"ასე დაიწყო მეგობრობა" - გზაპრესი

"ასე დაიწყო მეგობრობა"

"...მეორე მსოფლიო ომმა კიდევ უფრო განამტკიცა უკრაინელებისა და ქართველების მეგობრობა. 560 ვაჟკაცი გაემგზავრა ფრონტზე. შრომის საშუალო სკოლის დირექტორმა ვალერიან ქვილორიამ, რომელიც უკრაინისთვის ერთ-ერთ ბრძოლაში გმირულად დაეცა, ასე მიმართა შრომელებს: "ჩვენთვის უკრაინა იგივეა, რაც საქართველო. სამშობლოსთვის, ჩვენი ძმებისა და მეგობრებისათვის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ"... - ცნობებს სოფელ შრომის სკოლის დირექტორი, რუსუდან ცეცხლაძე გვაწვდის..."

- 1938 წელს, 26 აპრილს შრომის კოლმეურნეობაში ხალხმრავალი მიტინგი ჩატარდა, სადაც ბარათი უკრაინის ყველა კოლმეურნის მისამართით დაიწერა. გაზეთმა "პრავდამ" მას "შესანიშნავი ბარათი"უწოდა. "ვისურვებდით უკრაინელ კოლმეურნეებსაც მოეთხროთ თავიანთ საქმიანობაზე, თუ როგორ ცხოვრობს და იბრძვის უკრაინელი კოლმეურნე გლეხობა ახალ-ახალი მიღწევებისთვის"... ამა წლის 12 მაისს შრომის კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრებაზე წაიკითხეს უკრაინის რესპუბლიკის ხერსონის ოლქის გენიჩენსკის რაიონის, სოფელ როვნოეს კოლმეურნეების წერილი, რომელშიც გამოთქვამდნენ გულწრფელ სიხარულს ქართველი გლეხების შრომითი მიღწევების გამო და მზად იყვნენ გამოწვევის მისაღებად, რომ მათთან ერთად ჩაბმულიყვნენ შრომით საქმიანობაში, თან ე.წ. სოციალისტურ შეჯიბრებაში ერთმანეთს გასჯიბრებოდნენ. მალევე სოფლის თავკაცად დაინიშნა მიხაკო ორაგველიძე, რომლის ინიციატივით ჯერ როვნოელები ჩამოვიდნენ ჩვენს სოფელში და ხელი მოაწერეს მეგობრობის მემორანდუმს, შემდეგ კი შრომელები ეწვივნენ გენიჩესკსა და როვნოეს. შეიქმნა უკრაინულ-ქართული ოჯახები, რამაც ხელი შეუწყო უკრაინელი და ქართველი ხალხების დაახლოებას... დელეგაციის ხელმძღვანელი პიდამარჩუკი წერდა: "მივდივართ უკრაინაში და იქ ვუამბობთ მშრომელებს, რა ვნახეთ თქვენს შესანიშნავ ქვეყანაში. ქართველები ისე შეგვხვდნენ, როგორც დედ-მამა ხვდება ათი წლის უნახავ შვილს..."

მეორე მსოფლიო ომამდე და შემდეგაც შრომელები და როვნოელები ერთმანეთს უგზავნიდნენ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, ჩვენგან ძირითადად ციტრუსებს, ჩაის, მათგან კი ჩამოჰყავდათ რქოსანი პირუტყვი - უკრაინული ველის წითელი ჯიშის ძროხები და საჩუქრად თითოეულ კომლს ურიგებდნენ სოფლის ნობათის სახით ბოსტნეულს, საზამთროს, ნესვს... მეორე მსოფლიო ომმა კიდევ უფრო განამტკიცა უკრაინელებისა და ქართველების მეგობრობა. 560 ვაჟკაცი გაემგზავრა ფრონტზე. შრომის საშუალო სკოლის დირექტორმა ვალერიან ქვილორიამ, რომელიც შემდეგ გმირულად დაეცა უკრაინისთვის ერთ-ერთ ბრძოლაში ასე მიმართა შრომელებს: "ჩვენთვის უკრაინა იგივეა, რაც საქართველო. სამშობლოსთვის, ჩვენი ძმებისა და მეგობრებისათვის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ". გენიჩესკნელთა შორის, რომლებმაც შრომაში მოიშუშეს ჭრილობები, ერთ-ერთი პირველი უმცროსი ლეიტენანტი ვასილ ლავრენტიევი იყო. ის სამი თვე ცხოვრობდა მელინკი მჟავანაძის ოჯახში. ქალი მოვლასა და მზრუნველობას იჩენდა დაჭრილი ვაჟკაცის მიმართ. სწორედ ეს გახდა თემა მოქანდაკისათვის შეექმნა ძეგლი "მეორე სამშობლოში", რომელიც მეგობრობის 30 წლისთავის დღეებში გაიხსნა. "მეგობრობის ბაღში", როცა შვილობილმა მელინკი მჟავანაძის გარდაცვალების ამბავი გაიგო (60-იანი წლების ბოლოს), საფლავის ქვა ჩამოუტანა წარწერით: "ჩემს ძვირფას დედობილს, მელინკი თედორეს ასულს. ომის მძიმე წლებში ჩემზე თქვენი დედობრივი ზრუნვა, სიყვარული და ალერსი სამუდამოდ დარჩება ჩემს ჯარისკაცურ გულში"... როგორც შრომელი, ისე უკრაინელები საზეიმოდ აღნიშნავდნენ მეგობრობის მრგვალ თარიღებს. იმ საზეიმო დღეებში ჩართული იყვნენ ორივე ქვეყნის არა მხოლოდ პოლიტიკური ხელმძღვანელები, არამედ ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეები. დაუვიწყარია ოლეს გონჩარის, მიკრდა ბაჟანის, იური ზბანიცის, ვასილ კოზარ-ჩეკოს, ვლადიმ სობკოს, ვიტალი კოროჩიჩის, ივანე დრაჩის, დიმიტრი კოსარიკის, ივანე ვირვანეს, ოლექსა იურენკოს, აგრეთვე ქართველი მწერლების: ირაკლი აბაშიძის, გრიგოლ აბაშიძის, კარლო კალაძის, ჯანსუღ ჩარკვიანის, სერგო ჭილაიას სტუმრობა შრომელი და როვნოელი ხალხის მეგობრობის 30-ე წლისთავზე... მეგობრობის გრძნობებით დაკავშირებულ მაშინდელ საკოლმეურნეო შეჯიბრებებში მონაწილე ორივე ხალხის ფოტოსურათები ამშვენებდა "მეგობრობის მუზეუმს", რომელიც 1958 წელს გაიხსნა შრომის კანტორაში, რომელიც სოფლის ადმინისტრაციული ნაგებობა იყო. ის დღესაც გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობაა.

"...სოფელ შრომისა და სოფელ როვნოეს (უკრაინა, ხერსონის ოლქი, გენიჩენსკის რაიონი) შორის მეგობრობა 70 წელზე მეტია, რაც სკოლებს შორის მეგობრობაში გადაიზარდა. შრომის საშუალო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი "მეგობრობა" (ხელმძღვანელი ჯუმბერ დუნდუა) 1978 წელს გასვლითი კონცერტებით იმყოფებოდა როვნოეში, სოფელ ჩონგარში, გენიჩენსკსა და ხერსონში. 80-იან წლებში ჩვენი სკოლის მოსწავლეები და დამეგობრებული ქვეყნის მოსწავლეები საზაფხულო ბანაკში ისვენებდნენ და აქტიურად მონაწილეობდნენ უკრაინელ თანატოლებთან ერთად კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებში. რუსული ენის ცოდნა გახდა ბავშვების დაახლოებისა და აზრთა ურთიერთგაცვლის საუკეთესო საშუალება. იმართებოდა სპორტული შეჯიბრებებიც. უკრაინელი მოსწავლეები პარალელურად ურეკში ისვენებდნენ, სოფელ შრომის საზაფხულო ბანაკში. პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით ბევრს სძენდა უკრაინელ და ქართველ პედაგოგებს... 2003 წელს, როცა უკრაინელთა დელეგაცია ჩვენს სოფელს ეწვია, ერთხელ კიდევ ვცადეთ უკრაინელ პედაგოგებთან კოლეგიალური ურთიერთობების აღდგენა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ შევძელით. ბოლოს დელეგაცია რომ იყო ჩამოსული, უკრაინაში მეც მიმიწვიეს, მაგრამ ომმა დაგვაბრკოლა..."

მანანა გაბრიჭიძე