რა უნდა ვიღონოთ "მისტერ" გარიელის გადასარჩენად
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდა ინგლისელი რეჟისორის - საქსონ ბოსვორთის ფილმის „მისტერ გარიელის“ პრემიერა გაიმართა. ფილმი ქართველ ორნითოლოგზე - ნიკა პაპოშვილზეა, რომელმაც ტაბაწყურის ტბაზე აღმოაჩინა იშვიათი ფრინველი გარიელი. მანამდე ეს ფრინველი ყველას გადაშენებული ეგონა. დღესდღეობით, ნიკა პაპოშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია და გარიელის დასაცავად თავდაუზოგავად შრომობს. ორნითოლოგი თავის პროფესიაზე გვიამბობს:
- ნიკა, როგორ დაინტერესდით ორნითოლოგიით, რომელიც საქართველოში შედარებით ახალი პროფესიაა?
- ორნითოლოგია ზოოლოგიის ერთ-ერთი დარგია, რომელიც შეისწავლის ფრინველებს, მათ წარმოშობას, აგებულებას, ქცევებს, გავრცელების არეალს და ა.შ. მე-20 საუკუნის საქართველოში ეს დარგი ასე აქტუალური არ იყო, რადგან ფრინველებზეც, ცხოველებზეც და ამფიბიებზეც ზოოლოგები მუშაობდნენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ხელთ გვაქვს 1960 და 1968 წელს გამოქვეყნებული ნაშრომები, სადაც საქართველოში გავრცელებული ფრინველები საკმაოდ მაღალ დონეზეა აღწერილი. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში რამდენიმე კარგი ორნითოლოგი გვყავდა, მაგრამ ეს დარგი ზოოლოგიისგან ცალკე გამოყოფილი არ იყო. დღეს ორნითოლოგია ძალიან პოპულარული მიმართულებაა მთელ მსოფლიოში და რა თქმა უნდა, საქართველოშიც. გაიზარდა ინტერესი ფრინველების მიმართ, მათი კვლევის მასშტაბი და ჩვენი სამშობლოს ტერიტორიაზე ბერდვოჩერების რიცხვმაც იმატა.
- ბერდვოჩერებიც ორნითოლოგები არიან?
- ისინი უფრო მოყვარულები არიან და არა პროფესიონალები: ბერდვოჩერები არიან ადამიანები, რომლებიც ფრინველებზე დაკვირვებით და ახალი სახეობების ნახვით იღებენ სიამოვნებას. ისინი ბევრს მოგზაურობენ ისტორიულ ქალაქებსა და ძველ ქვეყნებში, რომ იშვიათ ფრინველებს დააკვირდნენ, ანუ ფრინველებზე დაკვირვება მათი ჰობი, ერთგვარი გატაცებაა. ისინი ხშირად სულ სხვა პროფესიის წარმომადგენლები არიან, მაგრამ თავისუფალ დროს ისეთ ქვეყნებში მოგზაურობენ, სადაც საინტერესო ფრინველების ნახვა შეიძლება. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა საქართველო, რომელიც ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს და აქ თითქმის ყველა სახეობის ფრინველი გვხვდება, განსაკუთრებით შემოდგომაზე, როცა ჩვენი ფრთოსანი მეგობრები თბილი ქვეყნებისკენ მიდიან.
- როგორ დაიწყო თქვენი გატაცება ფრინველებით და საერთოდ, ბუნებით?
- გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში დავიბადე და გავიზარდე. ალბათ ყველას ახსოვს, როგორი ბნელი და რთული იყო 1990-იანი წლები საქართველოში. ბნელი პირდაპირი გაგებითაც, რადგან ჩვენ სოფელში არ გვქონდა ელექტროენერგია, ტელევიზორი, რადიო - ის ყველაფერი, რაც დღევანდელ პატარებს აქვთ, ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო. ჩემი ტოლების მთავარი გართობა მაშინ თამაში გახლდათ, თუმცა მე მქონდა კიდევ ერთი გატაცება, რომელიც იმ უფერულ წლებს მილამაზებდა - ბუნების სიყვარული. მიუხედავად იმისა, რომ ალაზანი ჩვენი სახლიდან რამდენიმე კილომეტრით იყო მოშორებული, კვირაში რამდენჯერმე მივდიოდი, მდინარის ნაპირას ფეხით დავდიოდი და ყველაფერს ვათვალიერებდი. 10-12 წლისა ბუნებაში უკვე მეგობრებთან ერთად გავდიოდი და ვნადირობდი კიდეც. მამაჩემს - სოსო პაპოშვილს, რომელიც პროფესიით ისტორიკოსია, სახლში თოფი სულ ჰქონდა, მაგრამ ნადირობის წესებს მკაცრად იცავდა: როცა ფრინველები მრავლდებოდნენ, ანუ გაზაფხულიდან შემოდგომამდე, ფრინველებზე ნადირობა ჩვენთვის აკრძალული იყო. შემოდგომაზე და ზამთარში კი ერთად ვნადირობდით იხვზე, ქედანზე, მწყერზე და იმ წლებში ბევრი რამ ვისწავლე. ზოგჯერ ვერაფერს ვკლავდი, მაგრამ ბუნებაში დავდიოდი და ცხოველებსა თუ მცენარეებს ვაკვირდებოდი. ამის პარალელურად, სოკოს, კენკრას და შეშასაც ვაგროვებდით, რადგან მაშინ ყველა ოჯახი შეშის ღუმლით თბებოდა. ასე თანადათან დავუახლოვდი და შევიყვარე ბუნება. სკოლის პერიოდში, მეგობრებთან ერთად, დილის 5-6 საათზე ვდგებოდი და გომბორის ქედზე, ყველაზე მაღალ მთაზე ავდიოდით, რომელიც ჩვენი სახლიდან 8 კილომეტრში მდებარეობს. ავიდოდით, გადმოვიხედავდით და სკოლაში პირველ თუ არა, მეორე გაკვეთილს მაინც ვუსწრებდით. ამას ისიც დაემატა, რომ დედაჩემი, ქეთევან ხვედელიძე ჩვენს სკოლაში ბიოლოგიას ასწავლიდა. ცხადია, კარგად ვსწავლობდი, რადგან მასწავლებლის შვილს კარგად უნდა ესწავლა. ჩემზე დედის პროფესიამაც იქონია გავლენა: პირველად სწორედ მან მოიტანა სახლში წიგნები, სადაც ფრინველებზე იყო საუბარი. ამ წიგნებმა ძალიან გამიტაცა, ფრინველებს სულ სხვა თვალით შევხედე. იმ პერიოდში არ ვიცოდი რა იყო ორნითოლოგია ან ბერდვოჩინგი, მაგრამ ფრინველებზე ნებისმიერ ინფორმაციას ყურადღებით ვკითხულობდი. ბედნიერი ვარ, რომ ახლა ყველას ვიცნობ, ვინც ამ სფეროში მუშაობს, ახლა ისინი ჩემი ხელმძღვანელები, კოლეგები და მეგობრები არიან. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრება ილიას უნივერსიტეტს და იმ საქმეს დავუკავშირე, რომელიც ბავშვობიდან მიყვარდა და მიყვარს.
- თუმცა, თავიდანვე ბიოლოგიის ფაკულტეტზე არ ჩააბარეთ. რატომ?
- როცა სკოლას ვამთავრებდი, მშობლების რჩევით და დარიგებით, ბიზნესის ადმინისტრირება ავირჩიე და ამ ფაკულტეტზე ჩავაბარე აგრარულ უნივერსიტეტში. 4 წელი ვსწავლობდი საბანკო საქმეს და მერე, სულ ორი თვე ვმუშაობდი გურჯაანში, ერთ-ერთ ბანკში. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს ჩემი პროფესია არ იყო. სამსახურიდან 2-3 საათით ადრე მივდიოდი, რომ მერე ალაზანზე ან სადმე ტყეში წავსულიყავი მეგობრებთან ერთად. მშობლებს ჩემი გადაწყვეტილება არ გაუხარდათ, მაგრამ მე კატეგორიულად განვაცხადე, რომ ბანკი უნდა დამეტოვებინა. ამის შემდეგ, სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთ ჟურნალში წავიკითხე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევებზე და ამ სასწავლებელში 2006 წელს ჩავაბარე. 2010 წელს უკვე ბაკალავრის წოდება მქონდა და შემდეგ მაგისტრატურაში განვაგრძე სწავლა. ახლა უკვე დოქტორანტურაში ვსწავლობ - მესამე კურსზე ვარ. ორი ხელმძღვანელი მყავს - ალექსანდრე გავაშელიშვილი და ზურაბ ჯავახიშვილი, ისინი ჩემი სადოქტორო თემის ხელმძღვანელები არიან, მაგრამ მარტო ხელმძღვანელები კი არა, ჩემი მეგობრებიც გახლავან. ნებისმიერ დროს შემიძლია რჩევა ვკითხო პირად საკითხებზეც კი და ვიცი, რომ მათგან საუკეთესო დარიგებას მივიღებ.
- სად და როგორ იპოვეთ პირველად გარიელი?
- 2014 წელს ვიპოვე პირველად გარიელი: მე და ჩემი მომავალი მეუღლე ჯავახეთში, ტაბაწყურის ტბაზე ავედით. ძალიან ცუდი ამინდი იყო, წვიმდა და ქარი ქროდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მანქანიდან მაინც გადმოვედი და იქაურობის დათვალიერება დავიწყე. ვიცოდი, ეს ფრინველი საქართველოში უკვე აღარ იყო, მაგრამ ძალიან გამიმართლა: პირველად წავაწყდი გარიელის ბუდეს, რამაც სტიმული მომცა, რომ სხვა ბუდეებიც მეპოვა. ამის შემდეგ, ერთ-ერთი ორგანიზაციის გრანტი მოვიპოვე და ეს თანხა გარიელის მონიტორინგისა და კონსერვაციისთვის გამოვიყენე. მაშინ ყველას ეგონა, რომ გარიელი მარტო საქართველოში კი არა, მთელ ჩვენს რეგიონში აღარ ბუდობდა: სომხეთში ის 1990-იანი წლებიდან გადაშენდა, ხოლო საქართველოში - 2007 წლის შემდეგ აღარავის ენახა... ეს ფრინველი გადაშენებულად იყო მიჩნეული თურქეთშიც. მე კი ტაბაწყურის მიდამოებში ვიპოვე მათი ბუდეები და დავამტკიცე, რომ საქართველოში გარიელები ჯერ კიდევ არიან - მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გარდა ჩემი ხელმძღვანელებისა, ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში დიდი წვლილი მიუძღვის დანიელ მკვლევარს - ანტონი დევიდ ფოქსს, რომელიც ერთ-ერთი ავტორიტეტია ორნითოლოგებს შორის. დანიაში როცა ჩავდივარ, მისგან უამრავ რამეს ვსწავლობ, რაც ჩვენს სფეროში მნიშვნელოვანია.
- რამდენ ხანს ატარებთ ექსპედიციებში?
- გარიელები ჯავახეთში, ტაბაწყურის ტბაზე, აპრილის ბოლოდან მოდიან და მეც, აპრილის ბოლოდან ივნისის ჩათვლით, კვირაში ორჯერ ვსტუმრობ ტაბაწყურს. თანაც, უნივერსიტეტში რაღაც პროექტებში ვმონაწილეობ. ივნისის ბოლოდან სექტემბრამდე კი, 2 თვეზე მეტხანს ტაბაწყურის ტბაზე ვატარებ, თბილისში პერიოდულად ვბრუნდები, რომ ოჯახი ვნახო.
- ალბათ თქვენს პროფესიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეუღლის და ოჯახის მხარდაჭერა...
- ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ზაფხულში თითქმის სულ ექსპედიციებში ვიმყოფები. სამაგიეროდ, ზამთარში ვცდილობ, მეუღლეს დავეხმარო და ტვირთი შევუმსუბუქო. ის თელაველია - მარინა პიდუაშვილი. მართალია ამბობენ, თელაველები და გურჯაანელები ერთმანეთს ვერ უგებენო, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ეს არ გამართლდა. თელაველების და გურჯაანელების ურთიერთობაზე ათასგვარი ტყუილ-მართალი ვრცელდება: ალბათ თქვენც გაგიგონიათ, 2008 წელს, ომის დღეებში მთელ საქართველოში ჯაჭვი რომ გაკეთდა, ეს ჯაჭვი მხოლოდ თელავის და გურჯაანის საზღვართან იყო გაწყვეტილი, რადგან ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვეს. ეს ამბავი მერე ხუმრობად გავრცელდა. ისედაც, ეს ყველაფერი უფრო იუმორის დონეზე ხდება და სერიოზულად არც გურჯაანელები ვუყურებთ და არც თელაველები. მე მაგალითად, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს თელავიდან და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი მეუღლე თელაველია.
- მომავალი მეუღლე როგორ გაიცანით?
- დედამისი გურჯაანელია, ჩვენი სოფლიდან. მარინა ხშირად ჩამოდიოდა ბებიასთან სტუმრად. პირველად იქ შევხვდით. თავიდან ერთმანეთის მიმართ სიმპათია გვქონდა, მაგრამ მერე - უნივერსიტეტში სწავლის დროს, ჩვენი ურთიერთობა უფრო სერიოზული გახდა და 2014 წელს ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა. 2016-ში გაჩნდა ჩვენი პირველი სიხარული - სანდრო პაპოშვილი, რომელსაც მეორე ბიჭი - დანიელი მოჰყვა, ის ჯერ მხოლოდ სამი წლისაა.
- გინდათ, რომ შვილებმა თქვენი პროფესია აირჩიონ?
- ბავშვს რაც გულით უნდა და აინტერესებს, ის უნდა აკეთოს. ამიტომ, მე მათ არ შევზღუდავ, არც მათ არჩევანში ჩავერევი ზედმეტად. არავინ იცის, ცხოვრება ვის რას მოუტანს. მაგალითად მე მთელი ბავშვობა ძიუდოზე დავდიოდი და საქართველოს ორგზის ჩემპიონი ვიყავი. როცა საქართველოს ჩემპიონი გავხდი, შემოთავაზება მქონდა, რომ ბულგარეთში, ჩემპიონატზე წავსულიყავი, მაგრამ ჩემს ოჯახს მატერიალური საშუალება არ ჰქონდა. მაშინ ძიუდოში არანაირი დაფინანსება არ იყო და გამარჯვებული ბავშვები თავიანთ ხარჯებს თვითონვე ფარავდნენ. 400 დოლარი მჭირდებოდა, რომ ბულგარეთში წავსულიყავი, მაგრამ ეს ჩემი ოჯახისთვის დიდი თანხა იყო. ამიტომ ვერ წავედი და სპორტს ჩამოვშორდი. ამას დღემდე ვნანობ, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი მისია ის არის, რასაც ახლა ვაკეთებ.
- თქვენ შესახებ ახალგაზრდა ინგლისელმა რეჟისორმა ფილმი გადაიღო. ეს როგორ მოხდა?
- დიახ, ეს არის დოკუმენტური ფილმი "მისტერ გარიელი". რეჟისორი საქსონ ბოსფორდი საქართველოში შარშან ჩამოვიდა, დამიკავშირდა და მითხრა, რომ ამ საკითხით არის დაინტერესებული. მას რამდენიმე შეკითხვის დასმა და ინტერვიუს ჩაწერა სურდა ამ შესანიშნავ ფრინველზე. შევნიშნე, რომ მართლაც დაინტერესებული იყო და შევთავაზე, ჩვენს გუნდს მოხალისედ შეერთებოდა. გასულ წელს, ის მთელი ზაფხული ექსპედიციაში იყო და როცა მე გარიელებს ვაკვირდებოდი ან გადამცემებს ვუყენებდი, სულ გვეხმარებოდა. თან, ყველაფერს იღებდა თავისი სამოყვარულო კამერით. ვინც ეს ფილმი ნახა, ძალიან მოეწონა, ალბათ იმიტომ, რომ არც ერთი კადრი, არც ერთი სცენა, რომელიც მან გადაიღო, დადგმული არ არის. არც რეჟისორს ჰქონია რაღაც წინასწარ დაგეგმილი, არც მე მოვმზადებულვარ და არც სხვა მონაწილეები. ალბათ ეს ბუნებრიობა ყველას მოსწონს, ვინც "მისტერ გარიელი" ნახა...
- გადაღების პროცესში რეჟისორსაც დაუმეგობრდით?
- რა თქმა უნდა. საქსონი კარგი ადამიანი და მისი მადლობელი ვარ. ამ ფილმის წყალობით, უფრო მეტი ადამიანი გაიგებს გარიელის შესახებ და ყველა მოუფრთხილდება. იმ სახეობებს, რომლებიც გადაშენების პირას არიან, ჩვენი დახმარება სჭირდებათ. ბედნიერი ვარ, რომ გარიელების რიცხოვნობა ყოველწლიურად მატულობს. ეს იმის შედეგია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ავუხსენით, გარიელი უბრალო იხვი არ არის; ის გადაშენების პირას მყოფი, იშვიათი სახეობაა. ადგილობრივები მის კვერცხს საკვებად უკვე აღარ იყენებენ; ადრე ამ ფრინველზე ნადირობდნენ, მაგრამ ამაზეც უარი თქვეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან მეგობრული ურთიერთობა დავამყარეთ და კარგ შედეგს მივაღწიეთ: შარშან ტბაზე 39 წყვილი ვიპოვეთ და ეს მაშინ, როცა 2017 წელს, ტაბაწყურის ტბაზე სულ 6 წყვილი იყო. ეს იმიტომ მოხდა, რომ იქაურებს ყველაფერი დაწვრილებით ავუხსენით. ტაბაწყურის მკვიდრებს ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ!
ხათუნა ჩიგოგიძე