"მაღალჩინოსნებთან მივიდა და თავის თავზე მოახსენა, ქიტო სანდო კაცი არ არის, მთავრობისთვის საშიში იქნებაო... - გზაპრესი

"მაღალჩინოსნებთან მივიდა და თავის თავზე მოახსენა, ქიტო სანდო კაცი არ არის, მთავრობისთვის საშიში იქნებაო...

უწინ სოფლის მამასახლისს თავიანთ ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა საქმის მოგვარება და თავკაცობა ევალებოდა. მოსახლეობა მას საკუთარი სურვილით ირჩევდა, პატივს სცემდა, ემორჩილებოდა და უსმენდა. რუსეთის მმართველობის პერიოდში კი ეს მიდგომა შეიცვალა, შეიძლება ითქვას, მამასახლისებს ადმინისტრაციულ-პოლიციური მოვალეობების შესრულება დაევალათ; ისინი უმთავრესად ხელისუფლების სურვილებისა და პოლიტიკის გამტარებლები გახდნენ. რასაკვირველია, ასეთი პრივილეგირებული ყოფა ბევრისთვის ხელსაყრელი გამოდგა, თუმცა, არსებობდნენ ისეთი ადამიანებიც, ვისაც ამ თანამდებობის დათმობა საკუთარი სურვილით შეეძლოთ. თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომელმა ვატო ურუშაძემ საინტერესო ცნობები მოიძია ერთ თიანეთელ კაცზე, კერძოდ ქრისტეფორე (ქიტო) ხარანაულზე, რომელსაც ერთხანს მამასახლისის თანამდებობა ეკავა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის თანამედროვეობის ერთ-ერთი ცნობილი მწერლისა და პოეტის ბესიკ ხარანაულის ბაბუა გახლდათ.

ვატო ურუშაძე:

- ქიტო ხარანაული პირველი მსოფლიო ომის მონაწილე იყო. იმავე პერიოდში ის ავსტრიაში მოხვდა. იქვე ციმბირის წყლულით დასნეულდა. როგორც ჩანს, იქ საკმაო დრო დაჰყო, თუმცა რამდენი, დაზუსტებით ცნობილი არ არის. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ქიტო თიანეთის მოსახლეობამ მამასახლისად აირჩია. სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება ერთი საინტერესო ფაქტი. მაშინ თიანეთში სახლების არქიტექტურა ფაქტობრივად ერთნაირად გამოიყურებოდა, ყველა საცხოვრებელი იყო დაბალჭერიანი და მიწური. ქიტო ხარანაულმა კი სახლის ახალი, ბევრად პრაქტიკული და ლამაზი სტილით შენების პრაქტიკა დანერგა, რომელიც, როგორც ჩანს, ავსტრიაში ჰქონდა ნანახი. ამ სახლებს მაღალი ჭერი და დიდი ფანჯრები ჰქონდა, თავად სახლი კი ქუჩის ნაცვლად, აღმოსავლეთის მიმართულებით იყურებოდა.

kito-copy-1687763678.jpg

მისი მამასახლისობის პერიოდს საქართველოში გარუსების პოლიტიკა დაემთხვა. ამ დროს მამასახლისებს ხელახლა ირჩევდნენ და ამ თანამდებობის დაკავება უკვე ავტომატურად, ხელისუფლების სამსახურში ყოფნას ნიშნავდა. ამიტომ ქიტო იმ პერიოდის მაღალჩინოსნებთან მივიდა და თავის თავზე მოახსენა, ქიტო სანდო კაცი არ არის, მთავრობისთვის საშიში იქნება და სოფელს უფლება არ მისცეთ, კვლავ ის აირჩიოსო...

როგორც ჩანს, ქიტო ხარანაული ეკლესიურად ცხოვრობდა. ზოგადად იმ პერიოდში, რუსული წესების გავლენით, ხალხი იშვიათად ეზიარებოდა, მაგალითად, მარხვის დაწყებისას და დასრულებისას ან თვეში ერთხელ, ქიტო კი აქტიურად დადიოდა ეკლესიაში. ოჯახში წესად ჰქონია, ყოველი ზიარების შემდეგ, წირვიდან შინ დაბრუნებულს სუფრა გაეშალა და ახლობლებთან ერთად ესადილა.

საინტერესოა, თიანეთში, კერძოდ იხინჭაში გადაღებული ფოტო, რომელიც 1912 წლის 24 ივლისით თარიღდება. მასზე ვაჟა-ფშაველასთან ერთად არის ქიტო ხარანაული. ვაჟა-ფშაველა მას ბებოს (მამის დედის) მხრიდან ნათესავადაც ეკუთვნოდა, რადგან ვაჟას ბებია დოჯურ-ხარანაულის გვარის შთამომავალი იყო, ამიტომაც მათ ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ.

სამწუხაროდ, ქიტო ხარანაულის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მოგვეპოვება, რაც შეგროვდა ისიც ოჯახის დახმარებით მოხერხდა. აქვე მასზე ერთი საინტერესო ფაქტსაც გიამბობთ:

ქიტო ხარანაულს პირველი მეუღლე - მარიამი დაოჯახებიდან მალევე, ახალგაზრდა გარდაეცვალა. ქიტოს ის ძალიან უყვარდა, ამიტომ ანდერძად დაიბარა, მის გვერდით დამმარხეთო. როგორც ჩანს, თავის სიცოცხლის განმავლობაში ეს სურვილი არაერთხელ გაუჟღერებია. ეს ამბავი ქიტოს მეორე მეუღლისთვის, ანასთვის მიუტანიათ, - შენი ქმარი ასე და ასე ამბობსო, მას კი უთქვამს: არა უშავს, თუ ქიტო მარიამის გვერდით დაიმარხება, მე მის ფეხებთან დამკრძალეთო. მართლაც, დღეს ქიტო მარიამის გვერდით არის დაკრძალული, ხოლო ანა - მეუღლის ფეხებთან.

ანა კალანდაძე