საქმე, რომლითაც შეიძლება მრავალი პაციენტის ცხოვრება შეცვალო...
წარმატება ძალიან დიდ შრომასა და ნებისყოფასთანაა დაკავშირებული, ამიტომ, პირველ რიგში, სჯობს ძალისხმევა საყვარელი საქმის პოვნაში ჩადოთ და მერე ყველაფერი შედარებით ადვილი იქნება. გოგონამ, რომელზეც უნდა გესაუბროთ, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე გააგრძელა სამეცნიერო მუშაობა ჩეხეთში, ყოველგვარი გამოცდილების გარეშე, ოჯახიდან შორს. გაუძლო მაღალ კონკურენციას, უამრავ გამოწვევას, დაიმსახურა აღიარება მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო სფეროს სამეცნიერო წარმომადგენლების მხრიდან. როგორც მარიამ გაჩეჩილაძე ამბობს, მისი წარმატების ფორმულა და ძლიერი მხარე საქმისადმი უპირობო სიყვარულია.
- დავამთავრე ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლა, ქიმია-ბიოლოგიის მიმართულებით. აქტიურად ვმონაწილეობდი სასკოლო სამეცნიერო ოლიმპიადებში; ვატარებდით საინტერესო ექსპერიმენტებს, რომლის შედეგებიც გამქონდა მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციებზე. სკოლის დამთავრებისას მივხვდი, რომ ყველაზე მეტად, სამედიცინო მეცნიერება მაინტერესებდა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე. მოგვიანებით დავინტერესდი პათოლოგიური ანატომიით და მესამე კურსიდან მუშაობა დავიწყე, როგორც მოხალისემ პათოლოგიური ანატომიის კათედრაზე, ბატონი გია ბურკაძის ხელმძღვანელობით. ამ კათედრაზე დავყავი სამი წელი, სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრებამდე. ეს იყო ძალიან ინტენსიური შრომისა და განვითარების წლები. ძალიან გამიმართლა, რომ ბატონმა გიამ ამიყვანა. მან მასწავლა თავისუფალი აზროვნება და გამომაწრთო მენტალურად. იმ პერიოდისთვის საქართველოში გაცილებით ნაკლები შესაძლებლობები იყო. თვითრეალიზაცია კი, როგორც მოგეხსენებათ, ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოთხოვნილებაა. მეცნიერებაში მუშაობა და საქართველოში ცხოვრება ერთმანეთთან შეუთავსებელი გახლდათ. ამიტომ სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ბატონი გია ბურკაძის რეკომენდაციით, მოწვევით და სრული ჩეხური დაფინანსებით, სწავლა გავაგრძელე დოქტორანტურაში, ჩეხეთში პალაცკის უნივერსიტეტის კლინიკური და მოლეკულური პათოლოგიის დეპარტამენტში. პალაცკის უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი და ცნობილია ჩეხეთში, განსაკუთრებით, მედიცინის სფეროში. იგი 1573 წელსაა დაარსებული და მდებარეობს პატარა საუნივერსიტეტო ქალაქ ოლომოუცში, რომელსაც "ჩეხეთის ოქსფორდსაც" ეძახიან. ეს არის პატარა, ზღაპრული სილამაზის ქალაქი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობაზე უფრო მეტი, სტუდენტი ცხოვრობს. თბილისის ქაოსიდან ჩამოსულს, ყველაზე მეტად აქაურ სიმშვიდესთან, მოწესრიგებულ ყოფასა და გაწერილ გრაფიკთან შეგუება გამიჭირდა. ამას დამატებული სრულიად უცხო გარემო, ჩეხური ენა. თუმცა, მეორე მხრივ, აქ იყო იმის საშუალება, რაც ბევრ ევროპულ უნივერსიტეტს არ აქვს. კერძოდ, სრული თავისუფლება და დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება. სადოქტორო ნაშრომი გავაკეთე მოლეკულური და ტრანსლაციური მედიცინის განხრით. იგი ეხებოდა რეზისტენტული ფილტვის კიბოს მოლეკულურ მარკერებს. ეს მაშინ შედარებით ახალი დარგი გახლდათ. პირდაპირ თარგმანში ტრანსლაციური მედიცინა ნიშნავს თარგმნით მედიცინას და იგი მოიცავს საბაზისო, ექსპერიმენტული ბიოლოგიის, გენეტიკის, იმუნოლოგიის და სხვა მეცნიერული დარგების აღმოჩენების გადათარგმნას ადამიანის მედიცინაში. ამისთვის ვიკვლევდი სიმსივნურ ქსოვილებს და შედეგებს ვადარებდი კლინიკურ მონაცემებს, როგორებიცაა პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა და სხვადასხვა გართულება. მსგავსი კვლევა სამედიცინო სამეცნიერო სფეროში დღემდე ფუფუნებად ითვლება, რადგან ადამიანის მასალის გამოყენებაზე უფლების მოპოვება საკმაოდ რთულია. სადოქტოროში სწავლის პერიოდში, როგორც წარჩინებულ დოქტორანტს, მიფინანსდებოდა სხვადასხვა კონფერენციაში მონაწილეობა, მოხსენებით გამოვდიოდი ევროპის პათოლოგთა ასოციაციისა და ევროპის კიბოს კვლევის ასოციაციის კონფერენციებზე სხვადასხვა ქვეყანაში. იმავე პერიოდში მივიღე სამი გრანტი, რომელმაც დააფინანსა ჩემი სტაჟირება ინგლისში, ბირმინგემის სიმსივნის მეცნიერებათა სკოლაში, ამავე ქალაქის უნივერსიტეტში. საერთო ჯამში დამიფინანსდა სამი გრძელვადიანი და 4 მოკლევადიანი სამუშაო ვიზიტი. ინგლისში გატარებულმა წლებმა დიდი გავლენა იქონია ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაზე...
განსხვავებით ჩეხეთისგან, სადაც უცხოელი სტუდენტების სიმრავლის მიუხედავად, მეტად ჩაკეტილი და ცივი გარემოა, ინგლისში შევხვდი სრულიად საპირისპიროს - უცხოელების მიმართ კეთილგანწყობილ გარემოს. აქ გავიცანი ადამიანები როგორც აზიიდან და ევროპიდან, ასევე აფრიკიდან და სამხრეთ თუ ჩრდილოეთ ამერიკიდან. მათთან ურთიერთობამ მსოფლმხედველობა ძალიან შემიცვალა. რაღაცნაირად წაშალა ე.წ. ზღვარი და ადამიანების დაყოფის თვისება, რაც ქართველებს ასე მძაფრად გვაქვს წარმოშობის, დიდგვაროვნების, რელიგიური ნიშნის, კანის ფერის და ა.შ. მიხედვით. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერების სფერო საკმაოდ კონკურენტულია, სხვადასხვა ერის წარმომადგენლებთან ურთიერთობამ გამიჩინა შეგრძნება, რომ ყველას თავისი ადგილი აქვს და კონკურენცია ან ვინმესთვის თავის შედარება არ არის მიზანშეწონილი. ასე საკუთარ თავს ვერ იპოვი. მეცნიერებაში - ეს არის საკუთარი თავის ძიების უწყვეტი პროცესი. გავიაზრე, რომ იყო მეცნიერი, ეს არ არის პროფესია, ეს არის ცხოვრების სტილი, რომელსაც ირჩევ და რომელიც ხშირად, ფართო საზოგადოებისათვის გაუგებარია. ეს მოითხოვს საკუთარ თავზე ძალიან დიდ, უწყვეტ მუშაობას. მქონია კრიზისის პერიოდებიც. ამ დროს ძალიან მიშველა ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის შესწავლამ...
საერთო ჯამში, ჩემი წარმატების საიდუმლო არის ის ძალისხმევა, რომელიც ჩავდე იმაში, რომ მეპოვა საყვარელი საქმე, რომლის გარეშე ყოფნაც უბრალოდ არ შემიძლია.
- წარმატება კიდევ რას მოაქვს?
- დიდ შრომას და ნებისყოფას, ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებ, გიყვარდეს. ვფიქრობ, არ ღირს რამე აკეთო მხოლოდ ფულის გამო.
- როგორც ვიცი, თქვენი ნაშრომით უცხოელი პროფესორები დაინტერესდნენ...
- დიახ, ჩემი სადოქტორო ნამუშევარი დაასახელეს სამედიცინო ფაკულტეტის საუკეთესო ნაშრომად. გარდა ამისა, ამით დაინტერესდნენ პროფესორები შვეიცარიიდან, კერძოდ სენტ გალენის კანტონის ონკოლოგიის და ჰემატოლოგიის კლინიკიდან და ციურიხის საუნივერსიტეტო კლინიკის პათოლოგიის და მოლეკულური პათოლოგიის დეპარტამენტიდან. ასე აღმოვჩნდი პირველად შვეიცარიაში. შვეიცარიასთან თანამშრომლობით გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი ჩეხეთის პათოლოგიის საზოგადოებამ 2017 წელს დაასახელა წლის საუკეთესო ნაშრომად. ეს თანამშრომლობა გაგრძელდა ხუთი წელი. შვეიცარიაში სამუშაოდ სრულად გადასვლა ლეგალურ სიძნელეებთან იყო კავშირში. მათი კანონმდებლობის მიხედვით, დამქირავებელმა საემიგრაციო სამსახურს უნდა დაუმტკიცოს, რომ უკეთესი კადრი შვეიცარიის ან ევროპული პასპორტით არ მოიძებნა და ამიტომ აჰყავთ თანამშრომელი არაევროპული ქვეყნიდან. ასევე, ყურადღებას აქცევენ განათლებას და სამუშაო გამოცდილების ხარისხს, ხანგრძლივობას. პანდემიის პერიოდში ჩვენი საერთაშორისო ჯგუფი დაიშალა და მეც უკვე მზად ვიყავი საიმისოდ, რომ მომეძებნა ახალი გამოწვევა არააკადემიურ სფეროში, კერძოდ, ფარმაკოლოგიური და სამედიცინო ტექნოლოგიის ინდუსტრიაში. 2020 წლიდან ვმუშაობდი ექსპერტ მეცნიერად ბიოტექნოლოგიურ კომპანიაში, ციურიხში. გავიარე რამდენიმეეტაპიანი გასაუბრება და ამარჩიეს 486 კანდიდატს შორის. Molecular Parter-ს დასჭირდა ყველა დანარჩენი კანდიდატის სიის და საბუთების წარდგენა საემიგრაციო სამსახურისთვის, თუ რატომ აჰყავდათ მაინცდამაინც არაევროპული კადრი და საბოლოოდ, შვეიცარიაში ცხოვრების, მუშაობის უფლება მივიღე. ეს იყო საინტერესო ორწლიანი გამოცდილება, რის შემდეგაც ამ კომპანიაში არსებული საკვლევი ჯგუფიც დაიშალა და ამის მერე მოვხვდი იმ ადგილას, სადაც ახლა ვმუშაობ. ინოვაციური ტექნოლოგიების განმავითარებელი პატარა კომპანია ავითარებს ნანოტექნოლოგიასა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ მეთოდებს სიმსივნეების დიაგნოსტიკისა და ადრეული მკურნალობის შერჩევისათვის. გვაქვს სათავო ოფისი ბაზელში და ოფისები ჰიუსტონში, ტეხასის სამედიცინო ცენტრში და ესპანეთში, ბარსელონას უნივერსიტეტში. ამჟამად ვმუშაობ როგორც წამყვანი მეცნიერი და სიამოვნებით ვაგრძელებ სამეცნიერო მოღვაწეობას. განსხვავებით აკადემიური სფეროსგან, როდესაც ბიზნესსფეროში გადადიხარ, უფრო მეტი შანსი გაქვს, შენი სამეცნიერო მუშაობის შედეგი ძალიან მალე დაინახო, კლინიკურ პრაქტიკაში დანერგო და რეალურად, მრავალი პაციენტის ცხოვრება შეცვალო. აკადემიური სფერო უფრო მეტად ინფორმაციის დაგროვებას ემსახურება, ხოლო მის პრაქტიკაში დანერგვას იმდენი ინფორმაციის დაგროვება და იმდენი წელი სჭირდება, შესაძლებელია, ერთი მეცნიერის ცხოვრება არ ეყოს. სამედიცინო ინდუსტრიაში კი სხვაგვარადაა, აქ ყველაფერი მეცნიერების პრაქტიკულ გამოყენებას ეფუძნება. ამჟამად ვარ 28 სამეცნიერო სტატიის, 20-ზე მეტი სამეცნიერო მოხსენების ავტორი და თანაავტორი საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალებში და საერთაშორისო კონფერენციებზე. ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს ამ დარგში გასაკეთებელი...
ლილიანი
ჟურნალის "გზა" სპეციალური კორესპონდენტი ქუვეითიდან