წიგნის აქსესუარი, ანუ სანიშნეები სხვადასხვა მცენარით - გზაპრესი

წიგნის აქსესუარი, ანუ სანიშნეები სხვადასხვა მცენარით

წიგნის კითხვის პროცესს შორის პაუზის დროს, ზოგიერთი ჩვენგანი გვერდის ნუმერაციას იმახსოვრებს ან სანიშნეს იყენებს. ამ პატარა, თითქოს უმნიშვნელო ნივთს მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება, ფურცვლისას დროს არ კარგავ და სანიშნე მკითხველს სასურველი გვერდის პოვნაში ეხმარება.

9-1688368889.jpg

შორენა-თეკლა ხიტალიშვილი:

- დაბა ჟინვალთან, პატარა სოფელ არანისში ვცხოვრობ. ვქარგავ, თოჯინებს ტრადიციული სამოსით ვმოსავ. მოკლედ, ხელოვანი გახლავართ. ჩემი ბოლო დროის აღმოჩენა სანიშნეები და მათი დამზადებაა. მესამე წელია წიგნის აქსესუარს ვაკეთებ და ამ საქმეში სრულად ვარ ჩაფლული. თავიდან ყვავილებს ვაგროვებდი და ვახმობდი, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ფუჭდებოდა. მერე ინტერნეტში მოვიძიე, როგორ შეიძლებოდა მცენარე ისე გამეშრო, რომ ფორმა არ დაეკარგა, არ დაშლილიყო ან არ გაფუჭებულიყო. ძიება-ძიებაში თანდათან მივხვდი, რა როგორ შემენახა, როგორ შემენარჩუნებინა პირველადი ფერი და ეს საქმე ეტაპობრივად დავხვეწე. სანიშნეებში შეიძლება ყველა მცენარე გამოვიყენო, რომელიც ასე ვთქვათ, თხელია და ლამინირებას დაექვემდებარება. სეზონების მიხედვით ვაგროვებ მცენარეებს. ამას ვიწყებ გაზაფხულზე, ყოჩივარდებისა და იების ამოსვლისთანავე და გვიან შემოდგომამდე სასურველ კოლექციას ვუყრი თავს, მარაგი კი მთელი ზამთარი მყოფნის. ჩემ გარშემო იმდენი ლამაზი მცენარე ხარობს, რთულია რომელიმეს გვერდი აუარო. რასაკვირველია, ჩემზეც არის დამოკიდებული, ბევრს ვივლი თუ არა და რამდენს შევაგროვებ. თან, ისეთ ადგილას ვცხოვრობ, ეს რთული არ არის. ჩემ გარშემო ულამაზესი ადგილებია: მთები, ტყე, მინდვრები... ბუნება ხელს მიწყობს.

რაც შეეხება სამუშაო პროცესს: ჯერ მცენარეებს გადავარჩევ და მერე წიგნებში ვაწყობ. გვირილა, ლავანდა, ყაყაჩოა ეს თუ სხვა მცენარე, ასევე ბალახები და ფოთლები გარკვეული დროის შემდეგ გამოშრობას იწყებს. ზოგიერთი 2-3 დღეში უკვე გამხმარია, ზოგს კი გამოსაშრობად კვირაზე მეტი სჭირდება. მცენარეებით სავსე წიგნები ძირითადად ჩრდილში, მშრალ ადგილას მიწყვია, მაგრამ თუ წიგნებს მზეზე დავაწყობ, გამოშრობის პროცესი დაჩქარდება. ამის შემდეგ მცენარეებს ლამინირების ფირებში ვალაგებ და სასურველ ფორმას ვაძლევ. ზოგს სტანდარტული სანიშნეები მოსწონს, ზოგსაც სხვადასხვა სიგრძე-სიგანისა და ყვავილის ფორმის მიხედვით გამოყვანილი. მცენარეების გარდა, ისეთი სანიშნეებიც მაქვს, სადაც გამრავლების ტაბულააა მოთავსებული, ასევე მულტფილმის გმირები, რომელიც ბავშვებში განსაკუთრებით დიდ მოწონებას იმსახურებს.

5-1688368905.jpg

- რა მცენარეები მოხვდა პირველად თქვენს სანიშნეებში და ახლა რომელი იწვევს ყველაზე დიდ ინტერესს?

- გვირილები, რადგან ეს ყვავილი ძალიან მიყვარს და პირველად ისინი შევაგროვე. თავიდან არც მეგონა, ეს იდეა თუ გაამართლა, მაგრამ ისეთი მოწონება დაიმსახურა და ხალხისგანაც დადებითი განწყობა წამოვიდა, რომ სტიმული მომეცა. რეალიზაცია ხდება როგორც ინტერნეტის საშუალებით, ასევე თბილისში ერთ-ერთ საკანცელარიო მაღაზიასთანაც ვთანამშრომლობ. ხალხში ინტერესს სხვადასხვა ფორმის სანიშნე იწვევს. ასევე ისინი, სადაც გამოყენებულია: გვირილა, ყაყაჩო, ყოჩივარდა. ძალიან ლამაზი გამოდის ის სანიშნეები, სადაც ყვითელ, წითელ და შინდისფერ ტონში გადაწყვეტილი ფოთლებია ჩასმული... იმდენად განსხვავებული სანიშნეებია, ყველამ შეიძლება თავის მცენარე იპოვოს. შესაძლოა ბევრმა ერთი შეხედვით იფიქროს, რომ ამგვარი სანიშნეების დამზადება საკმაოდ მარტივია, მაგრამ ასე არ არის. ძალიან შრომატევადი საქმეა, მცენარეების დაკრეფიდან - დასრულებულ სახის მიცემამდე, მაგრამ იმდენად მომწონს ეს საქმე, რომ ახლაც სიამოვნებით ვმუშაობ და მომავალშიც ვაპირებ გავაგრძელო.

ანა კალანდაძე