თავდაცვითი ოპერაციები თუ ფრთხილი კონტრშეტევა?.. - გზაპრესი

თავდაცვითი ოპერაციები თუ ფრთხილი კონტრშეტევა?..

უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო. დიდი ინტერესის მიუხედავად, ქვეყნის შეიარაღებული ძალების სარდლობა და გენერალური შტაბი ფრთხილობენ, ინფორმაციას თითქმის არ ავრცელებენ. ბრძოლის ხაზიდან ცნობების გავრცელება ეკრძალებათ სამხედრო პირებსაც, ძალზე მოზომილი, მხოლოდ ოფიციალური განცხადებებით შემოიფარგლებიან პირველი პირებიც. უკრაინული მხარისგან განსხვავებით, პროპაგანდის უწყვეტ რეჟიმში მუშაობს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, კრემლის ადმინისტრაცია, ცალკეული სამხედრო ქვედანაყოფები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ "ძლიერი კონტრიერიშის მიუხედავად, შეტევები მოგერიებულია..."

უკრაინული ძალების რეალურ თუ წარმოსახვით წარუმატებლობაზე აქცენტით აშუქებს ფრონტზე მიმდინარე მოვლენებს რუსული "ტელეგრამ"-არხები. ბევრმა მათგანმა რამდენიმე დასახლების დაკარგვაც დაადასტურა, მაგრამ ამასთანავე ირწმუნებიან, რომ მათი თავდაცვის ხაზის გარღვევაზე საუბარი არ არის.

მათგან განსხვავებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ მისი სამხედროები ჩაერთვნენ "კონტრშეტევასა და თავდაცვით ოპერაციებში". ერთი დღით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ კიევის დიდი ხნის ნანატრი მცდელობა ტერიტორიის დასაბრუნებლად უკვე დაწყებულია.

მიმდინარე პროცესებს დიდი ინტერესით ადევნებს თვალს დასავლური მედია, რომლის სხვადასხვა საშუალება ირწმუნება, რომ ამა თუ იმ სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ შესაბამისი ტერიტორიებიდან მიღებული, გადამოწმებული ინფორმაციით და ვიდეომასალით სარგებლობს და ამგვარად მომზადებული სიუჟეტებითა და პუბლიკაციებით ინფორმაციული ვაკუუმის შევსებას ცდილობს.

უკრაინელი სამხედრო, ერთ-ერთი ქვედანაყოფის მიმართულების კოორდინატორი, 34 წლის სიმეონი ამბობს, რომ უკრაინული ძალები ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამენ, მიღწეული შედეგების შესანარჩუნებლად თავდაუზოგავი ბრძოლაა საჭირო, რადგან რუსული მხარე ყველანაირი მეთოდით ებრძვის:

- ჩვენთვის ყველა ქალაქს, სოფელს, დასახლებას, ქუჩას, კორპუსს, ჩიხს, უბანს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა სტრატეგიული დანიშნულებისაა, რადგან იქ ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ, რომლებიც წელიწადზე მეტია, ოკუპანტის რეჟიმის პირობებში იმყოფებიან. გამყოფი ხაზის მიუხედავად, ისინი ახერხებდნენ ოჯახის წევრებთან თუ ახლობლებთან დაკავშირებას და ჰყვებოდნენ, რა ხდება იქ, - როგორ აბინავებენ ჩვენი ხალხის სახლებში რუსებს, კაზაკებს, ბურიატებს, დაღესტნელებს... ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრება ჩვენი ხალხისთვის ბრძოლაა გადარჩენისთვის. ბავშვებს ეუბნებიან, - უკრაინელი, როგორც ეროვნება, არ არსებობს, სინამდვილეში ყველანი რუსები ვართო... სკოლებშიც იმას უმეორებენ, ენაც უნდა დავივიწყოთ და ისტორიაცო; სინამდვილეში, ეს "განსხვავება" ამერიკის მოგონილია, თორემ ყოველთვის ძმები ვიყავით და ერთ ოჯახად ვცხოვრობდითო... ჰოდა, დასაკარგი დრო არ გვაქვს, შემოდგომამდე, ამინდის გაფუჭებამდე და წვიმების დაწყებამდე, ყოველი საათი უნდა გამოვიყენოთ.

- უკრაინელი (და არა მხოლოდ) სამხედროები ირწმუნებიან, რომ ერთიანი მასშტაბური კონტრშეტევა არ იქნება და უკრაინული არმია ლოკალურ მიმართულებებზე წინსვლებს გეგმავს.

- ჩვენი გეგმაა, ნებისმიერ მხარეს საჭიროების მიხედვით ვიმოქმედოთ. შესაძლოა, რამდენიმე მიმართულებაზე შედარებით ლოკალური შეტევა გახდეს საჭირო, მაგრამ რუსულ მხარეს ბევრგან საფორტიფიკაციო ნაგებობები აქვს აგებული, ამიტომ წინასწარ უნდა განვსაზღვროთ მასშტაბი, სტრატეგია და მიმართულება. ეს იქნება თანამიმდევრული, კარგად დაგეგმილი ლოკალური შეტევები. რუსებს ვერაგული ომი სჩვევიათ, ეს არა მხოლოდ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, წლების წინ ვნახეთ, ჯერ კიდევ 1990-იანი წლების საქართველოს გამოცდილებიდან. ყველგან, სადაც კი ფეხი დადგეს, პირდაპირი თუ ირიბი მნიშვნელობით, ნაღმი დატოვეს, რომელიც გრძელ თუ მოკლევადიან პერსპექტივაში აფეთქდებოდა... ასე იქცევიან აქაც - იქ, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს, ბავშვები ქუჩაში გამოდიან, სკოლებსა და ბაღებში დადიან, ნაღმები დატოვეს. არადა, ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობას არწმუნებდნენ, იქ მათ დასაცავად იყვნენ მოსული და ყველაფერს გააკეთებდნენ, ხალხს მშვიდად რომ ეცხოვრა, ეს მაშინ, როდესაც სადარბაზოებში ნაღმებს უმონტაჟებდნენ!.. კახოვკის ჰესის კაშხალი ისე ააფეთქეს, მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანაზე არც უფიქრიათ. თვითონ აიბარგნენ და ხალხი ეკოლოგიური კატასტროფის პირისპირ დატოვეს. "უაზებით" გარბოდნენ, ნაძარცვს სატვირთო მანქანებში აწყობდნენ და გაიძახოდნენ, - ვისაც თქვენს ხელისუფლებად თვლით, იმან გადაგარჩინოთო... ასეთია რუსეთის სახე - ყოველთვის დაუცველ, მშვიდობიან მოქალაქეებზე ზეწოლა, ფიზიკური იქნება თუ ფსიქოლოგიური. ცდილობენ შეაშინონ, გააჩუმონ, დააშანტაჟონ, შეავიწროონ და ასე დაიმორჩილონ ადამიანები. ასე უსწავლიათ და ასე უცხოვრიათ. საბჭოთა რეჟიმიდან ვერ გამოვიდნენ. იმედია, ძალიან მალე შიგნითაც "დიდ გამოღვიძებას" მიიღებენ. იმედია, ბევრი მიხვდება, რომ რუსეთი მხოლოდ პუტინის, პატრუშევის, გერასიმოვის, პრიგოჟინის, კადიროვისა და მათი გარემოცვის არ არის. ახლა აპოლიტიკური ცვლილებისთვის შესაფერისი დროა. ოპოზიცია გააჩუმეს, მაგრამ მოხალისეებმა, ყოფილმა სამხედროებმა ქვედანაყოფები ჩამოაყალიბეს... არც ჰიტლერის რეჟიმი დამარცხებულა მხოლოდ შიდა რყევებით, მიუხედავად იმისა, რომ იქაც იყო წინააღმდეგობა; გარედანაც დაეხმარნენ და ასე მოიშორეს კაცობრიობის მტერი. ასე უნდა მოხდეს პუტინის შემთხვევაშიც.

kaxovk-2-1687156499.jpg

- რუსეთის ხელისუფლება მოსახლეობის დიდ ნაწილში მხარდაჭერით სარგებლობს...

- დიახ, პროპაგანდის დამსახურებით ასეა, მაგრამ ახლა, რაც დრო გადის და მათი მარცხი გარდაუვალი ხდება, შიდა დაპირისპირებაც ზედაპირზე ამოტივტივდა. მთავარია, ტემპი არ დავაგდოთ და პუტინის გარემოცვაც თანდათან შემცირდება. მართალია, რუსული ბიზნესი და პოლიტელიტა დემოკრატიულ მმართველობას არ აირჩევს, ეს ქვეყანა დემოკრატიისთვის ჯერჯერობით მზად არ არის, მაგრამ უკვე საუბრობენ იმაზე - უკრაინასთან ომმა რუსეთში აქამდე დაფარული პრობლემები გამოააშკარავაო. რუსეთში კორუფცია ყვავის. პოლიტიკურ, სამხედრო, ბიზნესის, სოციალურ, ეკონომიკურ, დიპლომატიურ, ფინანსურ თუ სხვა სფეროებში გადაწყვეტილებას პუტინის გარემოცვა იღებს.

რუსი ტყვეები ჰყვებოდნენ, რომ ჯარში კონტრაქტორად წასვლა მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. მათ უმეტესობას უმძიმესი სოციალური პირობები ჰქონდა, ალკოჰოლდამოკიდებული მამა და მარტოხელა დედა - ასეთია ყოველი მეორე რუსული ოჯახი, რომლებიც თავის გადასარჩენად შვილებს სამხედრო სამსახურში უშვებენ. იქ კი "ძედოვშჩინა", შიმშილი, სიცივე, ძალადობა, დამცირება ელით, როგორც ძველი სამხედრო კადრებისგან, ე.წ. დემბილების, ასევე მეთაურებისგან. ასეთი არმია ცდილობდა უკრაინის დაპყრობას და შემდეგ - კონტროლს. ჩვენს ქვეყანაში შემოჭრიდან წელიწად-ნახევარში მოშლილია მართვის კონტროლი, დისციპლინა, რეჟიმი. თუმცა თავიდანვე, პირველივე დღეებიდანვე ვიცოდით, ვისთან გვქონდა საქმე. ცალკეულ ნაწილებად იყვნენ დაქსაქსული. იყო დასახლებები, სადაც ხალხს პირდაპირ უთხრეს, - თქვენს სამხედროებთან ომს არ ვაპირებთ, ამის რესურსი არ გვაქვს, მაგრამ მათ მოსვლამდე თქვენთვის დიდი ზიანის მოყენება შეგვიძლია, ამიტომ წინააღმდეგობის გარეშე, ყველაფრის გატანის უფლება მოგვეცით და სიცოცხლეს შეგინარჩუნებთო.

- გასაგებია, რომ ინფორმაცია შეზღუდულია, მაგრამ მაინც ცნობილია მიმართულებები, სადაც წარმატებას აღწევთ. რომელია ეს მიმართულებები?

- ამ შეტევებს უფრო კონტრშეტევის მოსამზადებელ ფაზებს დავარქმევდი, რომლის შემდგომი ნაბიჯი უკვე ერთბაშად, უფრო დიდი ტერიტორიების გათავისუფლება უნდა იყოს. ეს უნდა იყოს იერიში გადამწყვეტი მიზნებით. ყოველი მეტრი, რომელსაც გავათავისუფლებთ, უნდა შევინარჩუნოთ.

მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სამხრეთის ფრონტის ხაზზე, სადაც რამდენიმე ფლანგზე გარღვევა შევძელით. მთავარია, დაცვის მთავარი ხაზის გარღვევა ველიკაია ნოვოსიოლკას მიმართულებით. ეს საკვანძო მნიშვნელობის ის ადგილია, რომელსაც "დრაკონის კბილებს" ვეძახით და იქამდე გასვლის შემდეგ, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე რკალი შეიკვრება. ფრონტის ამ ხაზზე რამდენიმე სოფელი იყო, მათ შორის - უროჟაინე, კლიუჩოვე, გეორგიივკა... ამ მიმართულებით, ჩვენი ეროვნული გმირის, ალექსანდრ დოვბუშის სახელობის 68-ე ბრიგადა იბრძოდა და ფაქტობრივად, დანაკარგების გარეშე აიღო ტერიტორია, რადგან რუსებს მძიმე ტექნიკა არც კი ჰქონდათ; როგორც ჩანს, სამხედრო შეიარაღება ბახმუტის მიმართულებაზე ჰქონდათ გადასროლილი.

ჩვენები შევიდნენ დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ ბლაგოდატნოეშიც. რუსული არტილერია ჯერ კიდევ რჩება ანგარიშგასაწევ ძალად, მაგრამ დასავლელი პარტნიორებისგან მიღებული დახმარების წყალობით, მათი განეიტრალებაც შესაძლებელია.

ამ ომმა მსოფლიოს უჩვენა, რომ უმთავრესია მოტივაცია. სტრატეგიულმა პარტნიორებმა მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს ჩვენი დახმარების გადაწყვეტილება, როდესაც შეიგნეს, რომ ბრძოლას ვაპირებდით... ეს მოტივაცია წუთითაც არ შესუსტებულა არა მარტო სამხედროებში, რომლებიც ომში ცხოვრებას ეჩვევიან, არამედ - სამშვიდობო მოსახლეობაშიც.

kontr-ukr2-1687156483.jpg

ფრონტის ხაზზე გავიცანი 19 წლის სტუდენტი, რომელმაც მითხრა, რომ პირველი 72 საათის განმავლობაში რამდენჯერმე ინანა, რომ თანატოლებივით, ქვეყნიდან არ წავიდა... 20 წლის ბიჭი ერთიანად გაჭაღარავებულიყო. ყოველი დაჭრილისა და დაღუპულის დანახვაზე ჩუმად ტიროდა, - არა ვარ სამხედრო პირი, არც მეომარი, მაგრამ ვერ მივდივარ, იმიტომ, რომ ჩემს ქვეყანას ვჭირდებიო...

რუსეთის შემოჭრის პირველ დღეებში ასეთი ბევრი გვყავდა. ომში შიში და ტირილი სირცხვილი არ არის. ერთმა გოგონამ, რომელიც მოხალისე იყო და გვეხმარებოდა, მითხრა, - როდესაც ვნახე, როგორ დაიღუპა ბიჭი, რომელმაც რამდენიმე საათით ადრე, თავისი დაბომბილი სახლიდან თბილი ტანსაცმელი გამომიტანა და ჩამაცვა, ვიფიქრე, შემდეგი მე ვიქნები-მეთქი და ყველა საჰაერო იერიშის დროს ვლოცულობდი: თუ ბრძოლის ველზე სიკვდილი მიწერია, სწრაფად მაინც მოვკვდეო... გადარჩა და სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. შემდეგ, დაჭრილი მეგობრის სანახავად მისულმა ისევ ვნახე. სინანულის ან შიშის გრძნობა გამიქრა და მგონი, გავგიჟდიო, მითხრა. ათიათასობით ბიჭი და გოგო აღმოჩნდა უნივერსიტეტის მერხიდან პირდაპირ რუსული არტილერიის პირისპირ. ზოგს არ გაუმართლა და უთანასწორო ბრძოლას შეეწირა.

- ითქვა, რომ ბოლო ხანებში ძალიან ბევრი რუსი სამხედრო ბარდება ტყვედ. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ?

- დიახ, დონეცკის ოლქში, სოფელ ველიკაიას მახლობლად, რომელიც ნოვოსიოლოვკის სამხრეთით მდებარეობს და სადაც გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა, რამდენიმე ათეული ჩაგვბარდა ტყვედ. გვითხრეს, - მეთაურობამ მიგვატოვა, თავს უშველეს, ჩვენ კი მხოლოდ ავტომატებისა და თითო ხელყუმბარის ამარა დაგვტოვეს. გვიბრძანეს, პოზიციიდან ფეხი არავინ მოიცვალოს, სამხედრო ხელმძღვანელობასთან კავშირზე ვერ გავდივართ და შტაბში უნდა მივიდეთ; ვინც გაიქცევა, სამხედრო სასამართლოს წინაშე აღმოჩნდებაო. სინამდვილეში, იმიტომ დატოვეს, რომ ვიდრე თავად სამშვიდობოს გავიდოდნენ, ამ ქვედანაყოფს უკრაინული ძალები შეეჩერებინა... სამი დღის მშივრები იყვნენ. წყალიც არ გვქონდა, ყოველ ჯერზე, როდესაც სასმელი წყლის მოსაპოვებლად მივდიოდით, უკრაინელები ორ-სამ კაცს გვიკლავდნენო. ყოფილა შემთხვევა, რომ დაღუპულებს გახადეს ტანსაცმელი, რადგან ამუნიციის მხრივაც უამრავი პრობლემა აქვთ. თუ გააპროტესტებდნენ, ჯერ იზოლატორში მიჰყავდათ, იქიდან კი ციხეში. აშანტაჟებდნენ, მათ ოჯახებს "ეფესბე" ჩხრეკას უწყობდა და "საეჭვო ინფორმაციის მოპოვება-გაცემის ბრალდებით" აკავებდნენ... არადა, ზოგს მაინც სჯერა, რომ მათი არმია ძლიერია და გაბრაზებულები ამბობენ, რომ რუსეთს უკრაინა კი არა, მთელი დასავლეთი ებრძვის, მაგრამ მაინც ვერ დააჩოქებენ, რადგან კიდევ უამრავი ადამიანია მზად რუსეთის დიდებისთვის იბრძოლოსო. ეს არის რუსული პროპაგანდის გავლენა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. სტალინური მეთოდი ჯერ კიდევ მუშაობს. ქვეყანას, რომელსაც მსოფლიოში ნომერ მეორე არმიის ამბიცია აქვს, მიაჩნია, რომ პატარა უკრაინას ჯარისკაცების რაოდენობით მოუგებს.

ლალი პაპასკირი