მღვდელი, რომელიც თავის კუთხეს წიგნებით ამარაგებდა - გზაპრესი

მღვდელი, რომელიც თავის კუთხეს წიგნებით ამარაგებდა

საუკუნეების განმავლობაში, ქართველი ერის განათლებაზე არაერთი სასულიერო პირი ზრუნავდა და მათ შორის ერთ-ერთი მღვდელი ნიკოლოზ კახიშვილია. თიანეთის მხარეთმცოდნეობის თანამშრომელი ვატო ურუშაძე კახიშვილების ოჯახს და მათთან დაკავშირებულ საინტერესო ეპიზოდებს გვაცნობს.

- მღვდელი ნიკოლოზ კახიშვილი 1870 წელს დაიბადა. 1892 წელს თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა, რის შემდეგაც აქტიურად მოღვაწეობდა და თავდაპირველად ხევში, სტეფანწმინდის სამრევლო სკოლის მასწავლებელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ კახიშვილი ძალიან განათლებული კაცი იყო და შინ საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა.

ის თავის პედაგოგიურ საქმიანობას პირველი დღეებიდანვე დიდი ენერგიით შეუდგა. ნიკოლოზ კახიშვილი უმთავრეს ყურადღებას სწორედ ახალგაზრდების განათლებას აქცევდა. მოგეხსენებათ, იმ დროს წიგნები ძალიან ჭირდა. ის ამ პრობლემის მოგვარებას შეუდგა და მართლაც, მღვდელმონაზონ ლეონიდე ოქროპირიძის (მოგვიანებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) და ანდრია კობაიძის დახმარებით, მალევე შეძლო სასწავლებელი გარკვეული რაოდენობის წიგნებით მოემარაგებინა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, მღვდელი ნიკოლოზ კახიშვილი გაზეთ "ივერიაში" დიდი მადლიერებით წერდა და აღნიშნავდა, რომ სტეფანწმინდის მოსახლეობისათვის ლიტერატურით მომარაგება ძალიან დიდი და სასიკეთო შედეგის მომტანი იქნებოდა, წიგნების გაცნობა ბევრ მათგანს უქმე დღეებში დუქნებში სიარულსა და უზომოდ დათრობას აარიდება. გარდა ამისა, ადამიანებში ცნობიერებას აამაღლებდა და მომავლის სასიკეთოდ შესაცვლელად, დიდ როლს ითამაშებდა.

kaxishvilebi-shuashi-tiko-1689577003.jpg

მოგვიანებითაც, შემოწირული ფულის უმეტეს ნაწილს მღვდელი ნიკოლოზ კახიშვილი სწორედ სასწავლებელს ახმარდა და მის განვითარებაზე ყველანაირად ზრუნავდა.

1894 წელს ნიკოლოზ კახიშვილი თიანეთის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში გადაიყვანეს, ხოლო 1899 წელს, როდესაც სოფელ ნადოკრის წმინდა მეფე არჩილის სახელობის მონასტრის აღმდგენელი კომიტეტი შეიქმნა, ის აქ საქმის მწარმოებლად დაინიშნა.

სიცოცხლის ბოლო პერიოდში მამა ნიკოლოზ კახიშვილი სოფელ ქისტაურის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში მსახურობდა. 1920 წლის 20 დეკემბერს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.

ერთხანს მღვდელი ნიკოლოზი ჩარგალში მსახურობდა და სწორედ იქ დაუმეგობრდა ვაჟა-ფშაველას. როგორც ჩანს, მათი მეგობრობა ძალიან მჭიდრო იყო და დიდ მწერალს კახიშვილების ოჯახი ძალიან უყვარდა, ამიტომაც მოგვიანებით ვაჟა მღვდელი ნიკოლოზის ერთ-ერთი შვილის, თიკო კახიშვილის ნათლიაც გახდა. ვაჟა-ფშაველასთან კახიშვილების ოჯახის მეგობრობას ისიც ადასტურებს, რომ როცა მღვდელი ნიკოლოზი თიანეთში გადმოვიდა, მწერალი სასულიერო პირს იქაც ხშირად სტუმრობდა. სწორედ მათ თიანეთში ყოფნას უკავშირდება ერთი საინტერესო ამბავი: ერთ-ერთი სტუმრობისას ვაჟა-ფშაველას კახიშვილების სახლში თავისი ხელსახოცი დარჩენია. მოგვიანებით ოჯახის წევრებს უთხოვიათ, იქნებ სახსოვრად დაგვიტოვოო და მასაც უარი არ უთქვამს, - პირადი ნივთი ნათლულის ოჯახს დაუტოვა. დღესდღეობით კი ვაჟა-ფშაველას ნაქონი ხელსახოცი თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.

vazhas-nakoni-xelsaxoci-1689577016.jpg

ასევე საინტერესოა ვაჟა-ფშაველას ერთი ლექსის ისტორია, რომელიც თავის ნათლულს - თიკო კახიშვილს მიუძღვნა. ერთხელ, სოფელ ქისტაურში, ვაჟა კახიშვილების ოჯახს ესტუმრა. რა თქმა უნდა, საპატიო სტუმარს დიდი აღტაცებით შეხვდნენ როგორც მასპინძლები, ასევე სახლში მყოფი სხვა სტუმრები. როგორც ჩანს, ვაჟა-ფშაველა ჩქარობდა, ამიტომ დიდი ხვეწნის მიუხედავად, ცოტა ხანს გაჩერდა, მადლობა გადაიხადა და წასასვლელად გაემზადა. ცხენი თავად მღვდელმა ნიკოლოზმა გამოუყვანა. მის გასაცილებლად სტუმრებიც წამოიშალნენ. მათრახი ნათლულმა, თიკომ გამოუტანა და როცა მიაწოდა, თავისი წიგნაკი გაახსენდა, სადაც მეგობრები ლექსებს უწერდნენ და ნათლიას სთხოვა, ერთი ლექსი სამახსოვროდ მასაც ჩაეწერა. ბავშვი შინ თავისი წიგნაკის გამოსატანად გაქცეულა, ამ დროს კი ვაჟას უბიდან თავისი წიგნაკი ამოუღია, ერთი გვერდი ამოუხევია და მასზე ნათლულთვის სამახსოვრო ლექსი დაუწერია:

"რუსთაველის თინათინი

ავთანდილსა ღმერთად სცნობდა,

მას შთაბერა ბრძენი სული

და იგიცა მუდამ ბრძნობდა,

ტარიელის და ნესტანის

მტანჯველებსა მეტად მტრობდა,

საქართველოს ტკივილებსა

გულს იმჩნევდა, ღრმადა გრძნობდა.

ღმერთსა ვთხოვ, რომ იმ თინათინს

დაემსგავსო შენაც ქალო.

თიკო, შენსა ავთანდილსა

მოძმის ტრფობა დაავალო.

ამამაცო, არაინდო

და სხვაზეცა არ გასცვალო".

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ლექსის დედანი თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება. ის თავად თიკო კახიშვილმა გადასცა მუზეუმს 1965 წელს.

რაც შეეხება ლექსის ადრესატს, თიკო კახიშვილი მატანში იყო გათხოვილი, მისი მეუღლე - ევგენი დალაქიშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის მოძღვრის, დეკანოზ იოსებ დალაქიშვილის უმცროსი ძმა იყო. ევგენი დალაქიშვილმა სოფელ ფშაველში დაგეგმა ახალი გზები, ააშენა კლუბი, ხე-ტყის სახერხი ქარხანა, ამავდროულად წერდა და ბეჭდავდა ლექსებს, მოთხრობებსა და წერილებს. ის ბოლშევიკებმა 1937 წელს დახვრიტეს.

სამწუხაროდ, ასევე ტრაგიკული ხვედრი ერგო წილად მღვდელი ნიკოლოზის ვაჟს - თადეოზს, რომელმაც თელავის სასულიერო სასწავლებელი წარჩინებით დაამთავრა და სწავლა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული მიმართულებით განაგრძო. 1923 წლის 10 ოქტომბერს, როცა ახმეტიდან თიანეთში ბრუნდებოდა, ის დაუდგენელმა პირებმა სიცოცხლეს გამოასალმეს.

ანა კალანდაძე