"შემიძლია, საყვარელი ადამიანისთვის ნებისმიერ რამეზე ვთქვა უარი" - გზაპრესი

"შემიძლია, საყვარელი ადამიანისთვის ნებისმიერ რამეზე ვთქვა უარი"

სახელი გვარი: ელენე დავითაია.

ასაკი: 22 წლის.

განათლება: სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე.

ამჟამინდელი საქმიანობა: სამეჯლისო-სპორტული ცეკვების შემსრულებელი.

ჰობი: ხატვა, მუსიკის მოსმენა, ფილმების ყურება...

ცხოვრების დევიზი: "იცხოვრე დღევანდელი დღით!"

- როცა სარკეში იყურები, ვის ხედავ?

- ძალიან ძლიერ ადამიანს, რადგან ბავშვობიდან ბევრი რამ მაქვს გამოვლილი, თუნდაც ის, რომ პატარა ასაკის ვიყავი, როცა საზღვარგარეთ გავემგზავრე და იქ მარტო ვცხოვრობდი; ასევე, ცეკვასთან დაკავშირებით, მეწყვილეების გამოცვლა სირთულეებს უკავშირდება...

- დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად ვის ესაუბრები?

- ჩემს ძმას (იცინის). თითქმის ყველაფერს ვუყვები, ყველა თემაზე ვსაუბრობთ. ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს. თითქმის ყველგან ერთად დავდივართ და სამეგობრო წრეც კი საერთო გვყავს. რა თქმა უნდა, საუკეთესო დაქალიც მყავს, მაგრამ ყველაზე ხშირად ძმასთან ვსაუბრობ.

- ძმაც ცეკვავს?

- არა, პროგრამირებას სწავლობს.

- შენი მესაიდუმლე ვინ არის?

- ძმა, ჩემი ბავშვობის უახლოესი დაქალი და რა თქმა უნდა, დედაჩემი. მათთვის ყველაფრის თქმა და გაზიარება შემიძლია.

- ახლობლები მოფერებით რა მეტსახელით მოგმართავენ?

- ძალიან ხშირად, ელენიკოთი მომმართავენ, რაც არ მომწონს.

- წარმატებაში ხასიათის რომელი თვისება გეხმარება?

- მიზანდასახულობა.

- ოდესმე თავი უსარგებლო ადამიანად გიგრძნია?

- არასოდეს. იცი, როგორი ადამიანი ვარ? თუნდაც, პრობლემა თავად მქონდეს, ამაშიც კი რაღაც დადებითს ვიპოვი. რამეში საკუთარი თავის ბოლომდე დადანაშაულება არ მიყვარს, რადგან მერე ისევ ჩემზე მოქმედებს უარყოფითად. გამოსწორება ყოველთვის შეიძლება.

- რამ შეიძლება, ემოციების კონტროლის უნარი დაგაკარგვინოს?

- საერთოდ, ძალიან ფეთქებადი ხასიათი მაქვს. ემოციური კი ვარ, მაგრამ ეს თითქმის არავინ იცის, რადგან ამის ჩვენება არ მიყვარს... ვინმე თუ მატყუებს, ამ დროს არაადეკვატური ვხდები: შეიძლება ძალიან ცუდი სიტყვები წამომცდეს (იცინის). კარგი ისაა, რომ წყენა მალევე მავიწყდება.

- ახლობელს შენი მოტყუება უცდია?

- კი, მოვუტყუებივარ კიდეც, მაგრამ ტყუილი არასოდეს იმალება... მერე, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაქცია მქონია... საერთოდ, შეიძლება ადამიანმა მოგატყუოს, მაგრამ მგონია, რომ კარმულად უკან დაუბრუნდება და მისი ტყუილის შესახებ აუცილებლად გავიგებ. ასეც მოხდა: ვიცოდი, რომ გავიგებდი, თუ რამეს მომატყუებდა და გავიგე კიდეც.

- ერთმანეთი დაკარგეთ?

- კი. ახლა უკვე არანაირი კონტაქტი აღარ გვაქვს.

- შენი განწყობის უებარი წამალი რა არის?

- პირველ რიგში, ვარჯიში. ცეკვის დროს საერთოდ არაფერი მახსოვს ხოლმე; ასევე, რა თქმა უნდა, დაქალთან ერთად სადმე გასართობად წასვლა.

- როცა არასასურველი ადამიანი გეფლირტავება, როგორ იქცევი?

- საერთოდ, მარტივად შემიძლია ადამიანი მივახვედრო, რომ მისი ფლირტის მცდელობა არ მსიამოვნებს და შეიძლება მის ლაპარაკს საერთოდ არ ვუპასუხო. ვფიქრობ, რაც უფრო მეტჯერ ვუპასუხებ, თუნდაც - უარყოფითად, უფრო არ დამანებებს თავს. "დაიგნორებით" ვიშორებ ხოლმე (იცინის).

- როგორ ფიქრობ, სიყვარული ფსიქიკური აშლილობაა?

- არა, არა მგონია. ნამდვილად მყვარებია და ფსიქიკურ აშლილობად არ მიმაჩნია.

- როცა შეყვარებული ხარ, როგორი ხდები?

- მიმნდობი. ვინც მიყვარს, იმ ადამიანს საერთოდ ყველაფერში ვენდობი. შემიძლია მისთვის ყველაფერი გავაკეთო, ნებისმიერ რამეზე უარი ვთქვა...

- კარიერის დათმობაც შეგიძლია?

- ცეკვის გარდა-მეთქი, უნდა მეთქვა (იცინის)... მინდა ურთიერთობა ისეთ ადამიანთან მქონდეს, ვინც ჩემს კარიერას "აეწყობა" და გამიგებს. ცეკვის სფეროში ვინც მუშაობს, მათ კარგად ესმით, როგორი რთული საქმე გვაქვს, სხვებისთვის კი ძნელია გაიგონ, რომ შეიძლება, მოცეკვავე ყოველთვე სადმე მიფრინავდეს, სულ ვარჯიშზე იყოს, შენთვის დრო არ ჰქონდეს... ისეთის პოვნა, ვინც ამას გაიგებს, რთულია. სულ მინდოდა მეპოვა ადამიანი, ვინც ჩემი ცხოვრების სტილს (ცეკვის მხრივ) აჰყვებოდა.

- საყვარელ ადამიანთან დაშორების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ამ საკითხში ვერ გაგიგო?

- არა. ჩემი აზრით, როცა ადამიანმა იცის, ეს საქმე გიყვარს, ამასთან დაკავშირებით როგორ დისკომფორტსაც უნდა გრძნობდეს, შეიძლება არ გითხრას, მაგრამ დროდადრო რაღაცები თავისთავად გამოჩნდება. შეიძლება ჩემთვის არ უთქვამს, - არ მომწონს, რომ ცეკვავო, მაგრამ რაღაცნაირად, ამას თავად ვხვდებოდი. შეიძლება მომეჩვენა კიდეც, მაგრამ ვფიქრობ, ასეთი რაღაც არ მომეჩვენებოდა. ცდილობდა, არ ეგრძნობინებინა...

- საბოლოო ჯამში, თქვენი დაშორების მიზეზი რა გახდა?

- ცეკვას არ ეხებოდა. დაშორება ორივეს გადაწყვეტილება იყო. ერთმანეთს ვერ გავუგეთ. ურთიერთგაგებას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ წყვილს ერთმანეთის არ ესმის, ვერ ეწყობიან, ჯობია, ურთიერთობა დაასრულონ.

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდი?

- ტელეპორტაციის უნარს. რომელ ქვეყანაშიც ვისურვებდი, იქ ამოვყოფდი თავს. მოგზაურობა ძალიან მიყვარს და მთელ მსოფლიოს შემოვივლიდი (იცინის).

- გაგვიმხილე შენი მავნე ჩვევის შესახებ, რომელიც უკვე დასძლიე...

- ბავშვობაში ფრჩხილებს ვიკვნეტდი, ახლა - აღარ (იცინის). ამ მავნე ჩვევის გამო მაშინ ძალიან მეჩხუბებოდნენ. მეუბნებოდნენ, - უშნო თითები გექნებაო. ახლა რომ შემომხედავენ, პირველ რიგში, ჩემი თითები მოსწონთ (იცინის).

- ინტერნეტს რამდენ დროს უთმობ?

- ვაიმე, ბევრს, მაგრამ სიმართლე გითხრა, მესიჯობა არ მიყვარს - სერიალების, ფილმების ყურება, მუსიკის მოსმენა მომწონს. ძირითადად, არ მცალია, მთელი დღე ვვარჯიშობ. ცეკვის დარბაზიდან როგორც კი გამოვდივარ, გზაშივე ფილმს ან რამეს ჩავრთავ და ვუყურებ. ამის გამო ღამით გვიან ვიძინებ... საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ ინტერნეტს ბევრ დროს ვუთმობ.

- მოულოდნელად მილიონი დოლარი რომ მიიღო, როგორ გაანაწილებ, შენს ცხოვრებას როგორ წარმართავ?

- ოჯახის წევრებს, ჩემს საყვარელ ადამიანებს მივცემ - ამას წყალი არ გაუვა. დანარჩენს, რაც იმ თანხიდან შემხვდება, ყველაფერს ცეკვას მოვახმარ. პირველ რიგში, ზუსტად ვიცი, აქ აღარ ვიცხოვრებ - ისეთ ქვეყანაში წავალ, სადაც ცეკვა უფრო მეტად განვითარებულია...

- ადამიანთან შეხვედრისას პირველად მისი გარეგნობის რა დეტალი იქცევს შენს ყურადღებას?

- ჩაცმულობა, რადგან შეიძლება, ადამიანს ლამაზი ნაკვთები საერთოდ არ ჰქონდეს, მაგრამ ჩაცმის კარგი სტილით და მანერებით მოგეწონოს.

- უსამართლობის განცდა ბოლოს რის გამო დაგეუფლა?

- ეს ცეკვას არ ეხება. ცეკვისას უსამართლობის გრძნობა არასდროს მეუფლება, რადგან ზოგადად, რასაც ვიღებ, მგონია, რომ ასე უნდა იყოს... ალბათ, ასეთი განცდა ზოგი, ახლა უკვე ყოფილი, მეგობრის ჩემ მიმართ ცუდი დამოკიდებულების გამო დამეუფლა.

4j2a7237-copy-1687158856.jpg

- როგორი მამაკაცი ვერ იქნება შენ გვერდით ვერასდროს?

- ჩამოუყალიბებელი, თავისი საქმე და პროფესია რომ არ გააჩნია, რადგან ჩემი აზრით, ეს ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. მე ჩემი საქმე და პროფესია მაქვს. მიმაჩნია, რომ მასაც უნდა ჰქონდეს, ჩემზე დამოკიდებული არ უნდა იყოს.

- შენთვის კომფორტის ზონა რა არის?

- დაქალებთან ერთად ყოფნა. მაგალითად, მათთან ერთად დასასვენებლად წასვლა. ჩემს დაქალს ყაზბეგში სახლი აქვს. იქ რამდენჯერმე წავსულვართ. ძალიან კარგი იყო... ჩემთვის კომფორტის ზონაა თუნდაც, უბრალოდ, დაქალთან სახლში მისვლა, ღვინის დალევა...

- ცხოვრებაში შენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?

- სიკეთე და სამართლიანობა. როგორც აღვნიშნე, ადამიანი რასაც გააკეთებ - კარგს თუ ცუდს, კარმულად ის აუცილებლად უკან დაგიბრუნდება და ამაში ბევრჯერ დავრწმუნდი.

ეთო ყორღანაშვილი