, რადიოს სიცოცხლისუნარიანობის ერთ-ერთი წყარო ისიც არის, რომ დროის მოთხოვნებს კარგად უღებს ალღოს. ახლა შეიძლება გარდამავალი ეტაპია... მსმენელი ცოტა სიმსუბუქეს ითხოვს და ამიტომ, რადიოც მსმენელის ტალღაზეა.

გიორგი ჩოკოშვილი:

giorgi-chokoshvili2-1685950932.jpg

- ტელევიზიიდან მოვედი რადიოში და ისე შემიყვარდა, რომ ტელევიზიაში არაერთი შემოთავაზების მიუხედავად, უკან დაბრუნების სურვილი აღარ გამჩენია. რადიო ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ბავშვობიდან გამორჩეულად მიყვარს სპორტი და ინფორმაციას რადიოდან ვიგებდი. მერე, წლების განმავლობაში რადიოში სპორტული მიმოხილვა მიმყავდა. იმ დროს ინტერნეტი არ არსებობდა და როცა ჩვენი სპორტსმენები საზღვარგარეთ შეჯიბრებებზე მიდიოდნენ, მათ ოჯახებში ვრეკავდი ან იმ სასტუმროებში, სადაც ცხოვრობდნენ. პირველი ვიგებდი ინფორმაციას და მერე მსმენელს ვაწვდიდი. ეს დიდი ბედნიერება და ჩემი მუშაობის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი იყო. რადიო გახლდათ ძალიან ოპერატიული. მინდა გავიხსენო დიმიტრი კიკვაძე, რომელთან ერთადაც მომიწია მუშაობამ ათწლეულების განმავლობაში სწორედ ამ ოთახში, სადაც ახლა ვსხედვართ; ფონდების ხელმძღვანელი ჯუმბერ ნაჭყებია - რომელ თაროზე რა ფირი იდო, იცოდა; თამილა კახიძე უმთავრესი ძალა იყო სპორტულ რედაქციაში; ძალიან კარგი ადამიანი ნოდარ გიორგობიანი - ქალაქურად "აშხენას" ეძახდნენ, - და ბევრი, ბევრი სხვა...

- განსაკუთრებულად რომელი ინტერვიუ გახსენდებათ?

- საკმაოდ დიდხანს ჟურნალისტებს არ გვენდობოდნენ (მარტივად რომ ვთქვათ), ამიტომ ეთერში მხოლოდ ჩანაწერები გადიოდა. ერთადერთი საინფორმაციო გამოშვება იყო, ისიც - ასჯერ შემოწმებული, რომელსაც დიქტორი პირდაპირ ეთერში კითხულობდა. მინდა ერთი პატარა ეპიზოდი გავიხსენო: მაია ჩიბურდანიძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და თბილისში ბრუნდებოდა დღის ოთხ საათზე, ხოლო ხუთზე იწყებოდა საინფორმაციო გამოშვება. წარმოუდგენელი იყო მასალის მოსწრება ამ დროში, მაგრამ მოვახერხე. მთელი საქართველო ელოდა მაიას ხმის გაგონებას. აეროპორტის დირექციას ვთხოვე და ტრაპზე შევხვდი ჩიბურდანიძეს, ე.ი. ჩამოსვლის მომენტში ვესაუბრებოდი, უშველებელი, 6-კილოგრამიანი აპარატი (ხმის ჩამწერი. - ავტ.) მხარზე მქონდა გადაკიდებული. ჩავწერე ინტერვიუ, ჩავჯექი ჩემს მანქანაში და 100 კმ/სთ სისწრაფით (დავარღვიე ყველა წესი) მოვედი რადიოში. ფირის დამონტაჟება რამდენიმე წუთში მოვასწარი და ხუთსაათიან გადაცემაში გავიდა სიუჟეტი. ამ ამბავმა თანამშრომლების გაოცება გამოიწვია.

- დღეს სოციალურ თემებს აშუქებთ, მსმენელს კითხვა-პასუხის საშუალება თუ აქვს?

- გადაცემას ჰქვია "ღია სტუდია". ჩვენი მსჯელობის საგანია არა მარტო სოციალური საკითხები, ასევე - ეკონომიკა, პოლიტიკა, მეცნიერება, კულტურული მემკვიდრეობა... ადრე ყოველდღიური ეთერის დროს, თემებს ვანაწილებდი დღეების მიხედვით. რადგან რადიოში გადაცემების ფორმატი შეიცვალა, ახლა კვირაში ერთხელ გადის. შემცირდა გადაცემის დროც: ერთი საათის ნაცვლად, ნახევარსაათიანი გახდა, ამიტომ, სამწუხაროდ, მსმენელისთვის დრო აღარ გვრჩება.

- "პიკის საათში" მუშაობის პერიოდი ერთი დიდი ეპიზოდია თქვენი ჟურნალისტური ბიოგრაფიის...

- ამ პოპულარულ გადაცემას, რომლის სულისჩამდგმელები არიან გელა ლეჟავა და ვახტანგ ნანიტაშვილი, 1982 წლიდან შევუერთდი, მანამდე 14 წელი ტელევიზიაში ვიყავი. "პიკის საათი" თავიდან ჩანაწერით გადიოდა, საღამოს 10-11 საათამდე ვწერდით მასალას, სპორტული მიმომხილველი ვიყავი. ზოგიერთი შეჯიბრება გვიან მთავრდებოდა, ამიტომ, ცხადია, ვერ ვასწრებდი, რომ მატჩის შედეგი ჩემს სიუჟეტში გამომეცხადებინა. ერთხელაც, ვახტანგს ვუთხარი: მოდი, ასე გავაკეთოთ, გადაცემის დამთავრებამდე ცოტა დრო დამიტოვეთ (3 ან 5 წუთი), დილით მოვალ და პირდაპირ ეთერში დავჯდები-მეთქი. მართლაც, ყოველ დილით შინ გავუვლიდი ჩემი მანქანით უბრწყინვალეს ხმის რეჟისორს, ლაო ჭელიძეს... ის იკავებდა ადგილს პულტთან, მე შევდიოდი სტუდიაში და ყველაზე ოპერატიულ მასალას ვაწვდიდი მსმენელს. ისე გამოვიდა, რომ პირველი ღია ეთერი რადიოში მე მქონდა. მგონი, ტრაბახად არ ჩამითვლით.

ეკა ტალახაძე:

eka-talaxaze-1685950949.jpg

- რადიოში ტელევიზიის მიმზიდველი გარემოდან მოვედი, სადაც დამკვიდრებას ყველა ცდილობს, განსაკუთრებით - ახალგაზრდები. მოხდა ისე, რომ სრულიად შემთხვევით მომიწია რადიოს ერთ-ერთი გადაცემის გაძღოლამ. ვერ გეტყვით, ეს რა ხიბლი იყო, რა მოულოდნელი ბედნიერება დამატყდა თავს, - განგებამ ასე განაპირობა და მომენტალურად გადავწყვიტე, რომ მინდოდა რადიო. თან ამ ყველაფერს წინ უსწრებდა ბატონ ვახტანგ ნანიტაშვილთან ჩემი ურთიერთობის ძალიან მოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი მონაკვეთი. ჯერ კიდევ "ალიონში" ვმუშაობ, პარალელურად ვამთავრებ ჟურნალისტიკის ფაკულტეტს. სახელმწიფო გამოცდაზე ბატონ ვახტანგთან მოვხვდი. მაშინ არ ვიცოდი, ვის ვესაუბრებოდი, - ის გახლდათ რადიოს გენერალური დირექტორი. ჩვენი გასაუბრების საფუძველზე, არ ვიცი, ჩემში რა მუხტი შენიშნა, დეკანატში დაუბარებია: აი, ის გოგონა - ტალახაძე თუ რადიოთი დაინტერესდება, მოვიდესო! ეს მერე გავიგე და ძალიან უცნაური იყო ჩემთვის... რადიოს ერთგული ვარ 1999 წლიდან. 45 წლისთავს "პიკის საათი" მომავალ წელს იზეიმებს.

- რადიოს მუშაობის სპეციფიკა განსხვავებულია ტელევიზიისგან. ვინ დაგეხმარათ სირთულეების დაძლევაში?

- როდესაც ჩვენთან, რედაქციაში ახალგაზრდები მოდიან პროფესიული უნარების დასახვეწად, სულ ვფიქრობ - როგორ დამხვდნენ აქ ადამიანები და როგორ შემომიძღვნენ პროფესიაში... ნდობაა მთავარი. როცა გენდობიან, გამოხატვის თავისუფლებაც მეტი გაქვს. შესაძლოა შეცდომაც დაუშვა, მაგრამ ის შენთვის უფრო დიდი "მასწავლებელი" იქნება, ვიდრე 24 საათი ყურში მყოფი მენტორი. ასე რომ, თავის დროზე მენდნენ ამ რადიოს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი სახელისა და გვარის მქონე ადამიანები და ჩვენი პროფესიის ავკარგიანი გზა მეც გავიარე, თუმცა ეს იყო და დღემდე არის ძალიან ბედნიერი გზა.

- როგორ ხედავთ "პიკის საათის" მომავალს?

- ზოგადად, რადიო არის საკმაოდ მობილური... როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, იმ დილას ჩვენ შესაბამისი თემატიკით გავდიოდით ეთერში. რადიომ სწორედ თავისი მობილობის წყალობით მომცა შესაძლებლობა (ეს ფაქტია - ფიცი არ სჭირდება), 15 წუთში ორსაათიანი პროგრამა ისე გადამეწყო, რომ უკრაინასთანაც გვქონოდა კომუნიკაცია და თუკი ვინმე შეესაბამებოდა ამ თემას პროფესიული უნარებით - პოლიტოლოგი, ჟურნალისტი, მებრძოლი, სამხედრო ექსპერტი და ა.შ. - მაქსიმალურად მოგვეხერხებინა გადაცემაში მათი ჩართვა. მომავალს რაც შეეხება: ყოველდღიურად საკუთარ თავს ვუსვამ ამოცანას - ვიყო საინტერესო, არ განვმეორდე, მსმენელს სიახლეები შევთავაზო და პრაქტიკულად გამოდის, რომ ყოველდღე ახალი პროექტის ავტორი ხარ, არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად. თუმცა, არ ვიცი, ცხოვრება რას მოიტანს, ვნახოთ!

- რას უსურვებთ რადიოს?

- დღეგრძელობას! ბოლო დროს ხშირად ამბობენ, რომ ბეჭდური მედია ტექნოლოგიამ ნაწილობრივ გადაყლაპა და თითქოს რადიოს დროც მიდის. ამას არ ვეთანხმები ერთმნიშვნელოვნად და ამის პრაქტიკული საფუძველი მაქვს. რადიოს ყველა რესურსი და საშუალება აქვს საიმისოდ, რომ ნებისმიერ დროსა და ეპოქაში მოძებნოს თავისი აუდიტორია და ამისთვის მთავარი ბერკეტი - ოპერატიულობა გამოიყენოს. რადიო პირდაპირ მსმენელის გულზე მიბმული მედიასაშუალებაა და ჟურნალისტებმა ეს არ უნდა დავკარგოთ.

ნანული ზოტიკიშვილი