არდადეგები კვაშხიეთში, ოჯახური იდილია წყნეთში და ნარდის თამაში ნანი ბრეგვაძესთან - გზაპრესი

არდადეგები კვაშხიეთში, ოჯახური იდილია წყნეთში და ნარდის თამაში ნანი ბრეგვაძესთან

როგორ იხსენებს საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დათო ოქიტაშვილი ზაფხულობით დასვენებას, რა მოგონებები აკავშირებს სოფელთან, სადაც თითქმის ორ თვეს ატარებდა ბავშვობაში და რას ამბობს წლევანდელ გეგმებზე, ამას ინტერვიუდან გაიგებთ.

- ბავშვობაში სად ისვენებდით?

- ზაფხულის ორ თვეს ვატარებდი უნიკალურ მხარეში - რაჭაში, დედაჩემის სოფელ კვაშხიეთში. ტრადიციულად ვიკრიბებოდით - ბიძაშვილები, დეიდაშვილები და ყველანი ერთად ვისვენებდით. არდადეგების ბოლოს აუცილებლად მივდიოდით ქობულეთში. დღემდე მახსოვს სოფელი, ურთიერთობები, ბავშვები... ის სიყვარული მომყვება და ახლაც მენატრება დრო, როცა ერთად გვეძინა, მდინარეზე ერთად დავდიოდით და თევზს ვიჭერდით, რომელსაც იქვე ვწვავდით, მდინარეში საზამთროს ვაცივებდით... ბებია უგემრიელეს ლობიანებს აცხობდა. სოფელში იყო ერთი ადგილი, რაღაც გამოქვაბულის მსგავსი და ბავშვები ყოველთვის იქ ვიკრიბებოდით. სიბნელის შიშის დასაძლევად სასაფლაოზე ღამით გავლას ვეჩვეოდით... როგორც ყველა, ჩვენც ვთამაშობდით ფეხბურთს, ბადმინტონს, 7 ქვას თუ დროშობანას, თუმცა ყველაფერი აუცილებლად მთავრდებოდა ჯოკერის თამაშით და ბოლო ორ ადგილზე გასულს რაღაც უნდა ეკისრა. შაბათ-კვირას მშობლები რომ ჩამოდიოდნენ, ჩვენთვის ესეც ზეიმი იყო. სამწუხაროდ, ბავშვობა წავიდა, რომელსაც ყოველთვის თბილად ვიხსენებ და ის ძველი სახლიც აღარ არის კვაშხიეთში.

dato-kato-irina-copy-1688972285.jpg

- ბოლოს როდის იყავით რაჭაში?

- რამდენიმე წლის წინ ქუთაისში, ფუტურიძეების ცნობილ ოჯახში ვიქეიფეთ. იქ იყო ერთი რაჭველი კაცი, რომელმაც გვითხრა: ხვალ "პახმელიაზე" მინდა სოფელ ღვარდიაში დაგპატიჟოთო. რა თქმა უნდა, უარი არ გვითქვამს, რაჭა ახლოსაა ქუთაისთან. ვერ აღგიწერთ, ეს რა უდიდესი სიამოვნება იყო. გამახსენდა ბავშვობა და განცდა მქონდა, რომ ისევ დავბრუნდი იმ წლებში, როცა ამ ულამაზეს კუთხეში თვეებს ვატარებდი. ერთი დღე იქ დავრჩით და მეორე დღეს წამოვედით.

- ოჯახთან ერთად სად გიყვართ დასვენება?

- ბაკურიანში აგარაკი გვაქვს, იქ ხშირად დავდივართ. ამჟამად მთელი ოჯახი წყნეთში, ჩვენს სახლში ვართ, რომელიც 25 წლის წინანდელია. ჩვენი გვარი აქედანაა, ოქიტაშვილები ძირითადად წყნეთში ცხოვრობენ. ჩემი უფროსი ქალიშვილი, სიძე და შვილიშვილი აქ გადმოვიდნენ საცხოვრებლად. როცა ცოლი შევირთე, მაშინ ვისვენებდით ხოლმე ულამაზეს სოფელ ციხისჯვარში, ბაკურიანთან ახლოსაა. ჩვენი შვილები იქ გავზარდეთ. მერე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთვის ცალკე კუთხე გვქონოდა და უნიკალური ბაკურიანი (საქართველოს ყველა კუთხე უნიკალურია და მიყვარს) ავირჩიეთ, რომელიც შესანიშნავია ზამთარშიც და ზაფხულშიც. ივლისში ბაკურიანში ვიქნებით, მე თუ ვერ შევძელი, ოჯახს მაინც ჩავიყვან, მერე კი ყველანი, 10 აგვისტოდან აჭარაში მივდივართ. უკვე ათი წელია, ტრადიცია გრძელდება და სუხიშვილების კონცერტები მაქვს ბათუმში (დათო ოქიტაშვილის პროექტია. - ავტ.). რასაკვირველია, ახლაც შემოგვიერთდება ჩემი შვილიშვილი, 5 წლის კატო, რომელიც მოუთმენლად ელოდება ზღვაზე წასვლას და ყოველ წამს მეკითხება, როდის მივდივართო?

- საზაფხულო ბანაკში თუ ყოფილხართ?

- ჩემს ბავშვობაში ბანაკი მრავლად იყო მთელ საქართველოში. მაშინ მე და ჩემი ძმა ვცეკვავდით (ქართული ცეკვა) და ქვიშხეთის ბანაკში დავდიოდით ხშირად. დასვენების პარალელურად რეპეტიციებიც გვქონდა. იცით, რომ ვმუშაობ სტუ-შიც (საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი. - ავტ.) და მიხარია, რომ წელს სტუდენტები მიგვყავს შაორში, სადაც მოეწყობა შესანიშნავი ბანაკი. ამისთვის დიდი მადლობა განათლების და კულტურის სამინისტროებს.

- საქართველოს რომელ კუთხეს სტუმრობთ ყველაზე ხშირად?

- ჩვენ სულ ვმოგზაურობთ და ყველგან დავდივართ. საერთოდ, საქართველოს ყველა კუთხე უნდა ნახოს ადამიანმა. ამას ვცდილობდით ყოველთვის მე და ჩემი მეუღლე ირინა და შვილებთან ერთად, მეტ-ნაკლებად ვახერხებდით. მიყვარს კახეთი. სტუდენტობისას მე და ჩემი ძმა ერთად ან ცალ-ცალკე ხშირად დავდიოდით მეგობრების აგარაკებზე - თელავში, საგარეჯოში...

dato-da-nani-copy-1688972271.jpg

- ბევრ ცნობილ ადამიანთან მეგობრობთ და ვისთან ერთად დაგისვენიათ?

- ქალბატონ ნანისთან და ეკასთან, თემურ თათარაშვილთან ერთად წავსულვართ ხშირად დასასვენებლად მე და ჩემი მეუღლე. განსაკუთრებულია ჩემი და ეკას მეგობრობა. ტრადიცია გვქონდა, რომ ჩაქვში ერთად უნდა დაგვესვენა ნანის და ჩემს ოჯახს, ასე იყო რამდენიმე წლის განმავლობაში. ნანის გარეთ გამოსვლა - ეს იყო ზეიმი. არ იცით, იქ რა ხდებოდა. მასთან ნარდის თამაშზე რიგი იდგა. ჩემი მეგობრები როცა ეთამაშებოდნენ, ყოველთვის აგებინებდნენ, მე მიგებდა ხოლმე. რაღაც საოცრად უყვარს ნარდის თამაში ქალბატონ ნანის. ერთხელ ბაქოში ვიყავი ნანის კონცერტზე, ცოტა ადრე ჩავედით ოჯახებით და ვნახე, როგორი მზრუნველი ბებიაა. მაშინ ნატალიკო, გოგიკო და ლევანიკო პატარები იყვნენ და ყველაფერს აქცევდა ყურადღებას - როდის უნდა ეჭამათ, როდის დაეძინათ. წესრიგი ძალიან უყვარს.

- სიტყვა "ზაფხული" რა ასოციაციას იწვევს თქვენში?

- ეს არის სიცოცხლე... ზაფხულს თავისი ხიბლი აქვს იმ მხრივაც, რომ უფრო მეტ ადამიანს და მეგობარს ხვდები ამ სეზონზე (ვიდრე ზამთრის დასვენების დღეებში) და ხშირად ოჯახები ერთად ვისვენებთ კიდეც ამა თუ იმ კურორტზე. საერთოდ, ზაფხული მიყვარს, კარგად ვერთობი და კარგადაც ვისვენებ.

ნანული ზოტიკიშვილი