"ხიდიდან გადმოვვარდი... 5 წელია ლოგინს მივეჯაჭვე" - გზაპრესი

"ხიდიდან გადმოვვარდი... 5 წელია ლოგინს მივეჯაჭვე"

დაახლოებით 5 წლის წინ, ირაკლი გელაშვილს, რომელიც მეგობარს ელოდებოდა, თავბრუ დაეხვა და ხიდიდან გადავარდა, ხერხემლით ქვაზე დავარდა და მას მერე ლოგინს არის მიჯაჭვული. ამბობს, რომ უსახსრობის გამო რეაბილიტაცია ვერ გაიარა. არადა, ექიმები ეუბნებიან, რომ არსებობს შანსი, საფუძვლიანი მკურნალობის შემდეგ დამოუკიდებლად გაიაროს.

- უკვე 5 წელია, მწოლიარე ვარ და ვერც ვჯდები, ვერც ვდგები. რეაბილიტაციის კურსის გავლა მჭირდება, მაგრამ უსახსრობის გამო, ვერ ვახერხებ... 2019 წლის 15 იანვარს რკინიგზის სადგურზე, ხიდზე ვიყავი და მეგობარს ველოდი. თავი შეუძლოდ ვიგრძენი, ამიტომ ცოტა ხნით ჩავიმუხლე. როცა წამოვდექი, თავბრუ დამეხვა და ხიდიდან გადავვარდი. თურმე ქვევით ქვები ეყარა და მათზე დავეცი, მეცხრე და მეათე მალა გავიტეხე. ცხადია, საავადმყოფოში წამიყვანეს, სადაც ურთულესი ოპერაცია გამიკეთეს, მას მერე ვწევარ და ვეღარ ვდგები.

- ოპერაციის შემდეგ რა სახის მკურნალობა ჩაგიტარდათ?

- არაფერი. ექიმმა მითხრა, რომ სწორი რეაბილიტაცია მჭირდება, მაგრამ მეხუთე წელია, ამას ვერ ვახერხებ. რამდენჯერმე პოსტები დაიდო ჩემ შესახებ და კეთილი ხალხის წყალობით "ორი კაპიკი" მოვაგროვე, რაც რეაბილიტაციისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, მაგრამ იმ თანხით 50-ლარიანი მასაჟისტი მომყავდა და ამით ცოტა შვებას ვგრძნობდი. ექიმმა გამაფრთხილა, ეს შედეგის მომტანი ვერ იქნება. სწორი რეაბილიტაცია მჭირდება, ერთდროულად მასაჟები, ვარჯიშები და ელექტროსტიმულაცია.

- დაახლოებით რა ჯდება ეს ყველაფერი და კურსი რამდენ დღეს მოიცავს?

- სანამ საფრანგეთში წავიდოდი, აქ ერთ-ერთ კლინიკაში ვიყავი და დღიურად 130 ლარი მომთხოვეს, თან ჩემით უნდა მივსულიყავი და წამოვსულიყავი. ვინაიდან დამოუკიდებლად გადაადგილება არ შემიძლია, რეანიმობილი უნდა გამოვიძახო, რომელიც 100 ლარს ითხოვს და სად მაქვს ამის საშუალება? კურსი 25-დღიანია და მინიმუმ, წელიწადი უნდა ვიმკურნალო.

- რეაბილიტაციის კურსის გავლას თუ მოახერხებთ, რა გარანტიებს გაძლევენ ექიმები?

- გარანტიას მაძლევენ, რომ ეტლში მაინც ჩავჯდები და რამდენიმე ნაბიჯს გავივლი, თორემ ძველებურად რომ ვეღარასდროს ვიქნები, ეს ისედაც ვიცი. მეუბნებიან, რაღაც ნაკლი გექნება, შეიძლება კოჭლობით ან მოხრილმა იარო, მაგრამ გაივლიო და ჩემთვის ეს ყველაფერია... პენსიის გარდა არაფერი მაქვს და აბა, ამ ყველაფერს როგორ მოვახერხებ?..

- საფრანგეთში ვიყავიო, აღნიშნეთ...

- 11 თვე იქნება მას მერე, რაც საფრანგეთში დამოუკიდებლად წავედი. გავრისკე, რადგან მეგონა, იქ დამეხმარებოდნენ, რეაბილიტაციას გავივლიდი, მაგრამ ყურადღება საერთოდ არ მომაქციეს. პირიქით, ცუდ დღეში ჩამაგდეს, ნაწოლები გამიჩნდა და ამის შესახებაც არაფერი ვიცოდი, ვიდრე ქუსლებზეც არ გამიჩნდა.

- მარტო როგორ გაემგზავრეთ?

- ვითხოვე, ეტლში ჩამსვით და თვითმფრინავამდე მიმიყვანეთ, მერე ჩემით წავალ და ტკივილსაც გავუძლებ-მეთქი. იმედი მქონდა, იქიდან ჩემი ფეხით დავბრუნდებოდი და ეს მაძლიერებდა... ჩავედი საფრანგეთამდე და თავშესაფარი მოვითხოვე, მაგრამ... მერე მეგობრების მეგობრებმა მიმიყვანეს პრეფექტურაში, საიდანაც თავშესაფარში გადამიყვანეს. ერთი ოთახი მქონდა და რძის პროდუქტებსაც მაძლევდნენ, მაგრამ ამ ყველაფერს ვერ ვჭამდი. სამწუხაროდ, ექიმთან არ მიმიყვანეს. პირიქით, იძულებული გამხადეს, დეპორტი მომეთხოვა და ამაზეც ასე მიპასუხეს: როგორც ჩამოხვედი, ისე წადიო. ვინაიდან ნაწოლები გამიჩნდა და სხვა ტკივილებს, ამის ტკივილიც დაემატა, უკვე ვეღარ ვუძლებდი და ისევ პოსტებით ვითხოვე დახმარება, რომ როგორმე, სახლამდე მომეღწია.

ისევ კეთილი ადამიანების წყალობით დავბრუნდი შინ, ახალი სატკივრით...

- ოჯახი გყავთ?

- არც ცოლი მყავს, არც შვილი, არც დედა და არც მამა. დედა დიდი ხნის გარდაცვლილია, მამა კი მას შემდეგ დავკარგე, რაც საავადმყოფოდან გამომიყვანეს და გაიგო, რომ სინამდვილეში ვერასდროს წამოვდგებოდი. მანამდე ვატყუებდით, რომ ყველაფერი კარგად იყო. ჩემი მდგომარეობა ვერ გადაიტანა, ერთ თვეში გულმა დაარტყა და გარდაიცვალა.

- ახლა ვინ ზრუნავს თქვენზე?

- ჩემი ძმა და რძალი მივლიან... ცუდი ის არის, რომ ეტლითაც ვერ დავდივარ. თუმცა, წელს ქვემოთ დამეწყო დაბუჟება, წვა, ტკივილი. ყველა ძვალი მტკივა და მეწვის, ნერვიც თამაშობს. აი, "ვიბროსავით" იწყებს კანკალს. არის შანსი, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს, თუ ჩემს საფუძვლიან მკურნალობას დაადგება საშველი. მეტი აღარ შემიძლია, ამიტომ გთხოვთ დახმარებას. მიჭირს თქმა, მაგრამ იქნებ გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც ფეხზე წამოდგომაში დამეხმარება და ამით ტკივილს ამარიდებს. ძალიან დიდი ბოდიში, რომ ჩემს ტკივილს გახვევთ თავს და მადლობა, რომ ამ ყველაფრის თქმის საშუალება მომეცით...

P.S. თუ ირაკლის დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე:

თიბისი ბანკი:

GE88TB7048045068100008

საქართველოს ბანკი:

GE36BG0000000698240500

ლიბერთი ბანკი:

GE41LB0211153697373000

პ/ნ 01001068972.

ლიკა ქაჯაია