ხელით შექმნილი სამკაული, როგორც ცოცხალი ჰერბარიუმი
რამდენიმე წელია შინ და გარეთ, თუ თავის სახელოსნოში დროს ათასგვარი მცენარის გარემოცვაში ატარებს. ეკატერინე კვირიკაშვილის აქსესუარები ნამდვილი მცენარეების გამოყენებით იქმნება, ეპოქსიდით ან კერამიკით, ან ორივე ამ მასალის მიქსით.
- საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ვარ, მაგრამ ჩემი პროფესიის ზუსტი დასახელება არც ვიცი, რადგან ეს სფერო არასდროს მაინტერესებდა, არ მომწონდა და არც ამ მიმართულებით მიმუშავია. იმ ასაკში, როცა პროფესიას ვირჩევთ, არ ვიცოდი, რა გზით წავსულიყავი. თითქოს სამხატვრო აკადემიასა და თეატრალურში ჩაბარებაზე ვფიქრობდი, მაგრამ ოჯახში, ფინანსისტებმა ამაზე უარი თქვეს და სადაც მითხრეს, იქ ჩავაბარე - დინებას მივყევი. ალბათ მეც მკაფიოდ ჩამოყალიბებული აზრი არ მქონდა, თორემ ასე რომ ყოფილიყო, ვიბრძოლებდი. მაგრამ მთავარი ის არის, რომ მოგვიანებით ვიპოვე ის გზა და საქმე, რომელიც მომწონს. სულ ვქარგავდი და ვხატავდი. თექაზე მუშაობა, გობელენის ქსოვა ვისწავლე და თან იმ საქმეს ვეძებდი, რომელზეც შევჩერდებოდი. ყვავილები და მათთან ურთიერთობა სულ მიყვარდა. ვაგროვებდი ქოთნის და ეზოს ყვავილებს, მათზე ვზრუნავდი და დღემდე ახალ-ახალ სახეობას აქტიურად ვყიდულობ. წიგნებში ყვავილების გაშრობა ჯერ კიდევ სკოლის ასაკში დავიწყე. ბავშვობაში სოფელში სულ ვკითხულობდი მცენარეების სახელწოდებებს და ჰერბარიუმიც მქონდა. დროთა განმავლობაში ჩემი ყვავილები ფუჭდებოდა და იფხვნებოდა, რადგან მაშინ არც შეგროვების ტექნიკა ვიცოდი და არც ყვავილების სწორად გაშრობა, რომ ფორმაც შემენარჩუნებინა და ფერებიც. თუმცა, აქვე უნდა გითხრათ, რომ არსებობს მცენარეები, რომლებიც ფერს ძალიან დიდხანს ინარჩუნებენ და ასეთია ღიღილო. რამდენიმე კვირის წინ, შემთხვევით, სკოლის დროინდელი დღიური ვიპოვე, სადაც ღიღილო მქონდა ჩაკრული. მას შემდეგ დაახლოებით 20 წელია გასული და ყვავილს თავის ფერი, ლურჯი პიგმენტი შესანიშნავად აქვს შენარჩუნებული.
- როდის და როგორ გადაწყვიტეთ თქვენი ბავშვობის გატაცების - შეგროვებული ყვავილების აქსესუარებში მოქცევა?
- დიდი ხნის წინ ინტერნეტში სამკაულის და სხვადასხვა ნივთის ეპოქსიდის მეშვეობით დამზადების ტექნიკა რომ ვნახე, ძალიან მომეწონა. თითქოს ბავშვობის გატაცება გამიცოცხლდა და ხელახლა დავიწყე ყვავილების შეგროვება. მათი სწორად გაშრობა ვისწავლე. ჩემი მიზანი იყო ბუნებრივი ფერები მაქსიმალურად შემერჩუნებინა. ამ ტექნიკის შესწავლასა და დახვეწას დიდი დრო დასჭირდა. ყვავილი შესაბამის ფურცლებსა და წიგნებში უნდა გააშრო, მზე რომ არ ხვდებოდეს. ძალიან მომწონს ხეხილის ყვავილები, მაგრამ ძალიან რთული შესანარჩუნებელია და ბუნებრივი ფერიც მალე იკარგება. წითელი ვარდიც ფერს იცვლის და მუქდება, მაგრამ საუკეთესოდ ინარჩუნებს ფერს ბროწეულის ყვავილი და მისი ფურცლები. ის ზუსტად ის ფერი რჩება, რაც ხეზე ყვავილობისას აქვს. ასევე კარგად ინარჩუნებს ფერს იისფერი სოსანები. თავდაპირველად სხვადასხვა ნივთის დამზადება მხოლოდ ჩემთვის ვცადე. მუშაობის პროცესს თან ახლა სირთულეები, მაგრამ ნელ-ნელა ეპოქსიდზე მუშაობა ვისწავლე და უკვე 8 წელია, მუდმივად ეპოქსიდისა და ნამდვილი ყვავილების გამოყენებით, სხვადასხვა ნივთს ვქმნი.
- პირველი ნივთები რა იყო და როგორ აღიქვა მნახველმა?
- ბეჭედი და გულსაკიდი. ადრე აქსესუარებში მწერებსაც ვიყენებდი. თუ ეზოში მკვდარ ჭიანჭველას, ბუზს, ხოჭოს, ობობას ან პეპელას ვიპოვიდი, სამკაულში ვსვამდი და ეფექტური გამოდიოდა. დაინტერესებაც იყო და გაიყიდა კიდეც, მაგრამ მერე ვიფიქრე, რომ შეიძლება ბევრს მკვდარი მწერები აქსესუარში არ მოსწონებოდა და ახლა ამ გზას აღარ მივმართავ. საერთოდ, ყველა ნივთსა და დეტალს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. სამკაული სრულფასოვანი უნდა იყოს, რომ სხვას შევთავაზო. პატარა ხარვეზის შემთხვევაშიც კი ის რეალიზებაში არ გავა. 2018 წლიდან ვმონაწილეობ გამოფენებსა და სხვადასხვა ღონისძიებაში. ბევრ დამთვალიერებელს სტიკერი, პრინტი ან მინანქარი ჰგონია და სულ იმის ახსნა მიწევს, რომ ეს ნამდვილი ყვავილებია. მიყვარს ადამიანების სახეზე იმ გაკვირვებული რეაქციის დანახვა, როცა ამას იგებენ და მერე უფრო ყურადღებით იწყებენ ნამუშევრების დათვალიერებას. მეც სიამოვნებით და დაწვრილებით ვუხსნი ყველაფერს, ეს არასდროს მეზარება.
- ასეთი აქსესუარების მოვლის მეთოდებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა...
- მარტივად მოსავლელია. სხეულზე ტარებისას მათ მზე ისე არ ხვდება, მაგრამ თუ ფანჯრის რაფაზე მთელი დღით დატოვებ ან ამ ნივთით ნამზეურის მიღებას გადაწყვეტ, ბუნებრივია, ამ დროს მის შიგნით მოთავსებული ყვავილი ფერს დაკარგავს, გახუნდება, სხვა შემთხვევაში კი მთავარია, ზედაპირს ალკოჰოლის შემცველი სითხე, სუნამო არ მოხვდეს, რომ პრიალა ზედაპირი ბუნდოვანი არ გახდეს.
- 8 წლის განმავლობაში რა სიახლეები შეემატა თქვენს საქმიანობასა და ნივთებს?
- პანდემიის დროს კერამიკაზე მუშაობა ვისწავლე და ეს ჩემი ახალი სიყვარულია. იმ პერიოდში, როცა ყველაფერი გაჩერდა და დაიხურა, მათ შორის ჩემი სახელოსნოც, თითქოს ერთი წელი სამკაული არ გამიკეთებია. მაშინ გადავწყვიტე კერამიკა მესწავლა, რადგან ჩემთვის უქმად ჯდომა გაგიჟების ტოლფასია. ეს ჩემი სულის საზრდო გახდა. ვითარება რომ შეიცვალა, მუშაობა დავიწყე და გამოფენებიც განახლდა, მაშინ აზრად მომივიდა აქსესუარებისთვის კერამიკის დეტალებიც შემემატებინა. ეს გაცილებით ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, მაგრამ შედეგი მომწონს. ეპოქსიდისა და კერამიკის გაერთიანებითა და ამ ორი მასალის მიქსით ვაკეთებ: გულსაბნევებს, გულსაკიდებს, ბეჭდებს, საყურეს, სამაჯურებს, თმის სამაგრებს, სანიშნეებს და ა.შ. სხვადასხვა და განსხვავებული მოდელებია. მაგალითად, ზოგიერთი ნივთი ლითონის ყალიბშია მოქცეული, ზოგიც მხოლოდ ეპოქსიდისა და ყვავილის ერთობლიობაა და ა.შ. მახარებს ის ფაქტი, რომ ინტერნეტში სხვადასხვა დიდი და ცნობილი ხელნაკეთი ნივთების პლატფორმებზე, კერამიკისა და ეპოქსიდის ერთობლიობით შექმნილი ნივთები არ მინახავს. ალბათ იმიტომ, რომ დროში გაწელილი პროცესია, რთულია და საბოლოო შედეგამდე საკმაოდ ხანგრძლივი გზის გავლა გიწევს. სხვათა შორის, პანდემია კარგად გამოვიყენე იმ მხრივაც, რომ პურის ბუნებრივი საფუვრით ცხობა ვისწავლე. საამისოდ ფაქტობრივად, 1 წელი დამჭირდა. რაც მთავარია, ჯანსაღი პროდუქტია, რომელსაც ოჯახისთვის დღესაც ვაცხობ - ძალიან ლამაზები და დახატულები გამოდის. ბევრს შინ ჯდომა გაუჭირდა, მე მსგავსი არაფერი მიგრძნია, რადგან ყოველთვის მიყვარდა საჭმელების მომზადება, ნამცხვრების ცხობა, მერე ამას დაემატა პურის ცხობა, კერამიკაც და მთელი ის დრო უმტკივნეულოდ გავატარე.
- იმ უამრავ ყვავილს შორის, რომელთანაც ყოველდღიურად გაქვთ შეხება, თქვენთვის ყველაზე გამორჩეულად საყვარელი რომელია?
- ძალიან მიყვარს ზამბახები და პიონები. წლებია ზამბახებს ვაგროვებ და 30-მდე ფერი მაქვს. უწინ ვარდი არ მიყვარდა, ეტყობა ბავშვობიდან ცუდად მახსოვს ისეთი ვარდის თაიგულები, რომელიც ვიზუალურად დიდი რომ გამოჩენილიყო, ჯოხებით, მავთულებით, ღრუბელით და სხვადასხვა მასალით იყო გატენილი, მაგრამ ვარდი ცალკე რომ ვნახე, აზრი შემეცვალა, შემიყვარდა და ჩემს ეზოში არაერთი ჯიშის ვარდს ნახავთ. საერთოდ კი, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ყვავილი არ მიყვარს. მათ რომ ვხედავ, ყველაფერი მავიწყდება, უკონტროლო ვხდები (იღიმის).
- ალბათ აქსესუარებში თქვენი ეზოსა და ქოთნის ყვავილებსაც იყენებთ.
- დიახ. მაგალითად არის ასეთი ვარდი - მოცარტი, რომელსაც წვრილი, პატარა ყვავილები აქვს. სპეციალურად ვიყიდე, ჩემს ნივთებში რომ გამომეყენებინა. ღიღილო ეზოში ვერ გავახარე, ეტყობა მინდვრები უყვარს ძალიან, როგორც ყაყაჩოს. ზაფხულში, როცა ვიგებ, რომ სადმე ყაყაჩოს მინდორია, აუცილებლად მივდივარ. თუ მანქანით ვმგზავრობ და ყვავილს დავინახავ, მაშინვე გაჩერებას ვითხოვ, თუ საჭესთან ვზივარ, ძალიან საშიში ვარ, სულ აქეთ-იქით ვიყურები (იღიმის). ყაზბეგისკენ განსაკუთრებით ლამაზი, სტაფილოსფერი ალპური ყაყაჩოების მინდვრებია. როცა იქ მივდივარ, თავი სხვა სამყაროში მგონია. ვაგროვებ გვიმრებსაც, რომელთაც სამკაულში ხშირად ვიყენებ. საერთოდ, სადაც მივდივარ, აუცილებლად თან მიმაქვს წიგნები, რომლებშიც ყვავილებსა და ფოთლებს ვინახავ. მათ კი არ ვკრეფ, სათითაოდ ვჭრი. ზოგჯერ შეიძლება რომელიმე მცენარე დიდი რაოდენობით მოვჭრა, სათლში ჩავაწყო, სახლამდე მოვიტანო და მერე დავახარისხო, მაგრამ არის მცენარეები, რომელიც მალევე ჭკნება და ეს განსაკუთრებით ყვავილების შემთხვევაშია რთული. მაგალითად, კესანე, რომელიც ნაზი და წვრილია, სათითაოდ უნდა მოვჭრა. ყვავილს ხელით არ ვეხები, ფურცელზე ვდებ და მაკრატლით ვჭრი. წარმოიდგინეთ, რამდენი ასეთი "პროცედურა" მაქვს ჩატარებული (იღიმის). დაწყებული მაქვს ისეთი დეკორატიული ნივთების დამზადება, სადაც ყვავილების კომპოზიციები კერამიკის ჩარჩოებში იქნება მოქცეული და იმედი მაქვს, ეს ჩანაფიქრიც გაამართლებს.
ანა კალანდაძე