როგორ აღმოჩნდა საოპერო მომღერალი ფილმის გადასაღებ მოედანზე - გზაპრესი

როგორ აღმოჩნდა საოპერო მომღერალი ფილმის გადასაღებ მოედანზე

ბავშვობიდან მღეროდა, თუმცა, თავის გატაცებას არ ამხელდა, ერიდებოდა. ოთახში შეიკეტებოდა და იქ თავის საყვარელ არიებს ხან უსმენდა, ხანაც თავად ცდილობდა ემღერა. თავიდანვე კლასიკა და საოპერო ჟანრი იტაცებდა. განსაკუთრებით დავით გამრეკელის ნამღერი მოსწონდა და ამ ბარიტონის რეპერტუარი თითქმის ზეპირად იცოდა. მიუხედავად მუსიკით გატაცებისა, მამამისის სურვილით სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა. მუსიკის გარეშე აქაც ვერ გაძლო და ამიტომ, იმ დროს შედარებით უფრო თამამად მიიღო გადაწყვეტილება კვარტეტში ამღერებულიყო. სცენაზეც პირველად მაშინ დადგა, როცა სამედიცინო ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტი იყო. მაშინ, ბიჭებთან ერთად სიმღერისას, სოლო მონაკვეთიც შეასრულა, რის შემდეგაც ბევრმა ურჩია, - კონსერვატორიაში წადი, ხმა გაასინჯინეო.

2-1688972045.jpg

მივიდა, მოისმინეს და მალევე თენგიზ მუშკუდიანი კონსერვატორიის სტუდენტი გახდა. ორ უმაღლესში ერთდროულად სწავლა არ იყო მარტივი, მით უფრო, როცა პირველი პროფესია თავის სურვილით არ ჰქონდა არჩეული. დიპლომი წვალებით აიღო, მამას მიუტანა და უთხრა, - შენ გინდოდა ექიმი გავმხდარიყავი, აჰა, შენ დიპლომი, მე ეს არ მინდა. ახლა სიმღერას უნდა მივხედოო და ასეც მოიქცა. ჯერ კიდევ კონსერვატორიის სტუდენტი ახალგაზრდა მომღერალი თენგიზ მუშკუდიანი თბილისის ოპერისა და ბალეტის სოლისტი გახდა. აქ კი საშუალება მიეცა მისთვის ძვირფას მომღერალთან, დავით გამრეკელთან ერთად ემღერა "ევგენი ონეგინში". ამას სხვა უამრავი სპექტაკლი მოჰყვა.

თენგიზ მუშკუდიანს 1954 წლიდან ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტს, ბანის ფაქტობრივად ყველა წამყვანი პარტია აქვს შესრულებული.

გასული საუკუნის 50-იანი წლებია. "ქართული ფილმი" წელიწადში რამდენიმე სხვადასხვა ჟანრის ფილმს უშვებს. რეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილი "აბეზარას" გადაღებას გეგმავს. თენგიზ მუშკუდიანს კინოსტუდიიდან ურეკავენ, საქმის ვითარებას აცნობენ და არქიტექტორის როლის შესასრულებლად სინჯებზე იბარებენ. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა და არც ფილმის გადაღების პროცესების დეტალებში გაეგებოდა რამე, გადაწყვიტა ეცადა. 3-თვიანი გადაღებები დასრულდა და ის ისევ სიმღერაზე გადაერთო.

qartveli-saopero-momgherali-msakhiobi-da-pedagogi-tengiz-mushkudiani-o-h-1688972060.jpg

"ერთ დღეს, მე, ზურიკო ანჯაფარიძე და ბათუ კრავეიშვილი ოპერის თეატრიდან გამოვედით. ვხედავთ, კინოთეატრ "სპარტაკთან" უამრავი ადამიანი დგას. მივხვდით, რომ ახალი ქართული ფილმი გამოვიდა, რადგან მაშინ ახალი ფილმის გამოსვლისთანავე, კინოთეატრებთან დიდი რიგი დგებოდა. ზურიკომ ერთ-ერთ გოგონას ჰკითხა, რა ხდება, რაშია საქმეო? უპასუხეს: ახალი ფილმი - "აბეზარა" გამოვიდაო. ზურიკომ გადმომხედა და დაიწყო ყვირილი: "ხალხო, ეს ის კაცია, აბეზარაში არქიტექტორის როლს რომ თამაშობს!" ძალიან შემრცხვა, გავიქეცი, რუსთაველის გამზირი გადავჭერი და კონსერვატორიაში ავვარდი", - ღიმილით იხსენებდა მოგვიანებით თენგიზ მუშკურდიანი.

მეორედ უკვე ვახტანგ ტაბლიაშვილის ფილმში "დიდოსტატის მარჯვენა" გამოჩნდა. აქ ჭიაბერის როლზე დააკავეს. "მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 1 კვირა დასჭირდა ქართლში ჩემი ეპიზოდის გადაღებას, ამ პატარა როლის თამაში უფრო გამიჭირდა, ვიდრე არქიტექტორის განსახიერება", - ასე ამბობდა მომღერალი.

მართალია, ფართო საზოგადოებამ ის ამ 2 კინოროლით გაიცნო და ამის შემდეგ, ფილმში გადასაღებად არაერთხელ მიიწვიეს, მაგრამ ეს უკვე მის ინტერესის სფეროს არ წარმოადგენდა. ის მთელი ცხოვრება მუსიკას ემსახურებოდა. წლების განმავლობაში თენგიზ მუშკუდიანი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა როგორც კონსერვატორიაში, ისე თბილისის პირველ სამუსიკო სასწავლებელში და იყო მისი დირექტორიც. მორიდებული ხასიათი მთელი სიცოცხლე გაჰყვა. იყო უაღრესად თავმდაბალი და სტუდენტებსა თუ მოსწავლეებს ძალიან უყვარდათ.

tengiz-mushkudiani-o-h-1-1688972022.jpg

2016 წლის 14 ივლისს ოპერის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს, საზეიმო ცერემონიას წინ გალა კონცერტი უძღვოდა მისი აღზრდილების მონაწილეობით.

ამა წლის 2 ივლისს, თენგიზ მუშკუდიანი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჩვენი რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს კონსერვატორიის ემერიტუსის, საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალრისა და "ხელოვნების ქურუმის" წოდების მფლობელის, ბატონი თენგიზ მუშკუდიანის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.

ანა კალანდაძე