გოგლა ლეონიძე ვერ ურიგდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას - გზაპრესი

გოგლა ლეონიძე ვერ ურიგდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი (გოგი) ქავთარაძე გოგლა ლეონიძის შვილიშვილი გახლავთ, პოეტის უფროსი ქალიშვილის - ნესტანის შვილი. როცა გიორგი ლეონიძე გარდაიცვალა, ის 21 წლისა იყო. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ წლები ვერ გაახუნებს მოგონებებს პაპაზე და ბატონი გოგი მასთან ურთიერთობის ეპიზოდებს ყოველთვის სიყვარულით იხსენებს. სხვათა შორის, გიორგი ლეონიძეს არ უყვარდა სიტყვა "ბაბუა" და ამბობდა: "აბა სად გაგიგიათ, ვინმეს ეთქვას "საფლავნი მამა-ბაბუათაო".

რა უყვარდა, რა სძულდა...

- პაპაჩემს ძალიან დიდი გული ჰქონდა. უყვარდა სიცოცხლე - მისი ყოველი გამოვლინება. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ყველა და ყველაფერი უყვარდა, აშკარა მტრებიც კი. წყენა, ბოღმის ხანგრძლივად გულში ჩადება არ შეეძლო. უყვარდა სინათლე, კაშკაშა და მზიანი დღე. სახლში ყველა ნათურას აანთებდა ხოლმე. მატარებლით მგზავრობისას აუცილებლად სანთელს წაიღებდა - "გვირაბში რომ გავივლით, ავანთებო". არ უყვარდა სიბნელე, თოვლჭყაპიანი დღეები. მთელი არსებით სძულდა სიკვდილი, ამიტომ ვერ იტანდა ნადირობას. ზარავდა ნანადირევის დანახვა. ერთხელ ვკითხე, თუ რით სჯობდა თევზაობა ნადირობას, მიპასუხა: თევზს თვალი არ ეხუჭებაო... თუმცა, მე არც მისი თევზაობა მინახავს. ერთი შემთხვევა მახსოვს. ხუთი წლისა ვიყავი, ზაფხულში ქვიშხეთში ყოფნისას შინ დაბრუნდა, რამდენიმე თევზი ცოცხლად მოიყვანა წყლიანი კასრით, მეორე დღეს კი ისევ მტკვარში გაუშვა. იქვე, ქვიშხეთში ჩემთვის საჩუქრად მოყვანილი და ერთთავად ტახტის ქვეშ შეყუჟული კურდღელიც გამაშვებინა ტყეში. გოგლას ხშირად მოჰქონდა ჩემთან ჩიტებიანი გალიები (იმხანად ბაზრებში იყიდებოდა), მაგრამ არ მაძლევდა მათთან თამაშის უფლებას. სასწრაფოდ გამაშვებინებდა ხოლმე, თან მეუბნებოდა: "გული ნუ გწყდება, ჩიტები დაგლოცავენ". საოცარი სიყვარული იცოდა. ოთახში გვერდზე ისე არ ჩაგივლიდა, რომ არ მოგალერსებოდა, არ დაეჩქმიტე, ან არ გაგხუმრებოდა.

ერთადერთი ნამდვილი გაბრაზება

- პატარაობისას დედ-მამამ ცირკში წამიყვანა. როდესაც ალმოდებულ რგოლზე ზებრა მათრახის ცემით გადაახტუნეს, გული ამიჩუყდა და ავტირდი. როცა ეს გოგლას უამბეს, გაიხარა, - ნამდვილი ლეონიძეაო. მან ადრე აიყარა ტანი. სიმორცხვისაგან წელში მოხრილსა და მუდამ თავჩაღუნულს, ერთხელ ქუჩაში გადაჰყრია ცნობილი ისტორიკოსი მოსე ჯანაშვილი, მისი მასწავლებელი სასულიერო სემინარიაში, რომელსაც შეუჩერებია და საყვედურით უთქვამს: "შენს ასაკში კაცი მზისაგან გალაღებული, სულ ზეცას უნდა შესცქეროდეს, მიწას კი არ უნდა ჩაჰყურებდესო". გოგლა ხშირად შემახსენებდა ამ ამბავს, როცა მოხრილს დამინახავდა. სტუმრების დანახვისას გოგლასავით მეც შორეულ ოთახებში ვიმალებოდი, უკვე არცთუ მთლად ბავშვი, რაც კიდევ ერთი საბაბი იყო, რომ ეთქვა, - "ლეონიძეა, ნამდვილი ლეონიძე".

ექვსი წლისა რომ ვიყავი, მიამბო: "ინდოეთში ერთი კაცი ცხოვრობდა - ბუდა, რომელიც სიარულის დროს სულ ფეხქვეშ იყურებოდა - ჭიანჭველა არ გავჭყლიტოო. შენც უნდა ეცადო, ეგრე იცხოვრო". კიდევ უფრო გვიან, რვა წლისა ვიქნებოდი, წყნეთში აგარაკს რომ აშენებდა, ეზოში ხრეშზე ლითონის დიდი ფირფიტა იდო, რომელზედაც ბავშვები დავხტუნაობდით. ფირფიტის ქვეშ კი ბაყაყები ბუდობდნენ. დაგვინახა და დაეჭვებით მკითხა: "მანდ რას შვრებიო?" ვუპასუხე: "ბაყაყებს ვჭყლეტ-მეთქი". გაგულისებით შემომძახა "ეხლავე ჩამოდი მანდედან, შე მურტალოო". ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ნამდვილად გამიბრაზდა. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, არასოდეს არაფერი ამაზე მეტად ჩემგან არა სწყენია. 5-6 წლისა ვიქნებოდი, ნიკო მუსხელიშვილის იუბილეზე სიტყვის სათქმელად მიმავალ გოგლას ბებიაჩემი ტანსაცმელს უწესრიგებდა, გოგლა კი თვლემდა. მე ავიღე სამელნე, კალმისტარი, შემდეგ ბამბაც და მისი ჭაღარა თმის შეღებვა დავიწყე. ბებიას კივილმა კალამი ხელიდან გამაგდებინა. გოგლა სასწრაფოდ წაიყვანეს აბაზანისკენ, ის კი თავს იმართლებდა: "ისეთი მოწადინებით მაახალგაზრდავებდა, რომ ხათრი ვეღარ გავუტეხე".

"შენს ასაკში ცნობილი პოეტი ვიყავი"

- პატარაობისას გამუდმებით საკუთარ თავთან თამაშით ვიყავი გართული და ვერაფრით ახერხებდნენ შუადღისას ჩემს დაძინებას. გაბეზრებულები მეტყოდნენ ხოლმე: "ახლავე დაიძინე, თორემ გუდიანი კაცი მოვა ან არადა, მილიციონერს დავუძახებთო". ამის გამგონე გოგლას უთქვამს: "მე რომ მითხრან ახლავე დაიძინე, თორემ "ჩეკას" გამოვუძახებთ, საერთოდ როდესმე დამეძინებაო?!"

იმავე ხანებში, ერთ დილით, როდესაც ჩვეულებისამებრ ბებიამ დიდის ვაი-ვაგლახით თამაშს მომწყვიტა და სასაუზმოდ რძე მომართვა, პირის დაკარებისთანავე მაგიდიდან წამოვხტი სიტყვებით: "ცხელია, ცხელია, წამო ჩემო მელია..." და ისევ სათამაშოდ გავვარდი. იქვე სასადილო მაგიდასთან ჩაის შემაქცევარი გოგლა იმწამსვე გამომეხმაურა: "წამო მელია, მელიან, მოთმენა გამომელია!" სკოლაში რომ დავიწყე სიარული, უკვე "ჩვენ პოეტს" ან "ჩვენ ისტორიკოსს" მეძახდა. დაწყებითი კლასების მოწაფე საოჯახო კედლის გაზეთს "ვუშვებდი" ხოლმე, სახელწოდებით ელვა. თოთხმეტი წლისა ვიყავი, როცა მითხრა: "მე შენს ასაკში ცნობილი პოეტი ვიყავი, შენ რაღა მოგივიდა". გაგულისებულმა მაშინვე საბეჭდ მანქანაზე ავაწყვე ლექსი "შამქორი". ლექსმა ძალზე გაახარა (ალბათ, თავისი პატრიოტული პათოსით), თუმცა, შექების მიუხედავად, საპოეტოდ მაინცდამაინც არ წავუქეზებივარ.

gogi-da-gogla-copy-1687160395.jpg

"ხშირად არქეოლოგს მეძახდა"

- უფრო მოგვიანებით, ზედა კლასების მოსწავლეს სტუდენტს მეძახდა, თან დასძენდა - "სტუდენტ ჰაიდელბერგსკოგო უნივერსიტეტა". აუხდა კიდეც, ერთხანს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ინსტიტუტებში ვკითხულობდი მოხსენებებს. ხშირად არქეოლოგს მეძახდა, რაც მიკვირდა, რადგან მაშინ არქეოლოგია ნაკლებად მიზიდავდა. თუმცა, მისი სიკვდილის შემდეგ ძველი ისტორიის სიყვარულმა არქეოლოგიასთან მიმიყვანა. როგორც ჩანს, ჩემზე უკეთ ხედავდა ჩემი ცხოვრების გზას.

თვით ისტორიისადმი სიყვარულიც გოგლამ ჩამინერგა. ექვსი წლის ასაკში ხანგრძლივად ვიყავი ავად. საღამო ხანს ჩემს საწოლთან ჩამოჯდა, წყალი ვთხოვე, დამალევინა და თან მიამბო: "წინათ, ჩვენ ქართველები შორს სამხრეთით - კაპადოკიაში ვცხოვრობდით, ხეთები გვერქვა სახელად და ღერბად არწივი გვქონდა. ის ქვეყანა უწყლო გახდა და იქიდან წამოვედით. სწორედ ამიტომ, წყალს ქართველები ჯერ პატარებს ვაწვდით და ვამბობთ, რომ წყალი უმცროსისაა (ასე იქცეოდნენ ისინი, პატარები რომ მაინც გადარჩენილიყვნენ). სხვა ხალხებს ასეთი წესი არა აქვთ. ამით არის გამოწვეული ისიც, რომ მხოლოდ ჩვენს ენაზე ჰქვია "წყალობას" - წყალობა, ანუ "წყლის მიწოდება". მონუსხულივით ვუსმენდი - ჩემი ცხოვრების ძირითადი საქმე უკვე გადაწყვეტილი იყო.

საქართველოს დროშა

- მესამე თუ მეოთხე კლასში ვიქნებოდი გადასული, როდესაც ზაფხულში, წყნეთში გვესტუმრა ბესო ჟღენტი თავის ვაჟიშვილთან, ჩემს თანაკლასელ გოგისთან ერთად. გოგლამ ორიოდე ბოთლი ღვინო და მცირე ვახშამი ეზოს ბოლოს მდგარ მაგიდასთან ჩამოიტანა. ისინი მუსაიფს შეუდგნენ, მე და გოგი იქვე ვჭიდაობდით. ჩამობნელდა. უცბად მომესმა გოგლას ნათქვამი, ისეთი ტემბრითა და სიმძლავრით, რომ შევკრთი და ჩვენი მისამართით წამოძახილად მივიჩნიე. გოგლა ამბობდა: "საწყალი მეფე ერეკლე, როგორ მოატყუეს, როგორ წუხდა, ალბათ, როდესაც მიხვდა, თუ რა ხვედრი ელოდებოდა საქართველოს..." მერე დასძინა: "რა დიდი მადლი იქნება, როდესაც საქართველო განთავისუფლდება, ვინმე მივიდეს მის საფლავთან და ჩასძახოს ეს ამბავი". მაშინვე გადავწყვიტე, თუკი საქართველოს გათავისუფლებას მოვესწრებოდი, შემესრულებინა გოგლას ეს სურვილი და თვით მის საფლავთანაც იგივე გამემეორებინა. გოგლა შინაგანად ვერ ურიგდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას. ექვსი წლისა ვიქნებოდი, როდესაც სახლში მოიტანა საქართველოს სსრ ახლად შექმნილი დროშა, სუფრასთან ღვინით დალოცა, თან დასძინა: "რაც უნდა იყოს, მაინც საქართველოს დროშაა".

ტრაბახნარევი ხუმრობა

- ერთხელ ზედმეტად გათამამებულად მის კაბინეტში შესულს, ხუმრობით შემომიტია: შენ ეტყობა არ იცი, რამხელა პოეტს ელაპარაკებიო. მეც იხტიბარი არ გავიტეხე და ხუმრობითვე შევეკითხე: "შენ უფრო დიდი პოეტი ხარ, თუ გალაკტიონი?" უეცრად სრულიად სერიოზულად მიპასუხა: "გალაკტიონიც დიდი პოეტია, ძალზე ფაქიზი პოეტური ბუნების, პოეზიის გედია", მერე ხუმრობით გააგრძელა: "შენ მე ეგრე ნუ მიყურებ, მე ლომი ვარ, ლომი. ჩემს ფასს მხოლოდ ჩემი ასი წლის იუბილეზე გაიგებ, როცა კიროვის ქუჩას ლეონიძის ქუჩა დაერქმევა და იქ ჩემი მუზეუმი გაიხსნება. ხოლო წყნეთის სახლში მუზეუმი რომ იქნება, იქვე ქავთარაძეების სახლში მუზეუმის ადმინისტრაციას ექნება ბინა". ჩემი მეორე ბაბუის - აკადემიკოს პეტრე ქავთარაძის აგარაკი გოგლას სახლის მეზობლად დგას წყნეთში. არ უყვარდა სიტყვა "ბაბუა", მე "პაპა" ვარო ამბობდა, თან დასძენდა: "აბა სად გაგიგიათ, ვინმეს ეთქვას "საფლავნი მამა-ბაბუათაო". ზოგჯერ ტრაბახნარევი ხუმრობით იტყოდა: "იცის ბიჭმა". დიდი კმაყოფილებით იხსენებდა ხოლმე, ნატა ვაჩნაძემ რომ უთხრა: "ლეონიძე, კოხტა ბიჭო, შენ კი გენაცვალეო!" როდესაც სადმე მივდიოდით და მასპინძელი გოგლას წინ გაატარებდა, არასოდეს პირველი არ გავიდოდა და უხერხულობის გასაფანტავად ეტყოდა: "გაგვიძეხ, ბერო მინდიავ!" ზოგჯერაც, ვითომდა მოისაწყლებდა თავს და იტყოდა: "ერთი საწყალი კაცი ვარ, ტყეში ვეფარები ხესა!" ახლობელთა გადმოცემით, გოგლას მამა-პაპას ტყე-ღრე ჰყვარებიათ წოწიალი.

gogi-kavtaraze-meuglestan-ertad-copy-1687160422.jpg

"თავისუფლებას დრო მოიტანს"

- ერთხელ მუშტაიდის ბაღში ყოფნისას, არ ვიცი ხუმრობით მითხრა თუ სერიოზულად: "შენ რომ აქ პატარა მატარებლით სეირნობ, ეგ რკინიგზა სერგო ორჯონიკიძემ საქართველოს მიწების დათმობის საფასურად მიიღო რუსეთისგან". მსგავსი განწყობა ჰქონდა გოგლას რევოლუციის სხვა ბელადების მიმართაც, სტალინის გარდა. იმედი ჰქონდა, რომ მისი სახელი ქართველობას გამოადგებოდა ეროვნული ნიჰილიზმის მძიმე სენის დასაძლევად. სტალინი გოგლასათვის ილიასთან ხელში ჟურნალით "დილა" მისული ყმაწვილი პოეტი იყო, რომელსაც ბედმა არგუნა ქართული გენიის უწყვეტი განვითარების ერთ-ერთი რგოლი ყოფილიყო. გოგლა სტალინს არასოდეს შეხვედრია, მხოლოდ ერთხელ, ომის შემდგომ წლებში სხვა მწერლებთან ერთად მიუპატიჟიათ კრემლში. სასტუმროდან ადრე კი გამოვიდა, მაგრამ ბუკინისტურ მაღაზიაში შესულა. იქ ისე გაუტაცია წიგნების ფურცვლას, რომ შეხვედრაზე დაგვიანებით მისულა. რა თქმა უნდა, აღარ შეუშვეს. 50-იან წლებში გოგლა თანაუგრძნობდა ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და მათ მეგობრებს და მათი განთავისუფლების სათხოვნელად კონსტანტინე გამსახურდიასთან და სხვა მწერლებთან ერთად ეახლა ვასილ მჟავანაძეს. იმ ხანებში გოგლა ხშირად მეუბნებოდა: "ხომ ხედავ, ბრძოლით არაფერი გამოდის, ეცადე შენი ცოდნით და საქმით ემსახურო სამშობლოს, თავისუფლებას კი დრო მოიტანს და მაგ დროისათვის მზად უნდა იყოთ..."

ნანული ზოტიკიშვილი