წარმატებული თუ წარუმატებელი - უკრაინის კონტრშეტევა თუ მხოლოდ სასინჯი სვლები? - გზაპრესი

წარმატებული თუ წარუმატებელი - უკრაინის კონტრშეტევა თუ მხოლოდ სასინჯი სვლები?

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ფრონტის ხაზიდან ინფორმაციის გავრცელებას მაქსიმალურად ზღუდავს. ცნობები მოგვიანებით, მხოლოდ მას შემდეგ ვრცელდება, როდესაც ამა თუ იმ დასახლებული პუნქტის აღება და მასზე კონტროლი დადასტურდება. ბოლო მონაცემებით, ორი კვირის განმავლობაში, ზაპოროჟიეს ოლქში 8 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. უკრაინის არმიამ რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ოლქში კონტრშეტევითი ოპერაციები ივნისში დაიწყო და მას შემდეგ ინტერნეტსივრცეში მუდმივად ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი ცნობები. რუსული სამთავრობო მედია უკრაინის წინსვლაზე ინფორმაციას უარყოფს და ირწმუნება, რომ "ყველა შეტევა მოგერიებულია".

სამხედრო მიმომხილველი გიორგი კობერიძე, რომელიც ფაქტობრივად ომის დაწყების დღიდან ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე სამხედრო პროცესებს, არსებული რეალობის შეფასებასთან ერთად, იმ რესურსებზე საუბრობს, რომლებიც მხარეებს აქვთ.

giorgi-koberidze-w-h-1687760695.jpg

- თითქმის ყოველდღე ხდება ცნობილი, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ წინ უკრაინელი სამხედროები უკრაინის სამხრეთით, მაშინ, როდესაც რუსული მხარე, ფაქტობრივად ყოველდღე ბომბავს სამოქალაქო ობიექტებს, საცხოვრებელ კორპუსებსა და მშვიდობიან მოსახლეობას, რათა ფრონტის ხაზზე არეულობა შეიტანოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებს. დიდი მსხვერპლისა და მატერიალური ზიანის ფასად, უკრაინა წინ მიიწევს.

ბოლო მონაცემებით, ყირიმიდან გამოსასვლელი ყელის სიახლოვეს, ხერსონის ოლქში, მელიტოპოლისკენ მიმავალ სარკინიგზო ხაზთან მდებარე დასახლება რიკოვესთან იარაღის საწყობი დაიბომბა, რასაც აფეთქებების სერია მოჰყვა. სავარაუდოდ სისტემა შტორმ შჰადოწ იყო გამოყენებული. ამასთანავე, ყირიმის სიახლოვეს ინტენსიურად იბომბება რუსეთის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული პუნქტები - როგორც დასავლეთით, ისე აღმოსავლეთით. უკრაინულ ფრთოსან რაკეტებს რუსული იარაღის საწყობები ბოლო დროს ვერ ემალება. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთში დაჩქარებულად, მაგრამ თითქმის ფარულად მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი მობილიზაცია. მოსახლეობის დიდი ნაწილი სამხედრო გაწვევისთვის თავის არიდებას ცდილობს. რუსული მედია წერს - როგორც კი მობილიზებულები ფრონტის ხაზზე გამოჩნდნენ, ოფიცრების მიერ ბრძოლის ველზე მათი მიტოვების მაჩვენებელმა ყოველდღიური ხასიათი მიიღო. მობილიზებულებს რამდენიმედღიანი "მომზადების" გარდა, გამოცდილება არა აქვთ, რაც მათთვის სასიკვდილო განაჩენივითაა. არადა, უკრაინული მხარე ჯერჯერობით, კონტრშეტევისთვის მომზადებული დანაყოფების დაახლოებით 10%-ს იყენებს, ისიც - სამხრეთში. მათი ლოკალური შეტევის შედეგად, სულ ცოტა, ხუთი დასახლება გათავისუფლდა და ფაქტობრივად, ბუფერული ზონა შეიქმნა. ეს ტერიტორია დონეცკის-ლუგანსკის ოლქებს ესაზღვრება და მარიუპოლისკენ გზა იქ გადის, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთანავე, უკრაინელები სამხრეთით რამდენიმე მიმართულებით უტევენ, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ უმალ დიდი გარდატეხა მოხდება, მაგრამ წელიწად-ნახევარია, ომი მიმდინარეობს და ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო ტერიტორიების გათავისუფლება.

თავად ნაპოლეონი ამბობდა, მოტივაცია ერთიორად ზრდის წარმატების ალბათობას, ასეთ დროს, ჩათვალეთ, რომ სამხედროების რაოდენობა ორმაგდებაო. ომის თეორეტიკოსი კარლ კლაუზივიცი ამბობდა, - თუ უშვებ იმ აზრს, რომ დამარცხდები, აუცილებლად დამარცხდებიო. უკრაინელებს, გარდა იმისა, რომ უდიდესი მოტივაცია აქვთ, რუსი სამხედროებისგან განსხვავებით, არც კი უშვებენ იმას, რომ დამარცხდებიან. მათი მოქმედება, იმის ფონზე, რისი შესაძლებლობაც არსებობს, ძალზე წარმატებულია: უკრაინელები უახლოვდებიან რუსების ძირითად თავდაცვის ზღუდეს, რომელიც უფრო შიგნით მდებარეობს, ვიდრე კონტრშეტევამდე არსებული ფრონტის ხაზი იყო, იმავდროულად, ოკუპირებულ დასახლებებს ათავისუფლებენ. ამასთანავე, უკრაინელები რუსების მხრიდან ნებისმიერი კონტრშეტევის პრევენციას ცდილობენ. რაც ახლა ხდება, შეიძლება აღვიქვათ როგორც კონტრშეტევისწინა დაზვერვა, ანუ უკრაინული მხარე მოწინააღმდეგის შესაძლებლობებს, სიტუაციას სწავლობს, სუსტ წერტილებს ავლენს...

- კონტრშეტევის ფონზე, დასავლური მედია უკრაინული მხარის შეცდომებზეც ალაპარაკდა.

- გასაკვირი არაფერია - უკრაინულ მხარეს აქვს შეცდომები, ტექნიკის დანაკარგიც. შეტევაში მყოფი ძალისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია. უკრაინელების მხრიდან ინფორმაციის დიდი დეფიციტია. რეალურად რა სიტუაციაა ფრონტის ხაზზე, რა ინტენსივობითაა დაწოლა და რა მასშტაბზე გვაქვს საუბარი - უცნობია. დასავლურ დაზვერვას აქვს ინფორმაცია, მაგრამ დეტალებზე საუბარი მართებულად არ მიმაჩნია.

ველიკა-ნოვოსილკას მიმართულებაზე, უკრაინელებმა რამდენიმე "ბრედლი" და გერმანიის მიერ გადაცემული ტანკები - "ლეოპარდ 2" დაკარგეს, მაგრამ მთავარია, რომ მათი ეკიპაჟები ცოცხალი გადარჩა. უკრაინელები თითოეულ სამხედროს უფრთხილდებიან, რუსეთისგან განსხვავებით, რომელსაც ადამიანური დანაკარგი არ ანაღვლებს. პირველ ეტაპზე მან ომს დაუნდობლად შესწირა ე.წ. ელიტური სამხედრო დანაყოფები, მათ შორის, ძალზე ცნობილი, ფსკოვის დივიზია. ის კიევსა და ხარკოვზე იერიშებს შესწირეს ისე, რომ ვერც ერთი ვერ აიღეს. იგივე შეიძლება ითქვას ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სეპარატისტულ ძალებზე, რომლებიც მართლაც ძალიან მოტივირებული იყვნენ და უკრაინელებთან ომის დიდი გამოცდილება ჰქონდათ, მარიუპოლსა და უგლედარს შეეწირნენ. უგლედარი აიღეს, მაგრამ გამოუსწორებელი ზარალი მიადგათ...

ფრონტის ხაზის გაშლა ძალიან სწორი ტაქტიკა მგონია. უკრაინის საზღვარზე, თუნდაც ერთ - ბელგოროდის ოლქის მონაკვეთზე მიმდინარე თავდასხმების მოგერიება, ამასთანავე ლუგანსკის რაიონში, სვატოვო-კრემენაიას მიმართულებით ძალების მობილიზება ცუდ დღეში აგდებს რუსებს. კრემენაიას ტყეში მათ სამხედრო ტექნიკას უმძიმესი დარტყმა მიაყენეს. ბრძოლები არ შეწყვეტილა ასევე ბახმუტის მიმართულებით. ყველგან ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს და ყველგან ცხელი წერტილია, რაც რუსეთს ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე კონცენტრირების შესაძლებლობას არ აძლევს.

- კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქებამ შეცვალა თუ არა უკრაინის გეგმა?

- როგორც ჩანს, რუსებმა იცოდნენ, რომ უკრაინელები მდინარის გადალახვასა და ხერსონზე შეტევას აპირებდნენ ან ასე ეგონათ... კახოვკის კაშხალი მათ ჯერ კიდევ სექტემბერში ჰქონდათ დანაღმული და შიდა ნაწილი ნოემბერში ააფეთქეს, დანარჩენი - ახლა. ჰესი ისეა აგებული, რომ თუ შიგნიდან არ მოხდება ნგრევა, გარედან ვერ დაანგრევენ ან ამისთვის ძალიან მძიმე ტექნიკაა საჭირო. რაც შეეხება იერიშს: აშკარაა, უკრაინელები ამ ეტაპზე მდინარეს ვერ გადალახავენ - ვგულისხმობ კახოვკიდან შავ ზღვამდე მონაკვეთს, - მაგრამ კახოვკის ჩრდილოეთით, ზაპოროჟიემდე, დაგროვილი წყლის მასა კლებას იწყებს. კაშხალში წყლის ინტენსივობის კლებასთან ერთად, ენერჰოდარის მიმართულებით მდინარის ფორსირების შანსები რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირაში შეიძლება რეალურიც გახდეს. ცხადია, ახლა მიწაზე ლამია და იქ გადაადგილება არც ქვეით ძალებს შეუძლიათ და მით უფრო, არც ტექნიკას, მაგრამ რამდენიმე დღეში, თუ ამინდმაც შეუწყო ხელი, დნეპრი ბევრ შესაძლებლობას შექმნის.

- სპეციალისტები აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთს, იმ მხარეს, რომელსაც წელიწადზე მეტია აკონტროლებენ, საფორტიფიკაციო ნაგებობისთვის დრო ჰქონდათ, რაც შემაფერხებელი იქნება უკრაინისთვის.

- დიახ, ნებისმიერი ფორტიფიკაციისა და თავდაცვის ზღუდის გადალახვა ძნელია. თავდაცვაში მყოფ ნებისმიერ მხარეს უპირატესობა აქვს, რადგან ამ პოზიციაში ყოფნას ისეთივე მაღალი გამოცდილება არ სჭირდება, როგორიც თავდასხმასა და შეტევას. გარდა ამისა, რუსეთს ცოცხალი ძალის უპირატესობაც აქვს. რამდენჯერმე გამოაცხადა მობილიზაცია და ახალწვეულები, მოტივირებული არ ვიცი, მაგრამ ეფექტური იქნებიან. მეორე მხრივ, სამხედრო ცნებაში არ არსებობს გადაულახავი ზღუდე. უკრაინელებს ახლა აქვთ ზუსტი სროლის შეიარაღება, რომლითაც ურტყამენ რუსეთის პოზიციებს, ოღონდ საფორტიფიკაციო ნაგებობებს კი არა, - ღრმად, ზურგში, მომარაგებაში - იქ, საიდანაც არმია მარაგდება საწვავით, საკვებით, საბრძოლო მასალით. ფორტიფიკაციას ომის დროს თავდაცვის ხაზზე არანაკლები დაცვა სჭირდება, ამიტომ იქ საარტილერიო პუნქტები, საცეცხლე პოზიციებია განთავსებული. თუ უკრაინელები ამ პოზიციებს გაუნადგურებენ, ფორტიფიკაცია ჩვეულებრივ სასაკლაოდ იქცევა. გასათვალისწინებელია, რომ დაცვითი ხაზის პირველ შრეს კარგად ამაგრებდნენ. რუსებისთვის დამახასიათებელია პირველი ზოლის გამაგრება, ღრმა პოზიციები ასე კარგად არ არის დაცული. ამიტომ, თუ უკრაინელები მელიტოპოლის, ტოკმაკის ან მარიუპოლისკენ გზის გაჭრას მოახერხებენ, მერე მათი შეჩერება უკვე რთული იქნება, რადგან ბუნებრივი წინააღმდეგობები არ არსებობს. ტყე და ბორცვები იქ არ არის და მდინარეც ცოტაა. დიდი პრობლემაა ის, რომ მთელი ოლქი დანაღმულია. "ლეოპარდები" და "ბრედლებიც" ამას შეეწირნენ, თუმცა, პრევენცია უკვე დაიწყეს - სპეციალური ნაღმებით ანეიტრალებენ.

უკრაინელებს სასანგრე ბრძოლების გამოცდილება დაუგროვდათ. ამასთან, ძალიან ეხმარება დასავლური დაზვერვა - ზუსტ ინფორმაციას აწვდის. მაგალითად, რაკეტის გასროლის შემდეგ, ის სამიზნეს მოხვდა თუ არა, გადამოწმება არ სჭირდება. ლაივრეჟიმში ზუსტად იღებენ კოორდინატებს. ამგვარად, დამატებითი დრო და რესურსები არ იხარჯება.

war-ukr2-1687760679.jpg

დასავლეთმა ძალიან დიდი რესურსი ჩადო უკრაინაში (რასაც ხშირად არ აკეთებს) და უკანდასახევი გზა, ფაქტობრივად, არ აქვს. სამხედრო გამოღვიძების გარდა, იმასაც მიხვდნენ, რომ ასეთი აგრესიული რუსეთის ფონზე, დასავლურ მიღწევებს, ღირებულებებს დაცვა სჭირდება. იმასაც ხვდებიან, რომ მოწინააღმდეგისგან მომავალი საფრთხე კვლავაც ანგარიშგასაწევია. საჰაერო ძალებში უპირატესობას ფლობენ. უკრაინა ამ მხრივ მათ ვერ დაეწევა, მაგრამ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით შეუძლიათ მათი განეიტრალება.

რუსეთისთვის დიდი პრობლემაა საარტილერიო ჭურვები, რაც დიდი რაოდენობით უკრაინასაც არა აქვს. რუსეთს უჭირს თანამედროვე ტექნოლოგიაშიც. ცდილობენ დრონების, "ლანცეტების" წარმოება გაზარდონ, რაც გამოსდით კიდეც. "ლანცეტი" ზუსტი გამოყენებისაა, კამერის საშუალებით მიდის მიზნამდე და მას სამხედრო ტექნიკის გასანადგურებლად იყენებენ, ქალაქებზე იერიშებს კი ირანული დრონებით ახორციელებენ. ძალიან დიდი ჩამორჩენა აქვთ საჰაერო დაზვერვისა და ტექნიკის თვალსაზრისით. შემტევი ტანკების მხრივაც აქვთ პრობლემა. ეს არ ნიშნავს დეფიციტს, თუმცა, უწყვეტი რესურსი არ აქვთ.

- რუსული მხარე წყალქვეშა კაბელების აფეთქებაზე ალაპარაკდა. ეს რეალურია?

- რუსეთს წითელი ხაზების გადაკვეთის არ ეშინია, ამიტომაც სულ უფრო მეტი სახელმწიფოს ლიდერი უწოდებს მას ტერორისტულ სახელმწიფოს. მაინც არა მგონია, ამაზე წავიდეს, რადგან ეს იქნება საერთაშორისო ტერორიზმი ყველას წინააღმდეგ და იმაზე მასშტაბურ პასუხს მიიღებს, ვიდრე ახლა თუნდაც დასავლეთში წარმოუდგენია ვინმეს. იმიტომ, რომ ამის გაკეთება, ტექნოლოგიების განადგურების შედეგებით, მასობრივი განადგურების იარაღს გაუტოლდება. თუ ატომური იარაღის გამოყენების შემთხვევაში ადამიანები იხოცებიან, წყალქვეშა კაბელების დაზიანებისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ტექნოლოგიებს ექმნება საფრთხე... რუსეთში კი სჩვევიათ იმპულსური მოქმედებები, მაგრამ იმასაც ხვდებიან, რომ კიდევ ერთი მასშტაბური თავსატეხი არ სჭირდებათ.

- შიდა დაპირისპირებასაც გულისხმობთ?

- არა მხოლოდ. ბელგოროდის ოლქზე თავდასხმა, გენერალიტეტსა და პუტინის გარემოცვაში შექმნილი დაძაბულობა უკრაინას ხელსაყრელ პირობებს უქმნის. ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებმა აჩვენა, რომ ომმა რუსეთშიც შეაღწია. იქ ახლა მაროდიორობენ, დაიწყეს მაღაზიების, დაწესებულებების ძარცვა... არ ველოდები, რომ იქ შეჭრილი ძალები კიდევ უფრო ღრმად შესვლას ეცდებიან, მაგრამ პატარა არეულობის შესაქმნელად კარგი შესაძლებლობაა. მით უმეტეს, რომ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი რუსებმა ვეღარ გაათავისუფლეს. ამიტომაც, "რუსული ლეგიონი" და "განმათავისუფლებელი ძალები", როცა უნდათ, მაშინ გადადიან ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე. რუსეთის თავის ტკივილია მმართველი ელიტა და კერძო სამხედრო კომპანიები. აშკარაა, კრემლის მმართველობა სუსტდება, დაიწყო წარუმატებლობის ერთმანეთზე გადაბრალება, "განტევების ვაცის" ძებნა. პუტინი, ნებსით თუ უნებლიეთ, განხეთქილებას ხელს უწყობს, ყოველ შემთხვევაში, თვალს ხუჭავს, რაც წაქეზებად აღიქმება. არადა, დაპირისპირებამ, შესაძლოა ნებისმიერ დროს იფეთქოს, რადგან რუსეთი ომში რომ ვერ იმარჯვებს, ეს ვიღაცას ხომ უნდა დაბრალდეს...

ლალი პაპასკირი