ქალი, რომელიც სოხუმელებს და არა მხოლოდ, სოხუმის გარშემო აერთიანებს - გზაპრესი

ქალი, რომელიც სოხუმელებს და არა მხოლოდ, სოხუმის გარშემო აერთიანებს

"ლექსებს, სიმღერებს ბავშვობიდან ვწერდი, ცეკვაზეც დავდიოდი, შემოქმედებითი ცხოვრებით ვიყავი გატაცებული, თუმცა პროფესიით რადიოლოგი გავხდი, მაგრამ ომმა ყველაფერი შეცვალა და თავდაყირა დააყენა. ბოლო წლებია მონატრებამ სოხუმზე ლექსების წერა აქტიურად დამაწყებინა, რასაც სოციალურ სივრცეშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შეიძლება ითქვას, წერა ხალხის მოთხოვნით გავაგრძელე, დღეს ორი წიგნის ავტორი ვარ და ახლა მესამეზეც ვმუშაობ. სოხუმთან დაკავშირებით გავმართე შემოქმედებითი საღამოები, კონცერტები და ბოლო 5 წელია ამ საქმით აქტიურად ვარ დაკავებული, ვინაიდან აფხაზეთს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. 30 წელია დაბრუნების მოლოდინის რეჟიმში ვართ. ვცდილობ, აფხაზეთიდან წამოსულ ხალხს შინ დაბრუნების იმედი გავუღვივო. მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური ნიშნისა, ჩვენდა სასიკეთოდ გავაერთიანო ადამიანები: სიმღერით, ცეკვით, მონოლოგით თუ ლექსით, ასევე ემიგრანტების ჩართულობით, ცნობილი თუ არაცნობილი სახეებით, საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილებით, ვინაიდან მხოლოდ ერთობით გავძლიერდებით და შევძლებთ ოცნების ახდენას, რასაც აფხაზეთის დაბრუნება ჰქვია. ერთად ყველაფერი გამოგვივა! ჩვენ ერთმანეთს და აფხაზეთს დავიბრუნებთ!" - ეს სიტყვები ეკუთვნის ქალბატონს, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხიდანაა. არასამთავრობო ორგანიზაციის - "აფხაზეთი ჩვენი" დამფუძნებელი, არაერთი სიმღერის მუსიკისა და ტექსტის ავტორი, სხვადასხვა პროექტისა და ღონისძიების ორგანიზებით აფხაზეთის გახსენებას ცდილობს. ალბათ ჩვენ შორის არიან ადამიანები, ვისაც ამ კონკრეტული კუთხის დაკარგვა განსაკუთრებით მძაფრად შეეხო, მომხდარი დღემდე ახალი იარასავით სტკივა და მათ შორის არის ნინო მირცხულავაც.

- წელს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 30 წელი სრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით მინდა აფხაზეთთან დაკავშირებული შემოქმედებითი საღამო ჩავატარო. ტელევიზიებში რომ მივდივარ და როცა ორგანიზაციის "აფხაზეთი ჩვენი" დამფუძნებელთან ერთად, პოეტს, მწერალსა და კომპოზიტორს მიწოდებენ, სულ ვეწინააღმდეგები. როცა სხვადასხვა სიგელს გადმომცემენ, იქ ამ ჩამონათვალთან ერთად წერია "საზოგადო მოღვაწე". იმდენ ხალხთან მაქვს ურთიერთობა და იმდენ ადამიანს ვაერთიანებ, ყველამ ეს სიტყვები აიტაცა და ალბათ ასეც არის. დიდი სურვილი მაქვს, ჩემი ორგანიზაციის მეშვეობით, ყველა ის ადამიანი წარმოვაჩინო, ვინც შემოქმედებითი კუთხით, აფხაზეთის თემასთან დაკავშირებულ კარგ საქმეს აკეთებს. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, ჩვენ ყველას აფხაზეთის სიყვარული გვაერთიანებს. აქამდე რასაც ვაკეთებ, ყველაფერი ჩემი ძალებით და ბევრი ცნობილი ადამიანის მხარდაჭერით ხდება. ისინი ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მონაწილეობენ ჩემს ორგანიზებულ საღამოებში. მაქვს ჩვენი აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობაც, დარბაზისა თუ სხვა ტექნიკური საკითხების მოგვარების პროცესშიც, მაგრამ სამომავლოდ, თუ კულტურის სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერას მოვიპოვებ, საშემოდგომოდ უფრო მასშტაბური ღონისძიების ჩატარებას ვგეგმავ.

- ქალბატონო ნინო, აფხაზეთში ბოლოს როდის იყავით?

- აფხაზეთში ომის შემდეგ, ანუ 30 წელია არ ვყოფილვარ. მიუხედავად იმისა, რომ მეუბნებიან ჩამოდიო, ვერ მივდივარ, რადგან ეს ჩემთვის ძალიან ემოციურია. ჩემს სახლში სხვა ცხოვრობს. სოხუმიდან ყოველ წელს მიგზავნიან ფოტოებს და ჩემთვის ამ ყველაფრის ნახვა არასასიამოვნოა. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, იქ ჩასული შეიძლება ისტერიკაში ჩავვარდე ან გული გამისკდეს. თუ ყველა ერთად დავბრუნდებით, კი ბატონო, მაგრამ ჩემს კუთხეში სტუმარივით ვერ წავალ.

- მესმის, რამდენად ემოციურია... ამ თემაზე კითხვის დასმაც კი მერიდება, თუმცა ომთან დაკავშირებული ეპიზოდებისა და მეტის გაგების სურვილი მაქვს. რა როგორ გამოიარეთ და ომიდან როგორ გამოაღწიეთ, თუ შეძლებთ ამაზე მიამბოთ?

- ნუ გერიდებათ. როცა აფხაზეთზე საუბარი მიწევს, ასე მგონია, ყველა პატარ-პატარა სიკეთეს ვაკეთებთ. ადამიანების დიდ ნაწილში მიმართლებს, მაგრამ ისეც ხდება, რომ მესმის ფრაზა: იცით, აფხაზეთის თემა ახლა აქტუალური არ არისო. ამის გამო გულზე ვსკდები, როგორ შეიძლება აქტუალური არ იყოს ან მხოლოდ აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით გადიოდეს ამ მხარეზე ტელევიზიით სიუჟეტები და გადაცემები?! პირიქით, აფხაზეთი ყოველთვის, ყოველდღიურად უნდა გვახსოვდეს და მასზე ვილაპარაკოთ. ხშირად უნდა ვიმეოროთ, რომ ჩვენ დავბრუნდებით! ჯადოქარი არ ვარ, მაგრამ იქნებ ამ შეძახილმა "საქმე" გააკეთოს და თან, აფხაზეთზე ლაპარაკითა და მის გარშემო ტრიალით, ცუდს არაფერს ვაკეთებთ, მგონი, პირიქით...

- კონკრეტულად სად ცხოვრობდით?

- სოხუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ვცხოვრობდი. ჩემი სახლის წინ იყო აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სკოლა რომ დავამთავრე, ფაქტობრივად, ომი მაშინ დაიწყო. ბევრი ტრაგედია გამოვიარე და შეიძლება ითქვას, სიკვდილსაც ჩავხედე თვალებში.

ოჯახში დედ-მამა, 8 წლით უფროსი ძმა და მე ვცხოვრობდით. დღეს ჩემი მშობლები ცოცხალები აღარ არიან. დედა ფილოლოგი, ლექტორი გახლდათ, ხოლო მამა ფსიქიატრი. თბილი, კარგი ადამიანები იყვნენ და ვცხოვრობდით შეხმატკბილებულები არაჩვეულებრივ სამეზობლოსთან ერთად. ჭირსა და ლხინში ერთად ვიყავით სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები: ქართველი, აფხაზი, რუსი, ბერძენი, სომეხი... ცუდი არაფერი მახსენდება, პირიქით, მაგრამ პოლიტიკამ ყველაფერი არია და დღესაც ბოლომდე გაურკვეველია, სინამდვილეში რა და როგორ მოხდა.

ომი რომ დაიწყო, პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი. გოგონები ზღვაზე გავედით და შინ დაბრუნებისას დედაჩემი უნივერსიტეტთან შეშლილი სახით დამხვდა, ომი დაიწყოო. 17 წლის ვიყავი, არ მეგონა ეს თუ მოხდებოდა. წინა დღეებში ტელევიზორსაც არ ვუყურებდი. როგორც კი შინ ფეხი შევდგი, ტყვიების კაკანი დაიწყო. მაშინ პირველად დავიწყე მხურვალე ლოცვა, რაც ალბათ მანამდე არასდროს გამიკეთებია. ჩემი მშობლები მორწმუნეები კი იყვნენ, მაგრამ კომუნისტების დროს ეკლესიაში ხშირად არ დადიოდნენ. იმ დღეს ბიბლიას ხელი რომ მოვკიდეთ, აღარ გაგვიშვია. ვფიქრობ, ამანაც გადაგვარჩინა. თავდაპირველად ომი გაგრაში მიდიოდა და მას "პირველ ომს" ვეძახი. იქაური ქვემეხების ხმა ჩვენამდეც აღწევდა. ჩემი მეგობარი გოგონები სოხუმიდან თვითმფრინავით გამოვუშვით. მე და ჩემი ბიძაშვილებიც ბოლო თვითმფრინავით გამოვფრინდით და თბილისში 1 წლით დავრჩი. აკადემიური ავიღე, რადგან სწავლაზე კონცენტრირება არ შემეძლო. ინსტიტუტში ვერ ვივლიდი, რადგან ჩემს მშობლებს სახლ-კარი წუთით არ მიუტოვებიათ, ჩემი ძმაც სოხუმში იყო და სულ მათზე ვფიქრობდი. ამის შემდეგ ვითომ "შერიგება" რომ მოხდა, სოხუმში არსებულ უნივერსიტეტებში დაბრუნდნენ სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტები, ჩავიდნენ იქ მცხოვრებლებიც და მათ შორის მეც. მატარებლით გავემგზავრე. ნანგრევებად ქცეულ ქალაქში, გაშავებული შენობების გვერდით, სადგურიდან ჩემს სახლამდე ფეხით მივედი. გზად ცრემლად ვიღვრებოდი. კარზე ზარი რომ დავრეკე, შემეგება ჩემი ძმა და დედ-მამა. ოთხივე ჩახუტებულები ვიდექით და დიდხანს ვტიროდით. მშობლიური სახლი ძალიან უცხოდ მომეჩვენა. თან, ფანჯრებზე ლეიბები იყო აკრული, ჩამსხვრევისას ნამსხვრევებისგან თავდასაცავად. ყველაფერი დავალაგე, დავასუფთავე და გვიან დავწექი. დაახლოებით 3 საათი იქნებოდა, როცა ძლიერმა ხმამ გამაღვიძა, ყველაფერი დაზანზარდა და წითლად განათდა. სირენები ჩაირთო. მამამ ყველას სარდაფში ჩასვლისკენ მიგვითითა, ახლა დაბომბვა დაიწყებაო. მთელი ღამე ცაზე თვითმფრინავები ტრიალებდნენ, სოხუმი იბომბებოდა. ეს უკვე ის პერიოდია, როცა სოხუმის აღებამდე საბოლოო ბრძოლები მიდის. სარდაფში 10 დღე გავატარე. მეზობლის კაცი გვაკითხავდა, ხომ ცოცხლები ხართო? ნელ-ნელა სამეზობლოდან ყველა გაიკრიფა. იმ მიდამოში დავრჩით მე, დედაჩემი და ჩვენი ხანში შესული მეზობელი. ბიძაჩემი სამინისტროში მუშაობდა. გვაიმედებდა, სოხუმი არ დაეცემაო. როცა სარდაფიდან ამოსვლა გადავწყვიტეთ, ინსტინქტურად სამინისტროსკენ გავიქეცი. დედა გამომყვა. ფიქრობდა, სამინისტრომდე მივყვები და მერე შინ მივბრუნდებიო. გზად ბიძაშვილის სახლი უნდა გამევლო, ის დაჭრილებს ჭრილობას უხვევდა. ხან გავრბოდი, ხან ვხოხავდი, მკვდრებზე გადავლამაც მომიწია და იქამდე მისასვლელად ბევრი მსგავსი მძიმე წუთებიც დამჭირდა. სამინისტრომდე რომ მივედი, ეს ზუსტად ის პერიოდი იყო, როცა სოხუმში ედუარდ შევარდნაძე ჩამოფრინდა. ამ დროს სირენები ჩაირთო და დაბომბვის საშიშროების მიზნით, ყველანი ბუნკერში ჩაგვყარეს. ცოტა ხანში შენობას ყვითელი ავტობუსები მოაყენეს, დედა, მე და ბუნკერში მყოფი ხალხი ერთად, ტყეში გადაგვიყვანეს.

- თქვენი ძმა და მამა სად იყვნენ?

- სოხუმის სახლში. დედაც იქ დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ ეს ვეღარ შეძლო. ტყიდან ალმოდებული ქალაქი ჩანდა... იმ დროს ზღვაში ნაპირს უკრაინის გემი მოადგა. ტყეში 10 ოჯახი უცხო სახლში თავს აფარებდა და როცა უკვე მისი დატოვება გადავწყვიტეთ, ხალხის ნაწილი სვანეთის გზას დაადგა, მე კი გემი რომ დავინახე, ინსტინქტურად ზღვისკენ წავედი. დედა უკან დამედევნა. დღესაც თვალწინ მიდგას ტყეში ჩვენი ბიჭების 2 თვითმფრინავის ჩამოვარდნა. მძიმე სანახავი იყო ეს ყველაფერი... სანაპიროზე რომ მივედი, ბევრი ხალხი ირეოდა. მაშინ არც შუქი იყო, არც ტელეფონები და არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა. გემზე რომ შევაღწიეთ, ხმა გავარდა, ახლა გემსაც დაბომბავენო და ხალხის ნაწილი ისევ ნაპირზე გადავიდა. უკრაინელები გვარწმუნებდნენ, ტყუილია, ეს არ მოხდება, ხმა მათ გაავრცელეს, ვინც გემზე მოხვედრა ვერ შეძლოო. გემი რომ დაიძრა, ყველანი უხმოდ ვისხედით, თუ არ ჩავთვლით დაჭრილების წუხილსა და წყლის დალევის სურვილის მთხოვნელებს, ხმას ვერავინ იღებდა. ის ძაღლიც კი მახსოვს, რომელიც გემის დაძვრისას თავის პატრონს გამოეტირა. მერე ამ ამბავზე ლექსი დავწერე, სიმღერა შევქმენი და მას სალომე ბაკურაძე ასრულებს... ფოთში ჩამოსულებს, მერიის მანქანები დაგვხვდა, რომელმაც ზუგდიდის მიმართულებით წაგვიყვანა. 26 სექტემბერი იყო, როცა ბიძაჩემის სახლში მივედით. იქ არავინ გველოდა, ყველა გაშეშებული შემოგვცქეროდა. ოთახში შესულებმა ჩართული ტელევიზორიდან გავიგეთ, რომ სოხუმი იმ დღეს დაეცა... მამაჩემი და ჩემი ძმა დაღუპულები გვეგონა, მაგრამ ცოცხლები გადარჩნენ - 10 დღის შემდეგ ზუგდიდში ფეხით ჩამოვიდნენ.

- გმადლობთ ამ მძიმე დღეების გახსენებისთვის... ქალბატონო ნინო, წამოსულია თაობა, რომლის ნაწილმა ასეთი ამბები არ იცის. ბუნებრივია, არ იცნობს კუთხეს, რადგან აფხაზეთში არ ყოფილა და ვერ ჩადის, მაგრამ როგორც ზევით ბრძანეთ, ვიღაცისთვის იქნებ აფხაზეთის თემა დღეს იმიტომ აღარ არის აქტუალური, რომ შევეგუეთ და ჩავთვალეთ, რომ ეს მხარე სამუდამოდ დავკარგეთ?

- ზუსტი პასუხი არ მაქვს. ყველაფერი პოლიტიკაზეა დამოკიდებული და არავინ იცის, ხვალ რა იქნება. რაც შეეხება ახალ თაობას, ჩემი ოჯახის მაგალითზე გეტყვით: მე სოხუმელი ვარ, მეუღლე - არა, მაგრამ ჩემმა შვილმა ჩემზე უკეთ იცის აფხაზეთის შესახებ ყველაფერი. ჩემს პატივსაცემად თუ თავისი ნიჭის გამო, პოლიტიკური მეცნიერებების შესწავლა გადაწყვიტა. მისი მეგობრებიც, რომლებიც სოხუმელები არ არიან, ასევე ძალიან არიან დაინტერესებული ამ თემითა და სოხუმთან დაკავშირებული ამბებით. როცა ეს მესმის, გული სიამაყით მევსება.

- ალბათ თითოეული მშობლის ბრალია, ჩვენში უნდა ვეძებოთ მიზეზი, თუ მოზარდებს და ჩვენს შვილებს არ ველაპარაკებით აფხაზეთის ომზე, მის გმირებზე, ცალკეულ ოჯახურ ტრაგედიებზე...

- დიახ, ასეა... ბევრს შეუძლია გაუკვირდეს და თქვას, დღეს ისეთი დრო და ცხოვრებაა, ვიღაs ახსოვს პატრიოტობაო, მაგრამ მშვიდად ყოფნა და აფხაზეთის არ გახსენება არ შემიძლია. მე ხომ ვიცი, როგორ მოკლეს ჩემი კლასელი, როგორ აწამეს ჩემი მეგობრები, მამას შვილი როგორ დაამარხvინეს და მერე ის კაცი საფლავს დააკლეს, ბიძაჩემს ყელი გამოsჭრეს და დღემდე არ ვიცით, სად არის დასაფლავებული. ეს ყველაფერი როგორ დავივიწყო? მინდა იმ ხალხისა და ბიჭების წინაშეც მართლები ვიყოთ, ვინც იქ ჩაიხოცა. ერთ-ერთი მიზეზიც ესაა, რომ ვინც ამ ყველაფერს შეეწირა, მათ გამოც, ჩვენ აფხაზეთში უნდა დავბრუნდეთ.

348909822-181620591540399-6637330536836855416-n-copy-1687158646.jpg

- სკოლის მოსწავლეებთან, ახალგაზრდებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ხომ არ გეგმავთ?

- სწორედ ამას ვაკეთებ და ორგანიზაციაც იმიტომ შევქმენი, რომ ახალ თაობას შეეძლოს როგორც აფხაზეთის თემაზე ინფორმაციის მოპოვება, ისე აფხაზეთიდან წამოსულ ხალხთან კავშირი. რამდენიმე სკოლამ აქტიურად გაიზიარა ჩემი მოსაზრება და მხარი დამიჭირეს იმაში, რომ ბავშვებს აფხაზეთზე ვესაუბროთ. ამ ფაქტმა გამახარა. ზოგჯერ ვფიქრობ, ამ კუთხით აქტიურობა აქამდე რატომ არ დავიწყე-მეთქი? მაგრამ ღმერთმა ამის ნიჭი და უნარი როცა მომცა, მაშინ დავიწყე და დიდი იმედი მაქვს, მომავალშიც გავაგრძელებ.

P.S. ამას წინათ სოციალურ სივრცეში ნინო მირცხულავას მორიგ მოგონებას წავაწყდი. ერთ დღეს მეგობართან ერთად თბილისის ქუჩების მოვლის შემდეგ, შინ დაბრუნებულს იდეა გასჩენია, რომელიც მინდა თქვენც გაგაცნოთ:

"...სახლში მისულს ფიქრები არ მასვენებდა, რა კარგი იქნებოდა, რომ თბილისის ქუჩებში ვხედავდე ბანერებს წარწერით: "ჩვენ დავბრუნდებით", "აფხაზეთი საქართველოა",

"დიდება აფხაზეთში დაღუპულ გმირებს", "გაისად სოხუმში" ან "სოხუმის პეიზაჟებს"...

ქალბატონი ნინოს აზრი მომეწონა და ვფიქრობ, ამ ინფორმაციული მესიჯების მნიშვნელობის გააზრება რთული არ უნდა იყოს, მისი განხორციელება კი შესაბამისი უწყებების კეთილ ნებასა და მონდომებაზეა დამოკიდებული...

ანა კალანდაძე