გია ფერაძის ოჯახის ტრაგედია
ამ დღეების განმავლობაში არაერთი სტატია გამოქვეყნდა ტრაგიკული ოჯახის შესახებ, მარიკუნას გარდაცვალების სხვადასხვა ვერსიაზეც წერდნენ. როგორც გარდაცვლილის ბიძამ ილია ფერაძემ ამბები.გე-სთან ინტერვიუში განაცხადა, მას საქართველოში ჩამოასვენებენ.
ილია ფერაძე:
- ყველაფერი "ფეისბუკიდან" გავიგე... რა იქნება, როგორ იქნება, არ ვიცი, სამწუხაროდ, ის ცალკე, თავისთვის ცხოვრობდა და ჩემს ოჯახთან არ ჰქონდა ურთიერთობა.
- და-ძმებთან ხომ ჰქონდა ურთიერთობა?
- ბიძინა გარკვეული მიზეზების გამო არ იყო საქართველოში, შორს მუშაობდა. დასთან არც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა... გულგახეთქილი ვარ...
- დაოჯახებული იყო ხომ?
- მარიკუნა ორჯერ იყო დაოჯახებული, პირველი მეუღლისგან გოგონა ჰყავს.
- მეუღლესთან ერთად იყო საბერძნეთში?
- არა, თავისი მეგობრის ოჯახის მიწვევით იყო...
ერთ-ერთ ინტერვიუში ბატონი ილია ცნობილი ძმის ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს იხსენებდა, მათ შორის, მის ტრაგიკულ ამბავზეც გულახდილად ილაპარაკა. გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან:
"გიას ირინა მიქატაძესთან ქორწინებამდე ორი მეუღლე ჰყავდა, თითო შვილი დარჩა თითო ქორწინებიდან. უზომოდ უყვარდათ ერთმანეთი! ირინა ძალიან ცნობილი და კარგი ოჯახიდან იყო - ცნობილი მოქანდაკე ჯუნა მიქატაძე იყო მამამისი, ხოლო დედა ასევე ცნობილი ოჯახის, საყვარელიძეების ულამაზესი ქალბატონი...
რაც შეეხება იმ ტრაგიკულ დღეს, ასე განვითარდა მოვლენები: გია საქეიფოდ იყო წასული და სახლში გვიან დაბრუნებულა ნასვამი, როგორც ყოველთვის ირინას დაუწყია ქოთქოთი. თუმცა, მალევე დამშვიდებულან და სამზარეულოში დამსხდარან ყავის დასალევად. გია საწოლზე იყო წამოწოლილი, ხოლო ირინა მის წინ იჯდა და ყავას მიირთმევდა. გიას ჯიბეში ედო სიგარეტის კოლოფი და მასთან ერთად კალმისტრის ფორმის იარაღი, რომელიც "გეკოს" ტყვიებს ისროდა. არ ვიცი, ვინ აჩუქა ეს იარაღი, სულ თან დაჰქონდა. დღეობებზე რომ დადიოდა, მეგობრების წრეში, საკიდებზე ჩამოკიდებულ ქუდებს ესროდა ხოლმე, გასროლისას დიდი ხმა ჰქონდა და იყო ერთი წიოკობა და მხიარულება... იმ დღეს წამოწოლილი რომ იყო, წამოწეულა, ჯიბიდან ამოუღია სიგარეტის კოლოფი, სანთებელა და მასთან ერთად იდო ეს იარაღიც, რომელიც გამოედო ჯიბეს და უეცრად გაუსვრია...
ირინას და თავად გიას უბედური ბედი - ტყვიამ ნეკნებს შორის გაიარა და ირინა ადგილზევე გარდაიცვალა... გია შოკში ჩავარდნილა, დაიბნა, ძალიან შეშინებია და ფეხშიშველი გაქცეულა გარეთ, წასულა მეგობართან, რომლისთვისაც ყველაფერი მოუყოლია, ერთი ბოთლი არაყიც სულმოუთქმელად დაულევია და მიუღია პოლიციისთვის ჩაბარების გადაწყვეტილება. მეორე დილას ის თავისით მივიდა და ჩაბარდა სამართალდამცველებს.
მას თავის დღეში ქათამი არ დაუკლავს. ბებიაჩემი რომ ეტყოდა, - გია, მოდი, დამიკალი ქათამიო, რას ამბობ, ბებო, ფაშისტი ხომ არ ხარ? ქათამს რა დამაკვლევინებსო? - ეტყოდა ხოლმე.
...ირინას დაკრძალვაზე იყვნენ მაშინდელი ხელისუფლების უმაღლესი პირები. ერთ-ერთმა მათგანმა პირდაპირ თქვა, რომ ეს იმდენად შემზარავი მკვლელობაა, მკვლელი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოსო და მორჩილმა "სამართალდამცავმა" სტრუქტურებმა პირნათლად შეასრულეს ხელმძღვანელობის დავალება, ყველაფერი გააკეთეს, რომ გიას სასჯელის უმკაცრესი ზომა შეჰფარდებოდა.
საპყრობილეში მას ჭლექი შეეყარა, მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, ციხის საავადმყოფოში არ გადაიყვანეს, არამედ მძიმედ ავადმყოფი, პირდაპირ გაუშვეს ეტაპში ვლადიმირში. ძალიან ხშირად ვაკითხავდი ციხეში, ვსაუბრობდით... თავს დათრგუნვიულად გრძნობდა. ვერაფერს ვშველოდი... ციხეში ყოფნისას ძალიან შეერყა ჯანმრთელობა და გამოსვლის შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია..."
ცნობისათვის, მარიკუნა მცირეწლოვანი იყო, როდესაც დედის გარეშე დარჩა, რის მერეც ბაბუამ და ბებიამ - ჯუნა მიქატაძემ და მისმა მეუღლემ მარიკა საყვარელიძემ შვილად აიყვანეს და გაზარდეს.
"11 წლის ვიქნებოდი, ციხიდან რომ გამოვიდა, რომ არ ვენახე და არ მომკარებოდა, ყოველდღე ძიძა დამყვებოდა სკოლაში. 12-13 წლის ვიყავი, შევედი ოთახში, ბებია ტიროდა. ვკითხე, რა გატირებს-მეთქი? მამაშენი გარდაიცვალა. ძალა უნდა მოიკრიბო, მაინც მამაშენი იყო და უნდა წახვიდე პანაშვიდზეო. ბებიაჩემის დიდსულოვნებას საზღვარი არ ჰქონდა... ყვავილები მიყიდეს და წავედი. მივედი პანაშვიდზე, იქ გავიცანი ჩემი ძმა, ჩემი და, რომელიც პირველი და მერე ცოლებისგან ჰყავდა მამაჩემს. ესეც ძალიან დიდი სტრესი იყო. იქიდან რომ წამოვედი, მკვდარი ვიყავი. მამა ვნახე გარდაცვლილი, ისე არ მყავდა ნანახი. თუმცა, ერთხელ, ფანჯარაზე ვიჯექი, ეზოში შემოვიდა კაცი, გრძელ წვერებში, გაწეწილი, დახეულ პალტოში, ჩაჩაჩულ შარვალში, დაგლეჯილ "ბატინკებში". ჩვეულებრივი ლოთი, მათხოვარი მეგონა. მოუახლოვდა ჩემს ფანჯარას და მკითხა, ირინას გოგო ხარო? ჰო-მეთქი და დაიწყო ღრიალი. ბებიაჩემმა ეტყობა, ხმა იცნო, მოვარდა, ფანჯრიდან გამომაგდო და გული წაუვიდა. თავიდან ვერ მივხვდი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს შეიძლებოდა მამაჩემი ყოფილიყო. მამა კინოში კი მყავდა ნანახი, მაგრამ იმდენად შეცვლილიყო, საერთოდ ვერ მივხვდი, ვინ იყო. მერე ბებიამ მითხრა, მამაშენი იყოო... მესმოდა, როგორ ღრიალებდა, როგორ გავარდა ეზოდან ღრიალით...", - ჰყვებოდა წლების წინ, "პრაიმტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში მარიკუნა მიქატაძე.
მის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტები არ წყდება:
ნანუკა ჟორჟოლიანი:
"არც კი ვიცი, სიცოცხლეში ვინ გაიარა ამხელა ჯოჯოხეთი და ვინ დარჩა ისეთ ადამიანად, როგორიც მარიკუნა იყო..."
ნატალია ქუთათელაძე:
"ჩემი ბავშვობა, ჩემი ყველაზე მკაფიო მოგონებები, რომელიც დაკავშირებულია ყველაფერთან, რაც მაშინ ჩემთვის აკრძალული იყო ან დაუშვებელი, ან უბრალოდ, ასაკთან შეუფერებელი, დილამდე გაუჩერებელი სიცილი, საფრთხის შეგრძნება, თან ამ დროს ინტერესი, რისკიანობა, წვერში გატარებული ზაფხულები. ამავე დროს მარიკა და ჯუნა, სიყვარულის მორევი, ზრუნვა, მოფერება, სიმღერა; ჯუნას ჯუჯღუნი, ღამე დარჩენის გამო გაცდენილი სკოლა, მერე უცებ ჩვენი დასჯა, მარიკას ულამაზესი ხელები, ცისიას წვალება, გაუთავებელი ცეკვა, მუსიკა აღრიალებული ყველგან, მუდმივად შეყვარებული ბიჭები, მერე ჩხუბი, ყვირილი, მერე ისევ სიცილი, სიგიჟე, ბრაზი, მერე ისევ სიცილი, ჩახუტება...
...თან გიბრაზდები და თან გული მისკდება! ერთი კი დანამდვილებით ვიცი, იქით ის ადამიანები გელოდებიან, ვისაც შენ ყველაზე მეტად უყვარხარ!"
ალინა არველაძე:
"არ მჩვევია წერა და ჩემი აზრების გაზიარება, მაგრამ ვიცი, როგორც გიყვარდა შენ ყურადღება და სულ გჭირდებოდა თან ეს. ჩემო ვარსკვლავო, რომ გაგახარო, მინდა ეს ყველაფერი დავწერო და მადლობა გადაგიხადო ყოველი წუთისთვის, რაც ერთად გავატარეთ. ნამდვილი ბედნიერება იყო შენთან მეგობრობა... ბოდიში, რომ ვერ დაგიცავით ამ ცხოვრებისგან, ჩვენო უბოროტო ანგელოზო. მემახსოვრები სულ ბედნიერი და ლამაზი, ჩემო საამაყო მეგობარო..."