რომელ პოეტს მიუძღვნა სატრფიალო ლექსი რასულ გამზათოვმა და ვინ დაარქვა ლოტე - გზაპრესი

რომელ პოეტს მიუძღვნა სატრფიალო ლექსი რასულ გამზათოვმა და ვინ დაარქვა ლოტე

თეატრმცოდნე, პოეტი, მთარგმნელი და ჟურნალისტი ნანა ღვინეფაძე თავის 90 წლისთავზე წერდა: „...რაც ცხადი და თითქმის ზღაპრულად საამო იყო, უკვე მოგონებაა! „გამექცა-გამეპარა“ 30 მაისი, რამდენიმე დღის წინათ რაც ვიყავი, ის უკვე აღარ ვარ!.. რამდენი ღიმილიანი და მოსიყვარულე სახე შევიცანი, რამდენი მოულოდნელი განცდა დამეპატრონა... მადლობელი ვარ ყველასი, ვინც გაიხსენა და აახმიანა მაისის ბოლო!..“

სამწუხაროდ, ქალბატონი ნანა სამი წლის წინ გარდაიცვალა, წელს 95-ისა გახდებოდა. შესანიშნავ პოეტსა და ჟურნალისტს მისი უმცროსი და გაიხსენებს - გერმანისტი და მთარგმნელი რუსუდან ღვინეფაძე.

- პირველი ლექსი ალბათ, სკოლის ასაკში დაწერა...

- ლექსებს მოწაფეობიდან წერდა, პირველად ვისმენდით ჩვენ - ოჯახის წევრები და სკოლაში - კლასელები. სერიოზული აუდიტორია იყო ფილოლოგი თინა ჯიბლაძე, რომელიც ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობდა. თინას მიუძღვნა ანა კალანდაძემ ცნობილი ლექსი „მე ლამაზი მეგობარი მყავდა...“ (ადრე გარდაიცვალა). ნანას თანაკლასელი იყო თინას უმცროსი და ნათელა. თინა „ცისფერ საღამოებს“ მართავდა ოჯახში, სადაც იკრიბებოდნენ: მარი აბრამიშვილი, ანა კალანდაძე, მურმან ლებანიძე, კოტე ჩოლოყაშვილი... ახალგაზრდა შემოქმედთა სალონის შეხვედრებზე ნანასაც აძლევდნენ იმ უპირატესობას, რომ თავისი ლექსები წაეკითხა. წლების შემდეგ ამ სალონის შესახებ ნანამ წერილების ციკლი გამოაქვეყნა. როცა სტუდენტი გახდა, მისი მსმენელების აუდიტორია გაიზარდა. ვიცი, რომ ანა კალანდაძე ყოველთვის უწონებდა ლექსებს და ამხნევებდა, რომ ეწერა. ანამ შეარქვა ნანას ლოტე. უხაროდა, რომ და-ძმას ძალიან გვპატრონობდა და მზრუნველობას არ გვაკლებდა (ნანა, ტყუპი - დარეჯანი და დავითი, რუსუდანი. - ავტ.). პირველი კრებული „მთაო“ საკმაოდ გვიან გამოსცა, მერე და მერე მოყვა სხვა კრებულებიც.

- სად გაიცნო რასულ გამზათოვი, რომელმაც მას სატრფიალო ლექსი მიუძღვნა?

- ნანა მაშინ „სახალხო განათლებაში“ მუშაობდა, სადაც სტუმრად მიიყვანეს რასულ გამზათოვი. ის საქართველოში პირველად იყო. როგორც ნანა ამბობდა, პოეტი გააცნეს რედაქციასთან, იქვე ლამაზ ტირიფებიან ბაღში. ეტყობა, ნანამ შთაბეჭდილება მოახდინა... მერე გრიგოლ აბაშიძემ ჩამოიტანა ამბავი მოსკოვიდან, ნანაზე კარგი ლექსი დაუწერიაო. რასულმა ჟურნალი გამოუგზავნა ნანას, ავტოგრაფით. ლექსს ჰქვია „ნანა ღვინეფაძეს“, რომელიც ქართულად გიორგი კაჭახიძემ თარგმნა და ჟურნალ „მნათობში“ გამოქვეყნდა.

nana-da-rusudani-copy-1689576391.jpg

- ბევრს წერდა თეატრზე, ზინა კვერენჩხილაძესთან განსაკუთრებულად მეგობრობდა...

- უამრავი რეცენზია აქვს ქართული თეატრის სპექტაკლებზე და სტატიები მსახიობებზე. გარდა ამისა, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ჩანართი „სახიობა“ თვეში ერთხელ გამოდიოდა და მთლიანად თეატრს ეძღვნებოდა. ზინასთან ახლო მეგობრობა ჰქონდა, მასზე ჯერ წერილი დაწერა და მერე ლექსიც, როცა ის განერიდა ცხოვრებას და სამთავროს დედათა მონასტერს „მიუძღვნა თავი“. ნანამ ინსტიტუტში სწავლის დროს საკურსო თემა დაწერა პირველ ქართველ მსახიობ ქალ ეფრო (ეფროსინე) კლდიაშვილზე, ნაშრომი მერე მონოგრაფიად გამოსცა. მახსოვს ის პერიოდი, მეც დავყვებოდი სოფელში, როცა ეძებდა მოხუცებს, ვისაც ეფრო ახსოვდა. პირველად ნანამ წარმოაჩინა ამ ქალის სახელი, თუმცა შემდეგ სხვებმა დაიჩემეს პირველაღმომჩენის ტიტული.

ნანამ გააცოცხლა მარო მაყაშვილის სახელი და მისი დღიურებიდან პირველად მან გამოაქვეყნა ამონარიდები. მაროს უმცროსმა დამ, ნუგეშა მაყაშვილმა ანდო დღიური, რომელსაც დედისეულ მომცრო ზარდახშაში ინახავდა, ასეთი ყოფილა დედის სურვილი. ნანა და ნუგეშა ბოლომდე მეგობრებად დარჩნენ. წიგნი მარო მაყაშვილზე „შარავანდედი“ (ანუ „მარო მაყაშვილის ხატი სხვადასხვა შუქჩრდილში“) სამჯერ გამოიცა. მეორე და მესამე გამოცემებს ნანამ ახალი ეპიზოდები და ლექსები შემატა. ბოლო გამოცემის პრეზენტაცია სამების საგამოფენო ცენტრში შედგა, რომელსაც ნუგეშაც ესწრებოდა. ნანას მთელი საქართველო მოვლილი ჰქონდა, ისტორიული ძეგლების მდგომარეობას აკვირდებოდა, ჯერ კიდევ როდის წერდა ბაგრატზე, გელათზე, მოწამეთაზე... მაშინ რესტავრაციას არავინ ახსენებდა.

- ნანა ღვინეფაძის ლექსებზე არაერთი სიმღერა შექმნეს კომპოზიტორებმა. ქალბატონო რუსუდან, გავახსენოთ საზოგადოებას ის სიმღერები.

- იოსებ კეჭაყმაძემ დაწერა სიმღერა დუეტისთვის - „მზე“, ვაჟა დურგლიშვილმა - „გოგონა და თუთიყუში“, ეთერ ჭელიძემ - „მოწყენილი გიტარა“, ერნა წიფურიამ - „სათბილისოდ“, ნოდარ გიგაურმა - „რომანსერო“... ალექსი შანიძემ ორატორია „9 აპრილის“ პარტიტურა აჩუქა. ძალიან უხაროდა, როცა მისი ლექსი სიმღერის საფუძველი ხდებოდა. განსაკუთრებით უყვარდა რუსუდან სებისკვერაძის სიმღერა „ამეთვისტოს თვალი“.

- ქალბატონი ნანას წერილებს ყავლი არასოდეს გაუვა, ის წლების მანძილზე ემსახურა ქართულ ჟურნალისტიკას. მისი პუბლიკაციებიდან გამორჩეულად რას გაიხსენებთ?

- საბჭოთა პერიოდში, მოგეხსენებათ, ტაბუდადებული იყო ემიგრანტების თემა. თბილისში ამერიკიდან ჩამოვიდა იქ მცხოვრები ქართველი მწერალი და მოქანდაკე გიორგი პაპაშვილი მეუღლესთან ერთად. ვიზიტი, რა თქმა უნდა, გასაიდუმლოებული იყო. ნანამ მასთან საკმაოდ დიდი ინტერვიუ ჩაწერა, დაწერა წერილი, ფოტოებიც ჰქონდა - სტატია უნდა დაბეჭდილიყო გაზეთ „კომუნისტში“. ნანამ წერილის საბოლოო ვარიანტის კორექტურა წაიკითხა და ამობეჭდილი გვერდიც დაათვალიერა. ყოველთვის ასე იქცეოდა, რედაქციიდან არ მოდიოდა, სანამ არ დარწმუნდებოდა, რომ ყველაფერი რიგზეა. მგონი, იმ ღამეს მორიგეც იყო. მოკლედ, წერილი ჩააბარა და ამობეჭდილი გვერდი სახლში წამოიღო. მეორე დღეს მივიდა რედაქციაში, გადაშალა გაზეთი და სტატია არ არის... გაგიჟდა... წარმოგიდგენიათ, როგორი რეაქცია ექნებოდათ, როცა გაიგეს, რა წერილი უნდა დაბეჭდილიყო! დაახლოებით 7-8 წლის წინ, არ მახსოვს, სად დაიბეჭდა წერილი გიორგი პაპაშვილზე და ის ჟურნალისტი ამაყობდა იმით, რომ მან დაწერა პირველად სტატია ამ პიროვნებაზე. ნანას ვუთხარი, რომ მოეძებნა ის ძველი წერილი. ამობეჭდილი გვერდიც და ხელნაწერიც წავუღე ჯანსუღ ჩარკვიანს (ნანამ დაურეკა). ჯანსუღმა დაბეჭდა თავის გაზეთში „ქართული სიტყვა“ და მთელი ეს წინაისტორია შესავალში დაურთო. ასე იხილა დღის სინათლე პუბლიკაციამ 50 წლის შემდეგ. ბოლო წლებში ბევრჯერ გაახარა ჯანსუღმა ნანა. ლექსებს თავად შეარჩევდა ნანას წიგნიდან და ისე უბეჭდავდა, რომ ჩვენ არც ვიცოდით.

zmisshvilebtan-ertad-copy-1689576380.jpg

- ცნობილია ქეთევან მაღალაშვილის მიერ დახატული ნანა ღვინეფაძის პორტრეტი. პოეტი ქალბატონი სხვა მხატვრების მუზაც არაერთხელ გამხდარა, მათ შესახებ გვიამბეთ.

- ქეთევან მაღალაშვილის მიერ შესრულებული პორტრეტი ჯერ ხელოვნების მუზეუმში იყო, მერე გადასცეს მის ფილიალს ამბროლაურში და ამჯერად იქ ინახება. ძალიან კარგი პორტრეტი გააკეთა გივი ცერაძემ და სურათი ნანას აჩუქა. მერე ერთ-ერთი გამოფენისთვის, როცა დროებით წაიღო, სამწუხაროდ გარდაიცვალა და ოჯახმა აღარ დაგვიბრუნა. სახლში გვაქვს ნატუსი ფალავანდიშვილის, ლია სვანიძის, ნანა ბოტკოველის შესრულებული ნანას პორტრეტები. სხვათა შორის, ყველაზე პირველი ნახატი ნანას მოწაფეობის დროინდელია, ნათელა ჯიბლაძემ დახატა, რომელიც ნანას ოთახის კედელს ამშვენებს სხვა პორტრეტებთან ერთად.

- რომელი ლექსით გსურთ დავასრულოთ საუბარი?

- ნანას ბევრი საყმაწვილო ლექსი ჰქონდა და წლების წინ გამოვიდა კიდეც პატარა წიგნი „ფიჭვი გაზაფხულს ელოდა“. ძმისშვილებსა და ძმისშვილიშვილებს მან არაერთი ლექსი მიუძღვნა. ჩვენი უფროსი ძმისწულის, გიორგისადმია დაწერილი ეს ლექსი - „წარწერა „ვეფხისტყაოსანზე“: „აი, რუსთველის პოემა,/ მარგალიტების მჩენი;/ „ვეფხისტყაოსნით“ დაიწყო/ ქალად კურთხევა ჩემი!/ მაღალი, უხვი, მდაბალი,/ სიტყვამდიდარი, მზიანი,/ ქართლის ცხოვრების უკვდავი/ თვალი და თანაზიარი!/ აი, რუსთველის პოემა,/ ლექსით და აზრით მშვენი.../ „ვეფხისტყაოსნით“ იწყება/ დავაჟკაცება შენი!“

ნანული ზოტიკიშვილი