როგორი გოგონები მოსწონს და რატომ არის მოლოდინის რეჟიმში ნიკა ხაჩიძე? - გზაპრესი

როგორი გოგონები მოსწონს და რატომ არის მოლოდინის რეჟიმში ნიკა ხაჩიძე?

ტელეწამყვანი ნიკა ხაჩიძე უკვე 23 წელია ქართულ ჟურნალისტიკას ემსახურება. ამბობს, რომ ყოფილი ჟურნალისტები მართლაც არ არსებობენ. მართალია, ახლა კარიერული პაუზა აქვს, მაგრამ ისევ ჟურნალისტიკაში დაბრუნებაზე ფიქრობს.

- რატომ ვერ ვუღალატე ჟურნალისტიკას? - ალბათ იმიტომ, რომ ამ საქმეს აქვს რაღაც განსხვავებული, განსაკუთრებული ხიბლი, რომელიც გიზიდავს და ვერ თმობ. შეიძლება მკითხველს გაუკვირდეს, მაგრამ ბავშვობაში და სკოლის პერიოდში ამ პროფესიაზე არ ვოცნებობდი. ძალიან მინდოდა მსახიობობა, მაგრამ ჩემს ნატვრას ასრულება არ ეწერა: მთელი ოჯახი ჩემი წინააღმდეგი იყო. მაფრთხილებდნენ, რომ მსახიობის პროფესია რთულია, რომ რეჟისორსა და სხვა ადამიანებზე ვიქნებოდი დამოკიდებული. მირჩევდნენ, სამედიცინოზე ჩამებარებინა... ერთი სიტყვით, ჩემს მომავალზე ძალიან ნერვიულობდნენ. მეც ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ მედიცინა ჩემი საქმე არ იყო. ძალიან პატარა - 15 წლის ვიყავი, როცა თსუ-ში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე და ამავე ასაკში გადავწყვიტე დამოუკიდებელი ცხოვრება დამეწყო. ცალკე სახლი გვქონდა და იქ გადავედი საცხოვრებლად.

- თქვენი კარიერა როგორ დაიწყო?

- პირველი ნაბიჯები გამომცემლობა "პალიტრაში" გადავდგი, კერძოდ, ჟურნალ "ბომონდში". ამის შემდეგ კიდევ ბევრ ადგილას ვმუშაობდი. ერთდროულად სულ რამდენიმე სამსახური მქონდა. ჩემს ცხოვრებაში პრესაც, ტელევიზიაც და რადიოც პარალელურ რეჟიმში შემოვიდა. ბევრს ვმუშაობდი, რომ ფინანსურად უფრო წელგამართული ვყოფილიყავი. ამიტომ, პრესაშიც კარგა ხანს ვიმუშავე და რადიოშიც, მაგრამ ტელევიზიას ჩემთვის მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს.

- წლების განმავლობაში იყავით გადაცემა "პროფილის" პროდიუსერი. ის პერიოდი როგორ გახსენდებათ?

- ეს გადაცემა ეთერში უკვე გადიოდა, როცა მაია ასათიანმა დამირეკა და პროდიუსერობა შემომთავაზა. ყველაფერს დიდი მონდომებით და ენთუზიაზმით ვეკიდებოდი. ალბათ, ეს იყო ერთადერთი გადაცემა, რომელიც ქართულ ტელესივრცეში 13 წლის განმავლობაში - 2008-2021 წლებში გადიოდა და ყოველთვის მაღალი რეიტინგი ჰქონდა. მე ამ გადაცემაზე ბოლომდე ვიმუშავე. რაც შეეხება მაიას, ის ძალიან დიდმა ტრაგედიამაც ვერ გატეხა და "პროფილი" მაინც მიჰყავდა. შეიძლება ითქვას, ამ გადაცემას ჩვენ ბოლომდე ვუერთგულეთ.

- როგორ ფიქრობთ, ხალხს სჭირდება ამ ტიპის გადაცემები?

- რა თქმა უნდა, სჭირდება! რაც უნდა პოლიტიკური იყოს არხი, მსგავსი გადაცემები მაინც აუცილებელია. ჯერ ერთი იმისთვის, რომ მრავალფეროვანი ბადე ჰქონდეს და მეორეც - ხალხს მოსწონს ცხოვრებისეული ამბები, გასართობი ჟანრის გადაცემები, რომელიც განტვირთვას და ნეგატივისგან გათავისუფლებას უწყობს ხელს. სწორედ ასეთ გადაცემებს აქვს მთელ მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეიტინგი და საქართველოშიც ასეა. მსოფლიო მედიის გამოცდილებას თუ დავეყრდნობით, შეიძლება დავასკვნათ, რომ მსგავს გადაცემებს მაყურებელი ყოველთვის ჰყავს.

- ქართულ მედიას ხშირად საყვედურობენ, რომ სკანდალებსა და ნეგატივზე მუშაობს, თქვენც ასე გგონიათ?

- ყოველთვის ყველა არხს ვუყურებ და მაინტერესებს, სად რა გადის. რაც შეეხება ნეგატივს და სკანდალებს, დაუწერელი კანონია, საინფორმაციო გამოშვება ისეთი ამბებით უნდა დაიწყოს, რომელიც ადამიანს შეძრავს, ეკრანს მიაჯაჭვავს და აიძულებს, გადაცემას ბოლომდე უყუროს. ნეგატიურ ინფორმაციას ინტერნეტსივრცეშიც დიდი ადგილი უკავია და საერთოდ, ჩვენი რეალობა ისეთია, რომ ნეგატივს ვერ გაექცევი. ამიტომ, მე კარგი გამოსავალი ვიპოვე - ტელევიზორი არ მაქვს. თუმცა, რაც მაინტერესებს, იმას ინტერნეტით ვუსმენ და ვუყურებ.

- ამჟამად პროფესიული პაუზა გაქვთ?

- უნდა დავაზუსტო: ამჟამად მოლოდინის რეჟიმში ვარ, თანაც, პერიოდულად ლექციებსაც ვკითხულობ. რაღაც შემოთავაზებები მაქვს, მაგრამ ისეთ წინადადებას ველოდები, რომელიც პირველ ყოვლისა, ჩემთვის იქნება მიმზიდველი და საინტერესო. ისევ ჟურნალისტიკაში მინდა დარჩენა, რადგან ეს ის საქმეა, რომელიც მიყვარს და რომელსაც ამდენი ხანია ვემსახურები. მიუხედავად ამისა, თუ გადაცემა არ მომწონს და ჩემს გემოვნებას არ შეეფერება, მისი წამყვანი ვერ ვიქნები - ასეთი პრინციპი მაქვს. ამიტომ, ისეთ შემოთავაზებას ველოდები, რომ ჩემთვის მისაღებიც იყოს. ხომ ამბობენ, ყოფილი ჟურნალისტები არ არსებობენო - ამ აზრს ვიზიარებ და თუ იძულებული გავხდები, სხვა სფეროში გადავიდე, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ პიარი, რომელიც ჟურნალისტიკასთან ახლოსაა. თუმცა, მაინც ტელევიზიაში ყოფნა მიჯობს, რადგან ეს ჩემი საქმეა.

- შეიძლება, რომ პოლიტიკურ გადაცემაში გიხილოთ?

- არა, რადგან ეს ჩემი ინტერესების სფეროში არ შედის. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, უარი ვთქვი: ჩემს თავს ამ სფეროში ვერ ვხედავ. თუმცა, მომავალში რა იქნება, არ ვიცი. მე ისეთი ინტერვიუებისა და გადაცემების ჩაწერა მიყვარს, სადაც რესპონდენტის ადამიანური შტრიხები, მისი დაფარული თვისებები ჩანს. შეიძლება ამ ადამიანს მაყურებელი წლების განმავლობაში იცნობდეს, უსმენდეს, მაგრამ ჩემს გადაცემაში ის ახალი რაკურსით და ახალი ფერებით უნდა წარმოჩინდეს. ადამიანური, ცხოვრებისეული თემები ჩემთვის ბევრად საინტერესოა, ვიდრე პოლიტიკა... გამოგიტყდებით, ამ საკითხში დიდად ვერც ვერკვევი.

- ბევრი ამბობს, რომ კარიერამ პირად ცხოვრებაში ხელი შეუშალა. როგორ ფიქრობთ, ეს მართლაც არის ხელის შემშლელი ფაქტორი?

- არა მგონია. იცით, მე ვფიქრობ, რომ რაც უნდა დაკავებული იყო და რაც უნდა მკაცრ რეჟიმში ცხოვრობდე, თუ გყავს ობიექტი, რომელიც მოგწონს და გიყვარს, მისთვის დროს ყოველთვის გამოძებნი. ჩემს ცხოვრებაში არასდროს ყოფილა, რომ პროფესიას პირად ცხოვრებაში ხელი შეეშალა. უბრალოდ, არის პერიოდი, როცა პირადში არაფერი ხდება და მთლიანად კარიერაზე ხარ გადართული, ან პირიქით - კარიერაში ყველაფერი ძველებურადაა, მაგრამ პირადში გაქვს საინტერესო ეტაპი. ნებისმიერ შემთხვევაში, კარიერას და პირად ცხოვრებას მშვენივრად ვაბალანსებ ერთმანეთთან.

- აქტიური გოგონები თუ მოგწონთ?

- ჩემი აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ გადადგამს პირველ ნაბიჯს და ვინ არის ურთიერთობაში ინიციატორი. თუ ადამიანი მოგწონს, მისთვის ამის გამხელა სულაც არ მიმაჩნია მიუღებლად. თუ ორმხრივი სიმპათია და მოწონება არ არის, გინდ ქალმა გადადგას პირველი ნაბიჯი, გინდ - მამაკაცმა, ურთიერთობა მაინც ვერ შედგება. მე ასე ვიტყოდი: ჭკვიანი ქალები მომწონს, რომლებმაც იციან, რა დროს რა უნდა თქვან და რა მოიმოქმედონ, რომ ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვონ. მთავარია, ქალი ჭკვიანი იყოს და იუმორის გრძნობა ჰქონდეს, ინიციატივას გამოიჩენს თუ არა, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია.

- როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ "ეს ის არის" და მართლა უყვარს?

- ეს ყველაზე მარტივია: არაბუნებრივად ბედნიერი ხარ, ყველაფერი გიხარია და ყველა დილა ისეთი გითენდება, რომლის მსგავსი ადრე არასდროს გათენებულა... როცა ამ ადამიანს და ამ ურთიერთობას უფრთხილდები, როცა ყველა ნაბიჯზე განიცდი და ნერვიულობ, ესე იგი, შეყვარებული ხარ. ოღონდ, მთავარია, ადამიანს ვნება და სიყვარული ერთმანეთში არ აერიოს - ვნება ცოტა ხანში გაივლის და რაღაც პერიოდის შემდეგ ხვდები, რომ ეს სიყვარული არ ყოფილა.

- რატომ ხდება, რომ ორ ადამიანს უყვარს ერთმანეთი, მაგრამ ეს ურთიერთობა ოჯახის შექმნით არ სრულდება?

- ვფიქრობ, თითზე საქორწინო ბეჭდის გაკეთებას თავისებური გამბედაობა სჭირდება. თუ ორივე მხარე მიდის დასკვნამდე, რომ უკვე მზად არის და ეს ნაბიჯი უნდა გადადგას, ე.ი. უნდა გადადგას კიდეც. მე ამ ეტაპამდე, ანუ ოფიციალურ ქორწინებამდე არასდროს მივსულვარ...

- ანგარებით შექმნილ ოჯახებზე რას ფიქრობთ?

- არ ვიცი, ალბათ, ყველაფერი ინდივიდუალურია: ვიღაცისთვის გრძნობებია მთავარი, ვიღაცისთვის - ფინანსები. მე ჩემი რჩეულის ფინანსური მდგომარეობა არასდროს მიკითხავს, მაგრამ ვიღაც სულ სხვაგვარად ფიქრობს - ეს ადამიანის არჩევანია.

- რით აიხსნება, როცა ძალიან ახალგაზრდა, ლამაზი ქალი (ან მამაკაცი) მეწყვილედ ასაკით უფროს, გარეგნულად შეუფერებელს ირჩევს?

- უნდა ვაღიარო, ადამიანი ჯერ გარეგნულად უნდა მომეწონოს, რომ მასზე ვიფიქრო, მაგრამ მარტო გარეგნობის გამოც არავინ შემიყვარდება, თუ მას ჩემთვის მოსაწონი თვისებები არა აქვს. იმის თქმა, ბიჭი ჯობია თუ გოგო, აზრს მოკლებულია, რადგან ეს ამ ორი ადამიანის გემოვნებაა, მათი არჩევანია. ძალიან ბევრი წყვილი მინახავს, რომელიც გარეგნულად ერთმანეთს ძალიან უხდებოდა, მაგრამ რეალურად, სულაც არ იყო ბედნიერი. ალბათ ჯობია, თვითონ იყვნენ ბედნიერები და სხვებს ეგონოთ, რომ შეუფერებლები არიან. რაც შეეხება ასაკს, ეს მხოლოდ ციფრებია, საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლისაა ქალი ან მამაკაცი. მთავარია, არასრულწლოვანი არ მოგწონდეს, თორემ ვიღაცას თავისზე უფროსი მოსწონს, ვიღაცას - უმცროსი. ჩემთვის მაგალითად, ინტელექტი და იუმორი ის თვისებებია, რომელსაც ნებისმიერ ადამიანში ვეძებ. ასე მგონია, ეს ორი თვისება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და როცა მოხდენილ გარეგნობას ერწყმის, როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი არ მოგეწონოს?

19510672-1698048710218968-931851149245544149-n-1688368648.jpg

- როგორ პასუხობთ მომაბეზრებელ კითხვას - "რატომ არ ქორწინდები"?

- ჩემთვის ამ კითხვის დასმა უკვე მობეზრდათ (იცინის)...

- დაბოლოს, როგორია თქვენეული "წარმატების ფორმულა"?

- ძალიან მარტივია: შრომა, შრომა და ისევ შრომა! როცა ასაკით პატარა ვიყავი და ვიცოდი, რომ ჩემი თანატოლები სადმე ღამის კლუბში ერთობოდნენ, მე შემეძლო ამ ცდუნებაზე უარი მეთქვა და სტატია დამეწერა ან რადიოს ეთერში ვმჯდარიყავი. იმ პერიოდში გული მწყდებოდა, მაგრამ ვხვდებოდი, ჩემს თავზე ბევრი უნდა მემუშავა. ეს აუცილებელია, ამის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია! დღემდე შენიშვნები მაქვს საკუთარ თავთან და კმაყოფილი არ ვარ იმით, რაც გამიკეთებია. იმასაც ვგრძნობ, რომ მომავალში კიდევ მეტი უნდა გავაკეთო. იცით, კიდევ რა არის მთავარი? - თვითკმაყოფილების გრძნობა არ უნდა მოგერიოს და მარცხის შემდეგ, ფარ-ხმალი არ დაყარო, რადგან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მთავარია, შენი პატარ-პატარა წარმატებები გიხაროდეს და მომავლისთვის უფრო საინტერესო მიზნები დაისახო - ამის გარეშე წარმატების მიღწევა რთულია.

ხათუნა ჩიგოგიძე