"თქვენთან ძალიან მეგობრული კანონებია" - გზაპრესი

"თქვენთან ძალიან მეგობრული კანონებია"

სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის მომო ნიუანო საკმაოდ პოპულარულია. 25 წლის იაპონელი "ტიკტოკერი" ქართულ, იუმორისტულ კონტენტს ქმნის. დავინტერესდით, როგორ მოხვდა მომო საქართველოში და რა მიზნები და გეგმები აქვს...

- წარმოშობით იაპონიიდან ვარ, თუმცა გარკვეული პერიოდი ვცხოვრობდი ამერიკაში, ჩინეთში... ვსწავლობდი გერმანიის უნივერსიტეტში. ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი გერმანიაში მივიღე... უნივერსიტეტში რამდენიმე ქართველი სტუდენტიც სწავლობდა. ისინი პირველი ქართველები იყვნენ, ვინც გავიცანი. მათ შორის ერთ ქართველ გოგონას განსაკუთრებულად დავუახლოვდი, დავმეგობრდით. მან მიამბო საქართველოს ისტორიის, კულტურის, სამზარეულოს შესახებ... გადავწყვიტე საქართველოს მონახულება, 2018 წელს ჩამოვედი და აქ 2 კვირა გავატარე... ქუთაისის აეროპორტიდან თბილისისკენ ავტობუსით გამოვემგზავრე. საქართველოში ჩემი პირველი სტუმრობა ახალი წლის დღესასწაულებს დაემთხვა. თბილისში ჩამოსულს მთელი ქალაქი განათებული დამხვდა. ჩემი პირველი შთაბეჭდილება ასეთი იყო: ეს რა ზღაპრულ ქალაქში მოვხვდი-მეთქი?! ყველაფერი აციმციმებული, გალამაზებული გახლდათ... ასევე, ჩემთვის მეორე შთამბეჭდავი ფაქტი იყო, რომ მსოფლიოში ცნობილ სწრაფი კვების ობიექტებზე ქართული წარწერები დავინახე. ჩემთვის ქართული დამწერლობა ისეთი უცხო იყო, გავოგნდი - თითქმის იეროგლიფად აღვიქვი...

- ამჟამად, ქართული ენა რა დონეზე იცით?

- რა თქმა უნდა, ქართული ჯერ მხოლოდ ბაზისურ დონეზე ვიცი, რაც სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ მაგალითად, თუ 2 ადამიანი საუბრობს, ზოგადი აზრი გავიგო. ასევე, ქართული ასოების გარჩევა, წაკითხვა ვიცი. მაგალითად, როცა რესტორანში ვარ, შემიძლია, ქართულად დაწერილი მენიუდან მიმტანს კერძის სახელწოდება წავუკითხო, რომლის შეკვეთაც მინდა... როცა სკოლაში დადიხარ და რომელიმე ენას ტრადიციული მეთოდით სწავლობ - პირდაპირ გრამატიკით იწყებ, შეიძლება, სწავლის უფრო ნაკლები მოტივაცია გქონდეს. ჩემთვის უფრო საინტერესოა, რომ სხვადასხვა სიტუაციიდან ქართული სიტყვები "ამოვკრიბო", დავიმახსოვრო, მერე კი, თუ იმავე სიტყვებს სხვა გარემოში გავიგონებ, კონტექსტუალურად დავაკავშირო - ასე უკეთ მამახსოვრდება...

- მომო, ტყემლის საწებელი, რომლის შესახებაც ვიდეოც გაქვთ გადაღებული, საქართველოში პირველი ვიზიტისას გასინჯეთ?

- არა, ეს ვიდეოც ახლახან გადავიღე. წინათ შეიძლება, ტყემლის საწებელი სხვადასხვა კერძთან ერთად გასინჯული მქონდა, მაგრამ ცალკე - არა. თან, ტყემლის ეს საწებელი, რაც ვიდეოში ჩანს, სახლში მომზადებულია - მეგობარმა მაჩუქა და ძალიან მომეწონა.

- ქართული სამზარეულოდან კიდევ რა მოგწონთ?

- ჩემი ფავორიტი კერძია ხაშლამა, ასევე - ოსტრი, ოჯახური, ხარჩო, ქართულად მომზადებული ბადრიჯანი ნიგვზით და ბროწეულით. ბადრიჯნის სალათის ჭამა თითქმის ყოველდღე შემიძლია, ძალიან მიყვარს!.. რა თქმა უნდა, ხინკალი და ხაჭაპური მომწონს, განსაკუთრებით - მეგრული ხაჭაპური, ზემოდან ბევრი ყველით...

- რა მიზნით იმყოფებით ახლა საქართველოში და რამდენი ხანია, რაც აქ ხართ?

- მცირე ხნით სამჯერ ვიყავი ჩამოსული, ახლა მეოთხედ ვარ. ოქტომბრიდან აქ ვიმყოფები. ვიდრე გერმანიაში სწავლას დავასრულებდი, მანამდე საქართველოში დაბრუნების იდეა გონებაში მიტრიალებდა. ისე შემიყვარდა აქაურობა, რომ გადავწყვიტე, გერმანიიდან საქართველოში ჩამოვსულიყავი. პროგრამისტი ვარ. ამერიკასა და იაპონიაში სხვადასხვა კლიენტისთვის ვმუშაობ ("ფრილანსერად").

- როგორ მოერგეთ აქაური ცხოვრების სტილს?

- უპირველეს ყოვლისა, საქართველოში ძალიან მეგობრული კანონებია. გამარტივებული სავიზო პირობები უცხოელებისთვის ხელშემწყობი ფაქტორია. რა თქმა უნდა, გარკვეული შეზღუდვები არის, მაგრამ შეგვიძლია, აქ დარჩენა, მუშაობა, საბანკო ანგარიშების გახსნაც... ამ მხრივ, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, კომფორტული გარემოა... მერე და მერე, ქართველებს რომ დავუახლოვდი, შევამჩნიე, სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, აქ "დრო ნელა გადის" და ბევრ რამეს ასწრებ. ქართველი ხალხი დიდი ხელგაშლილობით, გულწრფელობით და კეთილშობილებით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა მარტო ვცხოვრობ, თავი მარტო არასდროს მიგრძნია. როცა უბანში კალათბურთის სათამაშოდ გავდივარ, კარგად მხვდებიან და კარგ დროს ვატარებთ - თითქოს დიდი ხანია, რაც აქ ვცხოვრობ.

- როგორ გაგიჩნდათ ქართულ რეალობას მორგებული "ტიკტოკ" კონტენტის შექმნის იდეა?

- საქართველოში ჩემი მეგობარი - ჰიროკი ცხოვრობდა, მერე ის იაპონიაში დაბრუნდა. ჰიროკი ვიდეოებს აქტიურად იღებდა - ყოველდღიურ ცხოვრებას აღწერდა. ჩემთვის ეს იყო შთამაგონებელი, რომ მას ავყოლოდი და თუ რამე იდეა მომივიდოდა, ვიდეოები გადამეღო. საცდელი ვერსიები არც ისე წარმატებული გამოდგა, თუმცა ერთხელ ვიდეო გადავიღე, რომელშიც ჩანს, ხინკალს როგორ ვჭამ - ჭამისას წვენი მთლიანად მეღვრება, მერე კი ხინკლის შიგთავსიც - ხორციც მივარდება... ხინკლის ჭამის მთავარი აზრი ხომ ისაა, რომ წვენი უნდა დალიო, არა (იცინის)? მოკლედ, ეს ვიდეო ვირუსული გახდა. ერთ-ერთმა "ინფლუენსერმა" - ზვიად ალიევმაც გააზიარა... საბოლოო ჯამში, ვიდეოს "ნახვის" რაოდენობა 3 მილიონამდე გაიზარდა და ამან მოტივაცია მომცა, გადაღება გამეგრძელებინა.

- ბევრი დრო, ენერგია გეხარჯებათ იდეების მოფიქრებაში, გადაღებაში?

- არ ვჯდები და ამაზე არ ვფიქრობ. იდეების მოსაფიქრებლად თავს ძალას არ ვატან. მუშაობის პროცესი ლაღია. შეიძლება, ამერიკული, იაპონური ვიდეოები "ვსქროლო" და დავაკვირდე, მათში რა არის ის პატარა დეტალი, რამაც ისინი პოპულარული გახადა. უბრალოდ, ამას მეხსიერებაში ვინახავ და დათვალიერებას, დაკვირვებას ვაგრძელებ. ჩემს კონტენტს რაც შეეხება, ვიდეოს გადაღება სპონტანურად ხდება: კონკრეტულ გარემოში ყოფნისას და უცებ იდეა მომდის. ინტუიციით ვხვდები, ამა და ამ თემაზე ვიდეოს გადაღება კარგი იქნება-მეთქი.

- ვიდეოების შექმნაში ქართველი მეგობრები გეხმარებიან? ერთ-ერთი ქართული ტელეარხის საინფორმაციო გამოშვების შესახებაც გაქვთ ვიდეო გამოქვეყნებული...

- ჩემი ერთ-ერთი ქართველი მეგობარი იაპონიაში ცხოვრობდა, იაპონური ენა კარგად იცის, იაპონურ კულტურას იცნობს... როცა რამე ხუმრობას მოვიფიქრებ, ზოგჯერ მას ვუზიარებ, რადგან მან ორივე კონტექსტი იცის - ქართულიც და იაპონურიც. მაგალითად, ერთხელ ვთხოვე, ბანალური ფრაზების გარდა, ჩემთვის ისეთი ქართული გამოთქმა ესწავლებინა, უცხოელისგან რისი მოსმენაც ქართველს გაუკვირდებოდა, მოულოდნელობის ეფექტი ექნებოდა. ეს ანდაზა - "სახელის გატეხას თავის გატეხა ჯობია" - შემომთავაზა, რის შესახებაც ვიდეოც გადავიღე... ასევე, როცა გაიგო, რომ "ნახალოვკაში" ვცხოვრობ, მეგობარმა მიმახვედრა, ტოკიოს რომელი ნაწილია ყველაზე "ახლოს" თბილისის ამ უბანთან. ასეთი პარალელებით ვცდილობ ამოვიცნო, აქცენტი რაზე გავაკეთო... საინფორმაციო გამოშვების შესახებ გადაღებულ ვიდეოს რაც შეეხება, თავდაპირველი ხუმრობა "ბიბისიზეა". მეგობარს ვკითხე, - მსგავსი ტელეარხი საქართველოში თუ არის-მეთქი? მითხრა, - კიო და ვიდეო ქართული ტელეარხის შესახებაც გადავიღე...

- მომო, რამდენ ენას ფლობთ?

- ინგლისურს და იაპონურს სრულყოფილად ვფლობ, გერმანული B2 დონეზე ვიცი. ასევე, ვსაუბრობ ჩინურად B1 დონეზე, ქართული კი - ელემენტარულ დონეზე ვიცი.

- თქვენი ოჯახის წევრები სად ცხოვრობენ, რას საქმიანობენ?

- ცოტათი არატიპური იაპონური ოჯახი მყავს. ადრეული ასაკიდანვე მშობლებმა გადაწყვიტეს, საცხოვრებლად ერთი ქვეყნიდან მეორეში გადავსულიყავით. შესაბამისად, საბოლოოდ ისე მოხდა, რომ საკმაოდ მიმოვიფანტეთ. მაგალითად, ჩემი და ვერტმფრენის პილოტი გახლავთ. ფლორიდაში ცხოვრობდა, შემდეგ დაოჯახდა, ახლა 2 შვილი ჰყავს და ტოკიოში დაფუძნება გადაწყვიტა... დედა იაპონიაში ცხოვრობს. დიასახლისი გახლდათ, ახლა კი ხელოვნებათმცოდნეობის კურსის გავლა გადაწყვიტა, ეუფლება ფერწერას, ხატვას, ხელოვნების სხვადასხვა დარგს... მამა ცალკე ცხოვრობს. კერძო ბიზნესის მფლობელია. მასთან კარგი ურთიერთობა არ მაქვს. რაც უნივერსიტეტში სწავლა დავამთავრე, მამასთან კომუნიკაცია დიდად არ მაქვს. დედას ხშირად ვეკონტაქტები. საქართველოშიც კი იყო სტუმრად. აქაურობით მოიხიბლა და კიდევ აპირებს ჩამოსვლას.

- მომო, შეყვარებული ხართ?

- მარტოხელა ვარ, მაგრამ ურთიერთობებისთვის "გახსნილი".

momo-7-1687764116.jpg

- საქართველოში პოპულარობას გრძნობთ?

- ძალიან. კალათბურთის სათამაშოდ ძირითადად, ვაკეში დავდივარ. იქ მოზარდები მეუბნებიან, - აა, შენ "ტიკტოკერი" ხარო? მაშინვე მცნობენ... ახლახან იაპონიაში ვიყავი. ჩემს იქ ყოფნას ქართული კულტურის ფესტივალი დაემთხვა. ფესტივალზე მყოფმა ქართველებმა მიცნეს, რაც საოცრად სასიამოვნო განცდაა... საერთოდ, ინტროვერტი ვარ. სავარჯიშოდ დავდივარ, სახლში ვმუშაობ... შეიძლება საყიდლებზე მაღაზიაში გავიდე... ბოლომდე კარგად ვერ ვხვდები, ხალხი იმიტომ მიყურებს, რომ მცნობს თუ იმიტომ, რომ ერთადერთი იაპონელი ვარ, ვინც "ნახალოვკაში" ცხოვრობს (იღიმის). მათგან გულთბილ დამოკიდებულებას ვგრძნობ. ხანდახან ბავშვები მოდიან და ჩემთან სელფებს იღებენ...

- საქართველოსთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ?

- საქართველოში იმდენ ხანს დავრჩები, რამდენ ხანსაც გული მიკარნახებს, შეიძლება მთელი ცხოვრებაც დავრჩე. რაც შეეხება კარიერას, პროგრამისტად ვმუშაობ. გულით მინდა, ისეთი კონტენტი შევქმნა, რომელიც ადამიანებს კარგ ხასიათზე დააყენებს, გააღიმებს, გააცინებს... ჩემთვის ბედნიერება იქნება, თუ ჩემი წამოწყება განვითარდება, "ტიკტოკს" გასცდება და ფილმების ან შოუს დონეზე გაფართოვდება. ბავშვობიდან მომწონდა ხუმრობები, ადამიანების გაცინება და ამ უნარების კიდევ უფრო განვითარება მინდა...

- სად აპირებთ ზაფხულის გატარებას?

- ბოლო დროს ბევრჯერ მომიხდა წასვლა: უნივერსიტეტში სწავლის დასრულებასთან დაკავშირებით, ბიუროკრატიული დეტალები უნდა მომეგვარებინა, ამიტომ გერმანიაში არაერთხელ გავემგზავრე... 2 კვირის წინ იაპონიიდან ჩამოვედი... აქტიურად მოგზაურობას აღარ ვგეგმავ, თუმცა მინდა, ამ ზაფხულს კახეთსა და ბათუმს ვესტუმრო...

ეთო ყორღანაშვილი