„მამის სურვილი იყო, რომ ცხოვრება აფხაზეთთან დამეკავშირებინა“ - გზაპრესი

„მამის სურვილი იყო, რომ ცხოვრება აფხაზეთთან დამეკავშირებინა“

სოხუმი ბავშვობიდან ახსოვს... წყალბურთელი იყო და წლების განმავლობაში დადიოდა სოხუმის სპორტულ ბანაკში, რომელიც ახალი დასახლების სკოლა-ინტერნატის შენობაში იყო განთავსებული. მერე იყო სტუდენტობის წლები სოხუმში... აფხაზეთში ომის დაწყებამდე ცხოვრობდა. იურისტი დავით ძაგანია იხსენებს იქ გატარებულ წლებს, გამორჩეულ ადამიანებს, სტუდენტობას.

აფხაზეთი, სოხუმი...

- დღემდე მახსოვს სოხუმის სუნი და მენატრება. ძნელია ცრემლების შეკავება... საოცრად კოლორიტული და ინტერნაციონალური ქალაქია. გუნდ „ლოკომოტივის“ წევრი ვიყავი, ამიტომ ყოველ ზაფხულს 42-დღიან ე.წ. ზბორებზე ვიკრიბებოდით სოხუმში. მოცურავეების გარდა ჩამოდიოდნენ მძლეოსნები, ტანმოვარჯიშეები... ოლიმპიური ჩემპიონი ტანმოვარჯიშე ვლადიმერ გოგოლაძე სწორედ ამ სპორტულ ბანაკში ვარჯიშობდა.

ბაბუაჩემის ძმა, სამხედრო პირი კოლია ძაგანია ცხოვრობდა სოხუმის ე.წ. ფუნიკულიორის უბანში, რომელიც უმეტესად ქართველებით იყო დასახლებული. ძალიან ჰგავდა თბილისურ ქუჩას ჭადრებით სავსე ორჯონიკიძის ქუჩა, სადაც ეკლესია იდგა. ძირითადი მრევლი იყო ან ქართველი, ან რუსი, იქ აფხაზი არ მინახავს. აფხაზეთში ქართულ საქმეს ემსახურებოდნენ ქართული სკოლები. ამის მაგალითად, ორი სკოლის დირექტორი შემიძლია მოვიყვანო, რომელთა სახელები არა, მაგრამ გვარები მახსოვს - იოსელიანი და თოდუა. ისინი საამაყო ქართველები იყვნენ. ღირსეული და საკმაოდ გავლენიანი პიროვნება იყო ხუტა სალია (კალისტრატე სალიას შთამომავალი). მთელი აფხაზეთი პატივს სცემდა. ვის არ ნახავდით მის ოჯახში - ქართველებს, აფხაზებს... ბოშებსაც კი. მე ვარ ამის მომსწრე.

ერთი სიამოვნება იყო აფხაზეთში ყოფნაც და დასვენებაც. გაგრისა და ბიჭვინთის გარდა (რაზეც არავინ დაობს), ასევე არაჩვეულებრივი იყო კინდღი, აგუძერა... სინოპთან ახლოს იყო განთქმული ტურბაზა - კომკავშირის მე-17 ყრილობის სახელობის. ზღვა აფხაზეთში რადიკალურად განსხვავდება აჭარისგან. გარდა ამისა, აჭარაში თუ გაწვიმდა, შეიძლება წვიმა 3-4 დღე გაგრძელდეს, ხოლო სოხუმში 200 დღე ცა არის აბსოლუტურად უღრუბლო, ხოლო თუ გაწვიმდა, ოც წუთში ისე გამოიდარებს, ჩათვალეთ, არავის ემახსოვრება, რომ წვიმა იყო.

ძალიან მდიდარი იყო აფხაზური სოფლები. ოჯახი არ გახლდათ, რომელსაც იმ წლებში სერიოზული შემოსავალი არ ჰქონდა. სოფლის მეურნეობა უმაღლეს დონეზე იდგა. მოსახლეობა აბარებდა ხილს, ციტრუსებს... ჩემთვის აღმოჩენა იყო ე.წ. ღრუბელი (დასაბანად რომ იყენებენ) - იქ ვნახე, რომ ხეზე იზრდებოდა. დიდი მოვლა არ სჭირდებოდა, ერთ კილო გამომშრალ ღრუბელს 25 მანეთად აბარებდნენ. საკმაოდ მომგებიანი საქმე იყო, ამიტომ ბევრი ინტერესდებოდა. დღეს თბილისში მუშმალას ხეებს ბევრგან შეხვდებით, მაშინ კი მხოლოდ აფხაზეთში იყო.

ცოტა რამ მამაზე

- მამაჩემი აფხაზეთის ზონის პროკურორი იყო, თბილისიდან კურირებდა, თუმცა სოხუმში პერიოდულად ჩადიოდა. მამამ შემიყვანა წყალბურთზე, ძალიან უყვარდა სპორტი, განსაკუთრებით - ცურვის სახეობები. აფხაზეთში მამას დიდ პატივს სცემდნენ და აფხაზებს მის მიმართ განსაკუთრებული ნდობა ჰქონდათ. სამწუხაროდ, მერე კონფლიქტი მოხდა... იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც ენდობოდნენ, მამაჩემიც დაასახელეს და თქვეს: გივი ძაგანია ჩაუდგეს მოლაპარაკებას სათავეშიო. მაგრამ მამა სხვანაირი პრინციპების ადამიანი იყო, პოლიტიკაში გარევა არ ისურვა. მის სიტყვას კი ფასი ნამდვილად ჰქონდა. ბევრი აფხაზი მეგობარი ჰყავდა. მათ შორის იყო ქალაქის პროკურორი - სიტყვის კაცი, ვაჟკაცური გარეგნობისა და წესიერებით განთქმული ზაურ ბარციცი, რომელსაც ყველა პატივს სცემდა. მას ჰყავდა არაჩვეულებრივი მოადგილე, ქართველი ოთარ სანაია, ზღაპარი პიროვნება... სამწუხარო ფაქტი მოხდა. ბატონი ოთარი ომის დროს მოკლეს და როგორც გამოძიებამ დაადგინა, ამ ამბავში ქართველების ხელი ერია. დამნაშავეები დაისაჯნენ... მამას არ უგრძნია ომის დაწყების საფრთხე. იმდენად დიდი მეგობრობა აკავშირებდა აფხაზებთან, რომ ამას ვერ წარმოიდგენდა. შემდეგ, რასაკვირველია, ძალიან განიცდიდა ამ ამბავს. მამას ისე უყვარდა ეს კუთხე, რომ მისი სურვილი იყო, ჩემი ცხოვრება აფხაზეთთან დამეკავშირებინა. რა თქმა უნდა, მეც ძალიან მიყვარდა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე.

სტუდენტობა

- უნივერსიტეტში (აგუ ერქვა) არსებობდა ქართული, რუსული და აფხაზური სექტორები. აფხაზური იყო იმისთვის, რომ უნივერსიტეტში მეტი აფხაზი მიეღოთ. სტუდენტური წლები იყო ძალიან მოტივირებული და ბედნიერი. პატარა კურსი გვქონდა (ყველა კურსზე ასე იყო, 15-დან 20 კაცამდე), 18 სტუდენტი ვსწავლობდით და ყველანი და-ძმასავით ვიყავით, ყველგან ერთად დავდიოდით. ამ კუთხით ძალიან ტკბილი მოგონებები მაქვს. ჩვენს ფაკულტეტს ერქვა ისტორიულ-იურიდიული, ერთი დეკანატი გვქონდა. ძლიერი პროფესორები გვასწავლიდნენ. როცა ქართული სექტორი გამოეყო სოხუმის უნივერსიტეტს, ჩვენ გავხდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალი. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა ჩვენი მხრიდან, თუ დანაშაული არა. მე ვთვლი, რომ წამოვეგეთ ვიღაცების წაქეზებას... დაპირისპირების ჩანასახში იცით, რა ჩანდა?.. ერთმანეთის მიუღებლობა ჰქონდა ორივე მხარეს. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი მხრიდან უფრო გულღიები ვიყავით. თუმცა სტუდენტებს ნამდვილად არ გვქონია კონფლიქტები. შეჯიბრება გვქონდა სპორტში, განათლებაში და სხვათა შორის, ტოლს არ გვიდებდნენ. აფხაზი სტუდენტები ქართულად არავითარ შემთხვევაში არ დაგელაპარაკებოდნენ, მაგრამ არ შემხვედრია არც ერთი, ვისთანაც ვურთიერთობდი, რომელსაც ქართული არ ესმოდა. სამაგიეროდ, მათთვის პრობლემა არ იყო მეგრულად საუბარი.

6-1-12-copy-1688365629.jpg

პატარა ამბები

- სოხუმში გავიცანი ერთი ქართული ოჯახი და როცა ჯარიდან დავბრუნდი, ისინი აფხაზებად დამხვდნენ. ძალიან გამიკვირდა და მიზეზი ვიკითხე. წარმოიდგინეთ, კაცი რომ დანიშნულიყო ტაქსომოტორების პარკში რაღაც პატარა, მაგრამ შემოსავლიან თანამდებობაზე, ამისთვის დაეწერა აფხაზად. გვარად კაცია იყო. შემხვედრია აფხაზი ბარათაშვილი და აბზიანიძე, მეტსაც გეტყვით, ერთ-ერთ ღონისძიებას ჩემი მოგვარე გოგონა ესწრებოდა, რომელსაც ვკითხე, - ქართველი არა ხარ-მეთქი? - გულზე მოხვდა და - ჯერჯერობით კიო, ასე მიპასუხა. არ ვიცი, რას გულისხმობდა - აფხაზზე თხოვდებოდა თუ გააფხაზებას აპირებდა. აფხაზეთში სალაპარაკო ენა რუსული იყო და ჩვენდა სამწუხაროდ, ქართველების უმეტესობა ქვეცნობიერშიც რუსულად მსჯელობდა. ძალიან გამიკვირდა, როცა ქართულ ოჯახში ასე გამაცნეს მამა და დედა - "ეტო პახან, ა ეტო მახანია". დას და ძმას ეძახდნენ - "სისტრუხა" და "ბრატუხა", ბიძას - "დიახოზ", ოღონდ ეს სოხუმური იყო, მსგავსი მიმართვა სხვაგან არსად გამიგონია.

"შეცდომები ორივე მხარემ დაუშვა"...

- შევცდით ბევრ რამეში... კრიტიკული ვარ იმიტომ, რომ ჩვენ მეტი მოგვეთხოვებოდა - იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზი მაინც მცირე ერად ითვლებოდა ჩვენთან შედარებით. ისინი ძალიან განიცდიდნენ ავტონომიის გაუქმების საკითხს და ხშირად მეკითხებოდნენ, - თბილისი რას ფიქრობსო? ეს იყო მტკივნეული თემა. უბედურება ის არის, რომ 20 წელია, ვერც ერთი ხელისუფლებისგან ვერ ვნახე წინ გადადგმული ერთი ნაბიჯიც კი. აფხაზებს სულ თვალს ვადევნებ "ფეისბუკზე", "ტიკ-ტოკზე" - მინდა დაველაპარაკო... კონტაქტზე რთულად მოდიან იმიტომ, რომ კარგად იციან - თავადაც დაუშვეს შეცდომები. კითხვაზე: რატომ არ გინდათ საქართველო და გინდათ რუსეთი? აფხაზებს ასეთი პასუხი ჰქონდათ - გვირჩევნია, დიდ ოკეანეში ჩავიძიროთ, ვიდრე პატარა ჭაობშიო. საწყენია, მაგრამ ეს იყო რეალობა.

ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ სულ მიწევს მოგზაურობა, უამრავი ქვეყანა მოვიარე, მათ შორის ვიყავი ისეთ ქვეყნებშიც, რომლებიც ბევრისთვის საოცნებოა (თუნდაც ამერიკა), მაგრამ მზად ვარ, ყველაფერზე უარი ვთქვა, ოღონდ აფხაზეთში დაბრუნების საშუალება მქონდეს.

ნანული ზოტიკიშვილი