"გვიშველეთ... ყოველი წუთი დიდ უბედურებასთან გვაახლოებს..."
რამდენიმე დღის წინ მივიღე ეს ღია წერილი, რომელსაც ცოტა ხანში ტელეფონის ზარიც მოჰყვა. ასაკოვანმა ქალბატონმა, ლეილა კაკაბაძემ ტირილით შემომჩივლა მისი და მეზობლების გასაჭირი, რომლებიც სიკვდილს ყოველდღიურად თვალებში უყურებენ და მაინც ვერ გაურბიან ასეთ ყოფას, რადგან წასასვლელი არსად აქვთ...
წერილის გამოქვეყნებამდე გადავწყვიტე, ავარიული კორპუსი საკუთარი თვალით მენახა და საჭიროების შემთხვევაში, ფოტოებიც გადამეღო... გადავიღე, მაგრამ ტელეფონით, ეს კადრები ნამდვილად ვერ გადმოსცემს იმ რეალობას, რომლის წინაშეც აღმოვჩნდი: უზარმაზარი ბზარები კედლებზე; კიბის საფეხურები კედლებს დიდი მანძილითაა დაშორებული; ალაგ-ალაგ მოწყვეტის პირასაა კედლის ფრაგმენტები... კორპუსში ასაკოვანი ადამიანები დამხვდნენ, რომ ჩემთან ესაუბრათ და არც მათი ცრემლნარევი სიტყვების მოსმენაც იყო იოლი. ისინი საკუთარ სიცოცხლეზე აღარ დარდობენ. ზუსტად იციან, ვერ გაასწრებენ, მაგრამ ბავშვები? მათი შვილები და შვილიშვილები?..
დანარჩენს წერილში წაიკითხავთ... იმედი მაქვს, ამ ადამიანებს პრობლემას უახლოეს მომავალში მოუგვარებენ და მერე ამაზეც დავწერთ, კარგ ამბებს გაგაგებინებთ, თორემ ურემი რომ გადაბრუნდება, მერე გინდ გამოჩნდეს გზა და ხსნა, გინდ - არა...
"მივმართავ: საქართველოს მთავრობას, ბატონ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ბატონ კახი კალაძეს. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. თბილისის განვითარების ფონდს.
ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, თევდორე მღვდლის ქუჩა #10-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-5 სადარბაზოს საგანგაშო მდგომარეობაზე მინდა გაცნობოთ, უკვე ჟურნალიდან. 1996 წელს ამ სადარბაზოში ერთხელ უკვე დატრიალდა საშინელი ტრაგედია: სარდაფში დაგროვილი ბუნებრივი აირის გამო მოხდა აფეთქება, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. ამ სადარბაზოებში მაშინ გაჩენილი ბზარები დღეს ნაპრალებად არის ქცეული. ეს მდგომარეობა მცხოვრებლებს და არა მარტო ადგილობრივებს, ბევრ სხვათა სიცოცხლესაც რისკის ქვეშ აყენებს, რადგან ეს სახლი ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე მდებარეობს... დამსკდარია როგორც გარე, ისე შიდა საყრდენი კედლები. ბზარების დიამეტრი 4-5 სანტიმეტრია. სადარბაზოს კიბის უჯრედი, კიბის საყრდენი კონსტრუქცია კედლებიდან 12-15 სანტიმეტრითაა დაშორებული. კიბის ბაქანზე აღინიშნება ნახეთქები. ეზოს მხრიდან ლოჯიის კედლები ძირითად საყრდენ, გაბზარულ კედლებს დაცილებულია 20-25 სანტიმეტრით. ყოველ წუთს მოსალოდნელია მე-5 სადარბაზოს რვავე ოჯახის საცხოვრებელი ბინის კედლები დაინგრეს და მცხოვრებლების სიცოცხლე შეიწიროს. ეს ბზარები, თუ შეიძლება მათ ასე ეწოდოს, თვალსაჩინოა როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრიდან.
სადარბაზოში ცხოვრობს 8 ოჯახი, ოცდაათი ადამიანი, მათ შორის 6 მცირეწლოვანი და 5 - პენსიონერი. შენობის პირველ სართულზე განლაგებულია სავაჭრო-სასურსათო მაღაზიები, სადაც დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი მოძრაობს. რამდენჯერმე კედლიდან მასა მოწყდა და ახლომახლო მყოფი ადამიანები სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ.
პირველ სართულზე განლაგებულ სავაჭრო ადგილებს დარღვეული აქვს საყრდენი კედლები. საინტერესოა, ამ სამუშაოს თვითნებურად ასრულებდნენ სავაჭრო ფართობის მესაკუთრენი თუ ნებართვას იღებდნენ ზემდგომი ორგანოებიდან?!
როგორც მოგახსენეთ, თავიდან შენობას ბზარი 90-იან წლებში, აფეთქების შედეგად გაუჩნდა. ვის ეცალა მაშინ ჩვენთვის, რომ მოეხედათ, მოეხდინათ საფუძვლიანი კვლევა და შესაბამისი ზომები მიეღოთ?! ახლა კი სწორედ იმ პერიოდის ნაყოფს ვიმკით. მიუხედავად მობინადრეთა უამრავი განცხადებისა თუ საჩივრისა და თხოვნის, ჩვენ გამო თავი ჯერჯერობით, არავის შეუწუხებია... ჩვენ მიერ მოწვეულმა კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლებმა გააკეთეს დასკვნა: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური აღნიშნავს ჩამონგრევა-ჩამოშლის ფაქტს და დაუყოვნებლივ შესასრულებელ სამუშაოებზე მიუთითებს.
სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროც ხაზგასმით აღნიშნავს დაზიანებისა და ჩამონგრევის საფრთხეს და მე-5 სადარბაზოს მონაკვეთში, მათ მიერ მომზადებულ დასკვნაში ჩაწერილია, რომ სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოები აღნიშნული სადარბაზოს ზოლში და არა მთლიანი კორპუსის დემონტაჟი.
აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ 2017 წლის დასაწყისში ამ საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო. პროექტის პირველი ნაწილის მიხედვით, სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო მე-4 და მე-5 სადარბაზოებში; უნდა გამაგრებულიყო საყრდენი კედლები და როგორც გარე, ისე შიდა პერიმეტრზე უნდა მომხდარიყო არმირებული ბადის მოჭიმვა და იქ არსებულ ღიობებში არმირებული ჩარჩოს მოწყობა, რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არ განხორციელდა. კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელი, რომელიც ხელს აწერს მიღება-ჩაბარების აქტს, არ უარყოფს, რომ დაგეგმილი იყო მე-5 სადარბაზოს გამაგრებითი სამუშაოებიც. ამავე დროს აღნიშნავს, რომ ზოგიერთ ოჯახში, კერძოდ კი სადარბაზოს მარჯვნივ მდებარე ოჯახებში შევიდნენ. საინტერესოა, რა დავაშავეთ მარცხენა მხარეს მდებარე ბინებში მცხოვრებლებმა, რომ არც კი შემოსულან და უნახავთ, თუ რა მდგომარეობაში ვიყავით? მთლად უყურადღებოდ დატოვეს კიბის უჯრედიც, რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლება ჩაიშალოს. მშენებლებმა საშინელი გულგრილობა გამოიჩინეს, არ ჩაატარეს არანაირი გამაგრებითი სამუშაო.
მცხოვრებლებს არ დაგვიტოვებია არც ერთი ინსტანცია, რომელსაც გამაგრება-აღდგენითი სამუშაოების ჩატარება და მოსახლეობაზე ზრუნვა ევალება, მაგრამ ყველგან გულგრილობა, უყურადღებობა იგრძნობა. თუმცა კი საბოლოოდ სიტყვით გვაიმედებდნენ, რომ აუცილებლად მოვიდოდნენ, ნახავდნენ და შეაკეთებდნენ. ახლა ეს იმედიც გაქრა: ქალაქის საქალაქო სამსახურიდან 01.05.2023 წლით დათარიღებული წერილით გვამცნეს, რომ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური 2023 წლიდან აღარ ახორციელებს მწვავე ავარიული შენობების გამაგრება-გაძლიერებით სამუშაოებს და ჩვენი კორპუსი მოიხსენიეს ავარიულად. კორპუსი შედგება 7 სადარბაზოსგან. არც ერთ სადარბაზოს, გარდა მეხუთესი, არ აქვს ჩანგრევის საშიშროება და საიდან გაჩნდა მთლიანი კორპუსის ავარიულობის შესახებ ცნობა? თუ მერიას აქვს დანარჩენი 6 სადარბაზოს მცხოვრებთა განცხადებები, საჩივრები ან თხოვნები, რომ მთლიანი კორპუსი ჩანაცვლების პროგრამაში მოხვდეს? მაშინ კი ბატონო, მაგრამ სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნაში ხაზგასმულია, რომ ჩვენი მე-5 სადარბაზოა სასწრაფოდ მისახედი, რადგან დიდია საფრთხე მისი ჩამოშლის და შესაბამისად, ეს თუ მოხდა, ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ ნანგრევებში არ მოვყვებით? არა, ჩანაცვლების პროგრამის საწინააღმდეგო არაფერი გვექნება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დანარჩენ სადარბაზოებში მცხოვრებ მოსახლეობას, რომლებიც ვერანაირ საფრთხეს ვერ გრძნობენ, რადგან მათ ბინებში არ არის ისეთი კატასტროფული მდგომარეობა, როგორიც ჩვენშია, ბინებიდან გასვლა ბევრი მიზეზით არ ენდომებათ. ამ დროებით გასახლებას ერთი მეზობელიც რომ არ დაეთანხმოს, გამოდის, რომ ჩვენთანაც არაფერი შეიცვლება და კატასტროფა გარდაუვალია...
დრო გადის წინ და უკან სირბილში, არაფრისმთქმელ დაპირებებში. ჩვენი საცხოვრებლის კედლებზე ახალ-ახალ ბზარები იხატება. ვის მოგმართოთ, ვის გცალიათ ხალხის გასაჭირის მოსასმენად და გადაწყვეტილების მისაღებად? დღევანდელი საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი, დემოკრატიული მმართველობის მესვეურნო, განა 30 ძირითადი მცხოვრებლის და სავაჭრო მაღაზიებში დასაქმებული კიდევ ბევრი ადამიანის, ამ მაღაზიების კლიენტების თუ ქუჩაში შემთხვევით გამვლელთა სიცოცხლე ყურადსაღები არ არის? ვინ აგებს ჩვენს სიცოცხლეზე პასუხს?
უსამართლობა, უპასუხისმგებლობა და უყურადღებობა, რასაც ამ სადარბაზოს მცხოვრებლები ვაწყდებით (და არა მარტო ჩვენ), მიზეზია იმ სიღარიბის, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის და ქვეყნიდან გაქცევის. გაიქცევიან ახალგზარდები, აბა, რა იქნება? და ჩვენ? რისი იმედი უნდა ვიქონიოთ 80 წლის ავადმყოფმა პენსიონერებმა? ვიფიქროთ, რომ ქვეყანას, რომელსაც მთელი ცხოვრება შეძლებისდაგვარად ვემსახურებოდით, აღარ ვჭირდებით და არავის ყურადღების ღირსნი აღარ ვართ?
რა პასუხს აძლევთ მცირეწლოვნებს, რომლებსაც სახლის ნგრევის საშიშროებაზე უფროსების საუბრისას, თვალები შიშით უფართოვდებათ? თურმე ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ერთი სადარბაზოს გასამაგრებლად, ამდენი ადამიანის გადასარჩენად სახსრები არ გააჩნია...
მოგმართავთ და გთხოვთ ყველა კომპეტენტურ ორგანიზაციას, პასუხისმგებელ პირებს, დაგვეხმარეთ. მობრძანდით, ადგილზე ნახეთ მდგომარეობა და თუ მეტყვით, რომ თავად აქ უსაფრთხოდ წუთით მაინც იგრძნობდით თავს, აღარ შეგაწუხებთ... მერწმუნეთ, ყოველი წუთი დიდ უბედურებასთან გვაახლოებს. დაივიწყეთ მთლიანი კორპუსის ჩანაცვლების პროგრამა, დრო არ ითმენს. შეიძლება წუთები წყვეტდეს ჩვენს ყოფნა-არყოფნას. გვიშველეთ.
P.S. დაბოლოს, დიდი მადლობა ჟურნალ "გზის" რედაქციას, რომელმაც ღია წერილის დაბეჭდვაზე უარი არ გვითხრა. და აქვე დავტოვებ კითხვას სხვა ჟურნალ-გაზეთებისთვის: რატომ ამბობთ უარს, რომ ხალხის გასაჭირი ადრესატამდე მიიტანოთ? მაშ, რის პრესად, მედიად და სამართლიანი სიტყვის მთქმელებად მოგაქვთ თავი?..
მე-5 სადარბაზოს მეზობლების სახელით, ლეილა კაკაბაძე".
P.P.S. შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები ან მოგვწერეთ თქვენს პრობლემებზე, წარმატებებზე... ნებისმიერ თემაზე, რაც მიგაჩნიათ, რომ შესაძლოა ჩვენთვის საინტერესო იყოს და ფიქრობთ, რომ ამის შესახებ ხალხმა უნდა იცოდეს... ჩვენთვის თითოეული თქვენგანის სიტყვა მნიშვნელოვანია. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: lika.qajaia@gmail.com
ლიკა ქაჯაია