"მინდა ქსოვილიდან დაწყებული, ყველაფერი თვითონ ვაწარმოო, შევკერო და ადამიანებამდე მივიტანო" - გზაპრესი

"მინდა ქსოვილიდან დაწყებული, ყველაფერი თვითონ ვაწარმოო, შევკერო და ადამიანებამდე მივიტანო"

გიორგი ლეონიძის ქუჩაზე, "თეატრალური საზოგადოების დარბაზში" თვითნასწავლი მხატვრის, 19 წლის ლიზა გუბელაძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, სახელწოდებით "წითელი და შავი". ლიზა სამი დღე მასპინძლობდა სტუმრებს, რომლებიც საინტერესო ნამუშევრების დათვალიერების შემდეგ მას თავიანთ შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ და საქებარ სიტყვებს არ იშურებდნენ. ამბობს, რომ ხატვა პატარამ დაიწყო და ხატვის პროცესში თავს ყველაზე კარგად გრძნობს. თურმე დიდ დროს თავის სახელოსნოში ატარებს. გატაცებულია ფოტოგრაფიითაც.

- ჩემი პირველი გამოფენა გაიმართა და ემოციურად ძალიან დატვირთული დღეები იყო. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მასპინძელს, ბატონ გოგი გეგეჭკორს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მოვიდა და დაათვალიერა ჩემი ნამუშევრები. მათი შეფასებები და აზრი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. 2 წელი ვემზადებოდი ამ გამოფენისთვის, სადაც უნდა ყოფილიყო მხოლოდ შავი და წითელი. რა თქმა უნდა, ტილოზე სხვა ფერებსაც ვიყენებ, მაგრამ მინდოდა მხოლოდ ეს ორი ფერი ყოფილიყო.

4-1687760986.jpg

- რატომ წითელი და შავი?

- ბევრს ჰგონია, რომ კონკრეტული მიზეზი მაქვს, მაგრამ ასე არ არის. ეს ორი ფერი მძიმე და რთულად აღსაქმელია, მით უმეტეს, ნახატებსა და სურათებზე, მაგრამ უბრალოდ მომინდა ამ ორ ფერში შესრულებული ნამუშევრები წარმედგინა მნახველისთვის. შავ-თეთრ ფოტოებს ვიღებ...

- როგორი იყო საზოგადოების შეფასებები?

- ძალიან სასიამოვნო იყო ეს დღეები. უამრავი ადამიანის შეფასება მოვისმინე ჩემს ნახატებთან დაკავშირებით და ეს საინტერესოა. მე ხომ მაქვს ჩემი აღქმა, მე ხომ ვიცი როგორ დავხატე, რა აზრი ჩავდე ნამუშევარში და სხვა ადამიანი სხვა რამეს ხედავს, ეს საინტერესოა. ბევრმა ჩემი ჩანაფიქრი ამოიცნო, მოეწონა და მიხარია.

5-1687761000.jpg

- ხატვა რა ასაკში დაიწყე?

- ზუსტად მახსოვს, პირველად დამოუკიდებლად როდის ავიღე საღებავები - 10 წლის ვიყავი. ოთახში მქონდა გუაშის საღებავები და თაბახის ფურცლები. თაბახი და გუაში ერთმანეთთან კავშირში არ არის, მაგრამ მაშინ შესაბამისი ცოდნა არ მქონდა და იმდენად მინდოდა ფურცელზე ჩემი ხედვა გადამეტანა, რომ ეს გავაკეთე. მერე პატარა თაბახიდან მოზრდილ ტილოებზე გადავედი. გააზრებულად კი 11 წლიდან დავიწყე ხატვა და ტილოს მოხმარება. არასოდეს მნდომებია მესწავლა პედაგოგთან და პროფესიული ცოდნა მიმეღო ხატვაში. მინდოდა, ეს ჩემით გამეკეთებინა და საკუთარ შეცდომებზე მესწავლა.

- შენი ნახატების პირველი შემფასებელი ვინ არის?

- პირველი შემფასებლები ოჯახის წევრები არიან, დედა და მამა; ასევე ჩემი ძვირფასი შეყვარებული - ის ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ხატვის პროცესშიც ვუნახივარ, სხვას არავის ვაჩვენებ ამ პროცესს. როგორ ხატავ, ეს ძალიან პირადული მგონია, რადგან ხატვის პროცესში თავისუფლდები ყველაფრისგან და ხატავ იმას, რაც გინდა. ძალიან ლამაზ ადგილას, სხვენში მაქვს მოწყობილი სახელოსნო, საიდანაც ლამაზი ბუნება მოჩანს, იზოლირებულია, არ გაწუხებს ქალაქური ქაოსი, იქ ვზივარ და ვხატავ. რადგან მხოლოდ შავ და წითელ ფერებში შესრულებული ნახატების გამოტანა მინდოდა, ამიტომ მომიწია რამდენიმე საუკეთესო ნახატი არ გამომეფინა....

- შარშან გახდი სტუდენტი. ხშირად ახალგაზრდებს ის პროფესია არ მოსწონთ, სადაც აბარებენ, შენ კმაყოფილი ხარ არჩევანით?

- სამხატვრო აკადემიაში ხელოვნების ისტორიაზე ჩავაბარე, ხელოვნებათმცოდნე გამოვალ. ახლახან პარიზის მოდისა და დიზაინის საერთაშორისო აკადემიაშიც მოვეწყვე, იქაც ვსწავლობ მოდის დიზაინს. მოკლედ, ორ პროფესიას ვეუფლები და ვხატავ, ვიღებ ფოტოებს. ვფიქრობ, ვიქნები დიზაინერი და თავისუფალ დროსაც და ისედაც, სულ დავხატავ, რადგან ეს პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭებს. შენით რომ სწავლობ, რთულია, მაგრამ რაც მოგწონს იმას რომ აკეთებ, ეს არის ბედნიერება...

336771824-504918191854231-4090795769977884186-n-1687761017.jpg

13-14 წლისამ აქტიურად დავიწყე ფოტოების გადაღება და ამ პროცესის დროს აღმოვაჩინე ფირის მშვენიერება. მერე ვნახე სხვადასხვა ლინზა როგორ ცვლის ფოტოებს, ეს საინტერესო სფეროა და ბევრი საინტერესო კადრი მაქვს დაჭერილი. ზოგადად, პატარა ასაკიდან ძალიან აქტიური ვიყავი. არ მახსენდება სპორტის სახეობა, რაც არ მითამაშია. ვიდექი სცენაზეც და კონცერტების პერიოდი იყო ყველაზე მაგარი... 4 წლიდან დავიწყე მოდელობით და 10 წლამდე კონკურსებში ვმონაწილეობდი, დავდიოდი სხვადასხვა ქვეყანაში და ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი.

- პოდიუმზე რომ იდექი, ამან ხომ არ მოახდინა გავლენა შენს პროფესიაზე?

- ბავშვობაში მოდელობა მომწონდა, რადგან საზოგადოების ყურადღებას სხვაგვარად აღვიქვამდი, მაგრამ საკუთარი ტანსაცმლის შექმნა და ამის სხვებისთვის გაზიარება, ეს ჩემთვის სულ სხვა რამესთან ასოცირდება. პატარა ასაკიდან მქონდა სრული თავისუფლება. ოჯახის მხრიდან დაძალება ან აკრძალვა, რა ჩამეცვა ან რა არ უნდა მომერგო, არასდროს მიგრძნია. დედა და მამა არაფრის ჩაცმას არ მიშლიდნენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მარტო მაისურით გავიდოდი ქუჩაში... ამ თავისუფლებისთვის მადლიერი ვარ.

- ცნობილი იურისტისა და პოლიტიკოსის, ეკა ბესელიას შვილი ხართ. მას თუ ურჩევთ, რა ჩაიცვას ხოლმე?

- ეკას კარგი გემოვნება აქვს, ფერების შეხამებაც კარგად იცის. უბრალოდ, მას ისეთ შეხვედრებზე უწევს სიარული, სადაც ფორმალური ჩაცმულობაა აუცილებელი, ამიტომ კლასიკურად აცვია. არ აქვს დიდად იმის ფუფუნება, ჩვეულებრივ ჩაიცვას, იცავს თავის დაუწერელ წესებს, მაგრამ მთავარია, ამას იხდენს.

7-1687761044.jpg

- დედის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყავი ჩართული, მას უღებდი ფოტოებს, აკეთებდი კლიპებს, ახლდი ყველა შეხვედრაზე... ეს რთული არ იყო?

- ეკას ერჩივნა, მე ვყოლოდი გვერდით და გადამეღო ყველაფერი, რადგან ზუსტად ვიცოდი, რისი გამოჩენა უნდოდა ამ საარჩევნო კამპანიის დროს, ვიცოდი აქცენტები რაზე გამეკეთებინა. ამიტომ მე მომანდო ეს საქმე. რთული იყო სხვადასხვა ქალაქში გასვლა და სხვადასხვა ადამიანთან კომუნიკაცია, მაგრამ საინტერესო.

- ხომ არ გიფიქრია პოლიტიკოსობაზე?

- არა, პოლიტიკოსი არასდროს ვიქნები!

- მამა, ზურაბ გუბელაძე მოსამართლე იყო, დედა - ცნობილი იურისტია და პოლიტიკოსიც. მშობლები იურიდიულზე ჩაბარებას არ გთხოვდნენ?

- მამაჩემი მოსამართლე იყო და რაღაც პერიოდი ძალიან მინდოდა, მეც მოსამართლე გამოვსულიყავი, მაგრამ 12 წლისამ უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ იურიდიულზე არ ჩავაბარებდი. მინდოდა ხელოვანი ვყოფილიყავი და არა იურისტი. ვიცი, მხატვრობა სათანადოდ არ ფასდება საქართველოში და ისეთი ცხოვრება შეიძლება ვერ მქონდეს, როგორიც იურისტს მექნებოდა, მაგრამ ჩემთვის მთავარია მიყვარდეს საქმე, რაც მთელი ცხოვრება უნდა ვაკეთო.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- ვაპირებ დიზაინი კარგად ვისწავლო, რომ მერე შევძლო სრულფასოვნად კერვა. ახლა მაქვს ჩემი ონლაინმაღაზია და ვყიდი ტანსაცმელს, მაგრამ ეს არ არის ჩემი შეკერილი. უბრალოდ, დიზაინს ოდნავ ვცვლი, შეიძლება რამე მივაკერო, მივახატო. საერთოდ, მინდა ქსოვილიდან დაწყებული, ყველაფერი თვითონ ვაწარმოო, შევკერო და ადამიანებამდე მივიტანო.

თეა ხურცილავა