"ჩვენი ცხოვრება ლატარიას ჰგავს - თუ გაგვიმართლებს, გადავრჩებით..." - გზაპრესი

"ჩვენი ცხოვრება ლატარიას ჰგავს - თუ გაგვიმართლებს, გადავრჩებით..."

ქვეყანაში არსებული შიდა მუდმივი პოლარიზების ფონზე, რუსეთი კიდევ უფრო ამწვავებს ზეწოლას ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობაზე, ეს ეხება როგორც საოკუპაციო ხაზთან, ასევე მის სიღრმეში მცხოვრებ ადამიანებს. უამრავი პრობლემის წინაშე მდგარმა აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობამ გალის რაიონისთვის მოიცალა და დანარჩენ რეგიონში მათი ინტეგრირების აუცილებლობაზე დაიწყო საუბარი.

"აფხაზეთი ისტორიული სამურზაყანოს მოსახლეობას კარგავს. ისინი დანარჩენ ქვეყანაში ვერ ინტეგრირდნენ. ახალგაზრდები, როგორც კი სკოლას ამთავრებენ, სწავლის გასაგრძელებლად საქართველოში გარბიან, სადაც მათთვის განსაკუთრებული შეღავათებია დაწესებული..." - განაცხადა ე.წ. საზოგადოებრივი პალატის წევრმა დავით ფილიამ.

აპსნყპრესს.ინფო-ს ცნობით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში, გალის რაიონის მოსახლეობა 40%-ით შემცირდა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია.

"საბჭოთა კავშირის დროს, ისტორიულ სამურზაყანოში 95 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა, ახლა კი მთლიანად აფხაზეთის აღმოსავლეთით, მოსახლეობის რაოდენობა 55 ათასამდე შემცირდა. რაიონიდან ახალგაზრდების გადინებას მასობრივი ხასიათი აქვს. მიმდინარე წელს, გალის რაიონში სკოლა 230-მა პირმა დაამთავრა და ვიცი, ყველა საქართველოში გააგრძელებს სწავლას..." - ამბობს ფილია აფხაზურ გამოცემასთან საუბარში.

აფხაზური მედიის ცნობით, ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში, გალის რაიონიდან 15,5 ათასზე მეტი ახალგაზრდა წავიდა, რაც საგანგაშოა. მათივე თქმით, თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა გალის რაიონმა კოდორის ხეობის ბედი გაიზიაროს, სადაც უკვე აღარავინ ცხოვრობს...

"სამურზაყანოელებს საქართველოში ურჩევნიათ ცხოვრება, რადგან ის პირობები, რაც ჩვენ მათ ბოლო რვა წლის განმავლობაში შევუქმენით, აუტანელია. როდესაც ბავშვი იბადება, თუ მშობლებს აფხაზური საბუთები არა აქვთ, ჩვილს დაბადების მოწმობას არ აძლევენ... ხელის შეწყობის ნაცვლად, მათ უცხოებად ვთვლით, ამიტომაც, გალის რაიონის მოსახლეობის უმეტესობას ქართული პასპორტი აქვს, ქალები ზუგდიდში მიდიან სამშობიაროდ თუ სხვა სამედიცინო მომსახურების მისაღებად... თუ ასე გაგრძელდა, რაიონი მალე დაცარიელდება. უნდა ვეცადოთ, მათ შვილების გაჩენა აფხაზურ სამშობიაროში მოუნდეთ და საბუთებიც მიიღონ, - ამბობს ფილია და დასძენს: - ...ისტორიული გვარები დაიბრუნონ, მაგალითად, ზუხბაია - ზუხბა, ინალიშვილი - ინალ-იფა..."

ადგილობრივების თქმით, თუ გალის რაიონში მიმდინარე სამშენებლო ობიექტებს სამხედრო დანიშნულება ექნება, ეს ნიშნავს, რომ რაიონში მოსახლეობა კიდევ უფრო შემცირდება, რადგან არავის უნდა ჯარისკაცების გარემოცვაში ცხოვრება...

gza7-1689576025.jpg

აფხაზური მხარე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, რა დანიშნულება ექნება ინფრასტრუქტურულ პროექტს, თუმცა, "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ რეგიონის მთავარ პრობლემად "ნაციონალური უსაფრთხოება და მაღალი თავდაცვისუნარიანობა" დაასახელა. ამიტომაც, ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ გალში "აფხაზური არმიისთვის" სამხედრო ნაწილი შენდება.

ადგილობრივი ბლოგერის, ირაკლი ვოუბას ცნობით, აფხაზეთის "შეიარაღებული ძალების" მოდერნიზებისთვის, რუსულ მხარესთან ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, ოჩამჩირეში რუსული ბაზის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, თუმცა, აფხაზურმა მხარემ უარი თქვა იმ მიზეზით, რომ სანაცვლოდ რუსეთი იჯარით იღებდა ამ ტერიტორიებს და აფხაზეთი ამ შემოთავაზებას არასწორს უწოდებდა, პროექტი შეაჩერა. "ერთ-ერთი ვერსიით, იქ შესაძლოა რუსულ-აფხაზური სამხედრო ბაზის მშენებლობა მიმდინარეობდეს, რადგან ახლა ბჟანიას პოლიტიკა რუსეთის მიმართ ბევრად ლოიალურია", - მიაჩნია ვოუბას.

ადგილობრივების თქმით, გალის რაიონში სამხედრო ნაწილის მშენებლობა, გალელების აფხაზეთში ინტეგრაციას ვერ შეუწყობს ხელს. თუნდაც მათი იქ დასაქმების შემთხვევაში, ეს საკმარისი არ იქნება "საქართველოს მიერ შემოთავაზებული პირობები გადაწონოს".

აფხაზებში გაღიზიანება გამოიწვია ე.წ. ხელმძღვანელობის აღიარებამ კოდორის ხეობასთან დაკავშირებით: "აქამდე არ აღიარებდნენ, რომ დაცლილია და ახლა გამოტყდნენ? აბა, ტურიზმი განვავითარეთ და ექსტრიმის მოყვარულებით სავსეა იქაურობაო?.. სოხუმის, გაგრისა და ბიჭვინთის სანაპიროებში ჩვენი ე.წ. ძველი ბიჭები ხელიდან გლეჯენ დამსვენებლებს ჩანთას, აყაჩაღებენ და ფიზიკურად უსწორდებიან და კოდორში ვინ წავა დასასვენებლად?!." - წერს ადგილობრივი ემილი ჩაჩბა.

"30 წლის განმავლობაში, გალის რაიონის მოსახლეობა არასდროს ყოფილა აფხაზეთში ინტეგრირებული და ახლა რატომ გაახსენდათ, არჩევნების გამო?.. მარტო გალია ჩვენი პრობლემა? - საქართველოში აფხაზეთის სხვა ქალაქებიდანაც მიდის ხალხი სამკურნალოდ, სავაჭროდ, შემდეგ კი საბუთებს "აკეთებენ" და აფხაზეთის დატოვებას ცდილობენ, სანაცვლოდ კი უკვე დანგრევის პირას მყოფი ქართველების ნასახლარებს რუსები ყიდულობენ, თუნდაც საბუთების და გარანტიების გარეშე, იმიტომ, რომ იციან, ბჟანია და ინალ არძინბა მაინც ყველაფერს მოაგვარებენ. ნახეთ, რამდენი მსურველი ჰყავს გასაყიდად დადებულ ქართველების სახლებს ინტერნეტში, ჩვენი ხალხიც გააქტიურდა, მუქთად გამდიდრების შანსი ეძლევათ... აფხაზეთი იცლება და გალის რაიონზე დარდობენ. გალის რაიონის ახალგაზრდობას აქვს მომავალი, ჩვენსას - არა..." - მიაჩნია ადგილობრივ აქტივისტ "აფსუა ლეონს".

ადგილობრივები საპროტესტო გამოსვლებს აპირებენ სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურების ან ე.წ. ხელმძღვანელობის მხრიდან რაიმე სახის დახმარების მოთხოვნითაც. თუმცა, მოსახლეობის ნაწილი ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებს. მათი თქმით, "აფხაზეთს ფული არა აქვს. თუ ხელმძღვანელობა გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდება, დახმარება ისევ რუსეთს უნდა სთხოვოს, ის კი უფასოდ არასდროს ეხმარება - კიდევ ერთ მსუყე ლუკმას წაიღებს..."

რამდენიმე დღეა სტიქია აფხაზეთს უტევს. ძლიერმა და გადაუღებელმა წვიმამ გაგრაში, ბიჭვინთასა და სოხუმში ქუჩები, სახლები დატბორა. გაგრის სადგურზე სარკინიგზო ლიანდაგი წაიღო. ფაქტობრივად, აღარ არსებობს ბზიფის ე.წ. რაიონული მილიცია. შენობა და შიგნით არსებული ინვენტარი განადგურებულია. "დოკუმენტაცია, ყველანაირი მნიშვნელოვანი ქაღალდები, სადაც უამრავი პირის საქმეა აღრიცხული, დასველდა და გადასაყრელია. დაზიანებულია კომპიუტერული სისტემა... წვიმა გრძელდება, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას".

"დატბორილია გაგრის, ბზიფის, ლიძავას და გარშემო მდებარე დასახლებების პირველი სართულები. მოსახლეობა ამბობს, ზღვის სეზონზე უკვე მეორედ (პირველად ოკუპირებულ აფხაზეთს წყალდიდობამ ერთი თვის წინ შეუტია) შეუქმნა პრობლემები, როცა, მაშინ მიღებული ზარალი ჯერ ვერ მოუგვარებია".

mavtulxlartebi-1689576038.jpg

ე.წ. ტურიზმის მინისტრის, ხიშბას რეკომენდაციით, მთელ რეგიონში სანაპიროების დახურვა გადაწყვიტეს, რამაც მოსახლეობის ნაწილი გააღიზიანა. მათი თქმით, ეს სანაპიროებზე არსებული კაფე-ბარების დახურვასაც ნიშნავს.

"საერთოდ, ქვეყანა დახურეთ და პრობლემა არაფერზე შეგექმნებათ. რა ქნას ხალხმა, რით იარსებოს, თქვენსავით ბიუჯეტიდან არ იკვებებიან... ამდენი წელია სანიაღვრე სისტემა ვერ მოწესრიგდა. ყოველი წვიმის დროს მთელი გაგრა, სოხუმი, ბიჭვინთა იტბორება..." - წერს ლაშა ჩიქოვანი...

"შარშან გავუკეთეთ სახლს კაპიტალური რემონტი, წყალი მეორე სართულამდე არ ასულა, მაგრამ სველი წერტილები და სამზარეულო, უმეტესობას პირველ სართულზე აქვს და ახლა ყველაფერი განადგურდა... წყალმა დაფარა ავტოფარეხები, დატბორილია მანქანები... სეზონზე ხალხი შემოსავლის გარეშე რჩება..." - წერს ვიტალი ალანია.

ბორდერიზაცია და გატაცებულები...

პერიოდულად, როდესაც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა მიწის სამუშაოებს აქტიურად შეუდგება და ზამთრისთვის სარჩოს მომზადებას იწყებს, ე.წ. რუსი მესაზღვრეები ადგილობრივებზე ნადირობას იწყებენ. სუს-ის უფროსის მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა გასული წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ საოკუპაციო რეჟიმი ბორდერიზაციის სამუშაოებს აგრძელებს. "გასულ წელს უკანონო ბორდერიზაციის 69 შემთხვევა დაფიქსირდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, ხოლო 9 შემთხვევა აფხაზეთის მხარეს.

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ: ე.წ. საოკუპაციო ხაზიდან, ოკუპანტებმა ერთბაშად რვა კაცი გაიტაცეს - სოფელი მეჯვრისხევი შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში ოკუპირებულ ღრომს ესაზღვრება. მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცების შემთხვევები აქ და მომიჯნავე სოფლებში - აძვში, კირბალსა და ჯარიაშენში ხშირია. რამდენიმე ადგილობრივი მდინარის პირას იმყოფებოდა, რა დროსაც შეიარაღებული რუსი მესაზღვრეები დაადგნენ. ერთ-ერთმა მათგანმა - ჯაბა დვალიშვილმა გაქცევა შეძლო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ალექსი ბატიაშვილის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს უკანონოდ დაკავებულთა დროულად გასათავისუფლებლად.

მეჯვრისხევში, დაკავებულების ოჯახის წევრების ნაწილს არც კი ჰქონდა ინფორმაცია ინციდენტის შესახებ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ტერიტორია, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დააკავეს, საქართველოს კონტროლირებად სივრცეს წარმოადგენს და მას დასასვენებლად იყენებენ. მდინარე, რომელსაც ადგილობრივები როლაანდ წყალს ეძახიან, ე.წ. საოკუპაციო ხაზიდან 500 მეტრში მდებარეობს და ზაფხულში იქ მუდმივად ბავშვები იმყოფებიან.

ერთი დღით ადრე, 5 ივლისს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, ლაშა ხეთერელი უკვე მეცხრედ დააკავეს. მისი ბებია და პაპა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და თითქმის ყოველ ჯერზე, როდესაც მათ მონახულებას ცდილობს, რამდენიმე თვით ცხინვალის ციხეში გადაჰყავთ.

რუსეთის საოკუპაციო ძალები რამდენიმე წელია ამონტაჟებენ სათვალთვალო კამერებს მავთულხლართებისა და ლითონის ღობეების პარალელურად. ეს პროცესი მიმდინარეობს ცალმხრივად. ქართული მხარის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ე.წ. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სათვალთვალო კამერებს იმიტომ კი არ ამონტაჟებს, რომ "საზღვრის დემარკაციად" არ იყოს აღქმული. არადა, ადგილობრივების თქმით, კამერები აუცილებელია.

"ის მაინც გვეცოდინებოდა, ჩვენი ოჯახის წევრები დააკავეს, დაჭრეს თუ სცემეს ან პირდაპირ ესროლეს, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებიათ... როგორია, როდესაც ადამიანი სახლიდან გადის, საქონელს გადენის ან მდინარეზე ჩავა ან სულაც, მიწის ნაკვეთზე მიდის და შინ არ ბრუნდება?.. მერე ვიწყებთ ძებნას, სად გაქრა, ვინ წაიყვანა. ამათი "საზღვარი" სად გადის, არავინ იცის. გუშინ თუ ჩემი ეზო ქართულ მხარეს იყო, ხვალ რომ გავიღვიძებ, შეიძლება, ოსების მხარეს აღმოვჩნდე... საქართველოს თითქმის ყველა სოფელშია კამერები. ჩვენთანაც რომ იყოს, გადავახვევთ და იმას მაინც ვნახავთ, სადამდე მოვიდნენ, მაგრამ არ შეიძლებაო და რა ვიცი, ლატარიას ჰგავს ჩვენი ცხოვრება - თუ გაგვიმართლა, გადავრჩებით, თუ არა და, რუსს ვერაფერს მოსთხოვ", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოადგილის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში საუბარია ასევე, რუსეთ-უკრაინის ომის გამო წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიების თაობაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასეთია მაგალითად, მითი იმის შესახებ, თითქოს ოფიციალური თბილისი ძალის გამოსაყენებლად ემზადებოდა. "ადგილობრივი მოსახლეობის დაშინების მიზნით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ავრცელებდნენ ინფორმაციას საოკუპაციო ხაზის გამაგრების, ბომბსაფრების რეაბილიტაციის, რეზერვისტთა მობილიზაციისა და სხვა უკანონო საქმიანობების თაობაზე", - ამბობს ალექსი ბატიაშვილი.

ეს ხდებოდა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა თითქმის გაანახევრა.

სუს-ის მოადგილე ჰიბრიდული ომის ჭრილში განიხილავს იმასაც, რომ რუსეთის ყოფილ მაღალჩინოსნებს მუდმივ სარგებლობაში გადაეცათ ოკუპირებულ ბიჭვინთაში დიდი ფართობები. "საანგარიშო პერიოდში მუდმივად ვრცელდებოდა ინფორმაცია ენერგოსექტორში რუსი ინვესტორების მოზიდვისა და სტრატეგიული ობიექტების პრივატიზების აუცილებლობის შესახებ. ანექსიური პოლიტიკის ჭრილშია განსახილველი ორმაგი მოქალაქეობის საკითხი, ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან", - ამბობს ალექსი ბატიაშვილი.

სუს-ის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ფედერაციაზე ფინანსური დამოკიდებულება ხელს უწყობს ანექსიურ პროცესებს. 2022 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტი შეადგენდა 186.300.000 აშშ დოლარს, რომლის 42 პროცენტი წარმოადგენდა რუსულ ტრანშს (რამაც 77.500.000 აშშ დოლარი შეადგინა).

ოკუპირებული ცხინვალის ბიუჯეტი კი 120 მილიონი გახლდათ, რომლის 81 პროცენტი, 96 მილიონი დოლარი რუსეთის ფედერაციამ დააფინანსა.

2022 წლის განმავლობაში ცხინვალში 44, ხოლო აფხაზეთის მიმართულებით 13 პირი დააკავეს.

ამ დროისთვის, ღია წყაროებით ცნობილია, რომ ცხინვალის ციხეში საქართველოს 13 მოქალაქე იმყოფება, ხოლო აფხაზეთის ციხეში - 4 ადამიანი და მათ შორის ორი ქალია. ერთ-ერთ მათგანს, ქრისტინე თაკალანძეს დე ფაქტო ადმინისტრაციამ ჯაშუშობის ბრალდებით, 5 მაისს საბოლოო განაჩენი გამოუტანა და 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ციხეში რჩება ირაკლი ბებუაც, აფხაზეთის დროშის საჯაროდ დაწვის გამო. სუს-ში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების დაკავება, საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით ხორციელდება.

ლალი პაპასკირი