ნათია ჯაბაურის გატაცება და ცნობილი ადამიანების რეაქციები - გზაპრესი

ნათია ჯაბაურის გატაცება და ცნობილი ადამიანების რეაქციები

37 წლის ნათია ჯაბაურის არქივში არაერთ ცნობილ ადამიანთან გადაღებული სელფი და ავტოგრაფი ინახება. 10 წელზე მეტია, რაც ეს გატაცება აქვს. მის არქივში ქართველებთან ერთად უცხოელ ვარსკვლავებსაც შეხვდებით, ამ გატაცებაზე კი თავად ნათია გვესაუბრება.

- 37 წლის, პროფესიით ექიმი სტომატოლოგი ვარ. გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი, მაგრამ ახლა პროფესიით არ ვარ დაკავებული.

- დიდი ხანია ცნობილ ადამიანებთან სელფების გადაღებით გატაცებული ხარ?

- 10 წელზე მეტი იქნება, მანამდე სხვა გატაცებებიც მქონდა. მსახიობები და ფეხბურთელები ბავშვობიდან გამორჩეულად მიყვარდა. სულ დავდიოდი სპექტაკლებზე, მატჩებზე, კონცერტებზე. სიმართლე გითხრა მორიდებული ვარ, მაგრამ გადაღებებს როგორღაც მაინც ვახერხებ.

350101311-1263847031174409-4356811341156676874-n-copy-1687158376.jpg

- გადაღებაზე უარს არ გეუბნებიან?

- ზოგს უყვარს გადაღება, ზოგს - არა, ბევრი უარსაც მეუბნება, ზოგჯერ ხელი უხეშადაც აუქნევიათ.

- საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე რას გვეტყვი?

- კაშიასთან, ლორიასთან, კვარაცხელიასთან... ყველასთან მაქვს ფოტო. გამოდის, რომ ნაკრების შემადგენლობა უნდა ჩამოვთვალო. ხან სტადიონზე ვახერხებ მათთან გადაღებას, ხან ვიგებ, რომელ სასტუმროში არიან, იქ მივდივარ და ვიღებ. ისინი უკვე მცნობენ, არაერთი ფოტო მაქვს თითოეულთან, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სიტუაციაში გადაღებული. ბოლოს კვარასთან რომ მივედი სელფის გადასაღებად, მკითხა, - ჩემთან ფოტოს გადაღება გინდაო? გადავიღე და მერე მადლობაც გადამიხადა. ბიჭები ყველანი მეგობრულები და თავაზიანები არიან.

- გამორჩეულად გულისხმიერი რომელი ფეხბურთელია?

- გიორგი ჩაკვეტაძე ყოველთვის გამოირჩევა, სხვაგვარად თბილი და ყურადღებიანია. გულისხმიერებით ზოგიერთი ქართველი მსახიობი და მომღერალიც გამოირჩევა.

- მაგალითად?

- დათუნა მგელაძე უნდა დავასახელო. კონცერტის მსვლელობისას მასთან მივედი და სელფის გადაღება ვთხოვე, მერე თავად სხვა მომღერლებთან წამომყვა და ფოტოები მათთანაც გადამაღებინა. ასევე მოიქცა გიგი მიგრიაული, კულისებში შემიყვანა და მისი დახმარებით სელფი არაერთ მსახიობთან გადავიღე.

vensan-peresi-copy-1687158402.jpg

- ცნობილი ადამიანებიდან უჟმური რომელია, შეგიძლია დამისახელო?

- ასეთი არაერთია, ზოგს ტელეფონიც კი წაურთმევია. ზურა შევარდნაძე უხეშობით გამორჩეულია. ამას თავადაც აღიარებს, ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამიც აქვს. ოფიციალურად კამერების წინ უფრო თბილები არიან. ამერიკელი მსახიობი ჯონ მალკოვიჩი პირველად რომ იყო საქართველოში, მაშინ შევხვდი და უარი მითხრა, სურათების გადაღება არ მიყვარსო. ანდრეი მაკარევიჩთან მისვლაში დაცვა დამეხმარა და გადაღება ასე მოვახერხე. სხვათა შორის, დაცვა ხშირად მეხმარება.

- ასეთს რას ეუბნები?

- საერთოდ ცოტას ვლაპარაკობ და თავად არ ვიცი, როგორ ვახერხებ, მაგრამ როგორღაც შევდივარ. დანიის ფეხბურთის ნაკრები რომ იყო ჩამოსული, ფოტო კრისტიან ერიქსენთან გადავიღე. შემდეგ მალე მოხდა, გულის შეტევა რომ დაემართა, მოედანზე ცუდად გახდა. ჩემი ოჯახის წევრებს მასთან გადაღებული ფოტო რომ ვაჩვენე, გაუკვირდათ.

- სახალისო შემთხვევები თუ გაქვს?

- სახალისო ნაკლებად, უფრო მეჩხუბებიან, სცენაზე არ ამოხვიდეო. გიორგი მეგრელიშვილი ფილმს "ნამცეცა და გულივერი" იღებდა. იქ მივედი გადასაღებად. ისე მოხდა, რომ კადრში შემიყვანა, პატარა ეპიზოდური როლი ვითამაშე. მსახიობობა ძალიან მომეწონა. გიორგის მანამდეც ვიცნობდი. ზოგჯერ საათობით ველოდები ადამიანს, სასტუმროდან რომ გამოვიდეს და ერთი კადრის გადაღება მოვახერხო. დღეს გავიგე, შონ პენი საქართველოშიაო, სახლიდან დილის 10 საათზე რომ გავედი, მთელი დღე ქუჩაში ვიყავი, სასტუმროსთან, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ შევხვდი.

- სერიალების, ფiლმების გადაღებებზე ხშირად მიდიხარ?

- კი, ახლახან ინდოელები იღებდნენ და იქ წავედი, გერმანელებთანაც ვიყავი, ადრე - უკრაინელებთან. ძალიან მინდოდა "ფორსაჟის" გადაღებებს დავსწრებოდი, მაგრამ შესვლა ვერ მოვახერხე, იქ დაცვა ძალიან გაძლიერებული იყო.

- ქართველი მსახიობებიდან თუ არის რომელიმე, ვისთანაც გინდა სელფი გქონდეს და დღემდე ვერ მოახერხე?

- მერაბ ნინიძესთან გადაღება ძალიან მინდოდა და ეს სურვილი უკვე ავისრულე. მასთან შეხვედრა ტარდებოდა, ამ შემთხვევით ვისარგებლე. ბატონ მერაბს ვუთხარი, ფილმიდან "მონანიება" მახსოვხართ-მეთქი და ესიამოვნა, ძალიან კარგი ადამიანია.

dolp-lundgreni-copy-1687158415.jpg

- უცხოელი და ქართველი ვარსკვლავები ერთმანეთისგან განსხვავდებიან?

- უცხოელი ვარსკვლავები უფრო ღია და გახსნილები არიან, ვიდრე ქართველი მსახიობები.

- პოლიტიკოსებით ინტერესდები?

- რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილთან სელფი ახლახან გადავიღე; გიორგი გახარიამ მითხრა, კარგი გოგო ხარო. კახა კალაძესთან ფოტოები მისი ფეხბურთელობის პერიოდიდან მაქვს გადაღებული. ბერასთანაც მაქვს ერთი სელფი გადაღებული.

- შენს არქივში თუ არის ფოტო, რომელიც განსაკუთრებით გეამაყება?

- დიღომში კინოსტუდიაში ცნობილ შვედ მსახიობს და რეჟისორს დოლფ ლუნდგრენს შევხვდი და გადავიღე. ინტერნეტით ვიგებ ვინ ჩამოდის, როგორი იქნება მისი გადაადგილების მარშუტი და ასე ვახერხებ. ერთ-ერთი პირველი იყო პლატინი, ვისგანაც ავტოგრაფიც ავიღე. კრიშტიანუ რონალდუს ავტოგრაფიც მაქვს, მას თბილისში სტადიონზე შევხდი, 2015 წელს. თბილისში შევხვდი თურქული სერიალების ცნობილ მსახიობებს ჰალილს და ნანუკა სტამბოლიშვილს, ასევე ებრუ საჰინის.

- ისეთ ადამიანს თუ იცნობ, ვისაც იგივე ჰობი აქვს?

- საქართველოში არa მგონია ვინმე იყოს, საზღვარგარეთ კი ბევრია, ვისაც ეს გატაცება აქვს. კარგი იქნება, გამოფენის გაკეთებას თუ შევძლებ, ამ ეტაპზე ეს მხოლოდ სურვილია.

თამუნა კვინიკაძე