მოცეკვავისა და პედაგოგის რეალიზებული ჰობი - გზაპრესი

მოცეკვავისა და პედაგოგის რეალიზებული ჰობი

ირაკლი ჯორჯაძე პროფესიონალი მოცეკვავეა მრავალწლიანი სტაჟით. ორიოდე წლის წინ გადაწყვიტა, თავად შეექმნა ის აქსესუარები, რომლებიც ბავშვობიდან მოყოლებული, საზღვარგარეთ გასტროლებზე ყოფნისას მაღაზიებში სჭრიდა თვალს. გამოიწერა ხელსაწყოები, შეიძინა მასალა და დღეს, ანსამბლის ხელმძღვანელობის პარალელურად, ტყავის საფულეებს ამზადებს. ნივთები სამ კატეგორიად აქვს დაყოფილი, რაც მასალისა და ფასების სხვადასხვაობას გულისხმობს. ამ გზით ცდილობს, მისი აქსესუარები ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.

- 1984 წელს თბილისში დავიბადე. 172-ე საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ ნორჩ ფიზიკოსთა ლიცეუმში ჩავაბარე. ფიზიკა ყოველთვის მიყვარდა და ამის შემდეგ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ამ ყველაფრის პარალელურად, ცეკვაზეც დავდიოდი - 6 წლიდან ვცეკვავ. ბავშვობაში გასტროლზე სიარული ხშირად მიწევდა, სადაც კონცერტების გამართვის გარდა, ქორეოგრაფებთან ერთად, ქალაქებს ვათვალიერებდით. მათ მაღაზიებში შოპინგებზეც დავყავდით, სადაც ჩემს ყურადღებას ყოველთვის ტყავის ნაწარმი იპყრობდა. ოღონდ, მომწონდა და სულ ეს იყო, იმ დროს სხვა არაფერზე მიფიქრია. ფიზიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ჩემს პროფესიას არ გავყოლივარ. ვცეკვავდი, მერე ქორეოგრაფიც გავხდი და დღესდღეობით, ანსამბლ „კავკასიელებს“ ვხელმძღვანელობ. გვაქვს კონცერტები, აქტიურად დავდივართ გასტროლებზე, ვმონაწილეობთ სხვადასხვა ფესტივალში და ა.შ.

- „კავკასიელების“ დაარსებამდე თავად რომელ ანსამბლებში ცეკვავდით?

- თავდაპირველად ვცეკვავდი „რუსთავთან“ არსებულ ბავშვთა ანსამბლში „მართვე“, შემდგომ გადავედი „სუხიშვილების“ მოსამზადებელ ჯგუფში, 2002 წლიდან იქვე ჩავირიცხე მთავარ შტატში. დასში 2008 წლამდე ვცეკვავდი, მაგრამ ტრავმების გამო, 1-წლიანი პაუზა მქონდა. 2009 წელს ანსამბლ „ერისიონში“ მივედი, სადაც წლების განმავლობაში ერთ-ერთი სოლისტი ვიყავი, ხოლო წელს, მაისში იქ 15-წლიანი საქმიანობა დავასრულე. ანსამბლი „კავკასიელები“ "ერისიონის" ბაზაზეა დაფუძნებული და როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ბავშვთა ქორეოგრაფიულ სტუდიას ვხელმძღვანელობ. საერთო ჯამში კი, მოცეკვავის 33-წლიანი სტაჟი მაქვს.

7-1688365878.jpg

- თქვით, რომ ტყავის პროდუქცია ყოველთვის მოგწონდათ. თავად როდის გადაწყვიტეთ ამ მასალით აქსესუარების შექმნა და რა იყო პირველი ნივთი?

- ეს 2 წლის წინ მოხდა და პირველი ნივთი იყო საფულე. პანდემიის პერიოდს დაემთხვა. ალბათ გახსოვთ, პანდემია რომ დაიწყო, თავდაპირველად ყველა პროდუქტს იმარაგებდა. ტანსაცმლისა და აქსესუარებისთვის არავის ეცალა. მეც ვფიქრობდი, ასეთ დროს ადამიანი რატომ შეიძენდა ისეთ ნივთებს, რომლებიც თითქოს ამგვარ ვითარებაში მეორეხარისხოვანია, მაგრამ შინ რომ იკეტები, თავშეყრის ადგილებში გასვლა გეკრძალება, თავთან მარტო რჩები და ფიქრობ, რა აკეთო. ასეთ დროს კარგია, როცა ხელსაქმეს და რაღაცების დამზადებას მიმართავ, ნერვებს ამშვიდებს და დროც მუშაობაში გადის, მით უფრო - როცა ტყავთან გაქვს შეხება. საერთოდ, თითოეულ ნივთში დევს იმ ადამიანის ნაწილი, რომელმაც ის შექმნა, მისი სული და ხასიათი. ჩემი აზრით, ხელნაკეთი ნივთები საქართველოში უფრო დაფასებული უნდა იყოს. არ მივესალმები ტყავის ნივთების ისეთ დამზადებას, სადაც ყველაფერი ლაზერის მეშვეობით კეთდება, ეს არის ნახევარი პროცესი და ამ გზით დღეში 40-50 ნივთის დამზადება შეიძლება. მომწონს, როცა თითოეული დეტალი ხელით არის გაკეთებული და ნულიდან იწყებ ყველაფერს. ეს საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. მაგალითად, ერთი საფულის შეკერვას, რომელსაც ექნება "ქეშის" და საბარათე განყოფილებები, შეიძლება 5-6 საათი დასჭირდეს, მაგრამ ვფიქრობ, სწორედ ასე უნდა შეიქმნას ხელნაკეთი ნივთი. პროფესიონალამდე ბევრი მიკლია, მაგრამ ნელ-ნელა ვოსტატდები. თან, ეს ისეთი საქმეა, შეიძლება მთელი ცხოვრება ახალ-ახალ დეტალს სწავლობდე.

- ერთია მოწონება და მეორე - თავად როგორ განახორციელებ ამა თუ იმ ნივთის შექმნის პროცესს. ვინმეს მიმართეთ თუ ტყავზე მუშაობა ვიდეოგაკვეთილების მიხედვით აითვისეთ?

- თავდაპირველად ინტერნეტში, უცხოურ საიტებზე არსებული ვიდეოების მეშვეობით ვცადე, მაგრამ მდიდარი ვიდეომასალის მიუხედავად, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. "ლაივში" ახსნა და მუშაობის პროცესის ჩვენება გაცილებით შედეგიანია. ამიტომ გადავწყვიტე, მასწავლებლისთვის მიმემართა და ასეც მოვიქეცი. ანა ლაბაძე ტყავის ნივთებს ამზადებს. ის ძალიან სასიამოვნო ადამიანია. რამდენიმე კვირის განმავლობაში მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ასევე ჩემს პედაგოგად დავასახელებ ჯემალ გიორგობიანს, ვინც ეს ხელობა შემასწავლა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ბევრი პროფესიონალი არსებობს. თბილისში მყავს მეგობრები, რომლებიც ამ საქმის ოსტატები არიან. მათგან ყოველთვის შეგვიძლია ვისწავლოთ...

- მხოლოდ საფულეებს ამზადებთ?

- დიახ, ამ ეტაპზე მხოლოდ საფულეებს ვამზადებ, მაგრამ სამომავლოდ მინდა ქამრების, ჩანთების, "ბრელოკების" გამოშვება, ანუ ყველა იმ ნივთის, რომელიც ხალხს სჭირდება. ყველაფერი გამოცდილებასთან ერთად მოვა. რა თქმა უნდა, პირველ ქამარს რომ გავაკეთებ, მაშინვე სარეალიზაციოდ არ გამოვიტან, მაგრამ 5-6 ნივთის შემდეგ, ვფიქრობ, სასურველ ხარისხს მივაღწევ და ჩავთვლი, რომ ღირსია, საზოგადოებას წარვუდგინო.

- რეპეტიციებსა და ტყავთან მუშაობას შორის დროს როგორ ანაწილებთ?

- რთული საკითხია. სამუშაო მაგიდასთან ორი ძლიერი სანათი მიდგას, მაგრამ ღამე მუშაობა, გარდა იმისა, რომ თვალებისთვის ცუდია, ნაკლებად პროდუქტიულია. იმ დროს ენერგია, განწყობა, მოტივაცია მიძინებული გაქვს. რამე შეცდომა რომ მოგივიდეს, რთულია გამოასწორო. ამიტომ ვცდილობ, დილას, მზის ამოსვლისთანავე ავდგე და მუშაობა ახალი ენერგიით დავიწყო. ამ დროს მოტივაციაც მეტია, ვიდრე საღამოს. რეპეტიციაზე წასვლამდე თუ ერთი ნივთის დამზადებას ვერ შევძლებ, ვცდილობ, საქმე ნახევრამდე მაინც მივიყვანო. შემდეგ ბავშვებთან, ჩემს მოსწავლეებთან მივდივარ და საღამომდე მათთან ვარ. შესაბამისად, დღეში ან ორ დღეში ერთხელ ერთ ნივთს ვამზადებ და მაქსიმალურად ვცდილობ, ყოველი ნამუშევარი კარგი გამოვიდეს.

2-copy-1688365848.jpg

- პანდემიის პერიოდში ძალიან ბევრმა აიხდინა დიდი ხნის სურვილი და იმ საქმეს დაუთმო დრო, რომლისთვისაც მანამდე ვერ იცლიდა. როგორ ფიქრობთ - პანდემია რომ არა, უახლოეს მომავალში თქვენი გატაცებისა და ჰობისთვის მოიცლიდით?

- ზუსტად გეტყვით, რა მოხდა: ეს საქმე რომ წამოვიწყე, გარკვეული პერიოდის შემდეგ ფარ-ხმალი დავყარე. დღევანდელი გადასახედიდან, ის ნივთები, რომლებსაც თავდაპირველად ვამზადებდი, იმ დონის არ იყო, როგორიც ახლაა. ჰოდა, როცა მათი გაყიდვა გადავწყვიტე და რეალიზაცია არ მოხდა, ამ საქმისთვის თავის დანებებას ვაპირებდი. ჩემი მეგობარი, ასევე „ერისიონის“ მოცეკვავე ცეკვის აქსესუარებს ამზადებს. მან მითხრა, ინტერნეტსივრცეში სულ მხვდება ტყავის ნივთები და როგორც ჩანს, ხალხს მოსწონს; მერე რა, თუ პირველ ჯერზე არაფერი გამოვიდა, კიდევ სცადე, ხომ იცი, ცხოვრება როგორია, დღეს არა და, შეიძლება ხვალ გაგიმართლოსო. რაღაც პერიოდი გავიდა, მის სიტყვებს დავუფიქრდი და დავუჯერე. მოვიფიქრე ლოგო, რომელიც ტყავის აქსესუარებს მოუხდებოდა და თან, მოგზაურობასთან იქნებოდა კავშირში. ლოგოს ესკიზიც თავად შევქმენი და შტამპის დასამზადებლად სხვას მივმართე. შემდეგ ჩემს ნამუშევარს ეს ლოგო დავასვი. სოციალურ ქსელში შევქმენი გვერდი, ნივთებს ფოტოები გადავუღე და გვერდი დავარეკლამე. დაინტერესებამ სტიმული მომცა და საქმე გავაგრძელე.

- თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები თუ ატარებთ თქვენი ხელით შექმნილ აქსესუარს?

- ერთი საფულე ჩემს ძმას შევუკერე, მე კი საბარათეს ვატარებ - პატარა და პრაქტიკულია. ოჯახის სხვა წევრებისთვის ჯერჯერობით არ გამიკეთებია, მაგრამ მომავალში აუცილებლად შევკერავ.

ანა კალანდაძე