"გაზომილი" სიტყვები, "შეკაზმული" ცხენი და თავისუფლების საზღვრები ცნობილების ცხოვრებაში" - გზაპრესი

"გაზომილი" სიტყვები, "შეკაზმული" ცხენი და თავისუფლების საზღვრები ცნობილების ცხოვრებაში"

თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ალბათ ერთხელ მაინც დამდგარა მომენტი, როცა საკუთარ ქცევაზე ფიქრი - "რას იტყვის ხალხი" გულში მაინც გაგვივლია. რატომ არის ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი აზრი, რატომ ახვევს საზოგადოება ადამიანებს თავს სტერეოტიპებს, როგორც საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებას. საერთოდ, საჭიროა თუ არა მივაქციოთ ყურადღება, რას იტყვიან ჩვენზე? საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ.

"ჩვენ ძალიან კარგი საზოგადოება გვყავს"

ბაბი კირკიტაძე:

- იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ხშირად ჩანან ეკრანზე, რომლებიც საჯარო სივრცეში ტრიალებენ, არავინ მეგულება ისეთი, რომ არ აინტერესებდეს, რას ფიქრობს ხალხი მასზე. რა თქმა უნდა, ეს მეც მაინტერესებს. როცა ისეთი გადაწყვეტილების მიღება მიწევს, რომელიც საჯარო უნდა გახდეს, სანამ ნაბიჯს გადავდგამ, ვფიქრობ, რას იტყვის ხალხი? ხალხის აზრი ყველაფერში მაინტერესებს, ჩაცმიდან დაწყებული, ლაპარაკით დამთავრებული. მე რომ ეკრანზე ვჩანვარ და სცენაზე ვდგავარ, ამ ადამიანების გულშემატკივრობის, მათი აღიარების შედეგადაა და როგორ შეიძლება არ მაღელვებდეს, რას ფიქრობენ ჩემზე?

- ეს შემოქმედებითი მხარეა და გასაგებია, რომ მსმენელის აზრი მნიშვნელოვანია. რას ფიქრობს ხალხი შენს პირად ცხოვრებაში მომხდარ ამბებზე, ესეც გაინტერესებს?

- ძალიან მშვიდი პირადი ცხოვრება მაქვს. ერთადერთხელ ვიყავი შეყვარებული და იცოდა საზოგადოებამ, რომ ეს ამბავი დასრულდა. როდესაც საქმე პირადს ეხება, ფრთხილი უნდა იყო. ხომ არსებობს გამოთქმა, სიყვარულსა მალვა უნდაო. პირადი ცხოვრება პირადი უნდა იყოს, ამ თემაზე მეგობრებთანაც შეიძლება არ ილაპარაკო, არათუ საჯაროდ. ძალიან ინტიმური თემაა, ეს უკვე ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს. პირადი ცხოვრების განხილვა ეს ცნობადობის "ხარკია". როცა შენი ცხოვრება აინტერესებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ აქტუალური ხარ, საზოგადოებას კი ინტერესს ვერ აუკრძალავ.

- ოდესმე შენს ცხოვრებაში უხეშად ჩარეულან?

- არა, ჩემს ცხოვრებაში უხეშად არავინ შემოჭრილა. ფრთიანი ანგელოზი არავინ ვართ, ყველას გვითქვამს სხვა ადამიანზე რაღაც, ყველას გვიჭორავია, ესეც ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ჩარევა არასწორი საქციელია. საკუთარ ცხოვრებაში ჭირს გადაწყვეტილების მიღება და როგორ შეიძლება, სხვის ცხოვრებაში, რა არის სწორი და რა - არასწორი, ეს გაიგო და განვასაზღვრო?!

- იმის გამო - რას იტყვის ხალხი? რაიმე პრობლემა დაგიმალავს?

- ამის გამო არა, მაგრამ სხვა მიზეზით დამიმალავს. არ მიყვარს პრობლემების საჯაროდ გამოტანა, სხვისთვის თავს მოხვევა. მირჩევნია, მე ვიყო ამ ყველაფრის მატარებელი და სახლის ზღურბლს იქით არ "წავიღო". ძალიან ვცდილობ, პრობლემები არასდროს შემეტყოს, ამიტომ ყველას ჰგონია, რომ უდარდელი ცხოვრება მაქვს.

- შენი აზრით, ჩვენს საზოგადოებას მისგან განსხვავებული ადამიანის მიმღებლობა რამდენად აქვს?

- სიახლეების მიღება ადამიანების დიდ ნაწილს უჭირს, ნაწილი კი ამას მიესალმება, ხელს უწყობს. ძალიან მომწონს განსხვავებული ადამიანები, ჩაცმულობით, ბევრი ფერით, ინტერესით... ჩვენ ძალიან კარგი საზოგადოება გვყავს, მათ პატივს ვცემ და მადლობას ვეუბნები.

veriko-scaled-copy-1687162275.jpg

"ვფიქრობ, რომ ჩვენი ინტუიციით უნდა ვიცხოვროთ"

ვერიკო ტურაშვილი:

- საზოგადოებრივ აზრს არ ვერგები, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ეს საერთოდ არ მაინტერესებს. ვფიქრობ ჩემს შვილებზე, მშობლებზე, მათ ყოველთვის ვითვალისწინებ. თამამი გადაწყვეტილებებით და სურვილებით ისედაც არ გამოვირჩევი, თუმცა, რაღაც მომენტებში მიფიქრია, "ხალხი რას იტყვის?" როცა სერიოზულ გადაწყვეტილებას ვიღებ, ამ დროს ყოველთვის ჩემი სუბიექტური აზრით ვმოქმედებ.

- ეს "დათმობა" (თუ შეიძლება, ასე ვუწოდოთ) მტკივნეული ყოფილა?

- არა, ეს ძალიან მნიშვნელოვანს არ ეხება. შეიძლება რაღაცაზე უფრო თამამი აზრები მქონდეს და ინტერვიუში თქმისგან თავი შევიკავო. საზოგადოებრივი აზრის გამო, ჩემს პირად სურვილებზე უარი არასდროს მითქვამს, საკუთარი თავი არ დამიჩაგრავს, თუმცა გამითვალისწინებია შვილები, მშობლები, სოციუმი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

- მსმენელის აზრი რამდენად მნიშვნელოვანია?

- ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩემი და მსმენელის გემოვნება ერთმანეთს თუ ემთხვევა, იდეალური მოცემულობაა. ხანდახან როცა სხვას ვუსმენ, როგორ თამამად ჰყვებიან თავიან ამბებს, მიფიქრია, რა მაგარია, რომ შეუძლიათ ასე ღიად ილაპარაკონ, მე მაინც სიტყვებს ვზომავ.

- თქვენს ცხოვრებაში, საზოგადოების მხრიდან, უხეშად ჩარევის მცდელობა ან ფაქტი ყოფილა?

- არა, გამიმართლა, მსგავსი რამ არასდროს მომხდარა, შეიძლება იმიტომაც, რომ ძალიან ხმაურიანი ცხოვრება არ მაქვს. საზოგადოებრივი აზრის გამო დაზიანებული არასდროს ვყოფილვარ, პირიქით, მათგან დიდ მოტივაციას ვგრძნობ.

- რა დროს უნდა გავითვალისწინოთ საზოგადოების აზრი და რა დროს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, იმას თუ რას იტყვის ხალხი?

- საზოგადოება არის მრავალნაირი. სოციალურ ქსელებში ხანდახან ისეთ საოცრებებს ვკითხულობ, მგონია, ეგ ნაწილი არაადეკვატურია, მათი გათვალისწინება არასდროს უნდა მოხდეს. მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი ინტუიციით უნდა ვიცხოვროთ. სოციუმში შეგვიძლია ჩვენი თავისუფლების საზღვრები გავწიოთ ან შევამციროთ, ეს ზღვარი ყველა ადამიანს ინდივიდუალურად უნდა ჰქონდეს გამომუშავებული. შეიძლება საჭირო დროს თამამადაც ისაუბრო და შენ ამით აღმოჩნდე მოტივაცია სხვებისთვის. რაღაც სიტუაციაში შეიძლება ვერც კი წარმოგედგინა, შენ თუ ამას შეძლებდი, მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში შენი გახსნილობა და თავისუფლება სწორი გადაწყვეტილება იყოს. როცა პირად გამოცდილებას, კარგს თუ ცუდს უზიარებ ადამიანებს, ვფიქრობ, მისასალმებელია, შეიძლება ვინმესთვის ძალის მიმცემიც კი იყოს.

334231933-1393044348122544-8667061042147410150-n-copy-1687162285.jpg

"თითქოს ჩაკეტილი გალიიდან გავფრინდი და ეს იყო დიდი ბედნიერება"

- ქალბატონო მზია, როდესაც გადაწყვეტილებას იღებთ, მოქმედებთ, ამ დროს თუ ფიქრობთ, ხალხი თქვენზე რას იტყვის?

მზია გეწაძე:

- ბოლო დროს მაგაზე საერთოდ აღარ ვფიქრობ, ახალგაზრდობის წლებში კი ნამდვილად ვფიქრობდი და ძალიან განვიცდიდი, რამე არ შემშლოდა. ეს პერიოდი უკვე გადავლახე.

- ამ მიდგომამ დაგაზარალათ?

- როცა რაღაც ისე არ გამომდიოდა, როგორც მინდოდა, ყოველთვის ძალიან ვნერვიულობდი, მარტო ხომ არ ვიყავი, ჩემ უკან ოჯახი იდგა. დედის, მამის, ძმის, საკუთარი, მოგვიანებით კი შვილის რეპუტაცია არ უნდა შემელახა, ყველაფერს ვუფრთხილდებოდი, ყველას ვითვალისწინებდი და როცა ასე ხდება, მერე გამოდის, რომ სულ სხვაზე ხარ დამოკიდებული. შენს ჭკუაზე ვერაფერს აკეთებ, რადგან სხვის აზრს ხდი მნიშვნელოვანს. შენი ცხოვრება კი გარბის და უფრო და უფრო მტანჯველი ხდება სინანული, ისე რომ ვერ იცხოვრე, როგორც გინდოდა. აუხდენელი ოცნებები გრჩება.

- როგორ შეძელით, როგორ მიხვედით იმ აზრამდე, რომ სხვისთვის ასეთი მნიშვნელობა აღარ მიგენიჭებინათ?

- ამაზე იმდენი ვინერვიულე, იმდენი, რომ ძალიან ცუდად გავხდი, ფაქტობრივად სიკვდილის პირამდე მივედი. მეგონა ან მოვკვდებოდი, ან ჭკუიდან შევიშლებოდი. ერთ დღეს მივხვდი. ასე თუ გავაგრძელებდი, აღარ ვიქნებოდი და ჩემი შვილის გარდა, არც არავის დავაკლდებოდი. ეს ფიქრები მქონდა 35-37 წლამდე. ჩემში პიროვნებას თავად ვკლავდი, მე მე არ ვიყავი და არც ის ვიცოდი, ვინ ვიყავი, პიროვნულობის განცდა დავკარგე. 40 წლის ასაკში საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ჩემი შვილი იყო დიდი მოტივაცია, ამ ჩაკეტილი წრიდან რომ გამოვსულიყავი.

- და რა მოიმოქმედეთ?

- ბოლოს და ბოლოს წამოვედი სახლიდან, სადაც ვცხოვრობდი, წამოვიყვანე ჩემი შვილი და გამომყვა დედა, რადგან მისი დახმარება მჭირდებოდა. ამ დღიდან ახალი ცხოვრება დავიწყე. ახალი ცხოვრება კი ყველას აზრის "ფეხებზე დაკიდებას" გულისხმობდა, ზუსტად ასე მოვიქეცი. გავთავისუფლდი, დამოუკიდებელი გავხდი, ყველა ქმედებასა და გადაწყვეტილებაში. ეს რა განცდა იყო? თითქოს ჩაკეტილი გალიიდან გავფრინდი და ეს იყო დიდი ბედნიერება.

- შემდეგ უკვე რას გეუბნებოდნენ მამა, ძმა, ის ადამიანები, ვის აზრსაც ადრე ითვალისწინებდით?

- როცა შენ ცხოვრობ მარტო, ფინანსურადაც ხარ დამოუკიდებელი, მერე აღარავის აზრს აღარ ითვალისწინებ. ნათესავი, მეზობელი, ნაცნობი, ვინც ხელს მიშლიდა, მღლიდა, ყველა ჩამოვიშორე. ისინი დღესაც თავისთვის არიან და რაც არ უნდა თქვან, აღარ მაინტერესებს.

- ახლახან ჩვენ მოვისმინეთ თქვენი გულახდილი ინტერვიუები, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, ეს როგორ მიიღეთ?

- თავიდან ძალიან გავღიზიანდი, მე ხომ ჩემი წარსულის შესახებ ვისაუბრე, ვინმე ხომ არ გამიჭორავს? ხალხმა ჩემი სიმართლე ვერ აიტანა. სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული რომ უნდა ჰყავდეს, ეს ვიცოდი და "შევკაზმე" კიდეც. ვიღაც უცხო ქალებმა, რამდენიც უნდა მლანძღონ, ვერაფერს დამაკლებენ. ერთი იმასაც კი წერდა, ადამიანმა თმით უნდა ათრიოსო. ქალმა ვერ გაიგო, რა ვილაპარაკე, შინაარსი ვერ გამოიტანა.

- თქვენი გულწრფელობა მცირე ხნით მაინც თუ ინანეთ?

- არა. თუ არ ვთქვი, ჩემში დატოვება არ შემიძლია, ასეთი ადამიანი ვარ.

- თქვენმა შვილმა როგორ მიიღო?

- ის, რაც მე ვილაპარაკე, იცის 3 წლის ასაკიდან, მისთვის უცხო არაფერი თქმულა. ცუდი კომენტარები არ მოეწონა, მაგრამ ის მე კარგად მიცნობს. პატარა რომ იყო, ღამე რესტორნიდან დაღლილი, დაქანცული რომ ვბრუნდებოდი და 40 თუ 50 ლარს რომ მოვიტანდი, ვეუბნებოდი, - დედა, არასდროს დაგავიწყდეს, რა ფულით ხარ გაზრდილი. ვინმემ ჩემზე ცუდი თუ თქვას, გახსოვდეს, სამსახურიდან მოვდივარ და შენ გვერდით ვიძინებ-მეთქი. მხოლოდ ერთი რამ იყო მისთვის უსიამოვნო, მისი მამა ცუდ კონტექსტში გამოვიდა. მორწმუნე ბიჭია, ათი მცნება აქვს გათავისებული, ის რომ დედას და მამას პატივი უნდა სცეს. ისე გავზარდე, მამამისი არასდროს დამიკნინებია, ცუდი ახლაც არაფერი მითქვამს, მხოლოდ ფაქტები მოვყევი.

- დღეს ხალხის აზრს რა შემთხვევაში ითვალისწინებთ?

- ჩემი მსმენელის აზრს ვითვალისწინებ, როგორც მომღერალი, მაგრამ აღარავის მივცემ უფლებას, ჩემს პირად ცხოვრებაში ჩაერიონ. მე გულწრფელად იმიტომ კი არ ვილაპარაკე, მერე სხვებს გაეჩიჩქნათ ჩემი ცხოვრება, ვილაპარაკე იმიტომ, რომ სხვებისთვის ჭკუის სასწავლებელი ყოფილიყო. წლების წინაც ასე ვფიქრობდი, მაგრამ მაშინ ამის თქმას ვერ ვბედავდი.

- რა რჩევას მისცემთ ახალგაზრდებს?

- დღეს ახალგაზრდები მეტად თავისუფლები და ლაღები არიან, ეს ძალიან მომწონს. უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რაც გვაწუხებს, იმის გამო, ხალხი რას იტყვის, ხმამაღლა ლაპარაკის არ უნდა შეგვეშინდეს. ადამიანებმა ერთმანეთს წიხლი კი არ უნდა დავაჭიროთ, გამოსავლის პოვნაში უნდა დავეხმაროთ! აგრესიამ ძალია იმატა, საჯარო სივრცეში ისეთ უზრდელ, თავხედ, უტაქტო კომენტარებს წერენ, რომ... ვაიმე რას ჰგავხარ, რა გაცვია და ა.შ. ერთ სიმღერის შესრულებისას მოკლე კაბა მაცვია. რა ამბავია ატეხილი, უნდა ნახოთ, - როგორ შეიძლება, ამ ხნის ქალმა მოკლე კაბა ჩაიცვასო? რატომ არ უნდა ჩაიცვას? მით უმეტეს, როცა კარგი ფეხები აქვს და უხდება. ტინა ტერნერის ვიდეოებს ვნახულობ, მას მსგავს რამეს ვინმე უწერდა? აქ ყველა დეტალზე ყურადღებას გიმახვილებენ.

თამუნა კვინიკაძე