"შედარებით მსუბუქად დაჭრილებს უხაროდათ, რომ იმ ჯოჯოხეთს მოშორდებოდნენ..." - გზაპრესი

"შედარებით მსუბუქად დაჭრილებს უხაროდათ, რომ იმ ჯოჯოხეთს მოშორდებოდნენ..."

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, ათასობით რუსი სამხედრო ცდილობს ქვეყანა დატოვოს და პოლიტიკური თავშესაფარი ევროპას სთხოვოს. "gulagu.net."-ის ცნობით, ბოლო ოთხი თვის მონაცემებით, მხოლოდ გერმანიას 2500-ზე მეტმა რუსმა სამხედრომ სთხოვა თავშესაფარი. ამასთანავე, ასობით მათგანი მესამე ქვეყნის გავლით, საფრანგეთსა და აშშ-ში მოხვედრას ცდილობს.

28 წლის ნიკოლოზ ჩიბრინი ერთ-ერთია იმ ასობით გაქცეულს შორის. მან სამხედრო მოქმედებების დროს, ჭრილობის მიღების შემდეგ, სამხედრო ნაწილი სამკურნალო შვებულებით დატოვა, შემდეგ კი ჯერ არმიიდან, შემდეგ ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

- პირადად მე, ჭრილობა სამხედრო ნაწილში ყოფნისას მივიღე. საკუთარი იარაღიდან არც ერთი ტყვია არ გამისვრია. დასამალი არაფერი მაქვს. ყველაფერი ვუამბე იმ ქვეყნის საემიგრაციო სამსახურს, რომელსაც თავშესაფარი ვთხოვე. ჯერ ესპანეთში ჩავედი, მაგრამ ბიჭებმა ვითარების გართულების გამო მირჩიეს, ევროპის ქვეყნებს ასობით ათასი რუსეთიდან გაქცეული სამხედრო თუ სამოქალაქო პირი მიაწყდა და ჯობს, ბედი სხვაგან, თუნდაც ამერიკაში მეცადა... თან, აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთის რეჟიმს გამოქცეულ პირებზე ლოიალური მიდგომა გამოაცხადა... ახლა პუტინის პოლიტიკას გამოქცეული ყველა სამხედრო ერთსა და იმავეს ამბობს, ირწმუნება, რომ არ იცოდა, თუ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას აპირებდა, მორიგი სწავლება ეგონა, უმეტეს შემთხვევაში, მართლა ასეა - ჯარისკაცს არავინ უხსნის, სად, რა მიმართულებით მიდის. ბრძანებას აძლევენ და უნდა შეასრულონ. როგორც კი გავიგეთ, უკრაინის საზღვარი უნდა გადაგვეკვეთა, მაშინვე გავაპროტესტეთ. მეთაურობას ისიც ვუთხარით, რომ ეს სამხედრო დანაშაულია, მაგრამ გვიპასუხეს, რომ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და ბრძანება უნდა შეგვესრულებინა.

- რა ბრძანება გქონდათ?

- უკრაინაში ყირიმიდან შევედით. ჩვენამდე არტილერია იყო შესული და ზურგის კონტროლი გვევალებოდა... მე სამხედრო მექანიკოსი ვარ, იარაღის მოწესრიგება მევალებოდა. მე და ჩემი მეგობრები ვამბობდით, რომ დანაშაულებრივ ბრძანებას არ შევასრულებდით, პასუხად კი ციხით გვემუქრებოდნენ. ჩემმა უფროსმა სერჟანტმა რამდენჯერმე დამსაჯა და 64-ე მოტომსროლელი ბრიგადიდან, სადაც კონტრაქტის გაფორმების დღიდან ვმსახურობდი და მეგობრებიც მყავდა, სხვა ნაწილში გადამიყვანა. კარგად იცის, რაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ხდება: "დედოვშინა", ბულინგი, უკანონობა და იფიქრა, რომ როგორც ბუნტისთავს, ახალი მეთაურობა მომივლიდა. დიდი გამოსაცნობი არ იყო, რომ უცხო ნაწილში, თანაც საომარი ვითარების დროს, კეთილად არ მიმიღებდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, ნაწილის დალაგება და სველი წერტილების მოწესრიგება მიბრძანეს. რამდენჯერმე დაპირისპირებაც მქონდა მეთაურობასთან, თორემ ცივი ზამთრის პირობებში, ომში ჩართულ ჯარისკაცებს ჩემი თავი არ ჰქონდათ.

რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, საკონტრაქტოს ვგულისხმობ, ჩემსავით ღარიბი ოჯახიშვილები მიდიან. მე და ჩემი და მარტოხელა დედამ გაგვზარდა. ვიდრე სამსახურში არ მოვეწყვე, შინ მაცივარიც კი არ გვქონდა. პირველი სამზარეულო და გაზქურა 2015 წელს ვიყიდეთ, იქამდე საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით, ბოლო სართულზე, სადაც წყალი ჩამოდიოდა და სადარბაზოს კარი არასდროს იკეტებოდა. მას შემდეგ, რაც იქაურობა დავტოვეთ, მოსკოვთან ახლოს ბინა ვიქირავე შეღავათიან ფასში, რადგან ქირის ნაწილს სამსახური მიფინანსებდა. მინდოდა, ჩემი დისთვის განათლება მიმეცა, მაგრამ ვერ შევძელი - ის დაღესტნელზე გათხოვდა და მაჰაჩყალაში გადასახლდა... საბედნიეროდ, სიძე სამხედრო და მეომარი ტიპი არ არის, სურსათის მაღაზია აქვთ და იმას ამუშავებენ.

- ახალი ნაწილის ბრძანება რა იყო?

- ასევე, ზურგის გამაგრება, ლოჯისტიკური ხაზი გვებარა... ტელეფონები ყველას ჩამოგვართვეს. გამუდმებით გვეუბნებოდნენ, პანიკას ნუ აჰყვებით და მითითებებს დაემორჩილეთო. ბიჭები იქაც დემორალიზებული იყვნენ, ომი არავის უნდოდა. ვატყობდი, მეთაურობაც უკმაყოფილო იყო, მაგრამ ამის დაფიქსირებას ვერ ბედავდნენ, "ჩაშვების" ეშინოდათ.

ერთხელ, წინ, "გათავისუფლებული" ადგილისკენ გადაადგილება გვიბრძანეს. ჩვენს კოლონას გამშვები პუნქტი უნდა გაევლო. იქაურობას ცეცხლი ეკიდა, გარშემო მანქანები დამწვარი, ინფრასტრუქტურა კი განადგურებული იყო. გზაში ინტენსიური ცეცხლი გაგვიხსნეს. იმის კითხვა დავაპირე მეთაურისთვის, რა უნდა გვექნა, მან კი დაგვასწრო და გვიბრძანა, როგორც კი მანქანებიდან ჩასვლას დააპირებთ, ავტომატურად დეზერტირები ხდებით, ამიტომ ბრძანების შესაბამისად ვიმოქმედებთო - ეს იყო გაფრთხილება: ტყვიას ზურგში მოგვაყოლებდნენ ან სამხედრო ტრიბუნალი გველოდა... გაქცევაზე არც მიფიქრია, უფრო იმის გარკვევას ვცდილობდი, რა გამეკეთებინა. ასე აღმოვჩნდით ნიკოლაევის მისადგომებთან. ჩვენი მიმართულებით ზალპური ცეცხლი წამოვიდა. არავინ გვიხსნიდა, რა იყო ჩვენი ამოცანა: გავქცეულიყავით, პოზიციები ადგილზე გაგვემაგრებინა თუ დავლოდებოდით. რამდენიმე საათის შემდეგ მოვიდა ბრძანება, - ქალაქ ხერსონში შევდივართო. მანამდე მხოლოდ ჩემ გარშემო შვიდი ბიჭი დაიღუპა და ათზე მეტი დაიჭრა. რუს სამხედროებს, მათ, ვინც იქ ჩვენამდე მივიდა, იქაურობა გაპარტახებული ჰქონდათ, მოწინააღმდეგესა და საფრთხეზე არავინ ფიქრობდა. ჯერ საკვები და წყალი მოიხელთეს. თავადაც ნადირივით მშიოდა და რაც ხელში მომხვდა: კონსერვი, პური, ტკბილეული, ნახევარფაბრიკატი - რაც მოვასწარი, სულ შევჭამე. ცოტა აზრზე რომ მოვედი, ვიცოდი, მომდევნო დღეებშიც მშიერი ვიქნებოდი და შევინახე. ასე მოიქცნენ სხვებიც. ყველა ისე იქცეოდა, რის საშუალებასაც სინდისი აძლევდა. ადგილობრივების სახლებში მაცივრებში ძვრებოდნენ, რაც შეეძლოთ, ჩანთაში იყრიდნენ. თუ მაცივარი ძალიან გავსებული იყო, მთლიანად მოჰქონდათ, მანქანის ძარაზე დებდნენ და ნაწილის ეზოში ათავსებდნენ სამზარეულოს კარადასავით. როცა დაცარიელდებოდა, შინ გასაგზავნად ამზადებდნენ. ამისთვის სატვირთო მანქანა იყო განკუთვნილი... ხერსონთან ახლოს დასახლებულ პუნქტში დავბანაკდით, სადაც ორი კვირა მოგვიწია ყოფნამ...

ukr2-1688971036.jpg

- რა ხდებოდა თქვენ გარშემო?

- რუსეთსა და უკრაინას შორის ცხოვრების განსხვავებული დონის მისახვედრად ის პატარა ადმინისტრაციული ერთეულიც საკმარისი იყო. ისინი ცხოვრობდნენ, ჩვენ ვარსებობდით, სრული კომფორტი ჰქონდათ. მაცივრები, სათავსები, სარდაფები, სხვენები სურსათით, ჰიგიენური საშუალებებით იყო სავსე. ჩვენ ადმინისტრაციის შენობაში დავბანაკდით, რომელიც კომფორტულად მოწყობილი იყო. სიამოვნებით დავრჩებოდი საცხოვრებლად.

ჩვენი ნაწილის ამოცანა ხერსონის შენარჩუნება გახლდათ. სიხარულით არავინ დაგვხვედრია, ზიზღით გვიყურებდნენ... ჯერ ქუჩაში გასვლას ვერიდებოდი, სიტუაციას ვაკვირდებოდი, მაგრამ შემდეგ მაინც მომიხდა, რადგან მოსახლეობასთან ურთიერთობა დაგვავალეს. პროამერიკული ხელისუფლება არ უნდათ და სიხარულით შეგვხვდებიანო, გვეუბნებოდა გზადაგზა ჩვენი მეთაურობა, თუმცა, სიხარული არავის ეტყობოდა... ერთხელ სამოქალაქო პირს, რომელიც თავის მანქანაში იჯდა, სიგარეტი ვთხოვე. მოხუცი იყო, ასე 70 წელს ზევით. შემათვალიერა, მერე იქვე მდგომ სხვა რუს სამხედროებსაც გადახედა და დამცინავად მკითხა, - ბოლოს როდის ჭამეთ და იბანავეთო?.. ბანაობა არ მახსოვდა, ჭამით კი, მათი ხალხისთვის წართმეული სანოვაგე ბლომად გვქონდა.

ადგილობრივები საღამოობით იმ პოზიციებზე, სადაც რუსული სამხედრო ნაწილები იყვნენ დაბანაკებული, უკრაინულ ძალებს ჩვენზე ინფორმაციას აწვდიდნენ და ისინიც არტილერიით გვიტევდნენ. უმძიმესი დღეები გამოვიარეთ. მინუს ოც გრადუსში, ორ კვირაზე მეტი შიმშილსა და სიცივეში გავატარეთ. როდესაც ევროპულ მედიას ამის შესახებ ვუყვები, არ სჯერათ, - აბა, რის იმედად დაიწყო რუსეთმა ომიო? მაგრამ არ ვაჭარბებ. არ გვქონდა ტკვილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მედიკამენტებიც კი. ადგილობრივებს ვძულდით და ძალიან დიდი იყო იმის ალბათობა, რომ სასმელ წყალს მოწამლავდნენ, რადგან პირდაპირ გვეუბნებოდნენ, ოკუპანტები ხართო, მაგრამ რა გვექნა, ვრისკავდით და მაინც ვსვამდით. საბედნიეროდ, არავინ მოწამლულა. არ მჯერა, რომ შევეცოდეთ, ალბათ თავადაც ამ წყლით სარგებლობდნენ და სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, თორემ ხედავდნენ, როგორ დავათრევდით რკინის ვედროებსა და ბიდონებს.

მეთაურობამ იცოდა ჩვენი არაადამიანური პირობების შესახებ და ჟურნალისტებს ახლოსაც არ გვაკარებდნენ.

სამხედროების ნაწილმა უკრაინელი სამხედროების ტანსაცმელი ჩაიცვა, რადგან ბევრად ხარისხიანი, თბილი და კომფორტული იყო. ჩვენი "ძლევამოსილი" სახელმწიფო კი, ვითომ უკრაინის "დენაციფიკაციის" მიზეზით ატარებდა "სპეცოპერაციას", სინამდვილეში კი მინუს 20 გრადუს ყინვაში სამხედროებს პირდაპირ მიწაზე, საძილე ტომრების გარეშე ეძინათ. ერთიმეორის მიყოლებით ხდებოდნენ ავად. ხერხემლის თიაქარი, ბრონქიტი, ფილტვების მწვავე ანთება, თავის გაუსაძლისი ტკივილი, მაღალი ტემპერატურა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ დაავადებების, რაც იმ დღეებში ავიკიდეთ. ერთი ბიჭი იყო, 23 წლის, კვირაზე მეტხანს სტკიოდა კბილი, თანაც იმდენად, რომ თავის მოკვლაც კი სცადა, რადგან გამაყუჩებელი არ გვქონდა და ღამეები არ ეძინა. ბოლოს ხელზე თვითდაზიანება მიიღო და დონბასში გადაიყვანეს. როგორც გავიგე, მანაც დაწერა განცხადება სამხედრო სამსახურის დატოვების თაობაზე და მის წინააღმდეგ საქმე აღძრეს... ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, მის მდგომარეობაში ასე ადვილი არაა ქვეყნის დატოვება, თორემ დარწმუნებული ვარ, გაიქცეოდა...

ერთხელ სხვა ადგილას გადაგვიყვანეს. ძველი "პაზის" სალონში 20-მდე დაჭრილი იყო, ჭუჭყიანი სახვევებით, გაწამებული სახეებით. დაახლოებით ფილმებში ნანახ, დიდ წვალებაგამოვლილ სამხედრო ტყვეებს ჰგავდნენ. რა საშინელებაა-მეთქი, - მძღოლს ვუთხარი. - ომია, - მიპასუხა ცივად და შემომიბღვირა.

შედარებით მსუბუქად დაჭრილებს უხაროდათ, რომ იმ ჯოჯოხეთს მოშორდებოდნენ. საავადმყოფოში ყოფნა, ცხელი საკვები და თბილ საწოლში ძილი ნამდვილი სამოთხე იყო... ვუყურებდი იმ უბედურ, მოტყუებულ, გამოყენებულ ბიჭებს და ვფიქრობდი - რა ჯანდაბად მინდა ეს ოხერი სოცოცხლე მას შემდეგ, რაც ჩემი ცხოვრება სამხედრო სამსახურს დაუკავშირდა, კარგი რა გამიკეთებია-მეთქი?.. რა მინდოდა იმ ქვეყანაში, რას ვერჩოდით ამ ხალხს, მშვიდობიან მოსახლეობას?.. რით ემუქრებოდა უკრაინა რუსეთს?..

- მეთაურობა გეუბნებოდა, უკრაინა გვემუქრებაო?

- დიახ, გარშემო ყველა ამბობდა, რომ უკრაინას ნატოში შესვლა უნდოდა და ეს რუსეთისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა. ამასთანავე, უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილი, როგორც რუსულენოვანი, ასევე სხვები, "ნეონაცისტური ხელისუფლებისგან" გათავისუფლებას ითხოვდნენ, დახმარება სჭირდებოდათ.

ვფიქრობდი, ყველა ქვეყანას, ვისაც ამ ორგანიზაციაში შესვლა სურს, თუნდაც ფინეთი, რომელიც ნატოს წევრი ხდება, უნდა ვეომოთ?.. ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი უკვე არიან ნატოს წევრები და მათთანაც ომს ვაპირებთ-მეთქი?.. ჩვენ გარშემო ე.წ. სამთავრობო ექსპერტები, რომლებიც უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ თავიანთ სახლებში, თბილად იყვნენ წამოგორებული ტელევიზორის წინ, შვილები კი უსაფრთხო და განვითარებულ ევროპის ქვეყნებში ჰყავთ, ირწმუნებოდნენ, წუთებით დავასწარით უკრაინას, თორემ ის დაგვესხმებოდა და ეს უდიდესი კატასტროფა იქნებოდაო. სხვები ამბობდნენ, - ამით დნრ-ს და ლნრ-ს მოსახლეობა გადავარჩინეთო. ვფიქრობდი, რისგან?.. მე ხომ ვიცი, როგორ ცხოვრობენ ჩემ გარშემო ადამიანები, ერთეულების, კორუმპირებულების, მაფიოზების გარდა, ყველას უჭირს და რის საფუძველზე ვპირდებით ამ ხალხს უკეთეს ცხოვრებას?

საკონტრაქტო სამსახურში, სადაც ჩემსავით სხვა სფეროში ხელმოცარული ადამიანები იყვნენ შეკრებილი (მცირე გამონაკლისის გარდა), სამოტივაციოდ, დღეში 69 დოლარს გვპირდებოდნენ. მაშინ რუბლის კურსი დაახლოებით, 7 ათას რუბლზე იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, მოგვატყუეს. ეს არც "ყიღიმის შესანარჩუნებლად" დაწყებული "სპეცოპერაცია" იყო, სინამდვილეში, ომში ვიყავით, ჩემს თავზე საბრძოლო თვითმფრინავები დაფრინავდნენ.

ის, რომ რუსეთს მთელი დასავლეთი და ნატო ირიბად თუ პირდაპირ ებრძოდა, უკვე დოქტრინად იყო ჩამოყალიბებული რუსულ ჯარში. ისინი ყველას გვასწავლიდნენ და გვარწმუნებდნენ, რომ თუ ხვალ ნატო თავს დაგვესხმებოდა, ჩვენი ქვეყანა უნდა დაგვეცვა. როდესაც არმიაში არსებულ პრობლემებზე ვსაუბრობ, განათლების დეფიციტსაც ვგულისხმობ: უამრავ ადამიანს, ვინც ახლა ფრონტის ხაზზეა, დაბალი განათლება აქვს და იმის სჯერათ, რასაც მათ მეთაურობა ეუბნება.

- ახლაც?

- დიახ, რაღაც ნაწილს ახლაც სჯერა, რომ ნატოს ებრძვიან იმისთვის, რომ რუსეთი დაიცვან. მიაჩნიათ, რომ სიმართლის მხარეს დგანან და თავგანწირვაც უღირთ. ვიდრე არ მიხვდებიან, რომ ხელისუფლება, კრემლი, კორუმპირებული გენერალიტეტი ატყუებს და საზარბაზნე ხორცად იყენებს, არაფერი შეიცვლება. ხშირად მეკითხებიან: თუ საჭირო გახდა, მათ წინააღმდეგ იარაღს ავიღებ თუ არა? ვერ ავიღებ, რადგან მათი უმეტესობა დაბრმავებულია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ როგორმე მიხვდნენ თავიანთ შეცდომას... აი, კრემლის წინააღმდეგ ავიღებ თუ არა იარაღს? ეს სხვა საკითხია. ვფიქრობ, ამის გაკეთება შემიძლია, რადგან ყველანაირი ბოროტების სათავე სწორედ კრემლშია. პუტინი და მისი თანამოაზრეები წლების განმავლობაში აზომბირებდნენ მოსახლეობას თავიანთი პროპაგანდისტული მედიით და არც ამას ჩაუვლია უშედეგოდ.

ukraina-baxmuti3-1688971022.jpg

მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც თუნდაც ახალგაზრდობის წლები მაინც აქვს საბჭოთა კავშირში გატარებული, ყველაზე ადვილი გადასაბირებელია - ისინი მთელი ცხოვრება "ოერტეს" უსმენდნენ, სადაც ძლევამოსილ არმიაზე, დასავლელ მტრებსა და მათ მიერ გადამტერებულ მეზობელ ქვეყნებზე ელაპარაკებიან. მათ ჯერ თავად დაიჯერეს, შემდეგ კი შვილებს დააჯერეს "ნაციონალ-ფაშისტების" არსებობა. ზოგს პროპაგანდაში ფულსაც უხდიან. ბევრს ოცნებად აქვს ისევ საბჭოთა კავშირში ცხოვრება, რომლის ფარგლებშიც იქნება საქართველოც, მოლდოვეთიც, უკრაინაც (რომელსაც ცალკე ერად და ქვეყნად არც კი თვლიან) და ბალტიისპირეთიც. თუმცა, მას შემდეგ, რაც რუსეთი დავტოვე, ბევრად თავისუფალ ინფორმაციაზე მიმიწვდება ხელი და ვხედავ, რომ რუსულ პროპაგანდას ქვეყნის ფარგლებს გარეთაც აქვს ფესვები გადგმული, რაც ძალიან მაკვირვებს. რუსეთში გასაგებია, დიდი არჩევანი არასდროს ყოფილა, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყნებში აქტუალურია "რუსეთის უძლეველობის" პრობლემა. სავალდებულო სამხედრო სამსახურს თუ არ ჩავთვლით, ორი საკონტრაქტო სამსახური გავატარე რუსულ ჯარში, მაგრამ ვიღაცები მაინც "მიხსნიან", თუ რა შეიარაღებას და მომზადებას ფლობს რუსეთის არმია...

ამიტომაც, ხელისუფლება ჯერჯერობით მაინც ახერხებს ყველანაირი რესურსი გამოიყენოს, რომ ეს საშინელება რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. იქ ადამიანის სიცოცხლე ხომ არასდროს ფასობდა.

- რა არის თქვენი მიზანი?

- ევროპის იმ ქვეყანას, რომელსაც თავშესაფარი ვთხოვე, დავუმტკიცო, რომ ომში გააზრებულად არ წავსულვარ, არც "ეფესბეს" აგენტი ვარ და არავის ვიცნობ ამ საშინელი უწყებიდან. როგორც კი თავშესაფარს მივიღებ, დედას, რომელიც ასევე სხვა ქვეყანაშია, ჩემთან წამოვიყვან და ახალ ცხოვრებას დავიწყებ.

ლალი პაპასკირი