შესაძლებელია თუ არა ერთი ბინის ყველა ოთახში მზის სხივების მოხვედრა?! - გზაპრესი

შესაძლებელია თუ არა ერთი ბინის ყველა ოთახში მზის სხივების მოხვედრა?!

დაპროექტებასა და მშენებლობაში ნაწილობრივ დაშვებულ შეცდომებსა და მათი გამოსწორების შესაძლებლობებზე, ახალი ინდივიდუალური პროექტებით შესრულებული სახლებით "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს ინჟინერ-მშენებელი, დაპროექტებისა და მშენებლობის ექსპერტი, პროფესორი რევაზ მახვილაძე (სტილი დაცულია):

"შესაძლებელია თუ არა ერთი ბინის ყველა ოთახში მზის სხივების მოხვედრა?! - შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია, თუ არქიტექტორები პროექტშივე გაითვალისწინებენ სამშენებლო ნორმატივებით დადგენილ მოთხოვნილებებს. ნებისმიერ შენობას, მათ შორის საცხოვრებელ სახლებსაც, ძირითადად აპროექტებენ და აშენებენ გრძივი ფასადებით ქუჩებისადმი პარალელური მიმართულებებით. ამიტომ, თუ გრძივი ფასადი ტროტუარისა და სავალი ნაწილისაკენ ჩრდილოეთის მხარეზე გამოდის, მზის სხივები ბინის ოთახებში ვერ ხვდება, ხოლო პირიქით - სამხრეთ მხარეზე მდგომების შემთხვევაში, მზის სხივები დღის დიდ პერიოდში იჭრება ოთახში და ზაფხულობით თავისი სიმხურვალით აწუხებს კიდეც მცხოვრებლებს.

ინდივიდუალური საპროექტო გადაწყვეტილებებით მშენებლობის დროს არქიტექტორს საშუალება ეძლეოდა, აღნიშნული პრობლემები თავისი გამოცდილებითა და ნიჭიერებით გადაეწყვიტა. ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითია თბილისში, ფილარმონიის შენობის პირდაპირ, მელიქიშვილის ქუჩაზე #2, 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლი. პირველ სართულზე მაღაზიებია, მეორე სართულიდან ბინების ფანჯრების წინ ერკერებია მოწყობილი. ერკერები ოთახების იატაკიდან ტრაპეციულად გამოშვერილი, სამ ნაწილად დაყოფილი სივრცეებია და სამივე მხრიდან შევსებულია ფანჯრის ალათებით. შუა ალათა ქუჩის პარალელურია. აქედან ოთახში შედის მხოლოდ სინათლე, მარჯვენა მიტრიალებული კუთხით მდგომი ალათიდან, ანუ აღმოსავლეთის მხრიდან ჯერ დილის მზე "იჭვრიტება" ოთახებში, ხოლო დღის მეორე ნახევარში მზე უკვე დასავლეთის მხრიდან გაცხუნებს ოთახში მყოფს და ცხოვრებისეულ ხალისს გმატებს.

ამდენად, ერკერებს მხოლოდ სილამაზის დანიშნულება არ გააჩნია. ცხადია, არქიტექტურულად კარგად ჩაფიქრებული გადაწყვეტები ფასადებს განსხვავებულობასა და მომხიბვლელობას მატებს, ბინებში კი საცხოვრებელ გარემოს აუმჯობესებს.

თუ გრძივი ფასადები ეზოს მხარეზე სამხრეთის მხრიდანაა დღის, განსაკუთრებით კი ზაფხულის პერიოდში, მოსახლეობა იძულებულია ჟალუზებით ან ფარდებით დაიცვას თავი მზის სიმხურვალისაგან.

ერკერებით შემკული საცხოვრებელი სახლები თბილისის ძველ, მეცხრამეტე საუკუნის, ასევე მეოცე საუკუნის განაშენიანებაშიც გვხვდება და ყველა მათგანი განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენს გამვლელებზე.

გასული საუკუნის 50-80-იან წლებში ტიპური დაპროექტებისა და ტიპური პროექტებით მშენებლობების პერიოდში, ერკერების ჩართვით, მშენებლობები ვეღარ ხორციელდებოდა, თუმცა სამშენებლო ნორმები და წესების კრებულებში საცხოვრებელი სახლების დაპროექტება მკაცრად იყო რეგლამენტირებული. სამშენებლო მოედნებზე შენობები ისე უნდა განეთავსებინათ, რომ ერთოთახიანი ბინები მოხვედრილიყო სამხრეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთისა ან სამხრეთ-დასავლეთის სექტორებში, ოროთახიან და სამოთახიან ბინებში კი მზის სხივები ერთ-ერთ ოთახში მაინც უნდა შესულიყო.

აღნიშნული საკითხები სამშენებლო ნორმატივებით მიბმულია დედამიწის ბრუნვასთან მზის გარშემო. თვეების მიხედვით მზის დგომის ხანგრძლივობები ცვალებადია, განსხვავებულია მზის სხივების დახრაც და ოთახებში შეღწევის მანძილებიც. მაგალითად, ეკვატორის გასწვრივ მზე მთელი დღე ზენიტშია და ვერტიკალურად მდგომი ფანჯრებიდან ოთახებში ვერასდროს "შეიჭვრიტება". ეკვატორის პარალელური ზოლიდან ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებებით, მზე ზენიტური მდგომარეობიდან თანაბრად იხრება. საქართველო საერთო-საკავშირო ნორმატივებში IV გეოგრაფიულ ზონად მოიხსენიებოდა. ამიტომაც, შენობების რელიეფზე დასმა გრძივი ფასადებით რეკომენდებული იყო სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ ან პირიქით მიმართულებებით.

აღნიშნული საკითხები ისწავლება კიდეც ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე, პროფესორ ლევან ბერიძის სახელმძღვანელოს - "არქიტექტურული ფიზიკა" მიხედვით. სამწუხაროდ, მას ინდივიდუალური დაპროექტებით დასაქმებული არქიტექტორები ნაკლებად იყენებენ.

ძვირფასო კოლეგებო! დადგა ჟამი თქვენი ნიჭისა და უნარ-ჩვევების გამოვლენისა. თბილისის მერიას "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლებაზე 100 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი, რაც ორმოც მილიონამდე დოლარია. მერიის მონაცემებით, 500-ზე ცოტა მეტი "ხრუშჩოვკა" იქნება დასაშლელი, რაც ცხადია, მათ მიერ დაკავებულ კვარტალებში შესაძლებელს გახდის, განახლებული ხედვით ახალი მრავალსართულიანი თანამედროვე საცხოვრებელი სახლები დაპროექტდეს და იმავე სამშენებლო ტერიტორიებზე შენობების განთავსება გეოგრაფიული მხარეების გათვალისწინებით მოხდეს. ცხადია, თუ ტენდერებიც მოეწყობა, ერთმანეთთან ჭიდილში თბილისის "ხრუშჩოვკებით" დასახლებული კვარტალების განახლება სამშენებლო ნორმატივების მოთხოვნათა სრული გათვალისწინებით, დადებით მუხტს შეიტანს ყოფილი კვარტალების ახალი, თანამედროვე შენობებით, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლებით განაშენიანებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, "ხრუშჩოვკებით" განაშენიანებული კვარტალების ავკარგიანობაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას, ვაჟა-ფშაველას გამზირის გასწვრივ მდებარე კვარტალების მაგალითზე:

ვაჟა-ფშაველას გამზირის გასწვრივ 7 კვარტალია. მეტრო "დელისის" სადგურიდან "სახელმწიფო უნივერსიტეტის" სადგურამდე, გამზირის გასწვრივ, მარჯვენა მხარეს გამზირისა და ნუცუბიძის ქუჩის სივრცეში I, II, III და IV კვარტალებია, ხოლო ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ქავთარაძის ქუჩის სივრცეების მარცხენა მხარეს, მეტრო "სახელმწიფო უნივერსიტეტის" სადგურიდან იწყება V კვარტალი, მას მოჰყვება VI და მარიჯანის ქუჩის გასწვრივ მთავრდება VII კვარტალით. საცხოვრებელ კვარტალებს შორის საჯარო სკოლებია, საბავშვო ბაღები, სამედიცინო დაწესებულებები, აგრეთვე სხვა დანიშნულების ობიექტები. თვით კვარტალებში სკვერები და სპორტული მოედნებია მოწყობილი.

meliqishvili-1687160681.jpg

თემის შინაარსი უფრო გასაგები რომ გახდეს, მსჯელობა გავაგრძელოთ ვაჟა-ფშაველას გამზირის IV კვარტალის განაშენიანებით და მის ფარგლებში გავაანალიზოთ სიტუაცია: გამზირის გასწვრივ 8-სართულიანი საცხოვრებელი სახლებია ნუმერაციით 1, 2 და 3, ხოლო ნუცუბიძის ქუჩის მხრიდან 4-5-სართულიანი "ხრუშჩოვკები" ნუმერაციით 7, 9, 13, 17, 19, 23, ასევე კვარტალის ქვედა ნაწილში 4-5-სართულიანი კორპუსები (იგივე "ხრუშჩოვკები"), 8, 18, 24 და 25 გრძივი ფასადებით ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებითაა ორიენტირებული. კვარტალის შუა ზოლში განთავსებული "ხრუშჩოვკები" ნუმერაციით 4, 5, 6, 10, 11, 12, 14, 15, 16, 20, 21 გრძივი ფასადებით ყველაზე რეკომენდებული სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთის ორიენტაციით გამოირჩევიან. ამრიგად, IV კვარტალში 25 საცხოვრებელი სახლია და მათგან თერთმეტს გააჩნია ექსპლუატაციის იდეალური პირობები. აღნიშნული ნიშნავს, რომ დღის პერიოდში მზის სხივები ყველა სართულზე მდებარე ბინების ყველა ოთახში ხვდება დროის განსხვავებული პერიოდებით. ცხადია, ეს აჯანსაღებს საცხოვრებელი ბინების შიგთავსს და მობინადრეებსაც ცხოვრების სასიამოვნო გარემოს უქმნის.

პირადად მე, ჩემს 9-სართულიან საცხოვრებელ სახლში, ჩრდილოეთ მხარეზე მდებარე ოროთახიან ბინაში, მიშენებაზე სამუშაოთა შესრულების დროს ერთ ფანჯარას მცირე კუთხით შევუცვალე მდებარეობა ალათების ჩრდილოეთიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მიმართულების ორიენტაციით და დილაობით, აღმოსავლეთის მხრიდან მზის სხივები სასიამოვნოდ იღვრება საერთო ოთახში, ასევე დღის მეორე ნახევარში ორ ოთახშიც დასავლეთის მხარეზე გაჭრილი ფანჯრებიდანაც გვანებივრებენ მზის მაცოცხლებელი სხივები. მიშენებით ფართობმომატებულ ბინაში ყოფილი ოროთახიანი ბინიდან სამზარეულო და კაბინეტია დარჩენილი მზის გარეშე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აგარაკებზე და ქალაქების კერძო სახლებში მცხოვრებ დაინტერესებულ პირებსაც შეგიძლიათ ოთახებიდან ჩრდილოეთ მხარეს გაჭრილი ფანჯრები მცირე რეკონსტრუქციით გადააკეთოთ ერკერებად და გაიუმჯობესოთ საცხოვრებელი გარემო.

პატივისცემით,

რევაზ მახვილაძე..."

P.S. შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. ჩვენთვის თითოეული თქვენგანის სიტყვა მნიშვნელოვანია. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: lika.qajaia@gmail.com

ლიკა ქაჯაია