პირველი აჭარელი მფრინავი ქალის ხანმოკლე ცხოვრება - გზაპრესი

პირველი აჭარელი მფრინავი ქალის ხანმოკლე ცხოვრება

1916 წლის შემოდგომაზე, მეზღვაურისა და ბოცმანის, მეტსახელით "ზღვის მგელის", შაბან გოგიტიძის ოჯახში მეცხრე ბავშვი იბადება. ნაბოლარას ფადიკოს არქმევენ. დღეს არავინ იცის, როდის, როგორ და რა ვითარებაში გაუჩნდა გოგონას ფრენის სურვილი, მაგრამ მიზნის მისაღწევად, მშობლების თანხმობის გარეშე იმოქმედა. მეტიც, თქვა, რომ დედაქალაქში სამედიცინო განათლებას მიიღებდა, სინამდვილეში კი აჭარიდან თბილისში მფრინავის პროფესიის დასაუფლებლად გაეშურა. მისი საქციელის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს საკმაოდ მტკიცე და გაბედული გადაწყვეტილება იყო, თან იმ დროს, როცა ჩვენში მამაკაცი მფრინავებიც ცოტა იყვნენ, არათუ ქალები...

ალამბარი ზღვის დონიდან 60 მეტრის სიმაღლეზე გაშენებული სოფელია, რომელიც ქობულეთიდან 14 კილომეტრში მდებარეობს. ალამბარში დაბადებული ფადიკო გოგიტიძე, მამამისის სამსახურებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ოჯახთან ერთად ჯერ ფოთში ცხოვრობდა, შემდეგ ბათუმში. წარჩინებული მოსწავლე ცოცხალი, აქტიური ბავშვი, ყველაზე დადებით შთაბეჭდილებას ახდენდა და სადაც უნდა ყოფილიყო, ყურადღების ცენტრში ხვდებოდა.

მშობლებს სურდათ, მათ უმცროს შვილს სამედიცინო განათლება მიეღო, მაგრამ მათგან ფარულად, გოგონამ აბსოლუტურად განსხვავებული გზა აირჩია და 1936 წელს თბილისის საფრენოსნო სკოლა დაასრულა. იმ დროის პერიოდულ პრესაში წერდნენ: „ერთ წელში უნდა დაუფლებოდა მანქანის მართვას. ერთ წელში უნდა გამხდარიყო მფრინავი. ჯერ ერთი წელი არ იყო მოთავებული, რომ ფადიკო გოგიტიძე უკვე დამოუკიდებლად ფრენდა, დამოუკიდებლად მართავდა ფოლადის შევარდენს, მართავდა საოცარი სიზუსტითა და სილამაზით".

padiko0-copy-1686039226.jpg

პირველ და საკმაოდ რთულ საცდელ ფრენას თავი კარგად გაართვა: ღრუბლიან ამინდში, ნისლში გახვეულ სურამის უღელტეხილს გადაუფრინა და თბილისიდან ბათუმში შევარდენივით გადაფრინდა თურმე. ეს ისტორიული ფაქტი 1936 წლის გაზეთ "საბჭოთა აჭარაში" ასეა დაფიქსირებული: "შარშან, 18 აგვისტოს, დილით 10 საათისთვის დაეშვა თვითმფრინავი "უ-2". ამ თვითმფრინავით ტფილისიდან ჩამოფრინდა პირველი აჭარელი მფრინავი გოგონა ფადიმე გოგიტიძე".

ბუნებრივია, მისი მშობლები და ახლობლები გაოცებულები დარჩნენ, როცა სამთავრობო დონეზე დაგეგმილ საზეიმო დახვედრაზე, დედაქალაქიდან საზღვაო ქალაქში ჩაფრენილი თვითმფრინავიდან ფადიკო გადმოვიდა. დედ-მამას სწორედ მაშინ გაუგია, რომ მათი შვილი ექიმი კი არა, მფრინავი გახდა.

ფადიკო გოგიტიძემ საფრენოსნო სკოლის დამთავრების შემდეგ, მუშაობა ბათუმის აეროკლუბში ინსტრუქტორად დაიწყო. იმ ადგილას მფრინავთა, პლანეტართა, პარაშუტისტთა და ავიამოდელისტთა კადრების მომზადება ხდებოდა და ისიც მსურველებს რთული პროფესიის დეტალების ათვისებაში ეხმარებოდა. ვინ იცის, როგორ განვითარდებოდა მისი კარიერა, რომ არა ტრაგედია: ერთ-ერთი პირველი მფრინავი ქალი საქართველოში და პირველი მფრინავი მანდილოსანი აჭარიდან, ფადიკო გოგიტიძე 24 წლის ასაკში, ბათუმში, საცდელი ფრენისას გარდაიცვალა. იმ დროს მისი შვილი მხოლოდ 3 თვის იყო...

padiko1-copy-1686039247.jpg

ნუგზარ გოგიტიძე (ექიმი):

- ქობულეთში 1985 წლიდან ბავშვთა ქირურგად ვმუშაობ. გოგიტიძეები წარმოშობით ოზურგეთიდან ვართ, მაგრამ ალამბარში ვცხოვრობ, ანუ იქ, სადაც ფადიკო გოგიტიძე და ჩემი წინაპრები დაიბადნენ. მყავს შვილი და შვილიშვილები, რომლებიც აქ უკვე მეექვსე თაობად ითვლებიან... ალამბარში რომ ჩამოვედი, აქტიურად ჩავები როგორც სამედიცინო, ის საზოგადოებრივ საქმიანობაში, თანდათან ინტერესი გამიჩნდა ჩემი გვარის წარმომადგენლებზე მეტი ინფორმაციის მოძიებასა და კავშირების აღდგენის, მათ შორის ფადიკო გოგიტიძის შთამომავალთან. გვარში გვყავს ისტორიკოსი, რომელთან ერთადაც დაგეგმილია გოგიტიძეების შესახებ წიგნის გამოცემა და ალბათ, ის უახლოეს მომავალში იქნება მზად... იმავე პერიოდში ჩვენი გვარის წარმომადგენლებმა გადავწყვიტეთ, საგვარეულო ეკლესია აგვეშენებინა, რომლისთვისაც ადგილი კინტრიშის ხეობაში გამოვნახეთ. წლების განმავლობაში ტაძრის მშენებლობას ვხელმძღვანელობდი. ცხემვანის წმინდა გიორგის ეკლესია, მოგვიანებით მამათა მონასტრად გადაკეთდა და ფუნქციონირებს. ეს მოვლენა კინტრიშის ხეობაში მონასტრული ცხოვრების და ძველი ქრისტიანული კერის აღორძინებას დაედო საფუძვლად. ამ წლების განმავლობაში არაერთი ასეთი ნაგებობა აშენდა და რაც მთავარია, აქ მდებარეობს ხინოწმინდა, საეპისკოპოსოს საკათედრო ტაძარი, რომლის აღდგენა და აღორძინებაც მიმდინარეობს. ვფიქრობ, ამას სტიმული, გარკვეულწილად, ცხემვანის წმინდა გიორგის მამათა მონასტრის ფუნქციონირებამ მისცა.

- ამ საინტერესო ექსკურსის შემდეგ, თუ შეიძლება ფადიკო გოგიტიძესა და თქვენს ნათესაურ კავშირზე მიამბეთ; ის დეტალებიც გამიზიარეთ, რაც ინტერნეტში არ ფიქსირდება...

- ფადიკო გოგიტიძის მამა და ბაბუაჩემი ძმები იყვნენ. მამაჩემს აქტიური ურთიერთობა ჰქონდა ფადიკოს დედმამიშვილთან. პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, მამაჩემმა სტუმრად ფადიკოს შვილი ჯულიეტა რომ დაპატიჟა. ასევე ელიზბარ გოგიტიძის სტუმრობაც მახსოვს, ფადიკოს ძმის, რომელიც სახელოვანი მეზღვაური გახლდათ, შორეული ზღვაოსნობის კაპიტანი. მას მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკიდან საბჭოთა კავშირის ნავსადგურებში ტვირთი გადაჰქონდა. ელიზბარ გოგიტიძე არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში, არამედ მსოფლიოში ცნობილი კაცი იყო იმითაც, რომ იმ ერთეულებს შორის ითვლებოდა, ვისაც მსოფლიოს ნებისმიერ საზღვაო პორტში გემის შეყვანა ლოცმანის გარეშე შეეძლო.

ასე რომ, წლების წინ, ფადიკოს შვილი და მისი ძმა ჩვენს ოჯახში ნანახი მყავს...

ფადიკო გოგიტიძე 1940 წელს, ახალი თვითმფრინავის მორიგი საცდელი ფრენისას, ინსტრუქტორთან ერთად გარდაიცვალა. ის მოკლე დროში იმდენად ცნობილი გახდა, რომ მის სამგლოვიარო პროცესიას ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო. შემდგომში ჩვენი ნათესავები იხსენებდნენ, რომ ის უამრავმა ადამიანმა დაიტირა და უკანასკნელ გზაზე გააცილა. ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე, დიდი პატივით დაკრძალეს. წლები გავიდა, ბევრი რამ დავიწყებას მიეცა და მათ შორის, ფადიკოს საფლავიც. ბათუმში მისი ერთ-ერთი ძმა ალი და მისი მეუღლე ცხოვრობდნენ. მათ ორი შვილი ჰყავდათ. ორივე ბიჭი ადრეულ ასაკში დაიღუპა - ერთი ავტოავარიაში, ხოლო მეორე ინსულტით, მაგრამ ალის ერთ-ერთ რძალს ფადიკოს დაკრძალვის ადგილი ახსოვდა, თან გარკვეული პერიოდი ოჯახი საფლავის მოვლა-დასუფთავებაში ვიღაცას ფულს უხდიდა, მაგრამ მერე ეს ადგილი მაინც მიიკარგა. რძალთან ერთად, სასაფლაოს ტერიტორია რამდენჯერმე მოვიარეთ და ბოლოს, შეიძლება ითქვას ინტუიციით მივადექით ფადიკოს საფლავს. ამ ფაქტით ბათუმის სხვადასხვა საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლები, შემდგომ მერიაც დაინტერესდა. საკითხი გააქტიურდა და ფადიკო გოგიტიძის ძეგლს, რომელიც ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელში იდგა, წარწერა გაუკეთდა. მანამდე თითქმის არავინ იცოდა, ვისი ძეგლი იყო, განახლების შედეგად კი, 2019 წელს ძეგლი ხელახლა გაიხსნა და მემორიალზე დატანილ წარწერაზე აღნიშნულია: "ფადიკო გოგიტიძე, 1916-1940 წელი. პირველი მფრინავი ქალი აჭარიდან". პარკის შესასვლელთან უამრავი ადამიანი მოძრაობს და ახლა უკვე ყველამ იცის, ძეგლი ვის ეკუთვნის. რაც შეეხება ფადიკო გოგიტიძის ბიუსტს, რომელიც ასევე პარკის ტერიტორიაზე იდგა, გადატანილ იქნა ახლანდელი აეროპორტის შესასვლელში. სავარაუდოდ, ეს მიახლოებით ის ადგილია, სადაც ფადიკო დაიღუპა. ბათუმში არსებობს ფადიკო გოგიტიძის ქუჩა, ხოლო საზღვაო აკადემიაში ერთ-ერთი აუდიტორია ელიზბარ გოგიტიძის სახელს ატარებს.

padiko00-copy-1686039260.jpg

- თქვენგან შევიტყვე, რომ ფადიკო გოგიტიძეს შთამომავალი დარჩენია. მფრინავი ქალის შვილსა და ბავშვის მამაზე რა ინფორმაცია გაქვთ?

- 3 თვის გოგონა დარჩა, რომელიც ბებიამ გაზარდა. ასევე, მის აღზრდაში დიდი წვლილი შეიტანა ჯულიეტას ბიძამ, ელიზბარმა, რომელიც დისშვილის მიმართ დიდ მზრუნველობას იჩენდა. რაც შეეხება ფადიკოს მეუღლეს, ლეონიდ ნიკანოვიჩი სავარაუდოდ ინსტრუქტორი ან სამხედრო მფრინავი იყო. ფადიკოს გარდაცვალების შემდეგ მას რა ბედი ეწია, არ ვიცი, მისი კვალი არ ჩანს. რაც შეეხება შვილს, ელიზბარმა დისშვილი თავისთან, გემზე წაიყვანა, სადაც ჯულიეტამ რუსი ინჟინერი გაიცნო და მათ ოჯახი შექმნეს. არაერთი წელი ალჟირში ცხოვრობდნენ, სადაც ჯულიეტას მეუღლე მუშაობდა. შემდგომში ლენინგრადში გადავიდნენ, სადაც კაცი ერთ-ერთ ტექნიკურ ინსტიტუტში ლექციებს კითხულობდა, მას შემდეგ დღემდე პეტერბურგში ცხოვრობენ.

რამდენიმეწლიანი მცდელობის შემდეგ, გამოინახა ადგილი და მალე ქობულეთის ერთ-ერთ ქუჩას ფადიკო გოგიტიძის სახელი მიენიჭება. ამ დღისთვის მინდა, ჯულიეტას ქობულეთში ჩამოყვანა მოვახერხო. ამ თემაზე მის შვილებთან და შვილიშვილებთან საუბარი მქონდა. ახლა ჯულიეტა 85 წლისაა, მგზავრობა უჭირს, მაგრამ თუ მისი ჯანმრთელობა ამის საშუალებას მოგვცემს, იქნებ ისე მოხდეს, რომ ქობულეთში დედამისის სახელობის ქუჩის გახსნას დაესწროს...

ანა კალანდაძე