ბავშვთა უფლებები და მათი საზღვარგარეთ გაყვანის წესები - გზაპრესი

ბავშვთა უფლებები და მათი საზღვარგარეთ გაყვანის წესები

როგორ არის დარეგულირებული არასრულწლოვნის უფლებები, როგორ ხდება კანონით მათი ქონების განკარგვა, რა შემთხვევაში შეუძლია გაყიდოს ოჯახმა ბავშვის ქონება, როგორ შეუძლია გაიყვანოს საზღვარგარეთ მშობელმა შვილი, როცა ნებართვას არ აძლევს მეორე მშობელი, როგორ ხდება ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, როცა მშობლები განქორწინებულები არიან? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი.

- ნუგბარა, რამდენად ხშირად მოგმართავენ განქორწინების მოთხოვნით წყვილები და როგორ იცავენ ამ დროს ბავშვის უფლებებს, თუნდაც მათთვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას?

- განქორწინებასთან დაკავშირებით ბევრი საქმეა. როცა ასეთი დავები იხილება და მშობლებს შორის ურთიერთობა დაძაბულია, ხშირად ვერ წყვეტენ, ვისთან უნდა იცხოვროს ბავშვმა და სასამართლოს მიმართავენ, რომ ეს საკითხიც განსაზღვროს. ასეთ დროს სასამართლო, პირველ რიგში, ბავშვის საუკეთესო ინტერესს ითვალისწინებს და იმასაც, თუ სად ცხოვრობდა, სადაა შეჩვეული და რომელ მშობელთან ჯობია იცხოვროს. გადატვირთული გრაფიკის გამო სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე ვადები დროში იწელება, მაგრამ როცა საქმე არასრულწლოვანს ეხება, შედარებით მალე წყდება დავები. საშუალოდ ერთი წელი, წელიწად-ნახევარი მაინც სჭირდება განხილვას, რაც საქმის სირთულეზეა დამოკიდებული. როდესაც ბავშვისთვის საცხოვრებელი პირობების განსაზღვრა ხდება, სოცმუშაკები ორივე მშობლის საცხოვრებელ პირობებს ამოწმებენ; შესაძლოა საჭირო გახდეს ფსიქოლოგის ჩართვაც მაშინ, როცა სოცმუშაკი მშობელთან გაუცხოებას შენიშნავს; ფსიქოლოგი აკვირდება მშობლის და ბავშვის ურთიერთობას და ეს პროცესი შეიძლება დროში გაიწელოს.

fc2562d9f8c33b99a2702daf644796b7-2019-12-16-07-11-07-562278-1687156678.jpg

- ყველა შემთხვევაში, სასამართლო ბავშვის აზრს ისმენს?

- დღეს მოქმედი ბავშვთა უფლებათა კოდექსი იძლევა შესაძლებლობას, რომ სასამართლომ ბავშვის აზრი მოისმინოს და გაითვალისწინოს მისი ასაკის, გადმოცემის უნარიდან გამომდინარე. არა აქვს მნიშვნელობა, ბავშვი 2 წლის არის თუ 10-15-ის, ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლო მას უსმენს. როდესაც ის ერთ-ერთ მშობელთანაა, ბავშვი უნებურად შეიძლება იყოს მისი მხარდამჭერი და გაუცნობიერებლად ერთი მშობლის პოზიცია გაიზიაროს. ასეთ დროს სასამართლო და ზოგადად, სოციალური სამსახურიც სიფრთხილით უდგება და ამ საკითხის გამოკვლევას ცდილობს...

ერთხელ მამაკაცი მოვიდა და ამბობდა, მეუღლე სახლიდან დაძაბული ურთიერთობის გამო წავიდა. ოფიციალურად განქორწინებულები ვართ. ახლა ითხოვს შვილების წაყვანას, ბავშვებს კი არ სურთ დედასთან ურთიერთობა, რადგან მისი მხრიდან ძალადობის მსხვერპლები არიანო. დაიკითხნენ ეს ბავშვები. ისინიც ამბობდნენ, რომ დედა მათზე ძალადობდა, არასწორი აღზრდის მეთოდი ჰქონდა, ცდილობდა მათ დასჯას და მასთან წასვლა ამიტომაც არ უნდოდათ, თან შეჩვეულები იყვნენ მამის გარემოს. ფსიქოლოგთან, სოცმუშაკთან შეხვედრებით, მათი ურთიერთობით, დაკვირვებით დადგინდა, რომ ბავშვებს ნამდვილად ჰქონდათ მსგავსი ტიპის ტრავმა, მაგრამ რადგან ყველა ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია ორივე მშობლის ჩართულობა, დედას მიეცა რეკომენდაცია, როგორ გამოესწორებინა ქცევა და ბავშვები დარჩნენ მამასთან, იქ ცხოვრობენ.

- ასეთ დროს ამბობენ, ბავშვები იმ მშობლის გავლენის ქვეშაა, ვისთანაც ცხოვრობსო. ეს ასეა თუ არა, ამის გარკვევა იოლი არ იქნება.

- როდესაც ბავშვი ერთი მშობლის ოჯახშია, აუცილებლად ექცევა მისი ზეგავლენის ქვეშ. თუ მშობელი იაზრებს და თავს იკავებს შვილის თვალწინ სკანდალების მოწყობისა და ყველანაირი ზეწოლისგან, ეს კარგია. თუმცა სამწუხაროდ, იშვიათია, ცოლ-ქმარმა პრობლემები ბავშვს თავზე არ მოახვიოს და მოზარდებსაც უწევთ იმ ყველაფრის გააზრება. მართალია, ხშირად ის მხარდამჭერია იმ მშობლის, ვისთანაც იზრდება. ასევე ხშირია ზეგავლენაც, მაგრამ ეს მარტივად ჩანს, თუნდაც ბავშვის საუბრისას. ხშირად ეუბნებიან დედები, - თუ მამა მოვა და წაგიყვანს, მერე ჩემს თავს არ განახვებსო. ყოფილა შემთხვევა, როცა მამა ეუბნებოდა შვილს, თუ დედასთან იცხოვრებ, იცოდე, მე დამიჭერენ და ციხეში ჩამსვამენო. ამის გამო ბავშვი თავს იკავებდა. როდესაც სასამართლოში გასაუბრება მოხდა, გაორებული იყო და ყველა კითხვაზე ისეთ პასუხს სცემდა, რომ არც ერთი მხარე არ დაეჩაგრა. ზოგადი კითხვაც რომ დაგესვა, მაგალითად, ვისი მომზადებული საჭმელი გიყვარსო? ამბობდა, ორივესიო. ასეთ დროს ფსიქოლოგი მუშაობს და იგებს, რას განიცდის ბავშვი. ზოგადად, შვილის აღზრდისას საჭიროა ორივე მშობლის თანაბარი ჩართულობა, მაგრამ თუკი ეს ვერ ხერხდება, ბავშვს იმის განცდა მაინც არ უნდა დარჩეს, რომ ერთ-ერთი მშობლისთვის ის არასასურველია. აქედან გამომდინარე, როდესაც მშობლები მიმართავენ სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნით, მსგავსი ფორმულირებით: გთხოვთ განსაზღვროთ ჩემი არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებლად ჩემი საცხოვრებელი ადგილი, მეორე მშობელთან ურთიერთობის საკითხს სასამართლო ავტომატურად წყვეტს. ერთ მშობელთან საცხოვრებლად ყოფნა მეორე მშობელს ბავშვთან ურთიერთობას არ უზღუდავს, პირიქით, ვალდებულებაც კი წარმოიქმნება, რომ ორივესთან ჰქონდეს ურთიერთობა.

- არის სასამართლო გადაწყვეტილებები, მაგრამ როცა მხარეებს შორის ურთიერთობა დაძაბულია, ამ გადაწყვეტილების აღსრულებაც ხომ პრობლემაა?

- დიახ, სამწუხაროდ, არის დავები, როცა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ვერ ხერხდება. თუნდაც, როცა მეორე მშობელმა უნდა მოინახულოს ან წაიყვანოს, მაინც ხორციელდება ბავშვზე ზეგავლენა ან ძალადობა, რომ არ გაჰყვეს მეორე მშობელს, რადგან ეშინიათ, რომ შეიძლება იმან უკან არ დააბრუნოს. როდესაც მსგავსი შემთხვევებია, სოციალური სამსახურის ჩართვა გვიწევს და საკითხს ის არეგულირებს. მე მაინც ვფიქრობ, მხარეებმა უნდა გაიაზრონ ის ვალდებულებები, რაც ბავშვების მიმართ აქვთ.

- ადრე 10 წლიდან ეკითხებოდნენ ბავშვს აზრს, ახლა ეს ასაკი ძალიან დაწეულია...

- დიახ, ადრე 10 წლის ზევით ეკითხებოდნენ, თუ რას სურდა მას, მაგრამ ახლა ბავშვთა კოდექსი იძლევა შესაძლებლობას, ნებისმიერი ასაკის ბავშვს მოუსმინონ, თუნდაც 2 წლის იყოს. თუ ბავშვი ვერ საუბრობს გამართულად, შეიძლება დამოკიდებულებით მიანიშნოს და ამასაც ითვალისწინებენ. გვქონდა შემთხვევა, როდესაც 3 წლის ბავშვი თავისუფლად აყალიბებდა აზრს; ამბობდა, რომ უნდოდა ეცხოვრა მამასთან და ფსიქოლოგის დაკვირვებითაც იგივე დადასტურდა. ეს პატარა გოგონა იმდენად დამაჯერებლად და გააზრებულად გამოხატავდა საკუთარ მოსაზრებას, რომ ბევრ ზრდასრულს შეშურდებოდა.

- ძირითადად, დედას ენიჭებოდა უპირატესობა და შვილი მასთან რჩებოდა...

- ადრე იყო ასეთი დამოკიდებულება, მთავარი როლი მაინც დედებს უკავიათ შვილის აღზრდაში, დედები არიან ჩართული ძირითადად, მაგრამ ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ეს ტენდენციაც შეცვლილია. გვქონია შემთხვევები, როცა დედა მუშაობს და მამა ბავშვზე ზრუნავს. საცხოვრებელი ადგილის საკითხის დროს მნიშვნელობა აქვს, თუ ვის მიმართ აქვს ბავშვს მიჯაჭვულობა. ხშირად ამბობენ, რომ მისი ყოფილი მეუღლე ძალიან შეძლებულია, აქვს ბიზნესები, ჰყავს მანქანები და ბავშვს ხომ ვერ წამართმევსო? აქაც, მატერიალურ კუთხეს არ ექცევა დიდი ყურადღება, მთავარი და უპირატესია, თუ ვის მიმართ აქვს მიჯაჭვულობა ბავშვს, ვისთან ყოფნასაა შეჩვეული. მიუღებლობა ხომ არა აქვს იმ სოციუმთან, სადაც უნდა იყოს...

- ალიმენტის საკითხსაც შევეხოთ...

- დედასაც და მამასაც შეუძლიათ ალიმენტის მოთხოვნა. რომელ მშობელთანაც ცხოვრობს ბავშვი, მას შეუძლია ამ მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. იყო შემთხვევა, როცა ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი განისაზღვრა, მაგრამ მამას იმდენად ხშირად მიჰყავდა ბავშვები და იმდენად ხშირად იყვნენ იქ, რომ ფაქტობრივად, დედასთან მხოლოდ შაბათ-კვირას ატარებდნენ. მამა ალიმენტის თანხას ყოველთვე ურიცხავდა ბავშვების დედას ანგარიშზე, მაგრამ მერე, გამომდინარე იქიდან, რომ შვილები უფრო ხშირად მასთან იყვნენ, ალიმენტის მოხსნა მოითხოვა და სასამართლომ მას ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილა. სამოქალაქო დავების დროს თუ საკითხი ერთხელ განხილულია, იმავე საკითხზე საჩივრის შეტანა სასამართლოში არ შეიძლება, მაგრამ როცა საქმე ეხება ბავშვებს, ეს გამონაკლისია. თუკი შეიცვალა გარემოება, მხარეს შეუძლია სასამართლოში ახალი საჩივარი შეიტანოს. მაგალითად, თუ ცხოვრობს დედასთან, მაგრამ ბავშვი უკვე გაიზარდა და მამასთან უკეთ გრძნობს თავს, მამას შეუძლია შეიტანოს საჩივარი და ბავშვის საცხოვრებელ ადგილად თავისი საცხოვრებლის განსაზღვრა მოითხოვოს... მქონდა შემთხვევა, როცა მამა იძახდა, ბავშვი ჩემთან უკეთესად იქნება, ჩემთან უფრო აქვს მიჯაჭვულობა, მაგრამ მე ისე მყარად ვერ ვარ ფინანსურად, რომ საცხოვრებლად ჩემთან წავიყვანო, ამიტომ დარჩეს დედასთანო. სასამართლომ ცნო სარჩელი ამ ნაწილში და როდესაც შეეცვალა პირობები, ახალი სარჩელი შეიტანა, - ბავშვი ვერ მომყავდა, ახლა შემიძლია წავიყვანოო. ასეთი სარჩელები ხშირია. ერთმა ქალბატონმა ყოფილ ქმართან დატოვა შვილები იმის გამო, რომ არ ჰქონდა პირობები. ცხოვრობდა დედასა და ავადმყოფ ძმასთან და ვერანაირად ვერ შეძლებდა ბავშვების მოვლას, მაგრამ მერე წამოდგა ფეხზე და მოითხოვა ბავშვების წაყვანა, ახლა იხილება ეს საქმე სასამართლოში.

nugbara-1687156691.jpg

- ბევრია ემიგრაციაში წასული და ხშირად, მეორე მშობელი არ იძლევა თანხმობას, რომ ვთქვათ დედამ შვილ(ებ)ი ქვეყნიდან გაიყვანოს. ასეთი დავები როგორ წყდება?

- როდესაც ბავშვი მიდის საზღვარგარეთ, ამისთვის ორივე მშობლის თანხმობა აუცილებელია როგორც პასპორტის აღების, ასევე გაყვანის დროს. იმის მიუხედავად, წყვილი განქორწინებულია თუ არა, თანხმობა საჭიროა. თუ ერთი მშობელი ნებაყოფლობით არ იძლევა მინდობილობას, მეორეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და ისე გაიყვანოს საზღვარგარეთ, მაგრამ ასეთ დროს აუცილებელია დაასაბუთოს, თუ რა მიზნით გაჰყავს. შეიძლება დედას მიჰყავდეს ბავშვი ჯანმრთელობის გამო, გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე. თუ ასეთი დავაა და საქმე ბავშვის ჯანმრთელობას ეხება, სასამართლოში რეაგირება სწრაფად ხორციელდება. ასევე შეიძლება დასასვენებლად გაყვანა ან თუ სპორტსმენია, მოცეკვავეა... ყველა შემთხვევაში უნდა მიმართოს სასამართლოს და დაასაბუთოს, რატომ გაჰყავს. თუკი ბავშვი სამშობლოში არ დააბრუნეს, მეორე მშობელს შეუძლია იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფს მიმართოს და სთხოვოს ამ საქმეში დახმარება. ასეთ დროს ერთადერთი პირობაა, იმ ქვეყანაში, სადაც მოზარდი იმყოფება, ბავშვთა კონვენცია მოქმედებდეს. ასე რომ, იმის შიში, ბავშვს არ დააბრუნებენო, არ არის სწორი. აქვე იმასაც გეტყვით, რომ 16 წლამდე ბავშვებში საჭიროა ორივე მშობლის თანხმობა მისი საზღვარგარეთ გაყვანისას, ხოლო 16 წლის ზევით ერთი მშობლის ნებართვაც საკმარისია. ბავშვებსაც შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევენ. მათი წარმომადგენელიც ვარ ხოლმე პროცესებზე, თუკი ბავშვის სურვილია, რომ მისი რომელიმე უფლება აღდგეს. დავის დროს თუ მშობელს ადვოკატი არ ჰყავს, სასამართლო სოციალურ სააგენტოს განჩინებით მიმართავს და ის ჩართავს საქმეში ბავშვისთვის წარმომადგენელს. თუკი დავის დროს საჭირო გახდა ფსიქოლოგის ჩართულობა, ამასაც სასამართლო უზრუნველყოფს.

- ქონებრივი დავების დროს რამდენად არის გათვალისწინებული ბავშვის ინტერესები?

- მოქმედი კანონმდებლობით, როდესაც ქონება ბავშვზეა რეგისტრირებული და ის არის თანამესაკუთრე, მშობელი ამ ქონებას ვერ გაასხვისებს, ასეთ დროს აუცილებელია სასამართლოს მიმართოს და დაასაბუთოს, თუ რა მიზნით სურს აღნიშნული ქონების გაყიდვა და რა სარგებელს მოუტანს ეს ბავშვს. თუკი ამ ნაბიჯით მშობელს სურს პირობები გააუმჯობესოს, ვთქვათ, ცხოვრობს პატარა ბინაში და უნდა შედარებით დიდი ფართობის შეძენა, შერჩეული აქვს თუნდაც ბინა, გასაყიდი ბინისთვის მოძიებული ჰყავს კლიენტი, მაშინ დაუკმაყოფილებენ მოთხოვნას. ძირითადად, ეს პრობლემები აქვთ დევნილებს, რომლებსაც სახელმწიფომ მისცა ქონება და ოჯახის ყველა წევრზე დაარეგისტრირა, ბავშვები თანამესაკუთრეები არიან, ამიტომ სასამართლოს გარეშე ოჯახები ვერ ასხვისებენ ქონებას. 2020 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა ეს ცვლილება. ბავშვის საკუთრებაში არსებული 1.000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე. ქონების განკარგვის მიზანი შეიძლება იყოს ახალი უძრავი ქონების შეძენა ბავშვისთვის, შესაძლოა ქონების გასხვისებით მიღებული თანხა საჭირო იყოს არასრულწლოვნის ჯანმრთელობისთვის, განათლებისთვის, უსაფრთხოებისთვის და ყველა იმ პირობების შესაქმნელად, რაც საჭიროა მისთვის.

- განქორწინების შემთხვევაში სასამართლო გაყოფს თანასაკუთრებაში მიღებულ ქონებას?

- განქორწინება სასამართლო წესით ხდება, ამისთვის საჭიროა ერთ-ერთმა მხარემ განცხადებით მიმართოს სასამართლოს. ეს ძირითადად იმ დროს ხდება, თუ ერთ-ერთი მეუღლე თანახმა არ არის განქორწინებაზე. ქონების გაყოფის საკითხზეც თუ დაობენ, სასამართლო ვალდებულია განიხილოს ეს საკითხიც. გაიყოფა ქონება, რომელიც წარმოადგენს მეუღლეთა საერთო საკუთრებას. საერთო საკუთრება არის ქონება, რაც მეუღლეთა მიერ შეძენილია ქორწინების შემდგომ პერიოდში. თუ მაგალითად, ქორწინების პერიოდში ერთ-ერთ მეუღლეს აჩუქეს ან მემკვიდრეობით გადასცეს რაიმე სახის ქონება, ეს ქონება განქორწინების დროს არ იყოფა, მაგრამ თუ ერთად თანაცხოვრების პერიოდში შეიძინეს ბინა, ის აუცილებლად გაიყოფა. ხშირად მხარეები აპელირებენ, ახლა მე მას რომ გადავუფორმო ეს ქონება, ბავშვებს არ მოახმარს, გაყიდის და მათ ქუჩაში დატოვებსო. ასეთ დროს ვცდილობთ, ამ ქონების თანამესაკუთრედ ბავშვი დავარეგისტრიროთ. თუკი გაყიდვის აუცილებლობა იქნება, მაშინ სასამართლოსთვის მოუწევს მიმართვა და მოსამართლე ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტს საკითხს. მაგალითად, ბავშვის სახელზე იყო ორი ქონება: ერთი დევნილთა სამინისტროს მიერ გადაცემული და მეორე ბაბუას ნაჩუქარი. ოჯახს არ ჰქონდა სახსრები, რომ ბაბუას ნაჩუქარი ბინა გაერემონტებინა. ისინი ამ ბინაში ცხოვრობდნენ და ითხოვდნენ გაეყიდათ დევნილთა სამინისტროს მიერ გადაცემული ქონება. სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მოძრავი ან უძრავი ქონების განკარგა ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით არ ხდება, მშობელს მისი განკარგვის უფლება ვერ მიეცემა. დიდი მნიშვნელობა აქვს საფუძვლის, მიზნის სწორად და გასაგებად ჩამოყალიბებას, თქვენი გულწრფელობა უნდა დაინახოს სოციალურმა მუშაკმა, სასამართლომ. დღეს ბავშვთა უფლებები დაცულია, წინგადადგმული ნაბიჯებიც გვაქვს და ეტაპობრივად ვითარდება. ბავშვის საჭიროებებს მაქსიმალურად ითვალისწინებენ.

თეა ხურცილავა