"არც ერთი მათგანი არ იყო დაოჯახებული..." - გზაპრესი

"არც ერთი მათგანი არ იყო დაოჯახებული..."

სამწუხაროდ, ავტოსაგზაო შემთხვევებს ეწირებიან სიცოცხლით სავსე ადამიანები. უმძიმესია ამ მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. ვითარება რომ საგანგაშოა, ამას გასულ კვირას მომხდარი ფაქტებიც მოწმობს.

რამდენიმე დღის წინ ქუთაისის აეროპორტთან დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა, ბოძს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანა აფეთქდა და ამ შემზარავ ავტოავარიას 6 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილზე დაიღუპა 4 გეგუთელი ბიჭი. ისინი განუყრელი მეგობრები იყვნენ: ლაშა წიქორაძე, მამუკა ბრეგვაძე, გიორგი მამისეიშვილი და ჯუბა კუხიანიძე ერთსა და იმავე დღეს დაკრძალეს. მთელი დღე წვიმდა, თითქოს ბუნებაც ტიროდა ხალხთან ერთად...

ლაშა წიქორაძის დედა ემიგრანტია. სამშობლოდან შორს მყოფმა შეიტყო ეს საშინელი ამბავი. სულისშემძვრელია სოციალურ ქსელში დაწერილი მისი და სხვების ტკივილიანი სტატუსები. ბიჭების დაკრძალვის დღეს რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა და თურმე, შვილმკვდარი დედა, თეა გუბელაძე თავად ამხნევებდა შვილის მეგობრებს.

"უმძიმესი მდგომარეობაა... თეა გუბელაძე - დედა, რომელიც ხედავდა სხვების ცუდად ყოფნას, დარდს, ტკივილს; დედა, რომელსაც ყველაზე მეტად სტკივა, ამბობდა, - ბავშვებო, ნუ გეშინიათ, მე თქვენთან ვარო", - დაწერა სოციალურ ქსელში ახლობელმა.

"საშინელი ტრაგედიაა, სიტყვები არ მყოფნის... ჯუბა ჩემი მეზობელია, ფაქტობრივად, ჩემი ოჯახის წევრი. ძნელია მასზე წარსულში საუბარი. იცით, როგორი ადამიანი იყო? სულ გკითხავდა: როგორ ხარ, რამე ხომ არ გიჭირს, რამე ხომ არ გინდაო? ყველას მხარში მდგომი იყო. თუ რამე გჭირდებოდა, თან გადაგყვებოდა. ძალიან უყვარდა სიცოცხლე... გარდაცვლილებიდან ყველაზე უფროსია, 31 წლის, დანარჩენები 21-23 წლის ბიჭები არიან. ლაშასაც კარგად ვიცნობდი... მთელი დღეა ცრემლებს ვიშრობ. ლაშა წლების წინ გავიცანი. ცოტა მინახავს მისნაირი ხალისიანი და სიცოცხლით სავსე ბიჭი, სულ გაღიმებული დადიოდა, უკარგესი ბიჭი იყო. პატარა ძმა ჰყავს. მახსოვს, როგორი ბედნიერი იყო, ძმას რომ ელოდებოდა. მზე და მთვარე მასზე ამოსდიოდა... არც ერთი მათგანი არ იყო დაოჯახებული. სხვა ბიჭებსაც ვიცნობდი, უბრალოდ, მათთან ისე ახლოს არ ვიყავი. ყველა ჩემი თანასოფლელია, ერთდროულად ამდენი ოჯახი გაუბედურდა... დიდი ბოდიში, მართლა არ შემიძლია საუბრის გაგრძელება, ცუდად ვარ", - გვითხრა ჯუბას მეზობელმა.

კიდევ ერთ გეგუთელს დავუკავშირდით, ის მამუკა ბრეგვაძისა და გიორგი მამისეიშვილის მეზობელი აღმოჩნდა, ვერც მან შეძლო მომხდარზე საუბარი. მხოლოდ ის გვითხრა, რომ გამორჩეული ბიჭები დაიღუპნენ. "მიყვარხართ და უსაშველოდ მომენატრებით ჩემო ბავშვობის მეგობრებო, ნათესავებო, მეზობლებო. დღეს ბოლოჯერ გაიარეთ გეგუთის გზა და გადაინაცვლეთ სამუდამო საცხოვრებელში უფალთან ახლოს. მთელი გეგუთი ჩააშავეთ. მტკივა გული, საშინლად მტკივა", - დაწერა გეგუთელმა ახალგაზრდამ. ბიჭებთან ერთად მანქანაში მათი ორი მეგობარი გოგონა იყო. ისინი იმ საბედისწერო დღეს სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ლანჩხუთელი ეკატერინე სანიკიძე მალევე გარდაიცვალა, ხოლო მირანდა ცეცხლაძე თბილისში გადაიყვანეს. ამბობდნენ, რომ სხეულის 70 პროცენტი დამწვარი ჰქონდა. ექიმებმა იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ 11 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საუბედუროდ, ვერც მირანდას გადარჩენა მოხერხდა: რამდენიმედღიანი ბრძოლა სიცოცხლისთვის, დასრულდა. ახლა მირანდას გამოემშვიდობება მისი საყვარელი კუთხე, ლანჩხუთი, სადაც ჯერ ეკას გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი არ განელებიათ. როგორც ირკვევა, ეკა და მირანდა თანაკლასელები იყვნენ, ბავშვობიდან მეგობრობდნენ.

"იცით, რა ლამაზი იყო? სიფრიფანა, თეთრი, ჩამოსხმული, ნატიფი, ფერიას ჰგავდა. იცით, როგორი იყო? ჩუმი, წყნარი, მშვიდი, კეთილი, მუდამ მოღიმარი. რა ხანმოკლე ყოფილა წუთისოფელი შენთვის ჩემო ლამაზო ეკა. როგორი ძნელია, სამუდამოდ რომ უნდა დაგემშვიდობოთ. იცოდე, არასდროს დაგივიწყებს შენი კლასი, რომელიც ნაადრევად აატირე. იცით, როგორი გოგოა მირანდა? ლამაზი, ეშხიანი, ხალისიანი, მზრუნველი, მუდამ ფუსფუსა... რა სასტიკი ხარ, სიკვდილო, ცივი და დაუნდობელი. მაგრამ იცოდე, იმდენად სიყვარულით სავსეა ჩვენი პატარა გოგონების ხანმოკლე სიცოცხლე, იმდენად თბილი და ფერადი, რომ შენს სისასტიკეს ბევრად აღემატება. ჩვენო ცქრიალა გოგონებო, ეკა და მირანდა, მუდამ ჩვენთან იქნებით, გვიყვარხართ",- დაწერა გოგონების პედაგოგმა ლოლა ჩხაიძემ.

"ეკუ, მირუმ არ გიღალატა და ესეც შენთან ერთად მოდის. მიყვარხართ და მუდამ მეყვარებით. არასდროს დამავიწყდება თქვენი ჟრიამული, თქვენი ღიმილი; არასდროს დამავიწყდება ისიც, როგორ ხელჩაკიდებული მორბოდით... რომ დამინახავდით, ორივე როგორ თბილად ჩამეხუტებოდით და მეტყოდით, მარი-მარი, ჩვენ ძალიან გვიყვარხარო და ისევ თბილად ჩამეხუტებოდით. დამაკლდება თქვენი სითბო, მაგრამ გამახსენდება, რომ ჩემი ორი და ერთად არის იმ ქვეყნად. უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი, ნათელი თქვენს ხსოვნას", - დაწერა გოგონების ახლობელმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ტრაგედიის მიზეზებს სამართალდამცავები ადგენენ.

ამ გაუნელებელ ტრაგედიის მორიგი შემზარავი ამბავიც მოჰყვა: ამჯერად ავტოსაგზაო შემთხვევა სვანეთში მოხდა. 9 ივლისს, დაახლოებით ღამის 2:00 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში, ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა. ავტომობილში მყოფი მესამე პირი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ამჟამად შოკურ მდგომარეობაშია. არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო, გზებზე ცუდი ხილვადობა იყო და სავარაუდოდ, ამან გამოიწვია ავარია, მანქანა მდინარე მულხურაში დიდი სიმაღლიდან გადავარდა. დაღუპული ახალგაზრდების ცხედრები მაშველებმა ამოასვენეს. ავტოავარიის შედეგად მეგობრები: გიორგი რატიანი და გიორგი ნიჟარაძე დაიღუპნენ. კინორეჟისორი მარიამ ხაჭვანი სვანეთში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში წერს: "საშინელი ღამე იყო უშგულში.. ღამის 3 საათზე ტელეფონი რეკავს... ნუკრი ლევანს აღვიძებს და მიდიან... შეშინებული ვეკითხებით, რა მოხდა?.. გვეუბნება, რომ მხოლოდ მანქანა არის ამოსაყვანი... არ დაგვიჯერებია... აივანზე გამოვედით... დედიკომ თქვა, ცუდი ამბავი რომ იყოს, კივილი მოგვესმებაო, სტიქიის დროს მურყმერიდანაც კი ისმოდა კივილიო... ვიდექით მე და დედა ფანჯარასთან და ვცდილობდით გამოგვეცნო, რა ხდებოდა... ვიდექით და ვუყურებდით, საით მიდიოდა ჩვენი მანქანა... ვიყურებით ფანჯრიდან, საიდანაც მთელი უშგული მოჩანს... საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა და ათი წუთის მერე... უშგულის სახლების ჭიშკრები მიყოლებით იღებოდა და მანქანები გამოდიოდა... და ქვევითკენ მიდიოდა... ძნელი გამოსაცნობი არ იყო, რომ რაღაც საშინელება ხდებოდა... და აი, თურმე სად გარბოდნენ უშგულელი ბიჭები... გამორჩეული უშგულელი გიორგების საშველად... საძებნელად... ნეტა ეს ყველაფერი წუხელ დამსიზმრებოდა... როგორ ვეხვეწებოდი გიო რატიანს "დედე"-ში მთავარ როლში უნდა გადაგიღო, ძაან სიმპათიური ხარ-მეთქი, ჩემს ნათქვამზე ეცინებოდა... არ დამთანხმდა... არა, არ მეჩვენებოდა, სხვანაირები იყვნენ... და სხვანაირების ადგილი კი ალბათ არ არის ამ ცოდვილ მიწაზე..."

გარდაცვლილი ბიჭები თბილისში ცხოვრობდნენ. თურმე ხშირად ჩადიოდნენ სვანეთში, სადაც ბიზნესი ჰქონდათ.

ერთ-ერთი გარდაცვლილი ბიჭის ახლობელი გვიყვება:

- იმ ღამეს ბიჭები, გიორგი რატიანი, გიორგი ნიჟარაძე და გიორგი კაკრიაშვილი მესტიიდან უშგულში მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. სამივე 30-32 წლის ბიჭები იყვნენ, იქ ბიზნესი ჰქონდათ. თბილისელები არიან, კაკრიაშვილი სოფელ ჯანდარიდან არის. ერთად გაზრდილები იყვნენ. ზაფხულობით სულ ჩამოდიოდნენ სვანეთში, გვიან ღამეს უშგულში მიდიოდნენ. ზოგიერთი ამბობს, რომ მათ მანქანამ უმტყუნა. გიორგი რატიანი ადრე ძიუდოისტი იყო და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ვინც დაამარცხა, მისმა მამამ გამარჯვებულ გიორგი რატიანს მაშინ იარაღიდან ესროლა და მუხლები დაუმტვრია, ბიჭი სისხლისგან იცლებოდა და ძლივს გადაარჩინეს. ამის მერე ფეხის ამპუტაცია დასჭირდა მას. რატიანის მამას ნერვიულობით ინფარქტი განუვითარდა და გარდაიცვალა. მეორე ბიჭი - გიორგი ნიჟარაძე ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო, დედა გარდაცვლილი ჰყავს. ბიჭებს საოცარი მეგობრობა ჰქონდათ და სულ ერთად იყვნენ. გამორჩეული ახალგაზრდები, ყველას რომ უყვარდა ისეთი ბიჭები იყვნენ. როგორც ამბობენ, ავარიის დროს გიორგი რატიანი თურმე, მანქანიდან ცდილობდა გადახტომას, მაგრამ პროთეზს შეუშლია ხელი. მხოლოდ კაკრიაშვილმა მოასწრო მანქანიდან გადმოხტომა და გადაურჩა სიკვდილს. დაზიანება არ მიუღია, მაგრამ შოკშია, ხმას ვერ იღებს, მის თვალწინ გადავარდა მანქანა წყალში. ბიჭს ტელეფონიც არ ჰქონდა, რომ ეს ამბავი ვინმესთვის ეცნობებინა და მულახში ასულა ფეხით, შველას ითხოვდა: დამეხმარეთ, იქნებ ცოცხლები არიანო, ყვიროდა თურმე. ტრაგედიის შესახებ სოფელს მან შეატყობინა... გიორგი რატიანი იქვე უნახავთ, ხევში, ნიჟარაძის ცხედარს ეძებდნენ და მაშველებმა მდინარეში იპოვეს... საშინლად გვტკივა გული...

"წლების წინ, "ილიაუნის" ეზოში უშგულელი ბიჭი გამაცნეს. სევდიანი თვალებით და ძალიან კეთილი ღიმილით. საერთო ნაცნობებზე საუბრის შემდეგ მითხრა, რომ სულ შემეძლო მქონოდა მისი იმედი. პირადი ტრაგედიის მიუხედავად, ულამაზესი იყო და გული დამწყდა, დამშვიდობებისას ფეხზე რომ წამოდგა. სევდიანი ღიმილის მიზეზსაც მაშინ მივუხვდი. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და დღეს მითხრეს, რომ გიორგი რატიანი გარდაიცვალა. პირველი, რაც ვიფიქრე: უიღბლობასაც არ ჰქონია საზღვარი-მეთქი. იმაზე მეტად და მტკივნეულად ჩამწყდა გული, ვიდრე მაშინ, "ილიაუნის" ეზოში ჩვენი პირველი და უკანასკნელი შეხვედრის დროს. ვერაფრით ვხვდები, რა ხდება, სად მიდიან ეს ლამაზი გოგო-ბიჭები. ნუთუ, მართლა იქ ჯობია...? - დაწერა ანა ავალიანმა.

ამ ფაქტზეც გამოძიება მიმდინარეობს.

კიდევ ერთი ავტოავარია ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარასთან მოხდა და სამწუხაროდ, ამ შემთხვევასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. დაშავებული მეორე მგზავრი კლინიკაშია გადაყვანილი და როგორც ამბობენ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

10 ივლისს კი ავტოავარია ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მოხდა: შემწეობის მთხოვნელ მოზარდს მანქანა დაეჯახა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ ბავშვი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

მორიგი ფაქტი ჩაქვის გვირაბში მოხდა, იქ ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის 3 მოზარდია. ისინი კლინიკებში გადაიყვანეს, ხოლო ერთმა დაშავებულმა საავადმყოფოში მკურნალობაზე უარი თქვა, რადგან მას სერიოზული დაზიანება არ ჰქონდა.

გასულ კვირას ონში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის მოზარდის, თედო მეტრეველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

9 ივლისს გომბორზე მომხდარ ავარიას 30 წლის მიშო მარკოზაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიშო მოტოციკლით გადაადგილდებოდა, როცა მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და შემდეგ სიმაღლიდან გადავარდა. ახალგაზრდა ბიჭი მიღებული დაზიანებებით ადგილზე დაიღუპა.

ეს მხოლოდ ერთი კვირაში მომხდარი უმძიმესი შემთხვევებია. ოფიციალური ინფორმაციით, წელს, პირველ კვარტალში, 1153 ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 276 მუხლით აღიძრა, დაიღუპა 99 ადამიანი და დაშავდა 1476 პირი. ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზად ძირითადად, გადაჭარბებული სიჩქარე, საპირისპირო ზოლში გადასვლა, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა და ალკოჰოლური თრობა სახელდება.

ექსპერტები მუდმივად საუბრობენ პრობლემის გადაჭრის გზებზე, "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზების" თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი თვლის, რომ ძირითადი მიზეზი მაინც სიჩქარის გადაჭარბებაა.

- ეკა, ექსპერტები მუდმივად საუბრობთ პრობლემის გადაჭრის გზებზე, მაგრამ ფაქტია, პრობლემა ისევ მწვავეა, სამწუხაროდ, გასულ კვირას ზედიზედ რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა დასრულდა მსხვერპლით. რა უნდა გაკეთდეს, რომ ამდენი ადამიანი არ შეეწიროს ავტოავარიებს?

- უნდა აღინიშნოს, რომ ზაფხულში იზრდება გადაადგილება და მობილობა, ეს იწვევს საგზაო შემთხვევების ზრდას. სამწუხაროდ, სიჩქარის გადაჭარბება წამყვანი ფაქტორია ამ ავტოავარიების დროს. მიუხედავად იმისა, რომ კამერებია დამონტაჟებული და ეს გარკვეულ პრევენციას ახდენს მაგისტრალებზე, სიჩქარე არის მაინც ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ფატალური შედეგებისა. ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა პრევენციული ზომა იქნას მიღებული. არა მარტო ადამიანის ცნობიერების ამაღლება, არამედ ტრანსპორტის უსაფრთხოება, მისი გამართულობა, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურა და ადამიანის ქცევა - ეს მნიშვნელოვანი მიმართულებები კომბინაციაში უნდა იყოს ერთმანეთთან. თუ სიჩქარის გადაჭარბება არ არის, შეიძლება ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდეს, მანქანა დაზიანდეს, მაგრამ ადამიანი გადარჩეს, მაგრამ როცა ასეთი სიმძიმის ავარია ხდება და მანქანაში მყოფი ყველა მგზავრი იღუპება, ე.ი. მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა და ამ მხრივ უკვე ძალიან სერიოზული ჩავარდნები გვაქვს. ამ ქვეყანაში ვერ მოწესრიგდა ეს საკითხი. ისეთ პერიოდებში, როცა კანონის აღსრულება გაძლიერდა, ქულათა სისტემა შემოიღეს, რამაც მძღოლებს გაუჩინა მოლოდინი, რომ მათი მართვის მოწმობა განულდებოდა და ფრთხილობდნენ. მაგრამ მერე, როცა დაინახეს, ეს კამერებთან არ არის მიბმული და ქულები გაკლდება მხოლოდ მაშინ, როცა პოლიცია დაინახავს დარღვევას და გაჩერებს, ისევ გათამამდნენ...

- სამწუხაროდ, ძირითადად ახალგაზრდები იღუპებიან. მართალია, მართვის მოწმობის აღების წესები გამკაცრდა, მაგრამ მართვის სათანადოდ არცოდნაც ხომ არ არის ერთ-ერთი მიზეზი ასეთი ავარიების დროს?

- კარგია, რომ გამკაცრდა წესები, მაგრამ ერთია, როცა იცი საგზაო ნიშნები, მონიშვნები და მეორეა, გქონდეს მძღოლისთვის საჭირო პასუხისმგებლობა, რაც 18-19 წლის ასაკში, ახალბედა მძღოლებს ნაკლებად აქვთ. შეიძლება კარგად იცოდეს მანქანის მართვა, მაგრამ ძალიან რისკიანი მძღოლი იყოს. მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ნაწილი ადამიანში სკოლის ასაკიდან იყოს ამაღლებული. ამას ვერ ისწავლი მხოლოდ იმისთვის, რომ უბრალოდ მართვის მოწმობა აიღო, ეს ბავშვობიდან უნდა იყოს გამჯდარი ჩვენში და აქ არა მარტო მძღოლზეა საუბარი, არამედ ეს ეხება ქვეითად მოსიარულესაც. არასწორმა ქცევამ შეიძლება განაპირობოს ქაოსი, მაგრამ თუკი ყველა დაიცავს თავის წესს, მაშინ ვითარება სხვანაირად დალაგდება.

სამწუხაროდ, უფრო ხშირად ახალგაზრდები იღუპებიან, რადგან ისინი შედარებით გაბედულები, თამამები არიან, რისკები არა აქვთ გაცნობიერებული.

- გადამეტებული სიჩქარით მოძრაობისთვის გაიზარდა ჯარიმების ოდენობა, ეს არ არის საკმარისი პრევენციისთვის?

- ჯარიმის თანხის გაზრდა არ არის გამოსავალი. თუ ამას მიაბამენ ვიდეოკამერებთან და ვინც გადააჭარბებს სიჩქარეს, ქულები ჩამოაკლდება, ეს იქნება ძალიან კარგი პრევენცია. შეიძლება 2-3 წელიწადში ვერ მივაღწიოთ სრულფასოვან შედეგს, მაგრამ რადიკალურად უკეთეს სურათს მივიღებთ. როცა ხედავ, რაც დანერგე, იმან ერთი წელი იმუშავა და მერე აღარ, სწორი გზა უნდა გამონახო, სხვა სიახლე დანერგო. 2008 წლიდან ამ სფეროში ვარ და ყველაფერს ვაანალიზებ. 2011 წელს, სანამ ღვედის გამოყენება სავალდებულო გახდებოდა, ავარიების შედეგად დაზარალებულთა წარმოუდგენელი სტატისტიკა იყო. ამბობდნენ, რომ ქართველი კაცი ღვედს არ გაიკეთებდა, მაგრამ კანონმა ყველა აიძულა, საკუთარ უსაფრთხოებაზე ეზრუნა. ყველამ იცის, რომ ღვედი ავტოსაგზაო შემთხვევისას 40-60 პროცენტით იცავს ადამიანს. ასევე, 2016 წელს ქულათა სისტემა რომ შემოიღეს და გამკაცრდა სიჩქარის კონტროლი, მართლა გაუმჯობესდა მდგომარეობა - 12%-ით შემცირდა ფატალობა, კარგი შედეგი იყო. მერე რომ დაინახეს, არ იყო შესაბამისი სიმკაცრე და ასე იოლად არ აკლებდნენ ქულებს, ისევ დაიწყო დარღვევები. როგორც ჩანს, ფინანსური სანქციები ბევრს არაფერს ნიშნავს. ვიღაც ჩავა ბათუმამდე დარღვევებით და ამის გამო, პირობითად გადაიხდის ჯარიმას - 1.000-2.000 ლარს, მაგრამ ეს თითქოს არ ადარდებს. მაგრამ როცა ეცოდინება, რომ გადაჭარბებული სიჩქარის გამო გამოაკლდება ქულები და საბოლოოდ, მართვის უფლებას დაკარგავს, მაშინ იქნება ფრთხილად.

- გახშირებული ავტოავარიების ერთ-ერთი მიზეზი მანქანის გაუმართაობაც ხომ არ არის? კანონით ხდება ტექდათვალიერება, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ ამ სფეროში არის კორუფცია...

- არ შეიძლება ტექნიკური ინსპექტირება არ ხდებოდეს. მოსალოდნელი იყო ჩავარდნები, მაგრამ როგორ ვრეაგირებთ შემდეგ ამ ჩავარდნებზე? - აი, ეს არის მთავარი. სამწუხაროდ, ბევრი საუბრობს კორუფციაზე და სახელმწიფო მოხელეებამდეც ხომ მიდის ეს ამბები, მათ ჩვენზე უკეთ იციან ამ ხარვეზებზე. დროული რეაგირება თუ არ მოჰყვა ამ ყველაფერს, მაშინ რეფორმას აზრი დაეკარგება.

თეა ხურცილავა