რას იხსენებს მანანა ხიდაშელი ცნობილ ბიძაზე, ვირსალაძეებზე, მშობლებზე - გზაპრესი

რას იხსენებს მანანა ხიდაშელი ცნობილ ბიძაზე, ვირსალაძეებზე, მშობლებზე

ქალბატონ მანანა ხიდაშელს შინ ვეწვიე, საკუთარი ბიოგრაფიიდან რამდენიმე ეპიზოდის მოყოლა ვთხოვე და რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ბიძაზე - მხატვარ და სცენოგრაფ სოლიკო ვირსალაძეზე. ქალბატონ მანანას სურვილი აქვს, რომ სოლიკო ვირსალაძის მემორიალური ბინა (იქ თავად ცხოვრობს) მუზეუმად აქციოს.

- ეს ძალიან ძველი სახლია. გოგი მესხიშვილმა მითხრა, რომ სანამ ვორონცოვი სასახლეს (მოსწავლეთა სასახლე) ააშენებდა, მეფისნაცვალი აქ ცხოვრობდაო. სოლიკო წლების მანძილზე ლენინგრადში მუშაობდა და ცხოვრობდა. პენსიაზე ადრე გავიდა და შემდეგ უკვე მოსკოვის დიდ თეატრთან დადო ხელშეკრულება. საქართველოა ჩემი სამშობლო და თბილისში მინდა ვიცხოვროო, ამბობდა. ბინა ამ სახლში დედაჩემმა შეურჩია. ძმას შეუთვალა, - მხოლოდ სამი ოთახია, მეტი არაფერი, მაგრამ მშრალ ხიდთან ახლოსაა და სახლი გლიცინიებით არის მორთულიო. სოლიკოს უთქვამს: „აიღე გლიცინიებთან ერთად“. რაღაც დროის მერე, ამ სახლში მცხოვრები ოჯახები სხვაგან გადაიყვანეს, სოლიკო კი აქვე, მეორე ფლიგელში დააბინავეს. დანარჩენი ოთახები თეატრალურ მხატვრებს გადასცეს სახელოსნოებად. სახლის წინ არსებულ ბაღს თავის დროზე უვლიდნენ სოლიკო, გოგი მესხიშვილი და ლევანი (ქალბატონი მანანას შვილი, მსახიობი ლევან აბაშიძე. - ავტ.).

soliko-da-levani-copy-1687765197.jpg

მშობლები

- ჩემმა მშობლებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის პირველ კურსზე გაიცნეს ერთმანეთი და შეუყვარდათ. დედაჩემი ელენე (ლოლოტა) ვირსალაძე დაიბადა თბილისში 1911 წელს, მამაჩემი - შალვა ხიდაშელი 1910 წელს, ცხინვალში. როცა უნივერსიტეტი დაამთავრეს, დაქორწინდნენ და სწავლის გასაგრძელებლად ლენინგრადში წავიდნენ, მე იქ დავიბადე. მშობლები თბილისში მალე დაბრუნდნენ. მამა (ფილოსოფიის დოქტორი, აკადემიკოსი. - ავტ.) მუშაობდა ანტიკური ფილოსოფიის ისტორიის მიმართულებით, ხოლო დედა უნივერსიტეტში რუსულ და მსოფლიოს ხალხთა ფოლკლორს კითხულობდა. ბატონი ვახტანგ კოტეტიშვილი გახლდათ მაშინ ფოლკლორის კათედრის გამგე. მერე ყველაფერი აირია, დედა დააპატიმრეს... მამა როგორ გადარჩა, თავადაც უკვირდა. ეუბნებოდნენ, ბედნიერ ვარსკვლავზე დაიბადეო. სამამულო ომის დროს მამა ქერჩში იბრძოდა, სადაც უამრავი ქართველი დაიღუპა და იქაც გადარჩა, არც კი დაჭრილა... დედა ძალიან ძლიერი ქალი იყო, არასოდეს მიყვებოდა თავისი გადასახლების შესახებ. მამისგან ვიცოდი, რომ ბანაკში ქარგავდა და 40-გრადუსიან სიცივეში ხეებს ხერხავდა. ერთხელ ვკითხე: დედა, როგორია „პოწმა“-მეთქი? რაზეც ასე მიპასუხა: „შენ ვერ წარმოიდგენ, რა ლამაზია ჩრდილოეთის ნათება!“ დედა ხუთ-ნახევარი წელი იყო გადასახლებული. საწოლის თავთან მისი სურათი მეკიდა, ყოველღამე ძილის წინ ვაკოცებდი და ისე ვწვებოდი.

bagrat-virsalaze-da-elene-musxelishvili-copy-1687765101.jpg

ბაგრატ ვირსალაძე და ელენე მუსხელიშვილი

- ბაბუა ბაგრატ ვირსალაძე ეკონომისტი იყო და საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში კონტროლის პალატას ხელმძღვანელობდა. ბატონი კონსტანტინე გამსახურდია მიყვებოდა, - იმდენად სძულდა ბოლშევიკები, რომ ყველგან ხმამაღლა ლანძღავდაო და ერთხელ უთქვამს კიდეც: ბატონო ბაგრატ, გაჩერდით, საშიშიაო... ბაბუას დაპატიმრების ამბავი დედამ არ იცოდა და ახლა გიამბობთ, როგორ გაიგო: ერთ დღეს რაღაც ძალიან ნერვიულობდა და გვერდით მყოფ ბოშა ქალს სთხოვა, მიმკითხავეო. ბოშამ კარტი გაუშალა: ლოლოტა, უცნაურია, უკან გზა არა გაქვს, მაგრამ ახლობელს შეხვდებიო. დედა მივიდა ფანჯარასთან, გაიხედა და პატიმრებს შორის მამა დაინახა... დედაჩემმა ასანთის კოლოფზე დაწერა „ლოლოტა“ და ჩაუგდო. ბაბუა დახვრიტეს, ის 68 წლისა იყო.

დიდედა ელენე მუსხელიშვილი შესანიშნავად ხატავდა, მღეროდა (სარაჯიშვილთან ერთად უმღერია საღამოებზე), წერდა მოთხრობებს. მამამისი ეფრემი სამხედრო პირი იყო. ბებიას დედა ადრე გარდაეცვალა და ქუთაისში დეიდასთან იზრდებოდა. მერე თბილისში დაამთავრა წმინდა ნინოს სასწავლებელი ოქროს მედალზე. 16 წლისამ გადაწყვიტა შვეიცარიაში წასულიყო სასწავლებლად, მაგრამ ოჯახმა არ გაუშვა. ერთი წლის მერე მაინც მოახერხა, გაყიდა ოქროს მედალი და წავიდა. ჟენევაში სწავლობდა, ბიოლოგი გახდა. ქართული ცუდად იცოდა და სულ ბოდიშებს იხდიდა. ასეთი მიმართვა უყვარდა, - „მადამ“, ყველას ასე ეძახდა. ერთხელ ბაზარში გამყიდველს ჰკითხა: მადამ, რა ღირს თქვენი მაწონი? ქალმა გაკვირვებით უპასუხა: ბატონყმობა გადავარდა და რა „მადამი“ აგიტყდაო?! მახსოვს ასეთი ეპიზოდი: ზამთარია, ცივა, მაცვია ნაჩუქარი ბოტები, ფეხებზე გაზეთები მაქვს შემოხვეული სითბოსთვის, ავიღეთ დიდედამ და მე 300 გრამი შავი პური და ბესიკის ქუჩას ავუყევით. ზემოდან მოდის მართლა „მადამ“ - ქალი კარაკულის ქურქით, შავი ხავერდის ვუალით... დიდედა და ის ქალი ერთმანეთს გადაეხვივნენ და ფრანგულად დაიწყეს საუბარი. გაოცებულმა ვკითხე: დიდედ, ვინ იყო-მეთქი? „დაიმახსოვრე, ეს არის მადამ ბუზოღლი - ზაქარია ფალიაშვილის მუზა“. ერთხელ დანანებით მითხრა: ჩემი ცხოვრება არ შედგა, სამაგიეროდ, კარგი შვილები გავზარდეო და მართლაც, სამივე შვილი დედას აღმერთებდა.

ეპიზოდები შემოქმედებაზე, მეგობრებზე

- სოლიკოს ყოველი სპექტაკლის პრემიერაზე აუცილებლად, მე და დეიდა თინა (სოლიკოს და) მოსკოვში მივფრინავდით. მისი არც ერთი დადგმა არ გამომიტოვებია. ერთხელ მკითხა: ჩემი ყველა სპექტაკლი გინახავს და ყველაზე მეტად, რომელი გიყვარსო? დაუფიქრებლად ვუთხარი, - ყველა მიყვარს, მაგრამ ოთხს გამოვარჩევ-მეთქი და დავუსახელე: მელიქოვის „ლეგენდა სიყვარულზე“, სადაც აღმოსავლური კულტურის ხიბლია საოცრად გადმოცემული; პროკოფიევის „სპარტაკში“ მიყვარდა სოლიკოს მიერ დანახული ძველი რომი; ულამაზესი სპექტაკლი იყო ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“, თითქოს მაყურებელიც იმ ზღაპრის მონაწილე ხდებოდა; შოსტაკოვიჩის „ოქროს საუკუნე“ - მეორე აქტში სცენა წარმოადგენდა ნეპის დროინდელ რესტორანს (კონსტრუქციულ სტილში იყო გადაწყვეტილი), იქ ისე ცეკვავდნენ ბესსმერტნოვა და ტარანდა ტანგოს, რომ ეს იყო რაღაც წარმოუდგენელი. ბრწყინვალე სპექტაკლი გახლდათ.

სოლიკომ პირველად როცა იმუშავა იური გრიგოროვიჩთან ბალეტზე „ქვის ყვავილი“, მთელი არსებით ჩაერთო ამაში და სხვა ყველაფერს მოეშვა. როგორც მიამბობდა, საოცარი თანამშრომლობა ჰქონდათ წლების მანძილზე. სოლიკო გამორჩეული სიყვარულით მუშაობდა კოსტიუმებზე. თეთრი აბრეშუმის ქსოვილს თავად ღებავდა სხვადასხვა ფერად და საერთოდ, ფერს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა. ყველა კოსტიუმის მოზომვას პირადად ესწრებოდა; შესწორებები ან ნახატის დამატება თუ იყო საჭირო, ამას ჩაცმულზე აკეთებდა. ცეკვა „აჭარულის“ ტანისამოსი მან შექმნა და ამერიკაში სცენაზე გამოსვლისთანავე, დარბაზი ტაშით ინგრეოდა.

ნინოსა და ილიკოს გარდა, მისი უახლოესი მეგობარი იყო არქიტექტორი ლადო ალექსი-მესხიშვილი. საერთოდ, თავის თავში ჩაკეტილი პიროვნება იყო სოლიკო და ადვილად არავის დაუახლოვდებოდა, მაგრამ თუ მიიღებდა ადამიანს, იმისი საოცარი ერთგული იყო და მთელი გულით შეიყვარებდა. ლადო და სოლიკო ერთ სახლში, ძერჟინსკის 14 ნომერში ცხოვრობდნენ. მათი მეზობლები იყვნენ ირაკლი გამრეკელი და პავლე ინგოროყვა. ვირსალაძეები იმ ბინიდან რეპრესიების დროს გამოასახლეს და ცეკას დამლაგებელს გადასცეს.

ორი წელი ანსამბლში

- ნინო რამიშვილი და დედაჩემი ერთ კლასში სწავლობდნენ. ასე რომ, მას ბავშვობიდან ვიცნობდი. ცეკვა დეიდა ნინამ მასწავლა, სახლში მამეცადინებდა. როცა დედა გადასახლებიდან დაბრუნდა, ჩვენთან მოდიოდნენ თამარ ციციშვილი, შურა თოიძე და სხვა ქალბატონები, მაგრამ დეიდა ნინა დამამახსოვრდა მწვანე კოსტიუმში და მწვანე შლაპით. ალბათ, 4 წლისა ვიყავი, როცა სოლიკომ წამიყვანა პირველად ნინოსთან და ილიკოსთან. იქ ერთ ოთახში ცხოვრობდნენ ნინო, ილიკო და თენგიზი, მეორე ოთახში - ნინოს და თამარ რამიშვილი, მისი მეუღლე ილიუშა ართმელაძე და მათი შვილი ჟუჟუნა. მე და ჟუჟუნა დღესაც უახლოესი მეგობრები ვართ. ბიძია ილიუშა იყო საქართველოს წარმომადგენელი რუსეთში. ცოლ-ქმარი მოსკოვში ცხოვრობდა, ახლაც მახსოვს სერაფიმოვიჩის ორ ნომერში. მათთან ისე ჩავდიოდი, როგორც ჩემს სახლში.

სუხიშვილებთან მხოლოდ ორი წელი ვცეკვავდი. მაშინ ეს იყო საშუალება, რომ საზღვარგარეთ გასულიყავი და ქვეყნები გენახა. ექვსი თვე გადაბმულად რომ გაგრძელდა გასტროლები, უკვე აღარ შემეძლო. არ აღმოჩნდა ცეკვა ჩემი საქმე. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. მერე, როგორც მეცნიერი (ისტორიკოსი, ასირიოლოგი) დავდიოდი საერთაშორისო კონფერენციებზე. თუმცა ანსამბლში ყოფნის პერიოდი ძალიან საინტერესო იყო. ერთ ეპიზოდს გავიხსენებ ამერიკის გასტროლებიდან, ნიუ-იორკში უნდა გამართულიყო ბელაფონტეს კონცერტი. ჩვენ იმპრესარიოს - სოლ იურეკს (ჩვენთვის სოლომონ იაკოვლევიჩს, თვითონ გვითხრა ასე მიგვემართა, ოდესიდან იყო) ვთხოვეთ, რომ ბელაფონტეს კონცერტზე წასვლა გვინდოდა. წავედით მე, ჟუჟუნა, თენგიზი და კიდევ რამდენიმე კაცი. კონცერტი დამთავრდა და უცბად გამოაცხადეს, რომ დარბაზში იმყოფებიან ცნობილი მოცეკვავეები... ამ დროს მე და ჟუჟუნა „გაგვანათეს“, მერე კი გვთხოვეს სცენაზე ასვლა...

soliko-virsalaze-da-iuri-grigorovichi-1957-c-1687765164. - Copy.jpg

სოლიკო და მე

- სოლიკო ბავშვობიდან მახსოვს. ლენინგრადში თავიდან ბინა არ ჰქონდა და თეატრმა სასტუმრო „ასტორიაში“ დაიქირავა მისთვის ნომერი. ერთხელ ჩავედით მასთან მატარებლით ჩემი მშობლები და მე. სოლიკო დაგვხვდა, დედ-მამა „ასტორიაში“ მოაწყო და უთხრა: ეს ბავშვი ჩემთან იქნებაო. კარგად მახსოვს, ღამე დამაწვინა, მაჭამა, შუქი ჩააქრო და თავად მაგიდასთან დაჯდა, რომელსაც პატარა ნათურა უნათებდა და მუსიკა ჩართო. ყოველთვის მუსიკის ფონზე აკეთებდა ესკიზებს, ძალიან ბევრს მუშაობდა. სამამულო ომის წლებში თბილისში ცხოვრობდა და მუშაობდა. ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა ოთახი უქირავეს კეცხოველის ქუჩაზე. ბიძა ჩვენთან ხშირად მოდიოდა, მთელი ცხოვრება გამორჩეულად ვუყვარდი მეც და ჩემი შვილებიც (ერეკლე და ლევანი). ერთხელ ვკითხე, ცოლი რატომ არ შეირთე-მეთქი? მითხრა: როგორ არა, მე ხომ ჩემს საქმეზე ვარ დაქორწინებული და შენ კიდევ, რითი არა ხარ ჩემი შვილიო?! ბედნიერი იყო, როცა ლევანმა ხელოვნების გზა აირჩია, ახარებდა მისი წარმატებები კინოსა თუ თეატრში.

nino-ramishvili-soliko-virsalaze-iliko-suxishvili-copy-1687765223.jpg

სოლიკო სულ რაღაცას მიყვებოდა. ჩაწერას ვერ ვბედავდი, სანამ თვითონ არ მომცა ამის უფლება. მხოლოდ ერთადერთი ჩანაწერი მაქვს, სადაც იგონებს დედას, ლადო მესხიშვილს, ქეთევან მაღალაშვილს... თავად წერა არ უყვარდა (სოლიკო სკოლაში ცუდად სწავლობდა, მისი დები კი ფრიადოსნები იყვნენ), მის მაგივრად მე ვავსებდი ანკეტებს. ბიძაჩემმა ძალიან გაიხარა, როცა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები დავიცავი. არქეოლოგობა მინდოდა, სიძველეები მიტაცებდა, მაგრამ სამთავროს გათხრებზე (ოთარ ჯაფარიძემ წამიყვანა) ჩონჩხი რომ დავინახე, ცუდად გავხდი. მივხვდი, ამ საქმეს ვერ გავყვებოდი. დედის რჩევით მივედი ლალი (ალექსანდრე) ჯავახიშვილთან, არაჩვეულებრივ ადამიანთან, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობდი. მან ფონდებში შემიყვანა, მაჩვენა არქეოლოგიური ნივთები და მითხრა, რომ ისინი შემესწავლა როგორც ხელოვნების ძეგლები და ვახტანგ ბერიძის ლექციები მომესმინა. საოცარი ახსნა იცოდა ბატონმა ვახტანგმა, რთულ საკითხებზე ძალიან მარტივად საუბრობდა... ასე გაგრძელდა ჩემი სამეცნიერო გზა.

მახსოვს, საათობით ვიჯექი ამ სახლში და წიგნებს ვათვალიერებდი. ერთ-ერთ წიგნში უკუპერსპექტივა იყო განხილული. "რა საინტერესოა", - თქვა სოლიკომ. მე ვუკითხავდი და ერთად ვმსჯელობდით ამ თემაზე. თინასთან ერთად ხშირად დადიოდა ქართული ძეგლების სანახავად, მაგრამ ერთი დიდი და საოცარი გატაცება ჰქონდა - ფიროსმანი. როგორი ბედნიერი იყო, როცა ფიროსმანის პირველი გამოფენა მოეწყო თბილისში. სულ იქ ტრიალებდა, თუმცა გახსნაზე არ მივიდა (ოფიციალური შეხვედრები არ უყვარდა) და მე გამიშვა. ახლა მოგონებებს ვწერ ბიძაზე, რომელიც განსაკუთრებულად მიყვარს და არა მარტო მასზე, ჩემს წინაპარ ვირსალაძეებზე...

P.S. ძალიან მიყვარს ერთი ფოტო - იტალიიდან ჩამოვედი და სოლიკო მოსკოვში დამხვდა! სურათი ვიღაცამ დახია და მხოლოდ ნაწილი დამრჩა (ფოტოზე ჩანს ჩახუტებული ქალბატონი მანანა და ბატონი სოლიკო)...

ნანული ზოტიკიშვილი