ვინ არის კაცი სახელად როკი, იგივე შავი პანტერა
მარინე ტურავა, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:
- საოცარი ფაქტის მოწმე გავხდით: ინტერნეტსივრცეში განთავსებულ შაქრო ჭითანავას ლექსებს რეკორდული რაოდენობის მკითხველი ჰყავს. მისი ნამუშევრების ნაწილი "მეგრული პოეზიის ანთოლოგიაში" გამოქვეყნდა. ამ ადამიანის პოეზიის უმთავრესი ღირსება სწორედაც რომ ბუნებრივობა და უშუალობაა; ლექსები ძირითადად ხალხური შაირის ტიპისაა და მასში ყურადღება ცხოვრების ნათელ მხარეებზეა გადატანილი: მერე რა, თუ მისი ცხოვრება ია-ვარდით არ ყოფილა მოფენილი, ამიტომაც ნათლადაა შესაცნობი მის მიერ წარმოდგენილ, ამაღლებულ ფასეულობათა სიდიადე; მისთვის ლექსი ბოროტების დათრგუნვის იარაღია, როგორც საზეიმოდ აღმართული სიკეთის ბაირაღი.
"კაცს არ ჰყოფნის ზღვა და მთები, მიწა ეპატარავება,/ ერთ საფლავშიც დაეტევა, სიკვდილი რომ ესტუმრება,/ არ გაარჩევს ავს კარგისგან, უდროოდ როს მოგადგება,/ გლეხკაცსაც და აზნაურსაც, ერთნაირად უსწორდება" (მეგრულიდან თარგმნა კობა ჭუმბურიძემ).
...ძალადობის წინააღმდეგ ამხედრებული შაქრო ჭითანავა არაერთგზის ევნო როგორც ხორციელად, ისე სულიერად, მაგრამ უკან არასოდეს დაუხევია. სწორედ მის თვალწინ სრესდნენ ტუსაღებს მეოცე საუკუნის ჯალათები, ყინულის ხარაჩოებში ყრიდნენ დახვრეტილებს, სწორედ ამ საშინელებიდან თავის დასაღწევად და ერთადერთ მსხნელად, მან საკუთარი "მეობა" აირჩია.
შაქრო ჭითანავას ცხოვრების ასახვისთვის არაერთ აღიარებულ მწერალს ჰქონდა აკაპიწებული მკლავები, რადგან მისი გავლილი გზაცა და ცხოვრებაც სამეგრელოს სინამდვილეში არავისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
შემთხვევითი არაა, რომ მწერალმა გური ოტობაიამ შექმნა რომანი "როკი", რომლის მთავარი გმირის პროტოტიპად სწორედ ბატონი შაქრო გვევლინება, მეტსახელად "შავი პანტერა" - კაცი, რომელიც სახელმწიფოებრივი დესპოტიზმის ფონზე გამორჩეული იყო თავისი ბობოქარი ცხოვრებითა და გასაოცარი გამძლეობით თრგუნავდა ადამიანების წინააღმდეგ გასასრესად აღმართულ უსამართლო მახვილებს.
ყველაფრის მიუხედავად, მისთვის უმთავრესი ფასეულობა ადამიანის თავისუფლება იყო და რის ფასად შეძლო, რომ 14 წელი თავისუფლებააღკვეთილ კაცს არ დაეკარგა გამუდმებული ბრძოლის უნარი, თანაც ისე, რომ ამ ერთადერთი მისწრაფებისადმი ბოლომდე ერთგული დარჩენილიყო, ვინ იცის...
გური ოტობაია:
- ქართულში სიტყვა "როკი" ძელქვას ნიშნავს, რომლის მთავარი თვისება უდრეკელობაა, რომელმაც უკან დახევა არ იცის. ჩემი რომანის გმირსაც, მრავალწლოვანი პატიმრობისას, უამრავი კლასიკური წიგნი წაუკითხავს, ბევრი გონებანათელი ადამიანისთვისაც დაუგდია ყური და იმდენად სხარტი აზროვნებისაა, რომ ფილოსოფოსობაც კი შეგვიძლია დავაბრალოთ. ამ რომანს შეიძლება ეწოდოს მაცილისეული გზიდან - გზა უფლისაკენ, გზა უთვისტომობიდან - გზა სამშობლოსაკენ; ჩემი რომანის გმირს, შაქრო ჭითანავას მსგავსად, ციხის კოშმარულმა კედლებმა ვერაფრით წაართვა პატრიოტული სულისკვეთება...
ის მაინც დარჩა მაშინდელი საბჭოური კოლონიების ათასეული რეალობიდან, ერთ-ერთ შეუდარებელად, ყოველთვის იქით რომ ასწრებდა მოვლენებს...
ირაკლი ჭითანავა, ძმისშვილი:
- მიუხედავად იმისა, რომ მემატიანე, დღევანდელი გადმოსახედიდან, ბიძაჩემის ცხოვრებაში უფრო მეტად ტრაგიზმს ხედავს, მე მაინც არ ვთვლი, რომ ამ რეალობაში, ის უკეთესად შეძლებდა საკუთარი ადგილის პოვნას, რადგან სწორედ იმ არსებულ სინამდვილეში, რომელშიც ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა საქართველო, ის მაინც საუკეთესო მაგალითად დარჩა თავისი ნიჭით, ძლიერი ხასიათითა და იმ პიროვნული თვისებებით, რომლითაც ის იმ კაცად და ადამიანად შედგა, ვინც იმ დროში იყო, დღესაც არის და სულ იქნება...
P.S. ეს სტატია არც ისე უბრალო მიზეზით დაიწერა, ამიტომაც ბატონი შაქროს პორტრეტული შტრიხების განზოგადებას აღარ გავაგრძელებთ, რადგან დღეს მნიშვნელოვანი არა მისი ცხოვრებისეული გზა, არამედ მისი იუბილეა...
ლიკა ჯანანაშვილი