დავით ჭიჭინაძე: "სიცრუეა, რომ ჩვენ ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ" - გზაპრესი

დავით ჭიჭინაძე: "სიცრუეა, რომ ჩვენ ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ"

საქართველოში შრომის უფლებები დაცული რომ არ არის, ამაზე ბევრი რამ მეტყველებს: ამის დასტური იყო თუნდაც, ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვა, რომლის დროსაც, ერთ-ერთმა მოშიმშილემ თვალი ამოიკერა, ხოლო მეორემ - პირი! გაფიცულთა მოთხოვნებს შორის ისეთი ელემენტარული პუნქტები იყო, რომელსაც ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში მკაცრად იცავენ: ღირსეული ხელფასი, კუთვნილი შვებულებით სარგებლობა, დაზღვევის პირობების შეცვლა, ულუფის გაუმჯობესება და ა.შ...

რა უნდა იღონოს სახელმწიფომ, რომ მისი მოქალაქეების უფლებები დაცული იყოს? - ამ და სხვა პრობლემებზე პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" თავმჯდომარე - დავით ჭიჭინაძე გვესაუბრა...

- ყველა ხედავს, რომ ჩვენს ქვეყანაში შრომა დაუფასებელია. მე ვიტყოდი, რომ მუქთახორებს უფრო მეტი დაფასება აქვთ, ვიდრე მშრომელებს. ვინც თბილ სავარძელში ზის და არაფერს აკეთებს, ჭიათურელ თუ ტყიბულელ მაღაროელებზე ათჯერ მეტი ანაზღაურება აქვთ - აი, ასეთ აბსურდში ვცხოვრობთ. რაც შეეხება "ჭიათურის მარგანეცს", ეს საწარმო კლასიკური მაგალითია სახელმწიფოს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისა, რასაც ჩვენ უკვე მრავალი წელია ვაკვირდებით. წლების წინ, ეს იყო საწარმო, რომელიც მარტო თანამშრომლებს კი არ ინახავდა, არამედ ჭიათურასა და მთელ რეგიონში სოციალურ ფონს ქმნიდა. იქ ადამიანებს ჰქონდათ: მაღალი ანაზღაურება, ყოველდღიური კვება, რეაბილიტაციის პირობები - ეს ყველაფერი არსებობდა და ნაცვლად იმისა, რომ დამოუკიდებელ ქვეყანაში სიტუაცია გაუმჯობესებულიყო, პირიქით, უკან-უკან წავიდა.

- ეს რატომ მოხდა?

- გაუმაძღარი ჩინოვნიკების უსაზღვრო მადის გამო, რომლის შედეგებს ყველა სფეროში ვაწყდებით! მშრომელთა ექსპლუატაცია საქართველოში ჩვეულებრივი ამბავია. როცა ადამიანი ასეთ ძვირფას პროდუქტს ქმნის და ასეთ მძიმე სამუშაოს ასრულებს, მაღალი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ პროდუქცია, რომელიც ჭიათურაში იქმნება, ძალიან ძვირფასია. მიუხედავად ამისა, ამ ადამიანების მდგომარეობა სულ უფრო უარესდება, მაგრამ საუბედუროდ, სახელმწიფო ამ პროცესში არ ერევა.

- როგორ შეიძლება ჩაერიოს სახელმწიფო ამ სიტუაციაში?

- სახელმწიფო აცხადებს, რომ ის არ ერევა კერძო სუბიექტების ურთიერთობაში, გამოდის, რომ მოსახლეობა, რომელიც თავისი ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადს იხდის, დაუცველია. ამ ხალხის ხარჯზე ერთეულები კოლოსალურ მოგებას იღებენ და კომფორტს იწყობენ და ვინ უნდა დაიცვას რიგითი მოქალაქის ინტერესები, თუ არა სახელმწიფომ? თუ ჩვენს სახელმწიფოს ისეთი მიდგომა ექნება, როგორიც დღეს აქვს, სულ ასე გაგრძელდება, რადგან ბიზნესი, პირველ ყოვლისა, თავის მოგებაზე ფიქრობს და არა დასაქმებულთა უფლებებზე. დავუბრუნდეთ ჭიათურის ამბებს: კომპანია აცხადებს, რომ წაგებაზე მუშაობს, თუ ეს სიმართლეა, მაშინ, რატომღა მუშაობენ? წლების წინ, როცა ეს საბადო სახელმწიფოს საკუთრება იყო, ამ ქალაქში ყველაფერი ყვაოდა და მაღაროს თანამშრომლებიც ღირსეულად ცხოვრობდნენ. ახლა კი, სრულიად საპირისპირო სურათს ვხედავთ. როდესაც სახელმწიფოს არ აინტერესებს თავისი მოქალაქის ბედი, მისი ჯანმრთელობა, ამით ნებისმიერი მეწარმე ისარგებლებს და ეცდება, მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური მოგება მიიღოს. ამიტომ, დასაქმებულთა უფლებები უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფომ უნდა დაიცვას. მან ისეთი გარემო უნდა შექმნას, სადაც მეწარმე ეკონომიას ვეღარ გააკეთებს დასაქმებულთა ხელფასებზე, მათ კვებასა და ნორმალურ პირობებზე, საწარმოს რემონტზე და ა.შ. სწორედ ამის ბრალია ადამიანთა მსხვერპლი და ავარიები, რაც მეორე სამრეწველო ქალაქის - ტყიბულის ქვანახშირის საბადოებში ასე ხშირად ხდება. როცა კომპანია ცდილობს, ფული არ დახარჯოს ახალ ტექნოლოგიებში, რემონტსა და უსაფრთხოებაზე, როცა ყველაფერს კადრულობს მოგების მისაღებად, შედეგი ყოველთვის სავალალოა.

- თუმცა, თავისუფალი ბაზარი გამორიცხავს კერძო ბიზნესში სახელმწიფოს ჩარევას...

- კი მაგრამ, თუ სახელმწიფო არაფერში ერევა, რატომ უნდა უხადოს ხალხმა გადასახადები? ერთნაირი სიტუაციაა ყველა სფეროში - კერძო სექტორი იქნება თუ სახელმწიფო, ამიტომაა, რომ ადამიანს ამ ქვეყანაში ღირსეული არსებობა ვერ ეღირსა, ის მუდმივად პრობლემებსა და ვალებშია ჩაფლული. სწორედ ამიტომ გვყავს ამდენი ემიგრანტი და სწორედ ამიტომ გვაქვს დემოგრაფიული კატასტროფა, რადგან ცხოვრების დონე საქართველოში კატასტროფულად დაბალია.

- დასაქმებულები ჩივიან, რომ მათი უფლებები ირღვევა ცნობილ სუპერმარკეტებსა და მაღაზიათა ქსელებშიც, სადაც ასეულობით სტუდენტი მუშაობს...

- გეთანხმებით, ამ მაღაზიებში სტუდენტები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და ანაზღაურება 400-500 ლარი აქვთ, ამის პარალელურად, კიდეც სწავლობენ - ეს რეჟიმი მათ ჯანმრთელობაზე ხომ აისახება? ამ სავაჭრო ქსელების მფლობელები კოლოსალურ მოგებაზე მუშაობენ, დასაქმებულებს კი თეთრებს უხდიან. მოკლედ, ყველგან სრული განუკითხაობაა, ჩვენ კი რატომღაც გვიკვირს, რატომ გარბიან ახალგაზრდები საქართველოდან?!

შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ ყველა ამ ბიზნესის უკან ერთი და იგივე ხალხი დგას, ყველა სფეროს ერთი და იგივე ფინანსური ჯგუფები მართავენ. სწორედ ისინი ძარცვავენ და აბეჩავებენ ჩვენს ხალხს. მათ სახელმწიფოს ყველა რგოლი საკუთარ ფინანსურ ინტერესებზე აქვთ მორგებული, ამიტომ, ნებისმიერი ცვლილება ხელისუფლებისგან დიდ წინააღმდეგობას აწყდება. ავიღოთ თუნდაც, ის ანაზღაურება, რომელიც ძალოვან სტრუქტურებშია და ამის გამო, ძალიან ბევრი პოლიციელი და იურისტი გახდა იძულებული, სამშობლო დაეტოვებინა. რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, იქ ყველა თანამშრომელი გადაყვანილი ჰყავთ ბონუსურ სისტემაზე: მათ უნდა შეეძლოთ, რაც შეიძლება მეტი ფული წაგართვან, მოგატყუონ და დამატებითი პრემია - ე.წ. ბონუსი მიიღონ... აი, როგორ სისტემასთან აქვთ შეხება ფერმერებს და აგრარული სექტორის წარმომადგენლებს, ვიღაცებს კი უკვირთ, რატომ არ ვითარდება ჩვენს ქვეყანაში სოფლის მეურნეობა და მცირე ბიზნესი... ნაცვლად იმისა, რომ იმპორტი ადგილობრივი პროდუქციით ჩაგვენაცვლებინა, პირიქით, გავზარდეთ. ქვეყანაში იმდენად აუტანელი გარემოა, რომ ადგილობრივი ბიზნესი ვერ ვითარდება. ყველაფრის მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენ არა გვყავს პოლიტიკური ელიტა, რომელიც ქართველ ხალხსა და მის უკეთეს მომავალზე იზრუნებს.

- თუ გაქვთ ინფორმაცია, რომელ სექტორში აქვთ შედარებით ნორმალური ანაზღაურება?

- სახელმწიფო სტრუქტურებში, ოღონდ, მაღალ რგოლში - ნახეთ, რა ხელფასები აქვთ სამეთვალყურეო საბჭოში ან "გაზისა და ნავთობის კორპორაციაში", რომელიც ყოფილი ჩინოვნიკებითაა გავსებული. ამ ხალხის ხელფასი 5-10, ზოგჯერ, 15 ათასსაც აღწევს - ამას რომელი საწარმო ან რომელი სახელმწიფო გაუძლებს?! ასეთ სახელმწიფოში როგორ შეიძლება იყოს დაცული ადამიანის სიცოცხლე და ნორმალური არსებობა? საავადმყოფოს მფლობელები სამკურნალოდ უცხოეთში დადიან - ეს ყველაზე კარგად მეტყველებს ჩვენი ჯანდაცვის სისტემაზე. სამედიცინო მომსახურება მარტო ფულის საკეთებელ მანქანად გადააქციეს, თუმცა, ქვედა რგოლში აქაც მონური შრომა და მინიმალური ანაზღაურებაა!

- როგორ ფიქრობთ, როდის ჩამოყალიბდა ასეთი სისტემა?

- როცა მთავრობა და დიდი ფული ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული, ყოველთვის ასეთი სისტემა იქმნება. ჩვენს პარლამენტში ადრეც მძარცველები ისხდნენ, რომლებიც იქ საკუთარი ბიზნესის დასაცავად შედიოდნენ და ახლაც ასეთი ხალხი ზის - ბევრი არაფერი შეცვლილა! იქ ყველა თავისი ქონების და ინტერესების დასაცავად არის შესული. ეს სისტემა კიბოს მეტასტაზებივითაა მოდებული ყველა სასიცოცხლო ორგანოზე და ქვეყანას ახრჩობს! შედეგიც შესაბამისია: ბავშვები შიმშილობენ, მოზრდილები ვალებში იხრჩობიან, სოციალური სფერო მიუხედავია, ხოლო ნორმალური ჯანდაცვა და განათლება მხოლოდ ერთეულებისთვისაა ხელმისაწვდომი... დღეს ქართველები სამკურნალოდ თურქეთში დადიან მაშინ, როცა ჩვენი მედიცინა მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყო ცნობილი.

business-qgny5sx-scaled-e1632242674319-copy-1688365487.jpg

- თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გამოსწორება?

- სახელმწიფო უნდა იყოს თავის ადგილზე და თუ რომელიმე დარგს უჭირს, ის უნდა გახდეს ინვესტორი, დამფინანსებელი, ასეა ამერიკასა და ევროპაში... რაც კარგია, ნებისმიერი წყობიდან უნდა გადმოიღო და შეინარჩუნო. აბა, დააკვირდით: დასავლეთში, ეკონომიკის ამა თუ იმ დარგში რაღაც პრობლემები რომ იწყება, სახელმწიფო მაშინვე ერევა - ბიუჯეტიც ეხმარება, ფეხზე დააყენებენ ამ სფეროს და მერე ისევ კერძო მფლობელობაში გადადის, საქართველოში კი რა ხდება? - რაც უნდა რთული სიტუაცია შეიქმნას, სახელმწიფო შორიდან უყურებს, რა მოხდება. მოქალაქე ასე მიგდებული და ალალბედზე მიშვებული, როგორც ჩვენთანაა, მონათმფლობელური წყობის დროსაც არ ყოფილა - მონა გაცილებით მაძღარი და დაცული იყო. იმ სისტემას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, არც სოციალიზმთან აქვს რაიმე საერთო და არც კაპიტალიზმთან, მე არ ვიცი, ეს რა ფორმაციაა! ამდენი ხნის განმავლობაში ქვეყნაში ღირსეული ელიტა ვერ ჩამოყალიბდა, რომელიც ხალხის მომავალზე იზრუნებდა. ყველაფერი მარტო საკუთარი ჯიბისთვის ემეტებათ, ამ ქვეყნისთვის - არაფერი. ხალხი სამშობლოსთვის სიცოცხლეს სწირავს, ესენი კი ხუთ ლარსაც ვერ იმეტებენ - ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ.

- ცნობილია, რომ შვედებმა სოციალიზმიდან ბევრი რამ გადმოიღეს და ამ ქვეყანაში სოციალური სფერო ძალიან მაღალ დონეზეა აწყობილი. თქვენ რომ იყოთ ხელისუფლებაში, რას გადმოიტანდით?

- თუნდაც, გეგმას და აღარ გვექნებოდა ეს დაუსრულებელი ტენდერები, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, არ მოხდებოდა თუნდაც ის, რაც რიკოთის უღელტეხილზე ხდება... სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გეგმა, რომ პუნქტიდან პუნქტამდე სამუშაოს ამდენ ხანში დაასრულებს. სახელმწიფომ ადამიანი ფინანსური წნეხისგან უნდა გაათავისუფლოს. ჩვეულებრივმა, რიგითმა ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ თავისი სახელმწიფო იცავს და მხარს უჭერს. ახლა რა ხდება? - მაღალი თანამდებობის პირებიც კი ვალებში არიან, ამიტომ კანკალებენ და უფრთხილდებიან თავიანთ სავარძლებს - თანამდებობა რომ დაკარგონ, ყველაფერს კარგავენ - სახლ-კარს, ქონებას, სოციალურ სტატუსს - მოკლედ, ყველაფერს, რაც აბადიათ. სწორედ ამიტომაა აუცილებელი სისტემური ცვლილებები. ამ ქვეყანაში ქართველმა თუ არ იცხოვრა, რა აზრი აქვს რამეს?! ქართველი ერი გადაშენების პირას იმყოფება, ყოველწლიურად ვმცირდებით, შობადობა მცირდება, ხოლო სიკვდილიანობა მატულობს, კატასტროფის წინაშე ვდგავართ! თუ სახელმწიფოს როლი არ გაიზრდება, როგორ დავაღწევთ თავს ამ სიტუაციას, მე არ ვიცი! იდეალური არსად არაფერია, ამიტომ, ყველა ქვეყნის საინტერესო, დადებითი გამოცდილება უნდა გადმოვიღოთ. ჩვენს ქვეყანაში ახალი საწარმოები უნდა გავხსნათ და ქართველები სამშობლოში დავაბრუნოთ... ადამიანებმა მონურად არ უნდა იცხოვრონ - ასეთ დღეშია დღეს ქართველი ხალხის დიდი ნაწილი! ჩვენ, თანამედროვე, ცივილიზებული სახელმწიფო უნდა ავაშენოთ, სადაც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა მაქსიმალურად იქნება დაცული - ამას მხოლოდ სურვილი და მონდომება უნდა, სხვა არაფერი, რადგან საქართველოს ეკონომიკას განვითარების დიდი რესურსი აქვს. სიცრუეა, რომ ჩვენ ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ამ ქვეყანას განვითარების შანსი და უნარი არა აქვს.

ხათუნა ჩიგოგიძე