"პუტინის რეჟიმის დამხობასთან ერთად, ქართველის და საქართველოს ნამდვილი, ჭეშმარიტი გათავისუფლება იწყება..." - გზაპრესი

"პუტინის რეჟიმის დამხობასთან ერთად, ქართველის და საქართველოს ნამდვილი, ჭეშმარიტი გათავისუფლება იწყება..."

არაერთი ჯილდოს მფლობელი ახალგაზრდა მწერალი ლუკა ბაქანიძე მკითხველისთვის ალბათ, იმით არის გამორჩეული, რომ მის ნაწარმოებებში შელამაზებული არაფერია; ყველა სიტყვა თუ აზრი, რომელიც სიხარულს თუ ტკივილს გადმოსცემს, ისეთივე მწვავეა, როგორიც სინამდვილე... კითხულობ და ფიქრობ, რომ ესა თუ ის კონკრეტული ფაქტი და მოვლენა შენიც არის, შენც გეკუთვნის, მაგრამ ამ კუთხით არასდროს შეგიხედავს.

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული მისი მეორე პროზაული კრებული "რომელი ხარ სარდაფსა შინა" - მკითხველის თვალისთვის შეუმჩნეველ პროცესებზე გვიყვება. ცდილობს, უხილავი დაგანახვოს.

მასთან ერთად შენც ესაუბრები ძაღლებს, თითქოს მათ მაგივრად ადამიანი გისმენდეს; ხვდები ბავშვობის მეგობრებს ან მათსავით გულწრფელ კაცებს და, რა თქმა უნდა, მეთევზეებს...

თევზაობა მწერლის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ერთ დღეს მას ამ გატაცებაზე ვკითხავთ, მაგრამ ჯერ მისგან სხვა რამეების მოსმენა გვაინტერესებს - ქართველი საზოგადოების ცხოვრება, ჯერაც დაუძლეველი, ხასიათში გამჯდარი თვისებები, რომელსაც მხოლოდ ერთ შემთხვევაში, ევროპულ ოჯახად ქცევისას დავამარცხებთ...

- ლუკა, ვიცი, რომ წალენჯიხაში ახალი წიგნის პრეზენტაციისთვის ემზადებით. თქვენი ნაწარმოებები, რისი წაკითხვის შესაძლებლობაც მქონდა, ჩვენს საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს ეხმიანება... ამ წიგნში რაზე ესაუბრებით მკითხველს?

- ვფიქრობ, ქვეყანაში მიმდინარე ლიტერატურული პროცესების დეცენტრალიზება უმნიშვნელოვანესია. დიდებული მკითხველი გვყავს რეგიონებშიც, სოფლებშიც, თავად ბევრს დავდივარ ყველგან და ვიცი, რომ ასეა. ბოლო ხანებია, სწრაფი ტემპებით ხდება ლიტერატურის სწორად მიტანა საქართველოს თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტამდე, იქნება ეს ახალი ბიბლიოთეკების გახსნა თუ სხვადასხვა აქტივობა. ასევე, რაიონში განხორციელებული ადგილობრივი მასშტაბის ლიტერატურული პრემიების იდეამაც გაამართლა, რამდენიმე საამაყო და სოლიდური კონკურსი იმართება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ფესტივალების ჩატარების აზრმაც ახლახან დაიწყო ხორცშესხმა და ერთ-ერთია წალენჯიხის ლიტფესტივალი, სადაც ახალი წიგნების, ახალი თარგმანების პრეზენტაციები გაიმართა. დიდი პატივია ჩემთვის სამეგრელოში აუდიტორიის წინაშე ჩემი ახალი წიგნის წარდგენა. წიგნს რაც შეეხება, ამჯერად მკითხველს წარვუდგენ მოთხრობების კრებულს "რომელი ხარ სარდაფსა შინა", სადაც ბოლო ორიოდ წელში სხვადასხვა ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოქვეყნებულ ჩემს რამდენიმე მოთხრობას მოვუყარე თავი და ასევე, ძალები მოვსინჯე მინიატიურის ჟანრშიც. თემატურად, არც ახლა ვღალატობ ჩემს გეზს და სოციალურ თემებს ვირჩევ, საზოგადოებაში და მის მიღმა არსებულ პრობლემებზე ვწერ ძირითადად, დანარჩენს მკითხველი შეაფასებს.

- თავად თუ გყავთ ავტორი ან პერსონაჟი, ვინც თქვენი ცნობიერება, შინაგანი სამყარო შეცვალა?..

- ასაკის მატებასთან ერთად სხვადასხვა წიგნი, სხვადასხვა ავტორი მომწონებია. არცთუ ისე ცოტა წიგნია, რომელმაც თავის დროზე შემძრა და ამჟამად ფრიად აგდებულად ვუყურებ; ასევე ყოფილა, მნიშვნელობა არ მიმინიჭებია წიგნისთვის, ვერ დამინახავს მისი ღირსება და შემდეგ უკეთ დამიფასებია... ყოველი კარგი წიგნი ცვლილებებს უნდა იწვევდეს ადამიანში. მარკ ტვენის "ჰეკლბერი ფინით" და ასტრიდ ლინდგრენის "სალტკროკელებით" დაწყებული და ფოლკნერით თუ აკუტაგავათი დამთავრებული, ძალიან ძვირფასი და ჩემი ადამიანური განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის ყოფილა. დიდებული რამეა წიგნი, ადამიანის ცხოვრებაში მთავარი რამ... პერსონაჟებს რაც შეეხებათ, ძალიან მომწონს ურსუსის და ჰომოს დუეტი ჰიუგოს რომანში - "კაცი, რომელიც იცინის". თუმცა, რომ არ მოგატყუოთ, არც ჰიუგო მიყვარს და არც მისი ნაწერი... ძირითადად, საყმაწვილო მწერლობის პერსონაჟები მიყვარს და მამახსოვრდება. ჰეკი, ჩორვენი, პეპი და ასე შემდეგ...

- ერთგან ამბობთ - "უამრავი ბარიერის, ჯურღმულის და ტკივილის გადაგდება და გადავლა მოგიწევს, ზუსტად რომ წერო, რასაც წერ. ეგ ყველაფერი სულაც არ არის იოლი", - ესეც თქვენი სიტყვებია. კიდევ რა არის მთავარი წერისთვის?..

- ადრეც მითქვამს - პოეტი შეიძლება გაძვრეს მარტო ნიჭის ანაბარა, მაგრამ პროზაიკოსს თუ ნიჭთან ერთად ცხოვრება არ ებოძა ზემოდან, მისი ფასი არაფერია. მე კი, ჩემი მხრიდან ნამდვილად მეტისმეტი მებოძა, ყოველ შემთხვევაში, ჩემი ასაკისთვის. რამდენად მოვახდინე ჩემი ცხოვრების სინთეზირება ნიჭთან, მკითხველმა შეაფასოს. წერისთვის აუცილებელ თვისებებს რაც შეეხება - მართლაც, რომ ჯოჯოხეთური ნებისყოფაა საჭირო. მუდმივი მორალური სიფხიზლე ტანისა და გონის, რომ არ დაკარგო გარემოსთან, სამყაროსთან კავშირი. მთავარია, "დროის სული" არ გამოგეპაროს. სხვა შემთხვევაში მივიღებთ სტილისტურად და შინაარსობრივად წყალწყალა, არაფრისმომცემ ფურცელთა დასტას, რითაც სავსეა ქართული მწერლობა, თანამედროვე თუ არათანამედროვე. სულ ესაა.

- ჩვენმა თაობამ ფაქტობრივად, თვალი ადევნა როგორ იბადებოდა თავისუფალი ქვეყანა. უამრავი შეცდომის კვალდაკვალ ვსწავლობდით დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოქალაქედ შედგომას. როგორ ფიქრობთ, ვისწავლეთ რამე?..

- სამწუხაროდ, ჩვენი თაობის ქვეცნობიერში დალექილმა გენეტიკურმა საბჭოთა ბალასტმა ბევრი რამის საშუალება არ მოგვცა, მათ შორის, არც გაზრდისა და განვითარების. ჩვენს ეროვნულ ხედვას, როგორც წესი, იგივე რადიუსი აქვს, რაც ჩვენს საცხოვრებელ კვადრატულ მეტრებს. საკუთარი ეზო-ყურის მიღმა დღევანდელი რიგითი ქართველის მიერ სამშობლოს აღქმა ძალზე ბუნდოვანი და შორეული ცნებაა, ასეა დამკვიდრებული ჩვენს აზროვნებაში. გამოცლილი გვაქვს ის ძალები, რომელიც საშუალებას მოგვცემდა დაგვენახა საკუთარი ქვეყანა, როგორც გარდაუვალი აუცილებლობა, მუდმივი ზრუნვის და გაფრთხილების ტერიტორია. უამრავი წელია მენტალურად ნაბიჯითაც არ წასულა წინ, რასაც უამრავი მიზეზი აქვს. მათ შორის, არასწორი, შეუმდგარი საგანმანათლებლო სისტემები, ასევე საერო თუ რელიგიური პრინციპები, გაფეტიშებული წარსულის ლანდები. ამასთანავე, წარმოუდგენელი შემგუებლობა, რაც თითქმის გამორიცხავს როგორც ადამიანურ, ისე ეროვნულ განვითარებას, რადგან განვითარების სული წინააღმდეგობაა. წინ წასასვლელად კი მოძრაობაა აუცილებელი... თუმცა, ამ ყველაფერს, მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, ისევ წყეულ საბჭოთა კავშირამდე მივყავართ. ამას ჩვენი მძიმე ბედისწერა ემატება - რუსეთის გვერდით ჩვენი არსებობა, რომელიც მხოლოდ ფორმალურად აღარაა საბჭოთა კავშირი, თორემ სინამდვილეში, მის ჭეშმარიტ "წითელ არსს" და ზრახვებს ყველა ვხედავთ, საქართველოში იქნება თუ სხვა ქვეყნებში.

- წელიწადზე მეტია, რუსეთ-უკრაინის ომი მთელი თავისი სისასტიკით და უსამართლობით, ნგრევით გრძელდება... რუსეთმა კახოვკის ჰესიც კი დაბომბა, უკრაინის კონტრშეტევის შესაჩერებლად, რასაც, როგორც ამბობენ, რუსი სამხედროებიც შეეწირნენ. როგორ ფიქრობთ, რუსეთმა ჩვენ, ყველა გვაიძულა ომის პირისპირ ცხოვრება გვესწავლა?.. იმის გათვალისწინებით, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, უწყვეტად გვესხმოდა თავს...

- რუსეთის ქმედებანი, ხატოვნად და ცოტა ბანალურად, მაგრამ ზუსტად რომ ვთქვა - სულთმობრძავის ბოლო გაფართხალებაა. სამწუხაროა და ტრაგედია, რომ ამ დიდებული ხალხის, უკრაინელების (და არა მარტო მათი - ბევრი ქვეყნის ღირსეული ადამიანი იბრძვის მათ გვერდით, მათ შორის, ჩვენი გმირი ბიჭებიც) სიცოცხლის და სისხლის ფასი დაჯდა რუსული იმპერიის მითის საბოლოო ნგრევა. თუმცა, ეს დიდებული ისტორიული მოვლენა უზარმაზარ გავლენას მოახდენს მსოფლიოზე და განსაკუთრებით, ქართველებზე, ვისაც მრავალგზის გადაგვიტანია ამ ქვეყნის ბოროტება. ვფიქრობ, სწორედ ახლა, პუტინის რეჟიმის დამხობასთან ერთად, ქართველის და საქართველოს ნამდვილი, ჭეშმარიტი განთავისუფლება იწყება...

- ევროპული ოჯახის წევრობა არის ჩვენი დღევანდელი მთავარი გამოწვევა. როგორია თქვენი განწყობა, მივდივართ ამ გზით? რა შანსი გვაქვს სტატუსის მისაღებად?..

- მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, ეს პროცესი გენეტიკური ბალასტის მქონე, ბევრ დროება გამოვლილი და შეუჩერებელი მოძრაობაა. წინსვლის ლოგიკური ფინალი უკვე დაზუსტებულია. ვგულისხმობ მომავალში უკვე ფაქტად, იურიდიულად დაფიქსირებულ საქართველოს ევროპელობას. ვერავითარი ძალები, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ამ სვლაზე ვერ მოახდენენ გავლენას, რამეთუ ეს მათზე არ არის დამოკიდებული. ეს უკვე ისტორიის უცილობელი კანონია. ჩვენ, საზოგადოებას მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ეს პროცესი ავაჩქაროთ ან შევანელოთ, გეზი - გარდაუვალია და "დამისამართებული".

- ხშირად ამბობენ, შესაძლოა, საქართველომ მსოფლიო ცივილიზაციას ვერ აჩუქა მეცნიერული მიღწევები, კვლევები და ა.შ. მაგრამ უდავოა, რომ ქართულმა ლიტერატურამ კაცობრიობას არაერთი ფენომენით დაამახსოვრა თავი. როგორ ფიქრობთ, ჩვენს საზოგადოებაში წიგნის, მწერლის მიმართ ინტერესი დარჩა?..

- 90-იან წლებში, სადაც ისე ჩაიკარგა უამრავი კარგი ტექსტი და მწერალი, რომ მკითხველის ძირითად მასებამდე არც მიუღწევია (და ეს გასაგებიცაა, რადგან უამრავი პრობლემა იდგა დღის წესრიგში), წიგნიერების სფეროს ბუნებრივია, სათანადოდ ვერ მიეხედებოდა. თუმცა, მე მახსოვს ამ შავბნელ დროებაშიც სულ უანგაროდ მოქმედი რამდენიმე ლიტერატურული ჟურნალი, რომლებიც მცირე ტირაჟით, მაგრამ მაინც ახერხებდნენ ფუნქციონირებას და მკითხველიც, ასე თუ ისე, ჰყავდათ. რასაკვირველია, ყოველგვარი საგამომცემლო პიარტექნოლოგიების თუ ჰონორარების გარეშე, ენთუზიაზმის ხარჯზე ტრიალებდა ეს ლიტერეტურული ბირთვი.

lukaaa-copy-1688365346.jpg

ამ ჟურნალებიდან ერთი-ორი დღესაც არსებობს, ბევრიც - დავიწყებულია... ჩვენს უახლეს წლებს რაც შეეხება, მიახლოებით 2008-2010 წლებიდან იწყება წიგნიერების ბუმი. ამ ხნიდან მოყოლებული, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება წიგნი. მიმდინარეობს საგამომცემლო სფეროს დახვეწა და განვითარება, იწყება ქართველი და უცხოელი ავტორების თითქმის მასობრივი თარგმნა სხვა ქვეყნებში და პირიქით. მოკლედ, სალიტერატურო ცხოვრების ამ საფეხურს სწორს და იდეალურსაც კი ვუწოდებდი, რომ არა ერთი ხინჯი - თითქმის არ ხდება ლიტერატურული საქმიანობის ფილტრაცია და დინებაში მოექცა ყოველგვარი მდარე ლიტერატურა. გეზის მიმცემებიც - კრიტიკოსები პასიურობენ და თუ რატომ, მიზეზების ძიება შორს წაგვიყვანს... ძირითადად, ამას ძველი თაობის კრიტიკოსების გაუბედაობას ვაბრალებ, სრულიად განსხვავებული და სპეციფიკური მოცემულობის - თანამედროვე, 21 საუკუნის მწერლობის წინაშე და პარალელურად, ახალი თაობის კრიტიკოსების ნაკლებობას ან არაპროფესიონალიზმს. ახლა ზოგადად მიმოვიხილავ, დიდებული გამონაკლისებიც გვყავს ყველა თაობაში, ოღონდ, სამწუხაროდ, პროფესიით კრიტიკოსების რიცხვი ამჯერად მცირეა. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი ნელ-ნელა დაბალანსდება.

- ახლა აქტუალურია მწერლების "თავისიანებად" და "სხვისიანებად" დაყოფა. აკაკი ბაქრაძის "მწერლობის მოთვინიერება" ჩვენს რეალობაშიც არსად წასულა?..

- მწერლის განხილვა და მიკუთვნება სხვადასხვა საზოგადოებრივ, იდეურ, ლიტერატურულ თუ პოლიტიკურ პლასტისა თუ კლანისთვის, აქტუალური საკითხია. ამის თაობაზე მეც ბევრი მსმენია, თუმცა, პირადად თუ რაიმე ფლანგზე ვდგავარ, მას თავისუფლება და გულწრფელობა ჰქვია, მაგრამ არც მავანი კოლეგის კლანურობა თუ ასე შემდეგ გამაღიზიანებს - შემიძლია ადამიანურად გავიგო, რომ კარგ შემთხვევაში - ალბათ მისი რამე პრივატული ვითარების მნიშვნელობამ და საჭიროებამ, ხოლო უარეს შემთხვევაში, მისმა უნიჭობამ მოითხოვა, რომელიმე გავლენიან დაჯგუფებასთან მიკედლება.

ურთიერთობა შემიძლია ყველასთან, ყოველგვარი განკითხვის გარეშე, სანამ ის ან მისი იდეოლოგია ჩემი ფლანგის, თავისუფლების ლაფში ამოთხვრაში არ იქნება შემჩნეული. ასეთი კი, არც ისე ცოტაა ამჟამინდელ სახელოვნებო სფეროებში, სამწუხაროდ.

ლალი პაპასკირი