ქართული ჭიდაობა და არგონავტების ოქროს საწმისი - გზაპრესი

ქართული ჭიდაობა და არგონავტების ოქროს საწმისი

ბევრჯერ მიფიქრია, საიდან მოდის ის გამარჯვებები, რომლებსაც ჩვენი ფალავნები ასე ხშირად აღწევენ ევროპის, მსოფლიოსა თუ ოლიმპიურ თამაშებზე? 1947 წლიდან მოყოლებული, როდესაც კლასიკური სტილით მოჭიდავე, სიღნაღელი კონსტანტინე კობერიძე ქართველთაგან პირველი ავიდა ევროპული ჩემპიონატების კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე, დღემდე ყველაზე მეტი ოქრო-ვერცხლი სწორედ ჩვენმა მოჭიდავეებმა მოიპოვეს. ბოლოს ოქროს მედლები დოჰას მსოფლიოს ჩემპიონატიდან ძიუდოისტებმა - ტატო გრიგალაშვილმა და ლუკა მაისურაძემ ჩამოიტანეს.

ამ წარმატებებს თავისი ახსნა უთუოდ უნდა ჰქონდეს და თუ ცოტა ღრმად ჩავეძიებით, ის არც ისე ძნელი მისაგნებია. რაღა თქმა უნდა, საფუძველთა საფუძველი აქ ქართული ჭიდაობაა, რომელიც ოდითგანვე მთელ საქართველოში პოპულარული იყო. მახსენდება მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, "ჭიდაობის პროფესორის" - ვახტანგ ბალავაძის ჭაბუკობის ერთი ამბავი, როდესაც მან საკუთარი ოჯახიდან ჯვალოს ტომრები მოიპარა, ქართული ჭიდაობის ჩოხები შეკერა და თანასოფლელ ბიჭებს დაურიგა, საღამოობით ერთად რომ ევარჯიშათ. სხვათა შორის, მე და ჩემი წინაპრები სწორედ იმ ლამაზი იმერული სოფლიდან, ღანირიდან ვართ, სადაც ბატონი ვახტანგი გაიზარდა, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, ფალავნობაზე არასდროს მიოცნებია. სამაგიეროდ, სხვებმა იოცნებეს და არაერთმა მიზანს მიაღწია.

i-a2c9aa0c178774a7517338a7dda1e2a9-1465820564751748-0-1686554086.jpg

ისიც მახსოვს, გასული საუკუნის 70-იან წლებში, იაპონელი ძიუდოისტები თბილისის საერთაშორისო ტურნირზე რომ ჩამოდიოდნენ, ქართველებთან შეხვედრებს საგანგებოდ კინოფირზე იღებდნენ და ქართული ჭიდაობის ფანდებს სწავლობდნენ. მოგვიანებით ჩვენი ლეგენდარული მწვრთნელი, ბიძინა მაზიაშვილი ტოკიოშიც მიიწვიეს, რომ მათთვის ჩვენებური ჭიდაობა ესწავლებინა.

მოგეხსენებათ, იაპონელები საკუთარი ერის ტრადიციების მოყვარული ხალხია და იმდენი მოახერხეს, თავიანთი ეროვნული ჭიდაობა, ძიუდო 1964 წლიდან ოლიმპიური თამაშების პროგრამაშიც კი შეიტანეს. ეროვნულ ტრადიციებს აზიელებზე ნაკლებად არც ჩვენ ვცემთ პატივს, მაგრამ ქართული ჭიდაობის საერთაშორისო სარბიელზე გატანა მაინც ვერ შევძელით. თუმცა, სულ ახლახან შემთხვევით გავიგე, რომ ერთ თბილისელ კაცს, კერძოდ კი გიორგი შიუკაშვილს ქართული ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია დაუფუძნებია და შარშან თბილისის ცირკში ჭაბუკებს შორის მსოფლიოს პირველობაც ჩაუტარებია. ბუნებრივია, ამ სიახლემ დამაინტერესა, ბატონი გიორგის კოორდინატები მოვიძიე და ვესაუბრე:

- ბატონო გიორგი, სიმართლე გითხრათ, ქართული ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის დაფუძნება ერთობ მოულოდნელი და ამასთან, ძალზე სასიხარული სიახლეა ჩემთვის. ამ თემასთან დაკავშირებით არაერთ ჩვენს სახელოვან ფალავანთან თუ შეძლებულ ბიზნესმენთან მისაუბრია, მაგრამ საქმე ადგილიდან არ დაძრულა. თქვენ რატომ დაინტერესდით ქართული ჭიდაობით, რა არის თქვენი საბოლოო მიზანი და თავადაც ხომ არ ჭიდაობდით?

ermakov-no-14664-1686554099._Georgian_wrestlers.jpg

- არც კი ვიცი, როგორ გიპასუხოთ. უფრო გასაგები რომ იყოს, გეტყვით, რომ მე მთელი ცხოვრება ქართულს ვჭიდაობ. ქართული ჭიდაობაა, როდესაც ქართულ საქმეს აკეთებ. ეს არ არის მაინცდამაინც ბერძნულ-რომაული თუ თავისუფალი ჭიდაობა, ძიუდო ან სამბო. ქართული ჭიდაობა არის ქართული საქმე - მე ასე მესმის. ჩემი მთავარი მიზანია ქართული ჭიდაობის საერთაშორისო სარბიელზე გატანა და ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ჩართვა. ამისათვის საჭიროა, რომ ჩვენი სახეობა ყველა კონტინენტზე დაინერგოს. ეს ძალიან რთული და შრომატევადი საქმეა. დიდი გზაა გასავლელი. ჩვენ სწორედ ამ გზაზე დავდექით და იმედი გვაქვს, რომ პატრიარქის კურთხევით საბოლოო მიზანსაც მივაღწევთ. ქართული ჭიდაობა იმდენად ვაჟკაცური, ლამაზი და სანახაობრივია, რომ ის იმსახურებს დიდ ოლიმპიურ ოჯახში თავისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს.

- ჩინებული მიზანი დაგისახავთ, მაგრამ მის შესასრულებლად საჭიროა ენთუზიასტების სერიოზული ჯგუფი, სოლიდური ფინანსები, უცხოეთში მწვრთნელებისა და მსაჯების მომზადება, ჩოხების შეკერვა. ელემენტარულად, ამდენ მეზურნეს სად იშოვით? რაც მთავარია, ყველაფერ ამას წლები, ათწლეულები დასჭირდება.

- რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს ჩვენც ვიცით; ამ საკითხებზე და კიდევ ბევრ სხვა უამრავ წვრილმანზე ვმუშაობთ. ჩოხების შესაკერად უკვე გავხსენით პატარა სამკერვალო ფაბრიკა, ჩამოვაყალიბეთ მწვრთნელთა კომიტეტი. უცხოეთის 15 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიყვანეთ მოჭიდავეები, რომლებსაც ჩვენმა სახელოვანმა ფალავნებმა და მსაჯებმა, თემურ ხუბულურმა, ალექსი დავითაშვილმა, იური იმერლიშვილმა და სხვებმა ჩაუტარეს სემინარები. ქართული ჭიდაობის ფანდებს დავუმატეთ ორთაბრძოლების ჩვენი ძველი ხალხური სახეობის, ხრიდოლის ილეთებიც, ხოლო იქ, სადაც საშუალება არის, ცხენზე ჯირითსაც ვასწავლით.

საქართველოს გარდა, ქართული ჭიდაობის კლუბები გავხსენით სხვადასხვა ქვეყანაში. საბოლოოდ, 130-მდე კლუბი უნდა გავხსნათ მთელ მსოფლიოში. ევროპაში, აზიაში, ამერიკაში - ყველა კონტინენტზე უკვე მუშაობს 40-მდე ფედერაცია. ესპანეთში მაგალითად, ჩვენი სახსრებით ვიქირავეთ დარბაზი, გვყავს მწვრთნელი. იქაური ბავშვებისათვის შევიძინეთ ავტობუსიც. ყველაფერმა ამან უკვე გამოიღო პირველი შედეგები. ჭაბუკთა შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატში 22 ქვეყნის ფალავნები მონაწილეობდნენ. ტურნირის დასრულების შემდეგ, სტუმრები კახეთში წავიყვანეთ, ალავერდის ტაძარი დავათვალიერებინეთ, სადაც ერთ-ერთ კედელზე შუა საუკუნეების დროინდელი მოჭიდავეების ფრესკაა და სწორედ ეს ფრაგმენტი ავიღეთ ჩვენი ფედერაციის გერბისათვის. უახლოეს ორ წელიწადში ჭაბუკებისთვის დაგეგმილი გვაქვს 90-მდე ტურნირის ჩატარება. ასე რომ, 3-4 წლის შემდეგ ქართულ ჭიდაობას თავისი თაობა ეყოლება და თუ დღეს ჩვენი ფალავნები თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობასა და ძიუდოში აგრძელებენ თავიანთ სპორტულ კარიერას, მომავალში უკვე ქართულ ჭიდაობაში მოპოვებული ტიტულები გახდება პრესტიჟული. ვიცი, შეიძლება ამას ვერ მოვესწრო, მაგრამ ეს ჩემი თაობისათვის არ კეთდება. როგორც კაკლის ხე წლების შემდეგ იძლევა თავის ნაყოფს, აქაც ასევე, საბოლოო შედეგს ჩვენი შვილები, შვილიშვილები მიაღწევენ.

vano-xojabegovi-qartuli-widaoba-2-1686554110.jpg

- საინტერესოა, ცირკში გამართული ჭაბუკთა შარშანდელი მსოფლიოს პირველობა როგორ გააშუქეს ქართულმა ტელევიზიებმა? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ მე ვერ ვიხსენებ ქართულ ჭიდაობაში ჩატარებულ რაიმე შეჯიბრებას, რომლითაც დაინტერესებულა ჩვენი რომელიმე ტელეკომპანია. ამავე დროს, სწორედ დღეს გამოცხადდა, რომ იაპონიაში, ტრავმის გამო აქტიურ სუმოს ჩამოშორდა ტოჩინოშინი და ეს თემა ყველა წამყვანმა ტელევიზიამ ხელზე დაიხვია. ასეთი მხარდაჭერით თქვენ აშკარად გაგიჭირდებათ ქართული ჭიდაობის პოპულარიზაცია.

- ამ საკითხში ვერც მე გავერკვიე ბოლომდე. ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი რამდენიმე ტელეკომპანიამ კი გადაიღო, მაგრამ მერე ეთერში არც ერთმა არ გაუშვა. ვფიქრობ, ვიღაცას ასე სჭირდებოდა. ჩვენ არავის ვეჯიბრებით, გასაკეთებელ საქმეს თავად ვაკეთებთ. ჩემპიონატის საზეიმო გახსნის ცერემონიისთვის მოვიწვიეთ სუხიშვილების ანსამბლი. ლაღიძის საჭიდაოს შესასრულებლად დავპატიჟეთ ორკესტრი. ეროვნული ჰიმნი ოპერის თეატრის მომღერალმა შეასრულა. აღარაფერს ვამბობ გამარჯვებულ ფალავანთა პრიზებსა და სხვა წვრილმან ხარჯებზე. ქართული ჭიდაობა ყოველთვის პოპულარული იყო საქართველოში. ჭიდაობდნენ დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა თუ ერეკლე მეორის ეპოქაშიც. ქართული ჭიდაობა ჩვენთვის არა მარტო სპორტის სახეობაა, ის ჩვენი კულტურის ნაწილია, ჩვენი სიამაყეა. იაკობ გოგებაშვილის "დედა ენასავით", ჩვენი მასწავლებელია. წესებით აქ წაქცეული მეტოქის დაჩაგვრა, მალულად უკნიდან მიპარვა აკრძალულია. მის ილეთებში მე ბავშვების აღზრდის, ცხოვრების სიბრძნეს ვხედავ და ეს ხმამაღალი სიტყვები არ არის. ვისაც ქართული ჭიდაობა უყვარს, ამას გაიგებს. დღეს ქართული ჭიდაობა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი და ჩვენც ვალდებული ვართ, მის შესანარჩუნებლად ვიზრუნოთ. თუ ვინმეს დახმარება უნდა ან ჩვენზე მეტი იცის, მოვიდნენ, მხარში ამოგვიდგნენ და ერთად გავაკეთოთ საერთო საქმე.

- საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღიარებას რომ მიაღწიოთ, ჩვენი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის სამინისტროს თანადგომა გჭირდებათ. მათი მხარდაჭერა თუ გაქვთ?

- თავიდან ალბათ ბევრს ეჭვი ეპარებოდა ჩვენს შესაძლებლობებში, მაგრამ ხომ გახსოვთ ელდარ შენგელაიას ფილმი "შერეკილები"? "გავფრინდებითო" და ჩვენც "გავფრინდით". როგორც ჩანს, ახლა ირწმუნეს, რომ შეუძლებელი არაფერია. ამიტომაც, ყველა გვეხმარება. ძალიანაც კარგი. რამდენადაც მეტი თანამოაზრე გვეყოლება, იმდენად უფრო გაგვიადვილდება საბოლოო მიზნის მიღწევა.

- ქართული ჭიდაობა, ეს ამოუწურავი თემაა და მასზე სასაუბროდ ერთი სტატია არ გვეყოფა. ამიტომ ჩვენი შეხვედრის ბოლოს ეგებ თქვენი უახლოესი გეგმების შესახებაც მითხრათ.

- წელს დაგეგმილი გვაქვს დიდებს შორის ევროპის ჩემპიონატის ჩატარება საბერძნეთში. იქ ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, ჩვენებური კაცი, მერაბ ილიადისია. წელსვე გვინდა მსოფლიოს ჩემპიონატი ჩავატაროთ დუბაიში. გამარჯვებული ფალავნისათვის ორიგინალური პრიზი გვექნება. არგონავტების ლეგენდა და ოქროს საწმისი მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ჩვენი პრიზიც მოოქრული ვერძის თავი იქნება. ვინც სამჯერ გაიმარჯვებს ამ ჩემპიონატებში, პრიზსაც სამუდამოდ დაეუფლება. გამოდის, რომ ფალავანთა ფალავანი კოლხეთიდან, არგონავტების მითის მსგავსად, ოქროს საწმისს წაიღებს. თუმცა იმედია, ქართველი ფალავნები ასე იოლად არაფერს დათმობენ.

გოგი ფრანგიშვილი