რა უნდოდათ "კადიროველებს!" საქართველოში?.. - გზაპრესი

რა უნდოდათ "კადიროველებს!" საქართველოში?..

თბილისში, ბათუმსა და ქვეყნის კიდევ რამდენიმე ქალაქში რუსული სარეგისტრაციო ნომრებით G-კლასის "მერსედესის" (Gelendvagen) მანქანების კოლონის დაფიქსირებას ხმაური მოჰყვა.

ერთ-ერთი ვერსიით, საქართველოში ჩეჩენი ბიზნესმენის, ასლანბეკ ახმეტხანოვის გარემოცვა იმყოფება. დაუზუსტებელია, თავად ახმეტხანოვი იყო თუ არა მათთან ერთად.

რუსული ანტიკრემლისტური მედიის ცნობით, ახმეტხანოვი ჩეჩნეთის ლიდერთან, რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია. მას ნავთობკომპანია და სამშენებლო ბიზნესი აქვს. ახმეტხანოვის გვარი ფიგურირებს იარაღით ვაჭრობის საქმეშიც... კადიროვის გარეშე მისი საქმიანობა წარმატებული ვერ იქნებოდა, რაც ნიშნავს, რომ მას ადგილობრივ ბიუჯეტსა და კადიროვის ინიციატივით შექმნილ საქველმოქმედო ღონისძიებებში დიდი წვლილი შეაქვს.

დაპირისპირება "მეგობრებს" შორის და საჯარო ბოდიში ჩეჩნეთის ლიდერს

2020 წელს, პანდემიის დროს კადიროვმა საჯაროდ გალანძღა მას შემდეგ, როცა მან რეგულაციები არ დაიცვა და კარანტინის წესების დარღვევით, დაბადების დღის აღსანიშნავად, გრანდიოზული წვეულება, ადგილობრივი ტრადიციებისთვის "შეუფერებელ" ვითარებაში გამართა, ანუ გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩენმა ბიზნესმენმა იუბილე ახლობლებთან ალკოჰოლითა და მსუბუქი ყოფაქცევის ქალების გარემოცვაში აღნიშნა. ის კოვიდრეგულაციებზე ირონიულად საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ "ყველაფერი, რაც სხვას ეხება, მას და მის გარემოცვას არ ეხება".

ვიდეოს ბოლოს კი ისიც ჩანდა, რომ იარაღიდან მათ "ზალპით" გაისროლეს. "რაც კადიროვის მოსაზრებით, ჩრდილოკავკასიური მენტალობისთვის მიუღებელია".

კიდევ ერთი ვერსიით, კადიროვისთვის ცნობილი გახდა, რომ მისგან ჩუმად, ახმეტხანოვი იარაღით ვაჭრობდა, რამაც ჩეჩნეთის ლიდერი გააღიზიანა, თუნდაც იმიტომ, რომ ყველა "დაფარული საქმის უკან შეთქმულების თეორია ელანდება" და მსგავს შემთხვევებს სასტიკი მეთოდებით უსწორდება. საქმე იქამდე მივიდა, რომ ახმეტხანოვი გროზნოში, ცნობილ სარდაფში დაიბარეს და ყველაფრის წართმევითა და ლიკვიდაციით დაემუქრნენ. ჩეჩნეთის ლიდერმა ისიც კი გაიხსენა, რომ ახმეტხანოვის შვილმა, რუკმანმა 2016 წელს ჭიდაობის ჩემპიონატში გამარჯვებულ მეტოქესთან იჩხუბა.

საბოლოოდ, ახმეტხანოვმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში. ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება, ეს იყო მისი უდიდესი ცოდვა და შეცდომა, რომელსაც გულწრფელად ინანიებს და თუ მსგავსი რამ კიდევ დაემართება, სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს..."

როგორც ჩანს, კადიროვმაც შეუნდო ან უფრო დიდი ფინანსური სასჯელი დააკისრა, რადგან ახმეტხანოვი, გარკვეული დროის შემდეგ, ისევ გამოჩნდა ვიდეოში, სადაც ოჯახთან ერთად რამადანს აღნიშნავდა. ახმეტხანოვი ფინანსურად მხარს უჭერს ჩეჩნეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებს, მათ შორისაა ჭიდაობის შეჯიბრებების ორგანიზება და კადიროვის განვითარების ფონდში წვლილის შეტანა.

ამის შემდეგ, ახმეტხანოვი თავისი საქმიანობით არაერთხელ მოექცა ანტიკრემლისტური მედიის ყურადღების ცენტრში, მისი უკანონო საბანკო საქმიანობისა და კრიმინალურ სამყაროსთან კავშირების გამო, თუმცა, იქვე დასძენდნენ, რომ "მას კადიროვის მფარველობა ჰქონდა და კანონი მისი დანაშაულების წინაშე, უძლური იყო". მოგვიანებით, კადიროვმა მასზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და 90-იანი წლების მეგობარი უწოდა. რუსული მედიის ცნობით, კადიროვის გარემოცვაში მას მეტსახელად "ჩორტი", ეშმაკი უწოდეს, რადგან უკიდურეს სიტუაციებში თვითგადარჩენის ინსტინქტი ერთვება და ვითარებიდან გამოსავალს ყოველთვის პოულობს.

რისთვის ჩამოვიდა ახმეტხანოვის გარემოცვა?

საქართველოს ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელმა მომხდარს პროვოკაცია უწოდა. მათი თქმით, საქართველოში ჩეჩნეთის ხელისუფლების ოპოზიცია ჩამოვიდა და მათთვის "კადიროველების" იარლიყის მიწებება უსამართლობაა.

რამდენიმე მედიის ინფორმაციით, ჩეჩენი ბიზნესმენი ასლანბეკ ახმეტხანოვის გარემოცვა საქართველოში, სავარაუდოდ, 22 მაისიდან იმყოფებოდა. შს სამინისტრომ მათ მანქანებს ათობით ვიდეოჯარიმა გამოუწერა. პირველი ჯარიმა 22 მაისს დაიწერა და ბოლო - 3 ივნისით თარიღდება. ყველა მათგანი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქშია გამოწერილი, მათ შორის, თბილისში, გრიგოლეთში, ლანჩხუთში, ქუთაისში, ხაშურში...

ერთ-ერთი ვერსიით, კადიროვის გარემოცვა საქართველოში "გასართობად ჩამოვიდა", თუმცა, არც იმას გამორიცხავენ, რომ ბიზნესის დაწყების ინტერესიც ჰქონდეთ, რადგან სანქციების ფონზე, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ფულის დაბანდების ინტერესი ყოველდღიურად იზრდება.

ხელისუფლების დუმილი და ხალხის პროტესტი

საქართველოს შს სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საკითხზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, კადიროველების შემოშვება ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესაფასებლად, ინდიკატორია.

"კადიროვთან დაკავშირებული პირების შემოშვებითაც კი აშკარაა, ქვეყანაში რა ტიპის რეჟიმი მოქმედებს. ეს იმის მკაფიო გამოვლინებაა, თუ ვის ემსახურება ეს ხელისუფლება და რა კურსი აქვს აღებული ივანიშვილს... ჯერ კიდევ არ ვიცით, რა ფარული და სახიფათო გარიგებები აქვთ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებას დადებული. კადიროვის მმართველობას ამკვიდრებენ. ეს არის პუტინის რუსეთის გავლენა. ალბათ ყველამ ვიცით, რა ჯოჯოხეთს უწყობს კადიროვი თავისივე მოქალაქეებს ჩრდილოეთ კავკასიაში, ჩეჩნეთში, დაღესტანსა და ინგუშეთში. იქ ყოველდღიურად ხდება სისხლის ღვრა, გატაცებები, მკვლელობები; კადიროვის ხუშტურზეა რესპუბლიკები (და არა მხოლოდ) აწყობილი. ვხედავთ, რომ საქართველოც არ არის შორს მსგავსი რეჟიმისგან - თუ ივანიშვილის რუსული რეჟიმი და მის მიერ არჩეული პრორუსული კურსი დემოკრატიული გზით არ დავამარცხეთ, იმ ჯოჯოხეთს აქაც დაამკვიდრებენ.

gociridze2-1686557208.jpg

მეგი გოცირიძე, პოლიტიკოსი:

- კარგა ხანია ივანიშვილი "კადიროველების" რეჟიმისთვის საფუძველს საქართველოშიც ქმნის. მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა მისი პირადი საკუთრებაა, ყველაფერი მას ეკუთვნის, ჩვენ კი მისი მონები ვართ, ვემსახურებით, ვუხდით გადასახადებს და ისიც გრიალებს...

მის განკარგულებაში მყოფმა დანარჩენმა მონებმა, რომლებიც "სიპებსა" და "ა(ა)იპებში" არიან გაფორმებულები, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ნებისმიერი ასეთი სკანდალი გადაფარონ... პუტინმა ჯერ ცოცხზე "დასვა" მთელი ქვეყანა, მერე კი ივანიშვილს სამი მთავარი დავალება მისცა - ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაშლა. ამ ყველაფრისკენ 11 წელი ნაბიჯ-ნაბიჯ იარა და საბოლოოდ, რუსეთის უკანა ეზოდ ვიქეცით.

უკრაინის ომამდე, ივანიშვილის ხელისუფლება რაღაცებში კიდევ თავისუფალი იყო. დასავლეთის რეაქციის და სანქციების ფონზე, რაღაცების შეფუთვას ცდილობენ, მაგრამ მაინც ვერ ახერხებენ - საზოგადოების აქტიური ნაწილის პროტესტი სიცოცხლეს უმწარებთ. ამიტომ ახლა უკვე აქტივისტების დაკავებაზეც აღარ იხევს უკან, ესეც პუტინის ხელწერაა. რუსეთში აქციაზე სუფთა ფურცლით გამოსვლისთვის უამრავი ადამიანი იხდის სასჯელს, იმავეს აკეთებს აქაც... პუტინს ლავროვი, ივანიშვილს კი ღარიბაშვილი ჰყავს შერჩეული საერთაშორისო ასპარეზზე, არც ერთი მათგანი სიტყვასაც კი არ ამბობს საკუთარი ნებით. მათ გამოსვლებს "სოლოვიოვების" და კრემლის მედია ისე უჩვენებს, როგორც აქაური "ალტინფოელები", რამიშვილის "პოსტ-ტივიები" და თუ "ტვ-ნადეჟდები". მათ "კადიროველების" ჩამოსვლა ასევე "გააპრავეს". ამასობაში კი რუსეთისკენ მივდივართ.

beqa-qurxuli-1686557077.jpg

ჩეჩნების საქართველოში "ვიზიტი" საზოგადოების არაერთმა წარმომადგენელმა გააპროტესტა

ბექა ქურხული, მწერალი:

- სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, თუ ვინმე იცნობს დღეს საქართველოში ჩეჩნებს, მათ შორის მეც ვარ. ჩეჩენ-ინგუშები ვაინახური ტომის ხალხია, ძველქართული სახელწოდებით ქისტები (სწორედ ამიტომაც ვუწოდებთ დღემდე პანკისში მცხოვრებ ჩეჩნებს ქისტებს), საქართველოს ჩრდილოეთის მეზობლები, ჩვენი უახლოესი მონათესავე ერია, უამრავი საერთო სიტყვებით, გვარებით, ადათებით, მენტალიტეტით და ა.შ. ხევსურეთის შატილის თემი მდინარე არღუნის ხეობით ჩეჩნეთის ითუმ-ყალეს რაიონს ესაზღვრება, არხოტის თემი მდინარე არღუნის ხეობით - ინგუშეთის ჯაირახის ხეობას!.. ქართულ მითოლოგიაში, ფოლკლორში, ლეგენდებში, ისტორიულ ქრონიკებსა თუ კლასიკურ ქართულ ლიტერატურაში (ალექსანდრე ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა, გრიგორ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია, ადამ ბობღიაშვილი) უამრავი ინფორმაცია და მასალაა შემონახული!..

ამ ხალხთან 1999 წლიდან ანუ 24 წელზე მეტია მჭიდრო ურთიერთობა და მეგობრობა მაკავშირებს, განსაკუთრებით პანკისელ ქისტებთან. ამხელა შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით და პირადი გამოცდილებით გეტყვით, არც კადიროვს და არც "კადიროველებს", ეთნიკური წარმომავლობის გარდა, ჩეჩენ და ინგუშ ხალხთან არაფერი აკავშირებთ... ისინი არიან გადაჯიშებული, გარუსებული, მოსისხლე მტრის - რუსეთის იმპერიის სამსახურში ჩამდგარი კოლაბორაციონისტები, საკუთარი სამშობლოსა და ერის გამყიდველი უპრინციპო ავანტიურისტები. კიდევ უფრო უარესები, ვიდრე თავად რუსი ოკუპანტები არიან, რადგან გამყიდველი და გადაჯიშებული თავად მტერზე უარესია... ამის მაგალითები ქართველებსაც უამრავი გვაქვს, სამწუხაროდ. ასეთები, თავისი ქართული წარმომავლობის მიუხედავად, თავგამოდებულები ემსახურებოდნენ რუსეთსა და რუსული იმპერიის ინტერესებს!..

სამწუხაროდ, ჩვენი დღევანდელი ე.წ. ხელისუფლება მრუდე გზას იმეორებს და სულ უფრო უპრინციპო, უსუსურ და საკუთარი სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს. ვფიქრობ, თავისი წინამორბედებივით - მიხეილ სააკაშვილის "ნაცებივით", ედუარდ შევარდნაძის "მოქკავშირივით", ცუდად და სამარცხვინოდ დაამთავრებენ!.. ისევე, როგორც მათი "მფარველი" პუტინის რეჟიმი და ე.წ. კადიროვი და "კადიროველები" დაასრულებენ რეჟიმს, დარწმუნებული ვარ, ცოტაც და თავიანთ დასაკრეფ ვენახში ჩიტების შესაშინებელ საფრთხობელებად თუ გამოდგებიან...

ხელისუფლება კი, რომელიც "კადიროველებს" საქართველოში ეპატიჟება, არანაკლებ სამარცხვინოები, ბითურები და უსუსურები არიან!.. სხვა პასუხი არ მაქვს, თითოეულ სიტყვაზე პასუხს ვაგებ და სადაც გნებავთ, იქ გავიმეორებ!.. რაც შეეხება საზოგადოების რეაქციას: 7, 8, 9 მარტს კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერი ხელისუფლებისთვის საშიშია ჩვენი ქართველი საზოგადოების მოთმინების გამოცდა!..

როგორც ჩანს, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. აბა ვნახოთ, ვინ ვის აჯობებს - ქართველი ერი თუ "ქოცების" უდღეური ხელისუფლება. ივანიშვილი, ღატაკიშვილი, კადიროველები, ლავროველები თუ "რუსი ტურისტები".

241984906-521-0-1708-1305-1920x0-80-0-0-acbd9224fb8031c236f4c33c0b65a187-1686557194.jpg

"როგორ შეუძლიათ, ასეთი ტონით მესაუბრონ ჩემს ბაღში რუსული "ტუსოვკის" გამართვაზე"

ზურა შევარდნაძე:

- "დღე არ გავა, რუსულად მოლაპარაკე (ჭიშკარში ხომ ვერ დავჯდები და გადავარჩევ, ვინ რუსია, ვინ უკრაინელი ან სხვა) არ გამოჩნდეს. მოდიან და წვეულების გამართვას გვთხოვენ. რუსულად რომ ლაპარაკობენ, ამიტომ, პირდაპირ უარს ხომ არ მივახლი, ვუსმენ და ვრწმუნდები, რომ რაც გამიგია მათ დამპყრობლურ, გამომყენებლურ ხასიათზე, ყველაფერი მართალია... ყველაფერი ჩვენი იქნება, ორგანიზატორი, სასმელი, ბარმენი, მუსიკა, ხმის რეჟისორი, აპარატურა, ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი, ანუ მხოლოდ ადგილი სჭირდებათ, - დანარჩენს ჩვენ ვიზამთ, თქვენ შორიდან გვიყურეთო.

პირდაპირ ვეუბნები, რომ მათთვის სასურველი დღე დაკავებულია და ვემშვიდობები. ვერ ვხვდები, როგორ შეუძლიათ, ასეთი ტონით მესაუბრონ ჩემს ბაღში რუსული "ტუსოვკის" გამართვაზე, ჩვენ რა ვქნათ, ჭურჭელი გავრეცხოთ და მოვემსახუროთ?!.

მეგობრები მიყვებიან, რომ ეს ახალი ამბავი არაა, რუსებმა რახანია თბილისში (და არა მარტო) თავიანთი ბიზნესები წამოიწყეს და გამართულადაც მუშაობენ. მეგობარმა ფლორისტმა მითხრა, რომ შეკვეთები შეუმცირდა, რუსები გაცილებით იაფად სთავაზობენ იმავე სამუშაოს, იღებენ და ასრულებენ დაკვეთებს... არა მგონია, ეს სახუმარო ამბავი იყოს.

1581549682-82242269-2566901276877581-1086066258425675776-o-1686557100.jpg

"ვინც შემოვიდა, ბიზნესი აიწყო, ვინც ვერ შემოვიდა, საქეიფოდ გადმოირბენს..."

დათია ბადალაშვილი, მწერალი:

- "კადიროველების" შემოსვლა რუსეთის ვერაგი პოლიტიკის გაგრძელებაა. ძალიან მიკვირს, რომ აქამდე ვერაფრით გავაცნობიერეთ, რომ ეს ქვეყანა ჩვენი მტერია. ისეთი ზიანი, რაც მათ მოგვაყენეს, არც ერთ მტერს არ მოუყენებია. უამრავი პრობლემა აქვს, მაგრამ მაინც ცდილობს, გარშემო მეზობლების საზღვრები მიანგრ-მოანგრიოს... რა ზუსტად აქვს მათ ფილოსოფოს ბერდიაევს ერთ წინადადებაში შეფასებული მთელი რუსული სამყარო - "როსია ჟივიოტ ვო ვრედ სებე ი ნაზლო დრუგიმო..."

უამრავი იმპერია ახსოვს მსოფლიოს ისტორიას, რომის, დიდი ბრიტანეთის, მაგრამ ყველამ რაღაც დასკვნა გააკეთა; გააცნობიერა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და საკუთარ სახელმწიფოს, ხალხს, მომავალს მოუბრუნდებოდა, რუსებმა ვერაფერი ისწავლეს.

ქართულ ხასიათზე, ტოლერანტობასა და დიდსულოვნებაზე რომ არაფერი ვთქვათ, სიდუხჭირეში არავის ნახვა არ გვახარებს, მაგრამ აქ შემოსულებს გაჭირვების არაფერი ეტყობათ. ვინც შემოვიდა, ბიზნესი აიწყო, ვინც ვერ შემოვიდა, საქეიფოდ გადმოირბენს... ივანე ჯავახიშვილი წერს, საქართველოს რუსეთთან შეერთებიდან 16 წლის შემდეგ, ქართველებს მოესპოთ საშუალება საქართველოს დედაქალაქის კათედრალურ ტაძარში ღვთისმსახურება მშობლიურ ენაზე მოესმინათ; იმ ენაზე, რომელზეც 1400 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ მხურვალე ლოცვა აღევლინებოდა. არც სპარსელებს, ცეცხლთაყვანისმცემლებსა და მაჰმადიანებს, არც არაბებს, არც წარმართ მონღოლებს, არც თურქებს არ გაუკეთებიათ ქართული ქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ის, რაც რუსეთმა და მისმა ეგზარქოსმა გაუკეთაო!.. ჩვენ მაინც ვერაფერი ვისწავლეთ.

ლალი პაპასკირი