"რაც მეტად ვიქნებით დამოკიდებული რუსეთზე, ჩვენი მომავალი მით უფრო ბუნდოვანი გახდება" - გზაპრესი

"რაც მეტად ვიქნებით დამოკიდებული რუსეთზე, ჩვენი მომავალი მით უფრო ბუნდოვანი გახდება"

ყოველთვის საინტერესოა, როგორ აფასებენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ქართული ინტელიგენციის და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები. ამჯერად მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი გვიზიარებს თავის შეხედულებებს:

- საქართველოში საკმაოდ რთული და სახიფათო პროცესები მიმდინარეობს: ჩვენ ვხედავთ, როგორ უსწორდებიან განსხვავებული აზრის მქონე ქართველები ერთმანეთს... სანამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი?

- მგონი, ეს შემთხვევით არ ხდება, პირიქით, ეს მიზანმიმართული პოლიტიკაა - ეს არის ხელისუფლების სურვილი, რომ ცივილიზებული სამყაროსგან გაგვრიყოს, ნორმალური განვითარების გზას მოგვწყვიტოს.

- ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველაზე ცუდი სანახავი პარლამენტში მომხდარი ჩხუბი, ლანძღვა-გინება და დაპირისპირებაა.

- ჩვენ არ გვყავს პარლამენტი, ეს არ არის საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა, ამიტომ ჩვენ არ ვცხოვრობთ ნორმალურ პირობებში. ესენი მართვის სადავეებს უნდა ჩამოვაშოროთ, რადგან ვფიქრობ, ეს არის რუსული მთავრობა, რომელმაც ჩვენი სახელმწიფო მიიტაცა.

- თუმცა, ბევრი მიიჩნევს, რომ ამ ხელისუფლებამ, თავისი ფრთხილი პოლიტიკით, საქართველოში მშვიდობა შეინარჩუნა, რომ ახლა ჩვენც უკრაინასავით, ომში ვიქნებოდით ჩართული...

- პირდაპირ გეტყვით - ეს დიდი სისულელეა. არა მგონია, ვინმეს ამისი სჯეროდეს, მით უმეტეს ახლა, როცა რუსეთი უკრაინასთან ომში მარცხდება, რუსეთს საქართველოსთან ან ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან შეიარაღებული დაპირისპირების თავი არა აქვს. "ოცნებას" არანაირი ფრთხილი პოლიტიკა არ ჰქონია, ეს არაა სიფრთხილე - ეს დამორჩილებულის პოლიტიკაა, რომელიც ვითომ სიფრთხილით ამართლებს თავის საქციელს. რასაც ისინი ლაპარაკობენ, მნიშვნელობა არა აქვს. ეს არის სიყალბე. ათასგვარ ტყუილს ამბობენ, მაგრამ ყველაზე სამწუხარო იცით, რა არის? - ეს ტყუილები მათი მოგონილიც არ არის, რუსების მოგონილია. ისინი იმეორებენ ყველაფერს, რასაც რუსი პროპაგანდისტები ამბობენ. ამიტომაც გითხარით, რომ დღეს საქართველოს მთავრობა არა ჰყავს. 2012 წელს, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ, ეს ბევრს არ ესმოდა, ბევრი ვერ ხედავდა, მაგრამ ახლა ყველაფერი დღესავით ნათელი და აშკარაა. მათ საქართველო დაასუსტეს და გააღატაკეს, ამიტომ, ისინი ჩვენს ქვეყანას უნდა მოვაშოროთ. ბიძინა ივანიშვილი თავისი ლაქიების მეშვეობით მართავს ამ ქვეყანას. მთავარი ის კი არ არის, რასაც ეს ხელისუფლება ამტკიცებს, მთავარია ის, რაც რეალურად ხდება. იმასაც ამბობენ, რომ საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, რომ ქვეყანაში უმუშევრობა შემცირდა, მაგრამ სიმართლე რა არის? საქართველოს მოსახლეობა კარგად ცხოვრობს? ჩვენი ხალხი ეკონომიკურად წელში გამართულია? ისინი მიზანმიმართულად ასუსტებენ ჩვენი სამშობლოს თავდაცვისუნარიანობის, ეკონომიკას და ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველო რუსეთზე დამოკიდებული გახდეს. ეს რას ნიშნავს? - ნიშნავს იმას, რომ ის იზოლირებული იქნება დანარჩენი მსოფლიოსგან, რაც სიკეთეს ნამდვილად არ მოგვიტანს. ოღონდ ამ მიზანს მიაღწიონ და საკუთარი ხალხის დაშინებასაც არ ერიდებიან.

- ბოლო დროს კრიტიკის საგანია თუნდაც ის, რაც რიკოთის უღელტეხილზე ხდება...

- წესით, ეს ავტობანი 2017 წელს მზად უნდა ყოფილიყო - ეს შავით თეთრზე იყო პროექტში ჩაწერილი. ყველამ ვიცით, რომ ამ გზის მშენებლობა წინა ხელისუფლებამ დაიწყო, ახალმა ხელისუფლებამ კი ძველი პროექტი მოსვლისთანავე გააუქმა და საქმე, რომელსაც ყველაზე სანდო, გამოცდილი პროფესიონალები უნდა აკეთებდნენ, საეჭვო კომპანიებს გადაულოცა. ვიღაცის სურვილია, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი მიტოვებული, გავერანებული და უხარისხო იყოს. რატომ? - ამ შემთხვევაში, საქართველო არასასურველი, მიუღებელი ქვეყანა იქნება დასავლეთისთვის.

- თუმცა, რამდენიმე საინტერესო პროექტიც გაკეთდა, ამას ვერ უარვყოფთ.

- ავიღოთ თუნდაც, დენდროლოგიური პარკი, რომელზეც ამბობდნენ, ხალხისთვისააო. ვინმემ იცის, რა ხდება ახლა იმ ადგილებში, საიდანაც ბიძინა ივანიშვილმა ეს ხეები წამოიღო? - ახლა იქაურობა გადათხრილია და ნაომარს ჰგავს. თან შეგახსენებთ, ამაში ხალხის ფული იხარჯებოდა, საქართველოს ბიუჯეტიდან... "ოცნება" ხელისუფლებაში რომ მოვიდა, მისი ლიდერები იმეორებდნენ, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში 3 მილიარდი დახარჯაო. დღესაც ამას ამბობენ, კი მაგრამ, 2012 წლის შემდეგ 11 წელი გავიდა და ეს 3 მილიარდი იგივე დარჩა? - ესე იგი, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დოლარიც აღარ დაუხარჯავს, ეს თანხა კი სააკაშვილის მმართველობის დროს დახარჯა. ახლა გადავხედოთ, ერთ ლარად რამხელა მიწები აქვს მითვისებული არა მარტო თბილისში, არამედ მის შემოგარენში და ყველაფერი ნათელია...

- საინტერესოა თქვენი აზრი სააკაშვილის პატიმრობის შესახებაც: ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მისი ცუდად ყოფნა მოგონილია, რომ მან სრული ვადა უნდა მოიხადოს...

- ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რას ამბობენ ტროლები და ბოტები. ისინი არაფერს აკეთებენ სოციალურ ქსელებში "ლაიქების" დასმის და გესლიანი კომენტარების წერის გარდა.

- თუ გაქვთ იმედი, რომ სალომე ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტს შეიწყალებს?

- მე ვფიქრობ, ზურაბიშვილმა საქართველოს ძალიან დიდი ზიანი მიაყენა: ის აქებდა ხალხს, რომელმაც ზვიად გამსახურდიას მთავრობა დაამხო. სინანულიც კი არ გამოუთქვამს თავისი სიტყვების გამო, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო. რაც შეეხება სააკაშვილს, მე მგონი, მას არც შეიწყალებენ და არც დროზე ადრე გაუშვებენ.

- თქვენი აზრით, რატომ მოძლიერდნენ ბოლო წლებში პრორუსული ძალები?

- ვინ თქვა, რომ ეს ძალა მოძლიერდა? სამწუხაროდ, საქართველოში ყოველთვის იყვნენ რუსეთის მოტრფიალეები, ეს იყო გარკვეული ფენა და რაოდენობა ადამიანებისა. სწორედ ეს ხალხი აქტიურობს და ამიტომაც ჩანს, რომ ისინი მოძლიერდნენ. რეალურად კი, საქართველოს მოსახლეობის 85%-ს ნორმალური ცხოვრება სურს, რაც მათთვის ევროკავშირსა და ნატოში ყოფნასთან ასოცირდება. ეს ჩვენი საერთო პოზიციაა - ეს არის მოსახლეობის 90%-ის საერთო სურვილი. ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყანა პოლარიზებული და გაყოფილია, მაგრამ ეს ქვეყანა არ არის გაყოფილი: ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ერთი მიზანი აქვს - სურს, საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახში იხილოს და ის 10 პროცენტი, ვინც ამის წინააღმდეგია, ჩვენს ქვეყანაში რეალურ ამინდს ვერ ქმნის, ამიტომ, მათ ვერ უნდა გადაწყვიტონ ამ ქვეყნის ბედი, ეს ხელს შეუშლის საქართველოს უსაფრთხოებას და კეთილდღეობას.

- ჩვენს საზოგადოებაში ხშირად კამათობენ რუს ლტოლვილებზე. მართლაც, რა უნდა დაგვიშავოს ხალხმა, რომელიც უკრაინის ომს და პუტინის რეჟიმს გამოექცა?

- მათ შორის ბევრია ისეთი, რომელიც მხოლოდ ომს და პუტინის რეჟიმს არ გამოჰქცევია. აგრესიულები საერთოდ რომ არ იყვნენ და სულ იმას იძახდნენ - "გაუმარჯოს საქართველოს", ეს პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის მაინც სახიფათოა. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ - აქ რომ ჩამოვიდეს მილიონი ან მეტი რუსი, საქართველო 3-4 წელიწადში იარსებებს?! ყოველი მესამე ადამიანი ეროვნებით რუსი რომ იქნება, რა შედეგს მივიღებთ? - რუსეთი ყოველგვარი ომის და თავის ტკივილის გარეშე დაიპყრობს საქართველოს. მარტო ეს ფაქტორიც საკმარისია იმისათვის, რომ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა შეწყდეს. რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილ ქვეყნებსაც კი არა აქვთ უვიზო რეჟიმი და როგორ შეიძლება ოკუპანტ ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი გვქონდეს? ამდენი რუსის შემოდინება საქართველოსთვის ძალიან საშიშია, რადგან ეს არის ხალხი, რომელიც პუტინს აძლევს ხმას, რომელიც 2008 წლის ომში აქ იბრძოდა, თუ თვითონ არა, მათი შვილები, ძმები, ახლობლები ან მეგობრები. სწორედ მათი მამები იბრძოდნენ აფხაზეთსა და ცხინვალში 90-იან წლებში! ამ პრობლემას საღად უნდა შევხედოთ - რას დაგვიშავებენ და გაგვარუსებენ - ამ დასკვნის გაკეთებას დიდი ფიქრი და დაკვირვება არ სჭირდება.

12485856-1054892651198224-4715545517948174635-o-1688971301.jpg

- თუმცა, რუსეთმა ფრენები აღადგინა და უკვე ქართველებსაც შეუძლიათ რუსეთში თავისუფლად წავიდნენ - ეს საზოგადოების ნაწილმა დადებით მოვლენად შეაფასა...

- რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას ერთი შედეგი მოჰყვება - აქ უფრო მეტი რუსი შემოვა თავისუფლად, ყოველგვარი კონტროლის გარეშე. ერთი შეკითხვა უნდა დავსვა. - მთელმა მსოფლიომ რომ აკრძალა რუსეთთან ფრენები, ჩვენ მაინცდამაინც მაშინ რატომ აღვადგინეთ? - მგონი, ამ კითხვაზე დადებითი და სასიამოვნო პასუხი არ არსებობს.

- ზაფხულის სეზონია და საკამათო თემაა რუსი ტურისტების სიმრავლეც - ბოლო წლებში ჩვენი ტურისტული სექტორის დასაყრდენი სწორედ ისინი გახდნენ. თქვენ როგორ აფასებთ ამ მოვლენას?

- რაც უფრო მეტი რუსი ტურისტი შემოვა საქართველოში, მით უფრო შემცირდება ევროპელების და ამერიკელების ნაკადი. ცნობილია, რომ რუსები დაბალი დონის ტურისტები არიან. რატომ? - ისინი გაცილებით ნაკლებს ხარჯავენ, ვიდრე ფრანგი, ინგლისელი, ან ამერიკელი ხარჯავს. უბრალოდ, ამერიკელ და ევროპელ ტურისტს მაღალი დონის სერვისი სჭირდება. ვფიქრობ, რაც მეტად ვიქნებით დამოკიდებული რუსეთზე, ჩვენი მომავალი მით უფრო ბუნდოვანი და საეჭვო გახდება - ამის მიხვედრას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება.

ხათუნა ჩიგოგიძე