"ძალადობის მიზანია კონტროლის მოპოვება"... - გზაპრესი

"ძალადობის მიზანია კონტროლის მოპოვება"...

ოჯახში ძალადობა ისევ რჩება სერიოზულ პრობლემად. სამწუხაროდ, ხშირად ასეთი კონფლიქტი მკვლელობით, სხეულის დაზიანებით მთავრდება. გაცემული შემაკავებელი ორდერების რიცხვიც ადასტურებს, რომ კანონის გამკაცრების მიუხედავად, კონფლიქტი მაინც ხშირია.

წელს 3 თვეში, იანვრიდან მარტამდე, ოფიციალურად 2 300 შემაკავებელი ორდერი გაიცა 4 271 პირის მიმართ. ძირითადად ისევ მამაკაცები ძალადობენ ქალებზე. 3 თვეში 1 820 ქალს მიენიჭა მსხვერპლის სტატუსი, ხოლო 375 შემთხვევაში - მამაკაცს. 1 070 მოძალადე მამაკაცი და 313 მოძალადე ქალია გამოვლენილი. მსხვერპლების ასაკი ძირითადად 24-დან 44 წლამდეა; არიან 44-დან 66 წლამდე ასაკის ადამიანებიც. ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისზე მოდის; სტატისტიკით მას მოსდევს იმერეთი, აჭარა და ქვემო ქართლი. 3 თვეში ოჯახში ძალადობის ფაქტზე 1 031 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, აქედან 831 გაიხსნა.

2 ივნისს, ღამის 11 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში ძმებს შორის მომხდარი კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა. გამოძიებით დადგინდა, რომ საცხოვრებელი სახლის ეზოში 35 წლის რამაზ ლორთქიფანიძემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თავისი 30 წლის ძმა, როლანდ ლორთქიფანიძე სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. შემთხვევის ადგილზე მისულ "სასწრაფოს" ბრიგადას როლანდი გარდაცვლილი დახვდა. ამ შემზარავ ფაქტს ძმების მშობლები შეესწრნენ. ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ დედ-მამამ ტრაგედიის აცილება ვეღარ შეძლო. დამნაშავემ მიმალვაც სცადა, მაგრამ ძალოვანებმა ის მალევე დააკავეს.

mokluli-rolandi-lortkipanize-1686551955.jpg

უკვე ჩატარდა სასამართლო პროცესი. ბრალდებულის ადვოკატმა რამაზ ლორთქიფანიძის 10.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, მაგრამ მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ძმის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც ირკვევა, ძმებს უთანხმოება წარსულშიც ჰქონიათ. 35 წლის მამაკაცი აღიარებს ძმის მკვლელობას. "მოტივი გარდაცვლილის პირადი ცხოვრება იყო, მისი კონკრეტული გადაწყვეტილება, რაც კატეგორიულად მიუღებელი იყო უფროსი ძმისათვის, რამაც გამოიწვია ძმებს შორის ურთიერთშელაპარაკება, მწვავე კონფლიქტი და დასრულდა უმცროსი ძმის მკვლელობით... ბრალდებულს შეიძლება ჰქონდეს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც დანიშნულია სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა", - ამბობს საქმის პროკურორი. ახლა ბრალდებული საქმის გამოძიებას ციხეში დაელოდება. მომხდარის დეტალებზე არ ლაპარაკობენ ძმების ახლობლები და ნათესავები. ამაზე საუბარს ყველა თავს არიდებს, თუმცა მოკლულს დადებითად ახასიათებენ.

26 მაისს მკვლელობა მოხდა კახეთშიც. უზბეკეთის მოქალაქე ქალი მეგობარმა მამაკაცმა სავარაუდოდ, ქონების დაუფლების მიზნით მოკლა და ცხედარი მდინარე იორში ჩააგდო. ცხედარი გამვლელებმა შენიშნეს. როგორც შემდეგ გაირკვა, ქალს მრავალი დაზიანება აქვს მიყენებული, მათ შორის თავის არეშიც. სამართალდამცავებმა ამ დანაშაულისთვის დააკავეს გაბრიელ ხოხობაშვილი. გამოძიების ვერსიით, მან ჟანბოტა ტოლებენი ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის გამო სიკვდილისთვის გაიმეტა და ბლაგვი საგნით, აგურის ჩარტყმით მოკლა. ცნობილია, რომ მკვლელი და მოკლული წლების მანძილზე ერთად ცხოვრობდნენ: ადრე უზბეკეთში, ახლა კი - საქართველოში. არის ვარაუდი, რომ კაცმა ქალი ქონების დაუფლების მიზნით მოკლა. უმძიმესი დანაშაულის ჩადენისა და ცხედრის მოშორების შემდეგ გაბრიელ ხოხობაშვილი მიიმალა, მაგრამ ის პოლიციამ მალევე დააკავა და ახლა ციხეში ვერდიქტს ელოდება.

14 მაისს ძალოვანებმა 4 ქალი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ისინი არასრულწლოვნისთვის ვაჭრობის დაძალების ბრალდებით არიან დაკავებულები. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მშობლები თავიანთ მცირეწლოვან შვილებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას სისტემატურად ახდენდნენ, აიძულებდნენ გაეყიდათ ყვავილები და ეთხოვათ მოწყალება. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვები არ დაემორჩილებოდნენ, სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. დანაშაული 14-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ახლა პატიმრობაშია 3 მშობელი და ერთი ბებია.

გამოძიების ინფორმაციით, ბავშვები ძირითადად ტურისტებით დატვირთული რესტორნების ტერიტორიაზე მიჰყავდათ ღამის 12 საათის შემდეგ, თავად კი მეტრში დაჰყვებოდნენ და აკონტროლებდნენ, შეგროვებულ თანხას კი ითვისებდნენ. მართალია, საქმეში ერთ-ერთი ქალის აღიარებითი ჩვენებაც დევს, სადაც დეტალურად აღწერს, როგორ აიძულებდა საკუთარ დედასთან ერთად ბავშვებს თანხის შეგროვებას 2 წლის განმავლობაში და იმასაც ამბობს, რომ არასრულწლოვანი შვილების მეშვეობით მასთან ერთად დაკავებული სხვა ქალებიც ვაჭრობდნენ, მაგრამ მოგვიანებით მან დუმილის უფლება გამოიყენა. დუმილის უფლებას იყენებენ სხვა ბრალდებულებიც, რომლებიც ტრეფიკინგის ბრალდებით არიან დაკავებულები. ისიც ცნობილია, რომ ერთ-ერთი ქალი, რომელიც საკუთარ შვილს ვაჭრობას აიძულებდა, წარსულში ძალადობისთვის იყო ნასამართლევი. პროკურატურა აცხადებს, რომ საქმეში მტკიცებულებები არის და ბავშვებზე ძალადობის ფაქტები ქუჩის სათვალთვალო კამერებზეცაა ასახული. ტრეფიკინგის მსხვერპლები კი 4, 5 და 6 წლის ბავშვები არიან. ისინი სახელმწიფო ზრუნვაში გადაიყვანეს. საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში 26 ივნისს დაიწყება.

იურისტი ელისო რუხაძე ოჯახური ძალადობის არაერთ საქმეში მონაწილეობს და ძირითადად მსხვერპლ ქალებს იცავს:

- ოჯახში ძალადობა ისევ მწვავე პრობლემად რჩება. მაღალია ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკა. მსხვერპლები ძირითადად ქალები არიან. მართალია, ქალებმა გაიგეს თავიანთი უფლებების შესახებ და სამართალდამცველებსაც მიმართავენ, რაც კარგია, მაგრამ მთავარი პრობლემა ის არის, რომ მიუხედავად გამოვლენისა, მოძალადეები ზოგჯერ მაინც დაუსჯელები რჩებიან. ძირითადად არ ისჯებიან მაღალი თანამდებობის პირები. მათ მიერ ჩადენილი ოჯახური დანაშაულები პასუხისგების გარეშე რჩება, რადგან ჰყავთ მფარველები და მათ მიმართ კვლავ ინერტული დამოკიდებულებაა. ხშირად გამოძიება გაჭიანურებულია. კვლავ დაბალია ელექტრონული სამაჯურის გამოყენების მაჩვენებელი, არადა, პრევენციისთვის ეს ძალზე კარგი საშუალებაა. ხშირად რომ არ იყენებენ სამაჯურებს, ამიტომ გვაქვს ფემიციდის ასეთი მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში.

gettyimages-157328547-1686552009.jpg

- ელისო, თქვენ ახლახან დაასრულეთ ერთი უმძიმესი საქმე სასამართლოში. ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. გვიამბეთ ამ საქმის დეტალებზე.

- მკვლელობა უცებ არ ხდება, ამას ყოველთვის წინ კონფლიქტები უძღვის. ოჯახური ძალადობის კუთხით ვითარება განსაკუთრებით რთულია რეგიონებში. შარშან ბოდბეში მოხდა ეს შემზარავი მკვლელობა და ამ დანაშაულს წინ პერმანენტული ძალადობა უძღოდა. ქალი ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ იმყოფებოდა. ქმარი სთხოვდა ანგარიშის ჩაბარებას, თუ სად წავიდოდა, სად გადაადგილდებოდა, ყველა დეტალი უნდა სცოდნოდა... იმ დღეს საყიდლებზე იყო წასული, ბავშვებისთვის სასკოლო ნივთები უნდა ეყიდა და ვერ შეძლო ეთქვა ქმრისთვის. ამაზე გაღიზიანდა მოძალადე და უთხრა, რომ არ დაბრუნებულიყო სახლში. ქალი წავიდა მშობლებთან, მაგრამ იქიდან მაინც ჩამოიყვანა მისმა ოჯახმა შესარიგებლად. ოჯახის წევრების წასვლიდან 5 წუთში მოხდა ფემიციდი - კაცმა 27 წლის ქალი შვილების თვალწინ, სანადირო თოფით სასიკვდილოდ დაჭრა. ბავშვების დედა 2022 წლის 23 ნოემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ეს არის ძალიან მძიმე შემთხვევა, რადგან დანაშაული ბავშვების თვალწინ მოხდა... ბავშვებმა ითანამშრომლეს გამოძიებასთან. უმძიმესი მოსასმენი იყო მათი ჩვენებები. ჩემს პრაქტიკაში პირველი შემთხვევაა, როცა სასამართლომ ფემიციდის ჩამდენ მამაკაცს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ასობით საქმეში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ძირითადად უსჯიდნენ 17-20 წელს. ბავშვების ძალიან მძიმე ჩვენება მოისმინა მოსამართლემ და ეს ვერდიქტი გამოიტანა. თავად ბრალდებული არ აღიარებდა განზრახ მკვლელობას და გაუფრთხილებლობით იარაღის გასროლაზე საუბრობდა.

- ამ დღეებშიც ძმამ ძმა მოკლა ხელვაჩაურში, დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ხშირად ლაპარაკობენ ოჯახური დანაშაულების დროს ბრალდებულის ფსიქიკურ პრობლემებზე; ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი ასეთი დანაშაულების?

- ამ დიაგნოზს ხშირად მოძალადეების ადვოკატები სვამენ. ისინი ამბობენ, რომ ბრალდებულს აქვს ფსიქიკური პრობლემა და ამით ცდილობენ გაამართლონ ქმედება. თუმცა, ეს ხშირად არ დასტურდება ექსპერტიზით. მთავარი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაა. მართლა ძალიან ხშირად ცდილობენ თქვან, მოძალადე გიჟიაო; სურთ ფსიქიკურ პრობლემას მიაკუთვნონ ეს ქცევები. ხშირად მოძალადემ კარგად იცის, რას აკეთებს, თუ არ არის ეს აფექტის მდგომარეობა. ძალადობის მიზანია კონტროლის მოპოვება და მიზანმიმართულად აკეთებენ ამას... მაგალითად, გურამიშვილის გამზირზე, ავტობუსში რომ მოკლა ქმარმა ცოლი, მისი ადვოკატიც ცდილობს დაარწმუნოს მოსამართლე, თითქოს მოძალადეს ფსიქიკური პრობლემა აქვს. ამ დროს, კადრებში ჩანს, როგორ გააზრებულად კლავს მსხვერპლს, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ურეკავს ბევრ ადამიანს... ის შეგნებულად სჩადის ქმედებას. ამ დანაშაულის ჩადენის მეორე დღეს თბილისში, მამარდაშვილის ქუჩაზე მოხდა ანალოგიური ფაქტი - ქმარმა ცოლი ხალხის თვალწინ, გაჩერებაზე დაჭრა. ორივე შემთხვევაში სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნაში აისახა, რომ მოძალადეებს 1 წელი დამძიმებული ფსიქიკური აშლილობა ჰქონდათ, რაც ნარკოტიკის მოხმარებით იყო გამოწვეული. ჩვეულებრივ, სამართალდამცავები შემაკავებელ ორდერს გასცემენ, მაგრამ მტკიცებულებების გარეშე გაცემული შემაკავებელი ორდერი სასამართლოს მხრიდან უქმდება და ამ დროს, ქალი დაცვის გარეშე რჩება. მნიშვნელოვანია, ასეთ დროს ელექტრონული სამაჯური გაიცეს. ეს მართლა ერთადერთი, უალტერნატივო გზაა: მისი გამოყენების დროს ვერ მოკლავს მოძალადე მსხვერპლს - როგორც კი მიუახლოვდება, ამას პოლიცია გაიგებს და სწრაფ რეაგირებას მოახდენს. ელექტრონული სამაჯურის გამოყენების დროს რომ მომხდარიყო ინციდენტი, ასეთი ფაქტი არ ყოფილა. ამიტომ შს სამინისტრომ ეს მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.

რთული სიტუაციაა რეგიონებში. როცა მკვლელობები ხდება, წინარე ისტორიები არ არის ასახული საქმეში ან ძალიან მძიმე შემთხვევები დაფიქსირებულია მსუბუქად და შემაკავებელი ორდერია გაცემული. მესამეჯერ როცა ვიცავ ქალს, იმან იცის, როგორ დაიცვას თავი და სხვანაირად იქცევა მოძალადესთან, მაგრამ როცა მსხვერპლი არ მიმართავს პოლიციას, არ იცის რა მოიმოქმედოს, მაშინ განწირულია. ხშირად უკითხავენ ქალებს ასეთ მორალს - რომ არ უნდა უჩივლონ ქმარს, რომ შეურიგდნენ... კვლევების მიხედვით, პარტნიორზე ძალადობის მაჩვენებელი ჩვეულებრივ მაღალია ისეთ საზოგადოებებში, სადაც მამაკაცებს გადამწყვეტი როლი აქვთ საოჯახო და ეკონომიკურ საკითხებში, სადაც ქალებს არა აქვთ განქორწინებაზე იოლი წვდომა, სადაც კონფლიქტები ძალადობრივი ქცევით წყდება. მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორზე ძალადობა ყველა სოციალურ-ეკონომიკურ ჯგუფში გვხვდება, ძალადობის განსაკუთრებულად დიდი პროცენტული წილი მოდის იმ ქალებზე, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ. ძალადობა მაღალია იმ საზოგადოებაში, სადაც ქალებს არა აქვთ სტაბილური სოციალური მხარდაჭერა და ეკონომიკური დამოუკიდებლობა. ამიტომ ეს ქალები უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკურად, რომ მოძალადეზე არ იყვნენ დამოკიდებული და შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება. დღემდე, ბევრს ესირცხვილება პოლიციასთან თანამშრომლობაც, რაც არ არის სწორი. არ შეიძლება დავმალოთ ასეთი ფაქტები, რადგან მოძალადე ისევ გააგრძელებს მასზე ძალადობას. ასეთი შემთხვევაც ხშირია: წამოვიდა სახლიდან მსხვერპლი, მაგრამ თავისი ოჯახიც არ იღებს, იქ ყველას განაწილებული აქვს ქონება და რადგან გოგოა, მას არაფერი ეკუთვნის. რჩება ქუჩაში და იძულებულია, დათმოს, არ იბრძოლოს თავისი უფლებებისთვის და მოძალადესთან დაბრუნდეს. ფაქტობრივად, მოძალადე ამ გზით ყიდულობს მის თავისუფლებას... მერე ცვლიან ჩვენებას ცოლები - აღარ უჩივიან ქმრებს, რადგან წასასვლელი არსად აქვთ... ხელისუფლებას ვურჩევ, მეტად გააძლიეროს მსხვერპლი ქალები და ასევე, უნდა არსებობდეს ბევრი პროგრამა მოძალადის ქცევის კორექციისთვის. უნდა იმუშაონ ფსიქოთერაპევტებმა მათთან და შეცვალონ მათი ქცევა, სხვაგვარად მძიმე ფაქტები, სამწუხაროდ, ისევ იქნება.

თეა ხურცილავა