თავბოლონაკლული წიგნის შესახებ, ცეკას მდივნების გულახდილობა და სხვა ჭრელ-ჭრელი ამბები - გზაპრესი

თავბოლონაკლული წიგნის შესახებ, ცეკას მდივნების გულახდილობა და სხვა ჭრელ-ჭრელი ამბები

გთავაზობთ საინტერესო ამბებს ლიტერატურის კრიტიკოს ლევან ბრეგაძისგან და რამდენიმე ეპიზოდს მისი მამის ჩანაწერებიდან (ასევე მოგონებებიდან). სოლომონ ბრეგაძე გეოლოგი გახლდათ, რომელიც სათავეში ედგა ტყიბულისა და შაორის ქვანახშირის საბადოების გეოლოგიურ შესწავლას.

შეუსრულებელი დაპირება

- ერთი ძველი, თავბოლონაკლული წიგნი გვაქვს სახლში, ტექსტი მე-11 გვერდიდან იწყება და 234-ე გვერდზე წყდება. მამაჩემმა რაჭის რომელიღაც სოფელში მოიძია იგი ჩემს ბავშვობაში და ყდაშიც ჩაასმევინა თბილისელ მკინძავებს (ჩვენ ტყიბულში ვცხოვრობდით). 1984 წელს, გამომცემლობა „მერანში“ მუშაობისას, წიგნი ბატონ ნიკა აგიაშვილს ვაჩვენე და ვკითხე: ეს რა შეიძლება იყოს-მეთქი? ამ დღეებში ჩემთან ივანე ლოლაშვილი უნდა მოვიდეს, დამიტოვე, ვაჩვენებ და ის გვეტყვის ყველაფერსო. ბატონ ივანეს (პირადად არ ვიცნობდი), შესანიშნავ ლიტერატურათმცოდნეს, ძველი ქართული ლიტერატურისა და ფილოსოფიის მკვლევარს წიგნი შინ წაუღია, ორი დღის შემდეგ დაუბრუნებია და ასეთი ბარათი მოუყოლებია: „ეს არის პეტრე ლარაძის „გალექსილი ქართლის ცხოვრება“, ასე შეარქვეს ამ წიგნს (ინახება ავტოგრაფი ხელნაწერი) მკვლევრებმა. თუ როდის დაიბეჭდა ან ვინ გამოსცა, ან როგორ, ამის გამოც გესაუბრებით შემდეგ და შემდეგ...“

დაპირებას სამწუხაროდ, აღსრულება არ ეწერა. ჯერ თვეც არ იყო გასული ამ ამბიდან, როცა ბატონი ივანე დავითგარეჯას უდაბნოში, გარეჯობის ზეიმის მონაწილე, ხრამში გადაიჩეხა და დაიღუპა. ივანე ლოლაშვილის ეს უკანასკნელი თუ არა, ერთ-ერთი უკანასკნელი ბარათი პეტრე ლარაძის წიგნის ყდას შიგნიდან დავაწებე და სახსოვრად შევინახე. ამით ეგზემპლარი უნიკალური გახდა.

პეტრე ლარაძის (1770-1837) „გალექსილი „ქართლის ცხოვრება“ ქუთაისში გამოსცა დეკანოზმა დ. ღამბაშიძემ 1897 წელს და თავისივე სტამბაში დაბეჭდა, სახელწოდებით „საქართველოს ძველი დროის თავგადასავალი“.

solomoni-copy-1686553363.jpg

„ეგ ამოჭერით და ეს ჩააკარით“

- 10-11 წლისა ვიქნებოდი, „დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის“ მორიგი ტომი რომ მოგვივიდა (გამოწერილი გვქონდა). ტომს 4 ნაბეჭდი გვერდი და ასეთი ინსტრუქცია ახლდა რუსულად, რომლის ქართულ თარგმანს შემოგთავაზებთ: „სახელმწიფო სამეცნიერო გამომცემლობა „დიდი საბჭოთა ენციკლოპედია“ რეკომენდაციას გაძლევთ დსე-ის მეხუთე ტომიდან ამოჭრათ 21-ე, 22-ე, 23-ე და 24-ე გვერდები, აგრეთვე პორტრეტი, ჩაკრული 22-ე და 23-ე გვერდებს შორის. მათ ნაცვლად თქვენ გეგზავნებათ ახალი ტექსტის შემცველი გვერდები. მაკრატლით ან სამართებლით ისე უნდა ამოჭრათ მითითებული გვერდები, რომ ყუასთან დატოვოთ არე, რომელზეც ახალი გვერდები უნდა მიაწებოთ... სახელმწიფო სამეცნიერო გამომცემლობა, „დიდი საბჭოთა ენციკლოპედია“.

ამოსაჭრელი იყო სტატია ლავრენტი ბერიაზე მისი პორტრეტითურთ და მის მაგივრად უნდა ჩაგვეკრა ახალი ვარიანტი სტატიისა „ბერინგის ზღვა“, გავრცობილი სათანადო ფოტოებითა და ტექსტის დანამატით. მამაჩემმა დამიძახა და ღიმილით ამიხსნა, რას მოითხოვდა სახელმწიფო სამეცნიერო გამომცემლობა - „დიდი საბჭოთა ენციკლოპედია“ ჩვენგან და, - აბა, ამას ვინ გააკეთებსო? - დასძინა. მერე ეს ფურცლები ბერიაზე სტატიის გვერდით ჩადო ტომში და დღემდე იქ აწყვია.

ცეკას მდივნების გულახდილობა

- თაბახის ერთ ფურცელზე ჩაუწერია მამაჩემს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნების ტყიბულში სტუმრობის ორი ეპიზოდი:

„ხრუშჩოვის ხელმძღვანელობის დროს ჩვენს ქვეყანაში უნდა შემოღებულიყო 8-წლიანი სავალდებულო სწავლების სკოლები, ხოლო განსაკუთრებული ნიჭის ბავშვებისათვის შექმნილიყო 10 ან 11-კლასიანი სასწავლებლები. საქართველოს კპ ცეკას მდივანმა დევი სტურუამ ამ საკითხის ირგვლივ ტყიბულში განაცხადა შემდეგი: ჩვენ ამის წინააღმდეგი ვიყავით, რადგანაც ჩვენში პროტექციონიზმის მაღალი დონის გამო ნიჭიერ ბავშვთა სკოლებში, უფრო ადვილად უნიჭო ბავშვები მოხვდებოდნენო...“

„საქართველოს კპ ცეკას მდივანმა როდიონოვმა ქალაქ ტყიბულში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს მოიყვანა ასეთი მაგალითი: თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა რაიონიდან ჩამოსული ავადმყოფი მოქალაქე. გარდაცვალების მიზეზი იყო შემდეგი: ავადმყოფი საჭიროებდა ოპერაციას, მაგრამ მას ყურადღებას არავინ აქცევდა. ერთხელ მომვლელმა დამ ავადმყოფს უთხრა, თუ ის ფულს არ მისცემდა ექიმს, ოპერაციას არავინ გაუკეთებდა. პაციენტი იძულებული გახდა მიეწერა წერილი სოფელში მეუღლისთვის, რათა გაეყიდა ძროხა და გამოეგზავნა მისთვის 300 მანეთი. წერილის მისვლასა და ფულის გამოგზავნაში კარგა ხანმა განვლო და ავადმყოფი გარდაიცვალა, - ახლა, თქვა როდიონოვმა, შეუძლებელია დადგენა, ვინ არის დამნაშავეო...“

marcxniv-solomon-bregaze-tqibulel-geologebtan-ertad-copy-1686553374.jpg

პოჯო ბრაჩოლინი ბიბლიოთეკაში

- მამაჩემის ნაამბობი, როგორ მოიპოვა პოჯო ბრაჩოლინის, მე-15 საუკუნის ლათინურენოვანი იტალიელი მწერლის ფაცეტების (ანეკდოტების) კრებული, რუსულად თარგმნილია ჯიველეგოვის მიერ, მისივე კომენტარებითა და შესავალი წერილით (1934. მ.-ლ., „აკადემია“):

„ჩავედი თუ არა თბილისში, ბუკინისტ ვალიკო ლორთქიფანიძეს მივაკითხე. დანახვისთანავე მომაძახა: ნახე, რა გაჩვენოო და ეს წიგნი ამოიღო უჯრიდან. მომყიდე-მეთქი. არა, ჩემთვის მინდაო და უჯრაშივე ჩაკეტა. მეც შევეშვი და წამოვედი. რამდენიმე საათის შემდეგ მაღაზიაში დავბრუნდი. ვალიკო არ იყო. გამყიდველ გოგონას ვითომ მისი შემონათვალი გადავეცი, - ამა და ამ უჯრაში ესა და ეს წიგნი დევს, უნდა მომცე და რა ფასიც აწერია, გადამახდევინო-მეთქი. ამანაც გააღო უჯრა და წიგნი მომცა. მეორე დღესაც შევიარე. ვალიკომ სულ ცოფები ყარა ჩემს დანახვაზე, - მიხვდა, რომ ეს ოინი მე ვუყავი, მაგრამ რაღას გააწყობდა? წავიყვანე, თითო ბოთლი ღვინო დავლიეთ და დამშვიდდა“.

ამ წიგნიდან ერთ ანეკდოტს წაგიკითხავთ: „ერთი კაცი უხეში გამოთქმებისა და მოურიდებელი ჟესტების გამოყენებით ძალზე თავაშვებულად ლაპარაკობდა პაპის სასახლეში. რას ყბედობ, - უთხრა ერთმა მეგობართაგანმა. - ხალხს სულელი ეგონები. მან კი მიუგო: ძალიანაც კარგი, თუ სულელი ვეგონები, თორემ სხვაგვარად ვერ მოვიპოვებ იმათ კეთილგანწყობას, ვინც ამჟამად აქ ძალას ფლობს. ახლა სულელების დროა და მხოლოდ ისინი წარმართავენ ყველა საქმეს“.

რა პროდუქტები მზადდება ქვანახშირის გადამუშავებით (მამაჩემის ჩანაწერებიდან გეოლოგიურ თემებზე):

"მავნე მწერებისგან ნათესების დასაცავი მომწამვლელი ქიმიკატები; ლინოლეუმი, თქვენი მაცივრის კორპუსი, ბავშვის სათამაშოები და პლასტმასის ჭურჭელი; მრავალი სუნამო, რომელიც გამოირჩევა სასიამოვნო არომატით; ლაქი, რომლითაც დაფარულია ავტომანქანა „ვოლგის“ კორპუსი; ქსელი ქალის კაპრონის წინდებისათვის - ანტრაციტის გადამუშავების საბოლოო პროდუქტია; პატარძლის უმსუბუქესი თეთრი ფატა და ნეფის შავი დაკრონის კოსტiუმი დედამიწის სიღრმეში, ნახშირის ფენებში ჩაისახა; გამჭვირვალე პლასტმასი, რომლისგანაც მზადდება თვალის ლინზები; ძალზე გამძლე ბადეები მეთევზეებისთვის; იალქნები - ისინი გამძლეა, არ სველდება, არ იწელება, არ იცვითება; კაპრონისგან დამზადებულ ბაწარს ვეშაპიც ვერ წყვეტს; აცეტატურ აბრეშუმს აქვს თვისება, გაატაროს მზის მაცოცხლებელი სხივები. თუ აცეტატური აბრეშუმისგან შეკერილი პერანგი გაცვია, პლაჟზე წამოუგორებლად შეგიძლია მზის „ზაგარის“ მიღება. ზამთარში ასეთი მატერია სხეულს ათბობს, ხოლო ზაფხულობით - აგრილებს..."

ჭრელ-ჭრელი ამბები

- მამას უსაყვარლესი საქმიანობა იყო კითხვა და წაკითხულიდან იმ ადგილების ამოწერა, რომლებიც მის ყურადღებას განსაკუთრებით მიიპყრობდა, უმეტეს შემთხვევაში წყაროსაც უთითებდა. აი, ორი მათგანი, იონა მეუნარგიას წიგნიდან „ქართველი მწერლები“:

„ილია როცა მოსამართლედ მუშაობდა, ერთი ძმის მაგივრად მეორე გაასამართლა და საპატიმროში ჩასვა. ვიღაც ზაქარიას ბრალდებოდა ხეების მოპარვა. საქმის გარჩევის დროს მოსამართლემ ბრალდებულის გვარი ამოიკითხა. - მე გახლავართ, ბატონო, - წამოიძახა გლეხმა. - შენ წაიღე ხეები? - დიახ, ბატონო, წავიღე. რაკი დანაშაული ეჭვგარეშე იყო, იქვე განჩინება დაიწერა და ბრალდებული საპატიმროში გაიგზავნა.

დასჯილს ჯერ კიდევ სასჯელი არ გაეთავებინა, რომ ილიასთან მივიდა მისი ძმა. - შენ ვინა ხარ? - ესა და ეს ზაქარია გახლავარ, ბატონო! - როგორ ზაქარია, ის ხომ ციხეში არის? - არა, შენი ჭირიმე, ციხეში ჩემი ძმა გავგზავნე. მე არ მეცალაო, - უპასუხა გლეხკაცმა...“

„ერთ ღამეს ილიამ 1500 მანეთი წააგო ბანქოში. შინ რომ დაბრუნდა და ეტლის გასასტუმრებლად ქისა ამოიღო, შიგ ნაშალი ვეღარ იპოვა, ერთი თუმნიანი შერჩენოდა. - ეჰ, საცა სხვა წავიდა, ესეც წავიდესო, - გაივლო გულში და გაუწოდა მეეტლეს თუმნიანი. - აჰა, წაიღე, - უთხრა პოეტმა. - ბატონო, აქ ერთი თუმანია. - არაფერია, წაიღე, - გაიმეორა პოეტმა. - გეტყობა, კნიაზო, წუხელის მოგიგიათ, ღმერთმა ყოველთვის ასე მოგაგებინოს, - მადლობა გადაუხადა მეეტლემ...“

ნანული ზოტიკიშვილი