შეცვლილი პროფესია და ხელსაქმეში ნაპოვნი ბედნიერება - გზაპრესი

შეცვლილი პროფესია და ხელსაქმეში ნაპოვნი ბედნიერება

თავდაპირველად მის ნამუშევრებს შორის, საქართველოს თემატიკაზე შექმნილი გულსაბნევები ყველაზე დიდი ინტერესით სარგებლობდა: რუკა, აჭარელი მოცეკვავე წყვილი და ა.შ. მოგვიანებით და ამ ეტაპზე მორიელის ფიგურაა პოპულარული. ამ ცხოველის ფორმის გულსაბნევი არა მხოლოდ ამავე ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს მოსწონთ, არამედ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სურს თვალში საცემი აქსესუარით გამოირჩეოდეს.

ხელნაკეთი აქსესუარების დიზაინერი, დეკორატორ-გამფორმებელი თეონა ბედოშვილი საკუთარი ხელით სხვადასხვა ნივთს ქმნის. მათ შორის არის: მოზაიკური ჩანთები - პლასტმასისა და შუშის თვლებით, გულსაბნევები, თმის სამაგრი-ბაფთები, საყურეები, სამაჯურები და ა.შ. მოსწავლეებიც ჰყავს, ონლაინკურსების მეშვეობით ყველა მსურველს აქსესუარების შექმნას ასწავლის, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ.

3-1686553884.jpg

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. სკოლის დამთავრების შემდეგ მასაჟის თერაპევტი გავხდი. ამ პროფესიით არ მიმუშავია. მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს მცდარი არჩევანი იყო, რადგან სულ სხვა ინტერესი მქონდა და გადავწყვიტე, პროფესია შემეცვალა. პროფესიულ სასწავლებელში ჩავაბარე და ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირება შევისწავლე. საკმაოდ კარგი პედაგოგები მყავდა, რომლებიც საფუძვლიან ცოდნას იძლეოდნენ. ხატვა, კერვა და სხვადასხვა ხელსაქმე შევისწავლე, თუმცა ეს ჩემთვის საკმარისი არ იყო, რადგან სხვა კუთხით მინდოდა განვითარება. იმავე პერიოდში აღმოვაჩინე ნინო ნადირაშვილის მოდის სახლი, სადაც ხელნაკეთი აქსესუარების დამზადება ავითვისე და მას მერე ჩემს პროფესიად ვაქციე. საერთოდ, ხელსაქმისადმი მიდრეკილება ბავშვობიდან მქონდა, დედა კარგად ქსოვდა. მისი ნამუშევრები მომწონდა და სულ ვაკვირდებოდი. 20-25 წლის წინ, როცა ინტერნეტი ფართოდ ხელმისაწვდომი არ იყო და არც სხვადასხვა საიტზე შეგვეძლო პროდუქციის მოძიება, ძირითადად დედაჩემის ნამუშევრებმა იქონია ჩემზე გავლენა. ბავშვობაში ჯინსის ჩანთებს ვკერავდი და სხვადასხვა მასალით ვაფორმებდი. ვქსოვდი, ვქარგავდი, მაგრამ უფრო მეტად, ბისერებითა და მძივებით მუშაობა მომწონდა. თავდაპირველად ჩემი პირველი ნამუშევრები მოზაიკურ თემაზე იყო აწყობილი და ასე ვაკეთებდი სამაჯურებს, საყურეებს, ყელსაბამს და სხვადასხვა აქსესუარს. მას შემდეგ, რაც მოდის სახლში მოვხვდი, სადაც დღემდე ვმუშაობ და მთავარი დეკორატორ-გამფორმებელი ვარ, თექაზე მუშაობა შევისწავლე; ჩემი ნამუშევრები უფრო მრავალფეროვანი გახდა და გულსაბნევები, ყელსაბამები და სხვა ნივთები შეემატა. ჩემთვის ეს პროცესი ხელოვნების დონეზეა აყვანილი, თითოეული მცირე თუ დიდი ზომის ნამუშევარი ჩემი სულის ნაწილია და ეს საქმე ძალიან მიყვარს.

- ბოლო ხანს ბევრი ადამიანი იცვლის პროფესიას. ალბათ 17 წელი ის ასაკია, როცა რთულია ზუსტად განსაზღვრო, რა გინდა მომავალში აკეთო...

- დიახ, ასეა. საერთოდ, საქართველოში ბევრი იცვლის პირველად პროფესიას. ოჯახის გავლენით ან სხვა მიზეზით, ადამიანები პროფესიას ირჩევენ და შემდეგ, წლების მერე ხვდებიან მათ მთავარ მისწრაფებას. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. თუმცა, დღევანდელ ახალგაზრდებს ამ თვალსაზრისით უფრო მეტი თავისუფლებაც აქვთ, მეტად ინფორმირებულებიც არიან, თავს ბევრი მიმართულებით გამოცდიან და პროფესიის არჩევამდე უფრო მყარი, ჩამოყალიბებული გადაწყვეტილებით მიდიან.

5-1686553867.jpg

- დაბოლოს, გაიხსენეთ თქვენთვის ყველაზე ძვირფასი კომპლიმენტი ან შემთხვევა, რაც ნამუშევრებთან დაკავშირებით მიგიღიათ...

- ერთმა უცხოელმა ქალბატონმა ჩემი დამზადებული მორიელის გულსაბნევი შეიძინა. ავსტრალიაში გავუგზავნე და ძალიან მოეწონა. მოგვიანებით ფოტოები გამომიგზავნა, თუ როგორ ჰქონდა მორგებული. ზოგადად, მორიელის ფორმის გულსაბნევები დიდ მოწონებას იმსახურებს. ბევრი იმასაც ამბობს, რომ მართალია ამ ცხოველის მიმართ უარყოფითი ემოციები აქვს, მაგრამ ეს ნივთი საკუთარ წარმოდგენასა და დამოკიდებულებას დადებითისკენ უცვლის. საერთოდ, ნებისმიერი შეფასება ჩემთვის სასიამოვნო და ახალი ნამუშევრების შექმნისთვის მოტივაციაა.

ანა კალანდაძე